მალე გაიხსნება გზები. ჩვენ დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.
მაგრამ როგორ მივხედავთ ყველაფერს ერთად? როგორ მოვახდენთ ხელახალ სოციალიზაციას?
პანდემიის დროს ყველანი სახლში ვიყავით გამოკეტილი და თითქოს დაგვავიწყდა, რომ ჩვენ ერთ დღესაც ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდებოდით.
რაც მარნეული საკარანტინო ზონად გამოცხადდა, იმავე დღეს ამ რეგიონის მკვიდრები ფაშისტური რიტორიკის ობიექტებად იქცნენ. „თურმე ვირუსი მსოფლიოში პირველად მარნეულში აღმოაჩინეს და მისი შემომტანი აზერბაიჯანელები არიან“. ისიც დაამატეს, რომ „ღმერთმა დასაჯა აზერბაიჯანელები დავით გარეჯის გამო“, „ეს თათრები ყველა უნდა დავხოცოთ“, „სუნიანი და ბნელი თათრები“, „საქართველო ქართველების ქვეყანაა და ვინ საიდან ჩამოასახლა ეს უჯიშოები!“.
მაგრამ ყველას ერთი რამ დაგვავიწყდა, რომ ეს აზერბაიჯანელები ზოგის თანამშრომელი, მეგობარი, მასწავლებელი, სტუდენტი ან ახლობელი იყო!
გაუნათლებელი ადამიანის ასეთი ბნელი დამოკიდებულება, შეიძლება ვთქვათ, ნორმალურია, მაგრამ უნივერსიტეტის ლექტორის მსგავსი დამოკიდებულება თავისი აზერბაიჯანელი სტუდენტების მიმართ – მიუღებელი. ნუთუ განათლების სამინისტროში არ არსებობს შესაბამისი კონტროლის მექანიზმი? და თუ არსებობს როგორ მუშაობს ის?
საჯარო სექტორის მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანისთვის ეს ფაშისტური დამოკიდებულება პირველ რიგში უკულტურობა, შემდეგ კი დისკრიმინაცია და რასიზმია. განთავისუფლდნენ თუ არა ეს თანამშრომლები სამსახურიდან? საკმარისია მარტო ბოდიშის მოხდა?
ჩემთვის წარმოუდგენელია ეს ყალბი გულწრფელობა. როგორ უნდა გააგრძელოს მუშაობა ადამიანმა, რომელიც შენ „სუნიან თათარს“, „პროვოკატორს“, „აზერბაიჯანის აგენტს“ გიწოდებს? ეს იმ ადამიანებისათვის უფრო რთული იქნება, რომლებიც საჯარო სექტორში ასევე უმცირესობაშია. რამდენად იქნება დაცული მათი უფლებები და ინტერესები?
რომელ მეგობრობაზე ვსაუბრობთ, როცა სუფრასთან მოვილხენთ?
ამ პანდემიის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარადგინა ანგარიში, სადაც წერია, რომ მარავალეთნიკურობა სეპარატიზმისა და შუღლის გაღვივების პოტენციური წინაპირობაა. აქ აშკარად ჩანს სახელმწიფოს დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობის მიმართ. მაგრამ სუს-ს საერთოდ არ აინტერესებს სახელმწიფოს სისტემური გამოწვევები, რესურსების არათანაბარი განაწილება რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრებენ. სუს-ის საზრუნავი მათზე მუდმივი კონტროლი და შეწუხებაა. მე როგორ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, როგორ გავაგრძელებ ახლა ჩემი ინტეგრაციის პროცესს? თუ მე სეპარატისტი ვარ, შენ ვინ ხარ ამ დროს? სად ხედავთ შუღლს? და ჩვენ ამ ყველაფრის ფონზე რომელი ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაზე ვსაუბრობთ?
ამ ყველაფერმა კარგად გვაჩვენა, რომ ჩვენი ინტეგრაციის პროცესი არის პრობლემური და თავიდან მოსაფიქრებელი, ორივე მხრის ჩართულობით. როგორც სახელმწიფო სურს, ეთნიკური უმცირესობები უნდა იყოს ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებასთან, ამასვე მოითხოვს მეორე მხრისგან.
ახლა მე მკითხეთ – მსურს თუ არა ინტეგრაცია იმ საზოგადოებაში, ვისთვისაც მე სეპარატისტი, შუღლის გაღვივების პოტენციური წინაპირობა ან სუნიანი თათარი ვარ.
მე მინდა ინტეგრაცია, მაგრამ იმ საზოგადოებაში, სადაც ჩემ მიმართ იქნება პატივისცემა, ჩემი იდენტობა, კულტურა, ღირებულება მათი მხრიდან აღიარებული იქნება.
სამწუხაროდ, საქართველოში სიძულვილის ენა არაა დასჯადი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა იყოს მიღებული შესაბამისი ზომები.
შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ მე არ მჭირდება ბოდიშები, მე მსურს სრულად შეიცვალოს ადამიანის ბნელი დამოკიდებულება. საკმარისი არაა, როცა მარტო რამდენიმე ადამიანი ფიქრობს ასე. ასობით ადამიანმა ვერ დამალა დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ.
სამწუხაროდ, უმრავლესობის ფაშისტური დამოკიდებულების გამო პოლიტიკოსებმა ხმას არ ამოიღეს.
კიდევ გვთხოვენ პოლიტიკურ ჩართულობას. ამ მძიმე დღეებში, როდესაც ირღვეოდა ადამიანის მორალური უფლებები, მაშინ სახელმწიფო არ იყო უფლებადარღვეული ადამიანის გვერდით. არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობაც, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების უფლებებს იცავენ, ჩუმად იყვნენ. ამის შემდეგ როგორ უნდა აღდგეს ნდობის ფაქტორი, რამდენად დავარწმუნებთ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის გვერდით ვიქნებით.
მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენ ყველანი არსებულ პრობლემებს ვაღიარებთ და სწორ სტრატეგიაზე ერთად ვიმუშავებთ. იქნებ ჩვენთან მუშაობის პოლიტიკაში ჩვენი აზრიც საინტერესო იყოს!