რაც ვაკეში ერთი კვირის წინ ყველასთვის მოულოდნელად მოხდა, არის პირდაპირი მნიშვნელობით – მენტალური რევოლუცია, რომელიც არსებული სტერეოტიპებისა და ჩვევების ცვლილებისკენ არის მიმართული. ანალოგიური მასშტაბის რეფორმა საქართველოში ორჯერ მოხდა: პირველად – როცა საპატრულო პოლიციის რეფორმა განხორციელდა; და მეორედ – როცა ღვედის კანონი შემოვიდა. ორივე რეფორმას ჰყავდა მოწინააღმდეგები, და ეს სპექტრი ძალიან ფართო იყო, ტრადიციონალისტებით დაწყებული ლიბერალებით დამთავრებული. ქართველი კაცი ვერ მოირგებს ღვედს, ჩვენს ტრადიციებს ეწინააღმდეგება, პიროვნული თავისუფლების შეზღუდვაა, კორუფცია ქართველი კაცის ბუნებაშია და უამრავი სხვა მითი მედგრად იცავდა არსებულ სტერეოტიპებს და რეფორმის წარუმატებლობაზე საუბრობდა. საბოლოოდ, ორივე რეფორმამ კარგად იმუშავა და სახელმწიფოს, მოქალაქეებს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა. ქართული ტრადიციებიც შევინარჩუნეთ და ადამიანებიც გადაგვირჩნენ.
რაც შეეხება ახალ ჭავჭავაძეს, ის ერთი კვირაა, რაც ამოქმედდა. ამჟამად ტესტირების რეჟიმშია და მის გამართვას რამდენიმე კვირა დასჭირდება. მოძრაობის ახალ სქემასთან შეგუება დროს მოითხოვს, რადგან ქუჩის ტრანსფორმაცია პირიქით აყენებს აქამდე არსებულ პრიორიტეტებს. მთავარი შედეგი ის არის, რომ ადამიანები, ბავშვები დაუბრუნდნენ ქუჩას და ის უკვე ნელ-ნელა საზოგადობრივი თავშეყრისა და ინტერაქციის სივრცე ხდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ Ნახავთ ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც ადრე უბრალოდ თავს იკავებდნენ გამოსვლისგან, რადგან არსებული გარემო არ იყო მორგებული მოხუცებზე, ველომოყვარულებზე.
ქუჩის ახალი მოწყობით ყველაზე კმაყოფილი მაინც ბავშვები არიან, რადგან მათ მეტი სივრცე მიეცათ და გარემო მათდამი მეგობრული და უსაფრთხო გახდა. ორმოცი წლის წინ აშენებულ მიწისქვეშა გადასასვლელში უკვე იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს. ქუჩა გახდა უფრო მშვიდი, თუ არ ჩავთვლით მძღოლების ნაწილის უკმაყოფილო შეძახილებს, რაც ბუნებრივია, რადგან ისინი პირველად აღმოჩნდნენ ისეთ გარემოში, როცა გზის სავალი ნაწილის დათმობა მოუწიათ და მათთვის სივრცე შეიკუმშა. ამას დასავლეთის ქვეყნებში საგზაო დიეტას ეძახიან, და ისიც საკვები დიეტის მსგავსად უწინდელ ჩვევებზე უარის თქმას გულისხმობს, რომ კიდევ არ მოიმატო წონაში და გააკონტროლო შენი ჯანმრთელობა. დიეტა რთულია, თუმცა სწორად კვება ყველაზე აპრობირებული გზაა წონისა და ჯანმრთელობის გასაკონტროლებლად. ახალი გზა ქამარივითაა, რომელსაც სულ ადვილად შეიხსნი, როცა წონაში იმატებ. ის არ ამცირებს საცობებს, პირიქით – უფრო ზრდის იქ გადაადგილების მსურველთა რაოდენობას.
ვაკეში ყველაზე მეტი კერძო ავტომობილია ერთ სულ მოსახლეზე და ეს ცვლილებები, ბუნებრივია, პირველ რიგში მათ ურტყამს. თუმცა თუ ამ უბანში ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს პარკინგის რეფორმაც თუ დაემატება, მაშინ ის შეიძლება ყველაზე სასარგებლოდ პირველ რიგში იქ მცხოვრებთათვის აღმოჩნდეს, რადგან მძღოლების ნაწილი უბრალოდ გადაიფიქრებს იქ წამოსვლას, თუ იქ გავლით არიან ან კიდევ მნიშვნელოვანი საქმე არ აქვთ. Საგზაო მოძრაობა ეს არის ფსიქოლოგია, რადგან თუ მძღოლი ფიქრობს, რომ გზა განიერია და ნაკლები შუქნიშანია, მაშინ მეტად უჩნდება სურვილი, ისარგებლოს გზის ამ მონაკვეთით და დროულად გადაადგილდეს.
