მივედი ბუსტერზე რესპუბლიკურში. ექიმმა – სად არის შენი ფორმა 100-იო. ვუპასუხე, რომ არსად ეწერა ფორმა 100-ის საჭიროების თაობაზე. უკვე უკან მაბრუნებდა, როცა მეორე ექიმმა უთხრა – დაიცა, ეგ ხომ არ არის საჭიროო. „ჩემი” ექიმი დამშვიდდა და რაღაცა ორგვერდიანი დოკუმენტი მომაწოდა, მანამდე, გადახაზა ამ დოკუმენტში ჩამოწერილი კითხვების პასუხების გრაფები ერთი გრძელი ვერტიკალური ხაზით, ორივე მხარეს და მიმითითა – აი ამ ადგილას მომიწერეო.
ვხედავ, კითხვარია ალერგიულობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რატომ მოვაწერო წაუკითხავად, ეს შეკითხვები არ უნდა დამისვათ-მეთქი? უკვე ორი აცრა გაქვს გაკეთებული და რად გინდაო… ეტყობა, არ არის საქმის კურსში, რომ 6 თვის მანძილზე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა შეიცვალოს.
ან, დავუშვათ, რომ მართლაც არ არის საჭირო ამ შეკითხვების დასმა ბუსტერის დროს – ესეც ხომ უნდა აგიხსნას, სანამ ხელის მოწერას შემოგთავაზებს. ან, თუ ბუსტერის დროს ამ შეკითხვების დასმა ფორმალობაა და არ არის საჭირო, რატომ უნდა ხარჯოს ჯანდაცვის სისტემამ ამდენი ქაღალდი ორგვერდიან დოკუმენტზე, ეს ხომ ასეულობით ათასი ადამიანისთვის იბეჭდება. ასე ტყუილუბრალოდ რესურსების ფლანგვა საბჭოთა დროს ჩვეული პრაქტიკა იყო.
მოკლედ, ჩავთვალე, რომ ეს დოკუმენტი მხოლოდ ფორმალური არ უნდა ყოფილიყო და წავიკითხე. თავად დავუსვი ჩემს თავს კითხვარის შეკითხვები, დავასკვენი, რომ არ მქონდა აცრის უკუჩვენება. ექიმი არ ჩარეულა, მხოლოდ უკმაყოფილოდ მიყურებდა – „დროს ვაკარგვინებდი”. როცა მოვაწერე – ექთანთან გადამამისამართა.
ექთანს ვეკითხები – ვადა როდემდე აქვს თქვენს პრეპარატს-მეთქი (გრიპის იმ ცრუ-ვაქცინაციის შემთხვევის მერე, ჩავთვალე, რომ ფხიზლად ყოფნა აჯობებს). ექთანი არხეინად მპასუხობს – ნოემბრის ბოლომდეაო ვარგისი. მაჩვენეთ-მეთქი (უკვე იმდენი შეცდომა ჰქონდათ დაშვებული, რომ ვამჯობინე გადამემოწმებინა) – მაჩვენებს ამპულას, რომელზეც წერია 10/2021. ვეკითხები: ესე იგი, ნოემბრის ბოლომდე კი არა, ოქტომბრის ბოლომდე, ან სულაც ოქტომბრამდე აქვს ვადა, და დარწმუნებული ხართ, რომ წარწერაში „10/2021″ ოქტომბრის ბოლო იგულისხმება და არა დასაწყისი?
მოდის ექიმიც და დაიწყეს მსჯელობა -„რა, ოქტომბერი აწერია?.. რა ვიცით, არ ვიცით… ჩვენ გვითხრეს, რომ ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა”. გამოდის, აქამდე რას უკეთებდნენ პაციენტებს – უბრალოდ არ დაინტერესებულან. ან, სიმართლეს არ ლაპარაკობენ. მერე მე მომიბრუნდნენ და მკაფიოდ მითხრეს – „ჩვენ პასუხისმგებელი არ ვართ. ჩვენ ეს მოგვცეს და ასე გვითხრეს. თუ გინდა – გაიკეთე, თუ არ გინდა, ნუ გაიკეთებ”.
