ფოტოების გადაღება არ მიყვარს. მგონია, რომ კადრებს მეხსიერებაში უკეთესი ადგილი აქვთ, ვიდრე ფოტოალბომში. აი, ტექსტი კი სხვა საქმეა. სიტყვები და ფრაზები, რომლებიც ერთხელ აღგაფრთოვანებს, სხვა დროსაც შეიძლება გაჭირვების ტალკვესად გექცეს. ამიტომ სიამოვნებით ჩავერთე საქართველოს ბანკის კამპანიაში „ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში”.
ერთი მხრივ, წიგნებსა და მკითხველს შორის შუამავლები საჭირო არაა, მაგრამ მეორე მხრივ კი შანსი ხელიდან არ გავუშვი უცხო მკითხველებისთვის ბორხესისადმი ჩემი სიყვარული გამეზიარებინა, იმ ადგილებზე მიმენიშნებინა, რომლებმაც სხვადასხვა დროს წამი დამაჭერინეს და რაღაც ახალს მიმახვედრეს. კამპანიაში ჩემი წილი წიგნით მკითხველებს ხელს ვუწვდი და ვეუბნები, მოდით ვილაპარაკოთ ჭეშმარიტ ლიტერატურაზე.
ჰო, როგორც მიხვდი, ლიტერატურაზე სასაუბროდ ხორხე ლუის ბორხესის წიგნი ავირჩიე, მისი მოთხრობების ჩემი საყვარელი კრებული, „ფიქციები“. ამ წიგნში კი იმდენი რამეა – ცოდნა, ფანტაზია, ემოცია, იუმორი, შთამბეჭდავი და შემაძრწუნებელი ამბები, თანამედროვე მეცნიერებისა და ფილოსოფიის პირველსაზრისები, უზარმაზარი რომანებისთვის საკმარი ფაბულები და ა.შ. მხოლოდ მოთხრობის „ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“ დასასრული რად ღირს – პირველი წაკითხვისას კარგა ხანს გაშეშებული ვიყავი, დეტექტიური სიუჟეტი რომ ასე მოწყვეტით და თანაც, პოეტურად დასრულდა – „მაგრამ არავინ უწყის (და ვერც ვერავინ გაიგებს), რაოდენ უკიდეგანოა ჩემი სინანული და დაღლილობა“ – დიდებულია.
ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ბორხესი მეტისმეტად ინტელექტუალური, მძიმე მწერალია და მოთხრობებში მხოლოდ იდეებს ყრის, მაგრამ განვრცობა აკლია. ჩემთვის კი ამ ყველაფრის მიღმა ბორხესი მაგარი დეტექტივების ავტორიცაა, კარგი მასწავლებელიცაა და ძალიან ადამიანური გრძნობების ყველაზე უფრო კუთხე-კუნჭულებს მიმწვდომი კაცია, თითქოს თვალის ჩინის დაკარგვამ სხვა მზერა გაუხსნა და ადამიანები შიგნიდან დაანახა, მთელი მათი სიბნელით. დღემდე მგონია, რომ „ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“ უნივერსალური მოთხრობაა, ყველა კომპონენტით: მოთხრობის მთავარი გმირი ჩინელი აგენტია, რომელიც ნაცისტებზე მუშაობს, იცის, რომ გაშიფრულია და უკანასკნელი მისიის შესასრულებლად ინგლისელ კაცს სტუმრობს, გვარად ალბერტს. მაგრამ კაციშვილი ვერ მიხვდებით მოთხრობის ბოლომდე, რა უნდა ამ კაცისგან, ანდა რა აკავშირებს მასთან, რომელი სინანული და დაღლილობა.
ბორხესი ძალიან მასშტაბურია, საუბრობს მიკრო და მაკრო სამყაროებზე, ყველაზე უფრო სახიფათო თემებზე, მატრიცებზე და ლაბირინთებზე, ყოფნასა და არყოფნაზე. ბორხესი მწერლების მწერალიცაა. იდეებს, ცოდნას და სიბრძნეს ერთიანად გვაბერტყებს და გვეუბნება, ჰა და თუ ბიჭები და გოგოები ხართ, გინდ განავრცეთ, გინდ რომანებად აქციეთ, გინდ საფიქრალად იქციეთ, გინდ ნაღდად იქციეთ და გინდ სიზმრადო. გვეუბნება ყველაფერ იმაზე, რაც თავად ფიქციად იქცია.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, შედევრები ვიკითხოთ. თუ ბორხესი არა, სხვა გემოვნებისას და მოთხოვნისას რა გამოლევს. საერთოდ, ბოლო დროს მგონია, რომ მართალია წიგნის კითხვისას ბევრი კარგი რამე ხდება ჩვენს თავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ ის გარინდებული პროცესია, დროის ის მონაკვეთია, რომელიც სულაც რომ არაფერს გმატებდეს, თავისთავად უკვე გზრდის. შესაძლოა იმ სიტყვებზე, ფრაზებზე, სიბრძნეებზე, ამბებზე მეტადაც კი, სწორედ მაგ წუთებმა და საათებმა გამზარდეს, რომლებიც წიგნთან პირისპირ სიჩუმეში გავატარე, თავად ამ სიჩუმემ და ფიქრმა. მაგ გამოცდილებით სხვა ამბებს, სიახლეებს, სირთულეებსა თუ სიხარულებსაც ხომ ხშირად ასევე ხვდები, სიჩუმით და ფიქრით.
ჰოდა, მაგის თქმა მინდოდა. თუ დიდი და დიადი ტექსტები ჯერაც გაშინებს, ნებისმიერ ტექსტთან დანიშნე პაემანი, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მაგ სიჩუმისა და გარინდების მედიტაციაში შეხვიდე, რაღაც მომენტებში წიგნის ხაზები კიდეც გაგეპაროს აზრს მიღმა, საკუთარ ფიქრებს შეჰყვე, მერე მიხვდე, რომ უი, ბოლოს რა წინადადებები წაიკითხე – არ გახსოვს, წინა გვერდებზე დაბრუნდე და თავიდან დაიწყო. მაგრამ აი ის ფიქრს გაყოლა – ყველაფრად ღირს, ძვირფასია.
და თუ მაინც გინდა ისეთი წიგნები აირჩიო, რომ არ გაგაწბილოს – ისეთი ადამიანები იპოვე, ვინც რჩევებს მიზანში მოარტყამენ, ანდა ისეთი სერიები იპოვე – რომლებსაც ენდობი. აგერ, თუნდაც ეს წიგნები სცადე, ამ კამპანიის ფარგლებში რომ დიდის ამბით ავირჩიეთ ხელოვნების სხვადასხვა დარგის „მოხელე-ნაჩალნიკებმა“, შეიძლება ყველაფერი არა, მაგრამ რაღაცები ჩვენც დაგვეჯერება. სცადე და აუცილებლად იპოვი სწორ ტალღას, რომელიც სასურველ ნაპირამდე მიგიყვანს. სულ ეგაა.
იდეათეკა საქართველოს ბანკის გამორჩეული საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონების ათეულობით სკოლაში მულტიფუნქციური სივრცეები ეწყობა და ასე იქმნება განათლების შესაძლებლობები მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება – მოსწავლეებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებთან ერთად, იდეათეკა, პირველ რიგში, აღჭურვილია ლიტერატურული საკითხავის მრავალფეროვანი არჩევანით. წიგნები იდეათეკიდან კი ჩვენი ბლოგების სერიაა, სადაც ლიტერატურის ყველაზე დიდი ქომაგები ნებისმიერი ასაკის მკითხველს საყვარელი წიგნების შესახებ უყვებიან.