ჭავჭავაძის გამზირის ახლებური მოწყობა ასევე ხელსაყრელია ადგილობრივი ბიზნესისთვის და ამას უამრავი სხვა ქალაქის მაგალითიც ადასტურებს. Როცა ნიუ-იორკის მერმა, მაიკ ბლუმბერგმა მანქანებისთვის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა გადაკეტა, იქ საცალო ვაჭრობის დონემ მნიშვნელოვნად იმატა და კაფეები უფრო მეტად გადაიტვირთა. ავტობუსებისთვის ზოლის გამოყოფა აუცილებელია ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რადგან ახალი ავტობუსების შეძენა აზრს კარგავს, თუ ისინი კვლავ საცობში გაიჭედება, როგორც ეს ჩვენი მეზობელი ბაქოს ქუჩებში ხდება. იქ Ბოლო წლებში უამრავი ახალი და განიერი ქუჩა გაიხსნა, თუმცა საცობი და მოძრაობის პარალიზება ქრონიკულ ხასიათს იღებს, განსაკუთრებით პიკის საათებში.
ამასთან, ვაკეში აქტიურად შენდება საცხოვრებელი კორპუსები, ცათამბჯენები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, საოფისე შენობები. ის ქალაქის ყველაზე აქტიური უბანია პარკებითა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ადგილით. არსებული რეალობის დროს ჩნდება მარტივი შეკითხვა: როგორ მოხვდეს ამ ადგილად იქ მცხოვრები და გარედან შემოსული დასაქმებული ადამიანები, როცა ყველა ეს ობიექტი ამოქმედდება? კერძო მანქანით? მაშინ ეს ქუჩა რამდენიმე წელიწადში უბრალოდ გაჩერდება და იქ შექმნილი სიტუაცია ხმაურის, ქაოსის, ჰაერის დაბინძურების ეპიცენტრი გახდება. ამასთან, როგორც თბილისის ერთ-ერთი მცხოვრები სამართლიანად წერს, დროა თბილისის ქუჩებში დასრულდეს ავტობუსების, სამარშრუტო ტაქსების, ავტომანქანების ჯირითი, ორმაგი და სამმაგი გადასწრებები, შეძახილები – „გააჩერე“ და ბორბლებში შევარდნები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ჩამოყალიბება, მისი რეორგანიზაცია ქალაქებში არსებული გადაადგილებაზე მოთხოვნის შესაბამისად და ველოსიპედით, ფეხით გადაადგილების წახალისება მსოფლიოში ქალაქების დიდი ნაწილისთვის განვითარების მთავარ პრიორიტეტებად იქცა.
პანდემიამ კიდევ ერთხელ კარგად დაგვანახა, რომ მხოლოდ კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულება შეუძლებელია. თბილისისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება პრიორიტეტია და თუ ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაშინ ბუნებრივია ავტობუსი საცობში არ უნდა იდგეს, მას თავისი ზოლი უნდა ჰქონდეს და შეფერხების გარეშე შეეძლოს გადაადგილება. იმისათვის, რომ ურბანული ტრანსპორტი იყოს მიმზიდველი და ეფექტური, არსებული საგზაო სივრცე გზის ყველა მომხმარებელს შორის თანაბრად და სამართლიანად უნდა გადანაწილდეს, რათა მოხდეს ყველა ადამიანისათვის ტრანსპორტისა და შესაბამის სატრანსპორტო მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფა, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ფინანსურად.
წარმატებულ ქალაქებში ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზების გამოცდილი მიდგომაა, როცა გზის ყველა მონაწილე თანაბრად ინაწილებს სივრცეს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის პრიორიტული, სწრაფი, კომფორტული და ყველასთვის იაფი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ქუჩებში ქვეითი თავს გრძნობდეს უფრო დაცულად და კომფორტულად. აღნიშნულის მისაღწევად უნდა მოხდეს სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის ერთმანეთთან კარგად ინტეგრირება; მწვანე საზოგადოებრივი სივრცისა და ფეხით მოსიარულეების ბილიკის ერთმანეთთან დაკავშირება; უნდა გაუმჯობესდეს პარკინგის რეგულაციები და საპარკინგე სივრცეები; ფეხით მოსიარულეებისთვის უნდა გაკეთდეს უსაფრთხო ტროტუარი და კუნძულები. ეს ყველაფერი ქალაქის ქუჩების გამოცოცხლებასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.
თბილისის ქაოსური განაშენიანების შეჩერების გასაღები სწორედ სატრანსპორტო პოლიტიკაში დევს, რაც პირველ რიგში ითვალისწინებს განახლებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მეტ საზოგადოებრივ მწვანე სივრცეს, რომლებიც ერთმანეთს საფეხმავლო გზებითა და ველობილიკებით დაუკავშირდება. სწორად დაგეგმარებულ ადგილებში ბავშვები თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობენ, რადგან ყველაზე ნათლად ისინი ხედავენ ქალაქში დაგროვილი პრობლემების სიცხადეს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ მხოლოდ გზების შეკეთებას, გაფართოებას და კოსმეტიკურ ცვლილებებს გავაგრძელებთ, ჩათვალეთ, რომ ქალაქი ვერ განვითარდება და მას სუნთქვა გაუჭირდება.