წარმოვიდგინე ჩემი თავი, ჩემს პაციენტს როგორ ვეუბნები – „მე არ ვარ პასუხისმგებელი, მე ასე მითხრეს (ზევიდან), და ამიტომ გიკეთებ იმას, რაც არ ვიცი, რა არის, და არ ვიცი, როდის გასდის ვადა და საერთოდაც – არა ვარ მე არაფერზე პასუხისმგებელი…”. და შემზარა ამ ტოტალურმა უპასუხისმგებლობამ. თან კარგად მეცნო – საბჭოთა დროიდან, შევარდნაძის პერიოდიდან – ამის მეტი რა მინახავს.
თეორიულად ვიცი, რომ შესაძლებელია ვაქცინის ვადის გაგრძელება ექვსი თვითაც კი. მაგრამ ეს 10/2021 რას ნიშნავს – უკვე გაგრძელებულია 6 თვით, თუ აწი გააგრძელებენ – არც მე ვიცი და არც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებმა, ვინც ატარებს ვაქცინაციას. არავინაა პასუხისმგებელი. ასეთი უპასუხისმგებლობის დანახვაზე ის შეკითხვაც გამიჩნდა – რამდენად იყო დაცული პრეპარატის შენახვის პირობები. მაგრამ ვინ გიპასუხებს და რომც არ ყოფილიყო დაცული – ვინ აღიარებს და იტვირთავს პასუხისმგებლობას.
ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ჩავარდა – თუ შენ თვითონ არ დაინტერესდი, რას აკეთებ და როგორ უნდა გააკეთო – სხვას როგორ დაარწმუნებ ვაქცინაციის აუცილებლობაში. ამდენი ადამიანი რომ კვდება და კიდევ მოკვდება აუცრელობის გამო – არც ამაზეა ვინმე პასუხისმგებელი.
კარგად მეცნო ეს ნიჰილისტური უპასუხისმგებლობა, როცა ერთადერთი პასუხისმგებლობა მიტინგზე დავალებული წასვლაა. აკი თქვა ჯანდაცვის მინისტრმა – საზოგადოებასო, ცხოველური ინტერესი ჰქონდაო ჩემი აცრის მიმართო. ცხოველსა და ცხოველურს ვერ არჩევს ერთმანეთისგან. ან – გამიზნულად ცხოველებად დალანძღა საზოგადოება – როგორც ჩანს, ასე უყურებს, როგორც საქონელს, და კიდეც ექცევა ადამიანებს, მინისტრიცა და სისტემაც.
ასე იყო საბჭოთა დროსაც – 7 ნოემბრის პარადები, პირველი მაისის პარადები. გვევალებოდა იქ მისვლა – სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან (ჩვენს მშობლებს – სამსახურებიდან). თუ არ მივიდოდით – ვიცოდით, რომ დირექტორებს/რექტორებს დახსნიდნენ და გვეცოდებოდნენ და მივდიოდით მათი საცოდაობით. დირექტორებიცა და დამრიგებლებიც, გამალებული გვირეკავდნენ სახლებში, ჩვენს მშობლებს ეაჯებოდნენ, გვავალდებულებდნენ მიტინგებზე მისვლას. დანარჩენზე არაფერზე იყვნენ პასუხისმგებელი – არც მიმდინარე კორუფციაზე, არც ძალადობაზე, არც სწავლების უხარისხობაზე, არაფერზე. აი ესაა ის ტოქსიკური ატმოსფერო, რომელიც რყვნის ადამიანს, საზოგადოებას, ანადგურებს სახელმწიფოს. ამის ძირეული მიზეზი საბჭოთა დროიდან გამოყოლილი მემკვიდრეობა – ერთპარტიულობაა.
ერთმანეთის მიმართ და საკუთარი საქმიანობის გამო პასუხისმგებლობა თუ არ ვიგრძენით, სულ უკან-უკან წავალთ. სწორედ ამიტომ მივცემ ხმას ხვალ მავალპარტიულობას, ძალთა ბალანსს, ერთმანეთის მიმართ ანგარიშვალდებულებას. ჩვენს შემთხვევაში ამის შანსს იძლევა გაერთიანებული ოპოზიცია.
ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავჯანსაღდეთ, დავაბრუნოთ ჩვენს ყოფიერებაში და ცნობიერებაში პასუხისმგებლობის გრძნობა, მისი ფასი არაფერია. თავისუფლება პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე არ არსებობს.