წერილი იმაზე, როგორ არ მინდა, ვიყო ის, ვის სახელსაც დაყოფისა და ადამიანების „გაშავებისთვის“ იყენებენ, რომელიც საჯილდაო ქვად უქცევიათ და ასე ართმევენ საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვის უფლებას.
თუმცა ჩემი და ბევრი ჩემი მეგობრის სურვილის მიუხედავად, ერთი აბრევიატურა – ლგბტ (რომელშიც ჩვენ მოვიაზრებით) ხშირად გამხდარა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოძრაობების განადგურების „იარაღი“.
მას შემდეგ, რაც „რიონის ხეობის მცველებმა“ მრავალთვიანი პროტესტის შემდეგ თბილისში გადმოინაცვლეს, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ნამახვანჰესის, როგორც პრობლემის, ასევე ლგბტ ადამიანების უფლებების გაუფასურების მცდელობები.
აღმოჩნდა, რომ თურმე ჰომოფობია მხოლოდ იქ არის, სადაც მამა-შვილი ფალავანდიშვილია გამაგრებული. ამიტომ ჩვენზე მზრუნველი მედიის ნაწილი გვეუბნება: რესპუბლიკის მოედანზე შეკრების მიზეზზე მეტად, იქ მდგომ კორკოტასა და ფალავანდიშვილს უფრო მეტ ყურადღებას იმიტომ ვუთმობთ, რომ გაგაფრთხილოთ, აქციაზე საფრთხე გემუქრებათო.
თუკი საპროტესტო მოძრაობა ვინმეს პოლიტიკურ ან ფინანსურ ინტერესებს წინ გადაურბენს, ჰომოფობიასაც მაშინვე გადმოიღებენ ხოლმე კარადიდან, თავზე დაგვადგებიან, მიგვითითებენ და ჩვენი თავების ჩვენზე დიდ გულშემატკივრებად გადაიქცევიან.
ვისაც ეს დაავიწყდა ან ვისაც ქვიარები მხოლოდ 17 მაისს ვახსენდებით, მინდა შევახსენო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც 80%-ზე მეტი ჰომოფობია. მათთან ერთად ვმგზავრობთ ტრანსპორტით, მათთან ერთად ვმუშაობთ; ისინი ჩვენი მეზობლები, ნათესავები და მეტიც – ოჯახის წევრები არიან. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა და ამ ფობიებს არ გააჩნიათ გეოგრაფიული საზღვარი.
დარწმუნებული ვარ, აქციას ისეთი რიგითი მოქალაქეებიც ესწრებიან, რომლებსაც ფალავანდიშვილისგან განსხვავებით ფობიები საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად არ უქცევიათ, თუმცა ჰომოფობები არიან. ამ ადამიანების განწყობები კი მაინც არ გვაძლევს უფლებას, თვალი დავხუჭოთ ჰომოფობებისა თუ არაჰომოფობებისთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების შელახვაზე.
რა ვუყო ჩემს ჰომოფობ ოჯახს, სანათესაოს, რომლებიც ასე, უბრალოდ, უპირობოდ, გინდ რადიკალური სიყვარულით მიყვარს? ნუთუ მათ განწყობებზე პასუხისმგებელი ლეჩხუმელი მგალობელია, რომელიც მშობლიურ ხეობას იცავს?
არ მახსენდება ასეთი შემართებით ჩვენი „პროგრესული საზოგადოების“ ნაწილს ხელისუფლებისთვის მოეთხოვოს განათლების სისტემის ძირეული ცვლილებები, დაეგმოს ზიზღის ნიაღვარი ერთმანეთში შეზრდილი პარლამენტ-ამბიონიდან რომ მოედინება; ან ვარლამ გოლეთანივით ის სამართალდამცველი უწყებები გაეკრიტიკებინოს, ზურგს რომ უმაგრებენ ფალავანდიშვილებსა და სხვა შავრაზმელებს; ასე მგზნებარედ დაეგმოს მთავრობის დუმილი ასობით გაფიცულ მშრომელზე.
ნუთუ ათასობით ადამიანი აქციაზე მხოლოდ ვარლამ გოლეთიანის გამო მივიდა (რომელმაც თანამებრძოლებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა ნამახვანჰესის წინააღმდეგ ბრძოლაში)? ან იქნებ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ სრულიად გაუმჭვირვალედ, ქალაქისოდენა მიწა, ტყე და მდინარე სიმბოლურ ფასად, მეცნიერების უარყოფითა და კაბალური ხელშეკრულებით გადააბარა კერძო კომპანიას?
საზოგადოება ერთ დღეში, ერთ აქციაზე ვერ შეიცვლება, მაგრამ ნამახვანჰესის შეჩერება ერთად დგომით შესაძლებელია.
ის, რომ ლგბტ დროშის გვერდზე გადადებით საკუთარ იდენტობას ვთმობ, ეს ისეთივე არგუმენტია, როგორც „ლგბტ დროშა გვაპიდარასტებს“. ბევრს, მათ შორის ქვიარებსაც გვავიწყდება ხოლმე, რომ ცისარტყელის დროშა არა მიზანი, არამედ საშუალებაა.
ამიტომ იქ, სადაც აქციის შინაარსი არა ჰომოფობიას, არამედ საზოგადოების ინტერესს ემსახურება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილი ვიყავით, ვართ და ვიქნებით.
პატივისცემით, გიორგი.