ნიკოლოზ ჯავახიშვილი
გლდანის N.8 პენიტენციური საპყრობილე
საკანი: 38; კორპუსი: E
მოგესალმებით გლდანის N8 პენიტენციური საპყრობილიდან. მოგიკითხავთ ყველას, დიდი სიყვარულით.
ჩვენს ცხოვრებაში არსებობს ისეთი მომენტები, როცა სიჩუმე დანაშაულია. მაგალითად, რა ხდება ციხეში? ამ კითხვის დასმის დროს აქ მყოფი ბრალდებული თუ მსჯავრდებული ჩუმად არის, რადგან აქ მუშაობს შიში, დაშინება, შეზღუდვა (და მოქმედებს, რადგან დახურული სივრცეა, მოწყვეტილი გარე სამყაროს).
მე არ დავიწყებ წუწუნს, რადგან ჩემი და ჩემთან საკანში მყოფი რეზო კიკნაძის, მინდია შერვაშიძისა და ირაკლი ნადირაძის კერპი მერაბ კოსტავაა, მაგრამ ჩვენ გარდა, მინიმუმ, 300 პატიმარია. მინდა ვისაუბრო, „ქართული ოცნების“ დაპირების მერე რა მდგომარეობაა ციხეში.
კვება – დღეში სამჯერ (დილას 10-ზე, შუადღეს 2-ზე და საღამოს 7-ზე).
საკვები (ბალანდა):
დილას – მანის ფაფა (წყალ-წყალა), კარაქი – მარგარინია, გერკულესის ფაფა (წყალ-წყალა), მოხარშული კვერცხი (როდინდელია, ღმერთმა იცის, წვნიანი და ნახევრად მოხარშული), ხაჭო და არაჟანი ერთმანეთში არეული (წყალგარეული), ჩაი – ჩვეულებრივი (რაც ჩანს).
შუადღეს – ბორში (გაუთლელი ჭარხალი, დიდ ზომებად დაჭრილი), ხორციანი მაკარონი (თუ 1 დღე შეინახე, საშინელი სუნი აქვს), ყველიანი მაკარონი (მგონია, რომ ყველი არ არის, რაღაცნაირი მშრალი და უგემურია, მაგრამ სუნი აქვს – იცოცხლე. ცხვირს აგიწვავს, თუ 1 დღეზე მეტხანს გააჩერე), კარტოფილის სუპი (წყალში მოხარშული კარტოფილი), პიურე (წინა დღის მორჩენილი კარტოფილის სუპისგან გაკეთებული პიურე), ბარდის სუპი (ჩახარშული, მუჭისხელა კარტოფილები და აქვე გაგცემთ პასუხს – დიახ, მეც გადავეყარე შეუსაბამობას საკვებში მაგ. გაროხის სუპში მწვანილის ღეროები ფესვებიანად მოხარშული), ლობიო (წყალწყალა, სუნიანი, გაურჩეველი და კენჭებიანი).
საღამოს – კატლეტი (როგორ აგიხსნათ, არ ვიცი – რომ გატეხავთ, თითქოს ძაფი იყოს შიგნით და წყდებაო, ნახევრად შეუწვავი), სოსისი (სუნიანი, გაყინული. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, ციხის ეზოში კატები არიან და როცა გადავუგდეთ, არც კატამ არ შეჭამა), თევზის კატლეტი (პურში გაზავებული თევზის ხორცი, სუნიანი), ქათამი (ჯობია, ეს უკომენტაროდ დავტოვო).
ეს ის მინიმუმია, რაც შემიძლია, გითხრათ. ამიტომ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, მაღაზიაში ვიყიდოთ და ჩვენით მოვამზადოთ საკვები (აქ რა სიტუაციაც არის საკვებზე, გიორგი ახობაძემაც ისაუბრა). ციხის მაღაზიით ვსარგებლობთ საკმაოდ ხშირად, თითქმის ყოველ მეორე დღეს (ყოფილა შემთხვევა, რომ პროდუქტი ვადაგასული ამოსულა). არის შემთხვევები, რომ ერთ კონკრეტულ პროდუქტს 1 კვირა ან 2 კვირა ველოდებით (მაგ. კვერცხს, „ბებოს ლავაშს”, ნახევარფაბრიკატებს და ა.შ.) ძალიან ბევრი რამ არ იყიდება ისეთი, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. იმაზე 2-ჯერ ძვირია ზოგიერთი პროდუქტის ფასი, ვიდრე ციხის გარეთ მაღაზიაში ან ბაზარში (დაკვირვებულები ვართ, რუსული პროდუქტია).
დიახ, ციხის საკვებს რაკი არ მივირთმევთ, იძულებულები ვართ, ჩვენ თვითონ გავაკეთოთ (პირობების რა გითხრათ – კულინარიული განათლება მაქვს და შეძლებისდაგვარად, ციხის პირობებში ვცდილობთ, არ ვიყოთ არც მშივრები და არც ბანალურები). ზოგჯერ აღმოვაჩენთ ხოლმე ახალ რაღაცებს (აი, მაგალითად, ამასწინათ ღომი გავაკეთეთ, ოსტრი). დანა არ გვაქვს და პლასტიკურ ბარათს ვიყენებთ საჭრელად, ქათმის ფილეთი – შაურმას და ა.შ. (მენიუს გამოგიგზავნით) საკანი N.38.
ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური თავის მართლების რეჟიმში გადავა, მაგრამ შემიძლია, რომ ადვოკატს გავუტანო აქ ციხეში გაკეთებული ე.წ საკვები. (ცხოველებს არ აჭმევენ ისე, როგორც აქ პატიმრებს).
გამოფხიზლდით და ამოიღეთ ხმა.
(არ ვიქნები იმაზე მადლობელი, რომ ციხეში საჭმელი არის. თუ ამას საჭმელი ჰქვია, უნდა იყოს ისე, როგორც სხვადასხვა დაწესებულებაშია – სუფთა, გარეცხილი, კარგად დაჭრილი, გათლილი და ისე გაკეთებული, რომ ადამიანს ჭამა შეეძლოს).
პ.ს. მოვა დრო და აუცილებლად აგებს პასუხს ის პირი, ვინც ვალდებულია, ციხეში გააკონტროლოს სიტუაცია (პატიმარიც ადამიანია).
კვებასთან დაკავშირებულ საკითხზე პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა 2025 წლის ნოემბერში.
უწყება მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვება, სამედიცინო თუ ჰიგიენური პირობები დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება.
„პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწვეულმა ნუტრიციოლოგებმა შეიმუშავეს ახალი სტანდარტის, სეზონური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი კვებითი რაციონი. განისაზღვრა კალორაჟის ახალი დღიური ნორმა (2300-3700 კკალ). ამდენად, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუს შესაბამისად ხორციელდება. ამასთან, კვების ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კვებითი მომსახურების კონტროლი და რაიმე სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მომსახურე კომპანიას ეკისრება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული სანქციები. გარდა ამისა, პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. ამიტომ საუბარი პატიმრების არასათანადო კვების შესახებ არის მხოლოდ პენიტენციური სამსახურის მიმართ მორიგი სიცრუის კამპანიის გაგრძელება”, – წერია განცხადებაში.