„…ხელგანაშვები
თრთიან შიმშილის და პოლიციის
მსხვერპლი, ბავშვები”.
გალაკტიონი
რამდენი ხანია არავის მოუბოდიშებია ამ შეცდომებით, შეურაცხყოფით, აგრესიით, ჩაგვრით თუ უთანასწორობით გატენილ ქვეყანაში? ზრდილობის გამო კი არა, შემდეგ რომ „მაგრამ” უნდა დააყოლო აუცილებლად. არა, სად არის გულწრფელი, ნამდვილი სინანული, შედეგებზე პასუხიმგებლობის აღების მზაობა, შემობრუნების, შეცვლის და თავიდან დაწყების ნიშანი.
ყველა თავს იმართლებს, თავისას ამტკიცებს, მთავრობა თუ ოპოზიცია, მღვდლები თუ დირექტორები, პოლიციელები თუ ჩინოვნიკები. მერე ყველა როგორი დარწმუნებულია ამ თავის საეჭვო სიმართლეში. მერე რა მყარია მათი რეალობა, რა შეუვალია მათი კერძო საკუთრების კედლები, რომ სხვა სამყაროს, სხვა აზრის არსებობასაც კი გამორიცხავენ ან უგულებელყოფენ.
ყველა შეიარაღებულია ბლაგვი პასუხებით, ფორმულებით, რეცეპტებით. ჰოდა, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ სასტიკ და პიტალო სამყაროში განსაკუთრებით ბავშვებს უჭირთ, წყალივით ბავშვებს, სულ ცოტა ხნის წინ სიტყვების მნიშვნელობები რომ არ იცოდნენ და ცხადიც რომ არაფრით განსხვავდებოდა სიზმრისაგან.
რეიმონდ კარვერს აქვს ერთი ასეთი მოთხრობა – „ამდენი წყალი ჩვენს სახლთან ასე ახლოს”. კაცები სათევზაოდ მიემგზავრებიან. დარბაისელი, ოჯახზე მზრუნველი, პატივცემული მამაკაცები. აი, თბილისის საკრებულოს ზოგიერთი წევრივით მომღერალი, კაი დამრტყმელი & პურისმჭამელი. კაცები მანქანას დატოვებენ და ფეხით აუყვებიან ხეობას, საჭმელ-სასმელით დატვირთულები. სათევზაო და საქეიფო ადგილის ძიებაში კი მდინარეში ახალგაზრდა გოგოს შიშველ გვამს პოულობენ. კაცები გვამს მდინარეში დატოვებენ, მხოლოდ ხეზე მიაბამენ, რომ დინებამ არ წაიღოს. შემდეგ ითევზავებენ, დალევენ, გამოიძინებენ, მგონი, დილითაც ჩაუფენენ ცოტას და მხოლოდ მეორე დღეს აცნობებენ პოლიციას. მოთხრობის მთავარი გმირი ერთ-ერთი კაცის ცოლია. ის ვერ იგებს, მის ქმარს ასე მოქცევა როგორ შეეძლო. ქმრის და მისი მეგობრების გულგრილობის არ ესმის. ვერ იგებს იმას, თუ რას ნიშნავს უკვე მკვდარი იყო და არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ქალი ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ ვხვდებით, რომ იმ წყლის ხმაც ჩაესმის, რომელიც გვამზე მისჩქეფს.
ბოლო დროს ხშირად მაქვს განცდა, რომ საქართველოშიც ასე გვყავს მიბმული ყველა მსხვერპლი და ვაგრძელებთ თევზაობას ახალი ამბების მღვრიე და ბინძურ მდინარეში. ვაგრძელებთ სქროლვას, რადგან ვიცით, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
ახლა თხუთმეტი წლის ბიჭი ებრძვის სიკვდილს. სიცოცხლესთან ბრძოლით დაიღალა და ახლა სიკვდილს ებრძვის. იმედია, გაიმარჯვებს. იმედია, გადარჩება.
ახლა თავის მართლება უადგილოა.
მგონი „მწვანე სკოლის” ადმინისტრაციასა და მის გულშემატკივრებს ჰგონიათ, რომ პოლიციის გამოძახებისთვის აკრიტიკებს ვინმე. არა, მაგის გამო არა. უბრალოდ, როცა გაიგეთ, რომ თქვენი ყოფილი მოსწავლე იყო (და არა აქვს მნიშვნელობა როდის გაიგეთ) რატომ არ ჩახვედით პოლიციაში? რატომ არ მიჰყევით საქმეს ბოლომდე? რატომ არ გაგახსენდათ განრიდებისა და მედიაციის პროგრამა? რატომ არ გაგახსენდათ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ცხელ-ცხელი და საამაყო რეფორმა? კოდექსი, რომელიც თუნდაც ამ ბოლო შემთხვევით თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ევროპელ-ამერიკელი პარტნიორების წინ ასაფრიალებლად, ისევე როგორც რეფორმებისა და კანონების უმრავლესობა ამ ქვეყანაში. ესაუბრეთ ყოფილი მოსწავლის მშობლებს? ყოფილ მოსწავლეს თუ დაელაპარაკეთ? უთხარით, რომ ამ უმნიშვნელო ფინანსური ზიანის დედაც, რატომ გაქვს შვილო ცხოვრებაზე ხელი ჩაქნეული? გვითხარი, რითი შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ და დაგეხმარებით? შევეცდებით მაინც, რომ დაგეხმაროთ. რატომ მოგვდის თავში პირველი ყველაზე მარტივი, უხეში და გაუმართლებელი დასჯის გზა. მერე არ მიკვირს ის აქცენტებიც თავის მართლებისას, რომ თურმე უწმაწური სიტყვებიც ყოფილა კედლებზე. პოლიციელების უწმაწური სიტყვები მოგისმენიათ? იცით, როგორ ატარებენ დაკითხვას? იცით, რა ლექსიკით ასპარეზობს ქართველი პოლიციელების უმრავლესობა?
წყალივით გვჭირდება პრეცედენტი, რომ პოლიცია კი არ დამალავს თავის დანაშაულს, არამედ აღიარებს შეცდომას და ამის გამო პასუხს აგებს. თორემ ამ შემთხვევის შესახებ კი გავიგეთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი ამბავი ხდება ყოველდღიურად? როცა თავის მოკვლას შეიძლება არ ცდილობენ, მაგრამ ცხოვრება აღარ უნდათ. ფაქტია, რომ თანამედროვე ქართული პოლიცია ჯალათის ფუნქციას წარმატებით ითავსებს და მათთვის ამ იმიჯის შენარჩუნება, მხოლოდ იმათ აწყობთ, ვისაც ძალოვნების გამოყენება საკუთარი ძალაუფლების დასაცავად სჭირდება. სხვანაირად, რომ არსებობდეს ნება, არსებობდეს პასუხი გადაცდომებზე, რომ არსებობდეს შეცდომებზე თუ დანაშაულებზე ღია მსჯელობისა და რეაგირების შემთხვევები, გაჯანსაღების პროცესი დაიწყება.
დარწმუნებული ვარ და მინდა მჯეროდეს, რომ ბევრი პოლიციელისთვისაც სტრესია დღევანდელ პოლიციაში მუშაობა, ისეთ სამსახურში მისვლა, სადაც გვერდით მაგიდაზე ზის ჯალათი, „მენტი”, რომელმაც წინა დღეს სულ „თესლი ბავშვი” ან რაიმე მსგავსი ეძახა დეპრესიულ ბიჭს, წყალივით მოძრავს, რომელიც ახლა საავადმყოფოს ლოგინსაა მიჯაჭვული.
და იმედია, გადარჩება.