აი, როგორ ხედავს მომავალს ქართველ რუსეთუმეთა გულისმპყრობელი „ფილოსოფიის პროფესორი“ და პუტინის იდეოლოგიის თეორეტიკოსი დუგინი:
“ტელევიზიასა და რადიოში თანამედროვე პოპ მუსიკა აღარ დარჩება. ყველა არხზე ეთნო-ფოლკი იქნება – რუსული და ევრაზიული ფსიქოდელიკა”. “როდესაც მეტნი ვიქნებით, როლერებისთვის, რეპერებისთვის და სკეიტერებისთვის გეტოებს შევქმნით. ყველაზე საშინელი გეტოები კი ს ე რ ფ ე რ ე ბ ი ს თ ვ ი ს შეიქმნება — ეს ყველაზე თავხედური, ყველაზე ანტიევრაზიული მოვლენაა. არაფერია უფრო საზიზღარი, ვიდრე ამ ამაზრზენ დაფაზე თეთრკბილა ღიმილით სრიალი”.
დაახლოებით იგივეს იზამდნენ მუსულმანი რადიკალები (დღეს თალიბანს ქალის განათლება სრულიად აუკრძალია: ისინი ხომ ქალს არსებად არ აღიქვამენ, ქალი მათთვის მხოლოდ ცოცხალ/ცინცხალი ხორცის წარმოების კომბინატია და ასევე ხორცით დატკბობის შესაძლებლობა!).
მაგრამ მაინც რა მოხდა? ესე რატომ გაუვეშდა ჩვენი „ფილოსოფოსი“ კონკრეტულად ყველაფერს რაც ვიტალურია და დინამიური (როლერებს, რეპერებს და სკეიტერების)? რატომ? ფილოსოფიურად რომ ავხსნათ…
ყველა მისი სიძულვილის საგანი ეროსის წარმომავლობისაა – ან ეროსის აღმძვრელი, ან ეროსის გამამრავლებელი, ან დამკვიდრებელი (სექსუალობაში არავის აგერიოთ – ეროსი სამყაროსთან ძალისმიერი უკან მიერთების ჟინი/ვნებაა). ეროსის მოკვლა ადამიანში ყველა ტოტალიტარული რეჟიმის უმთავრესი მიზანია – ეროტიულ სუბიექტს ვერ დაიმონებ – მას საკუთარი, სუბიექტურ-ირაციონალური გზები აქვს სამყაროსკენ! ეს კი, სიცოცხლის ბუნებას არ პასუხობს.
ეს, სიშტერის განსახიერება „ფილოსოფოსი“, დუგინი თავის მეოთხე პოლიტიკურ თეორიაში წერს, რომ იმ, ახალი ევრაზიული ერთობის (ტოტალიტარული) სახელმწიფოს სუბიექტი „დაზაინი“ იქნებაო! აი ასე, „პროსტო“ გააძრო ჰაიდეგერის თეორიის ერთერთი განმსაზღვრელი ტერმინი და მექანიკურად (ლьამაზად) მიუსადაგა თავის „თეორიას“.
„დაზაინი“, ჰაიდეგერთან, თეორეტიკულ/ჰიპოტეტური ფიგურა, სწორედ კულტურის ტოტალიტარული დეტერმინაციის რეზისტენტული და სამყაროში სიღიავით ყოფიერების აღმწერი – მაინტერესებს როგორ წარმოუდგენია ვაი ფილოსოფოსს დუგინს „დაზაინი“ მასში ეროსის თავისუფალი დენის და თამაშების გარეშე? ეს ერთი, ზოგადად კი „დაზაინი“ მოკვდავისთვის მისწრაფების ვექტორია და არა რაიმე მდგომარეობა ან კონდიცია – როგორ შეიძლება მისწრაფების ვექტორი იყოს საზოგადოების აქტანტ/სეგმენტი?
ასეთ შტერულ მტკიცებულებებში ეს ჩვენი „ფილოსოფოსი“ სარგებლობს იმით, რომ „მოაზროვნე საზოგადოება“ ბნელია და არაფერი გაეგება რეალური ნააზრევის. „მოაზროვნე საზოგადოებას“ ხომ ტერმინები „დოქსას“ დონეზე ესმის და გამონათქვამის კრიტიკული ანალიზი არ შეუძლია!
საერთოდ არსებობს ასეთი სიტუაცია, როცა მედიის უპოპულარულესი ფიგურა ხდები, უკლებლივ ყველა ტიპის სიშტერე, სიშლეგე, ან სიბეცე, რაც კი თავში მოგივა, შეგიძლია თქვა და მას გარკვეული რაოდენობის ადამიანი ყოველთვის გაიზიარებს! ასეთი ფიგურები მედიაში დუგინის გარდა უამრავია და იდეალური მაგალითი ტრამპია. შეგიძლია შავ როიალზე თქვა თეთრიაო, ან ვირზე ვეფხვიაო და უამრავი ხალხი არამარტო დაგიდგება გვერდში, არამედ მთელი ეს მასა იფიქრებს იმაზე როგორ დაგეხმაროს 1001 არგუმენტით შენი ამ ნონსენსის დამტკიცებაში. ესაა მედიის უდიდესი ნაკლი – ნონსენსის ვიტალიზაცია და მისი დაპირისპირება გონიერებასთან მასების ხარჯზე!
დუგინი, ტრამპი და ამდაგვარი ტიპები ასეთი მონიჭებული ყოვლადდაშვებულობით თავისუფლად სარგებლობენ. მის მოწოდებას „კალით, კალით და კალით უკრაინელები“ – საერთაშორისო სასამართლოებში კი არ არჩევენ, ის ბესტსელერია და უამრავი ნახვა/მოწონება აქვს ნეტში – უამრავი თანამოაზრით და მხურვალე ფაშისტური გულების მგზნებარებით!
მაგრამ დავუბრუნდეთ მის ბრძოლას ეროსის გამოვლენებთან და მის განსაკუთრებულ ჟინიან ზიზღს ს ე რ ფ ე რ ე ბ ი ს მიმართ!
დღევანდელ კოგნიტიურ პრაქტიკებში “ფაქტი” ფაქტიურად გაქრა როგორც რაღაც მყარი, გარკვეული, რომელსაც შეიძლება ენდო, დაეყრდნო. ამიტომ ადამიანების ცხოვრებაშიც წარმოუდგენლად იკლო დავამ ფაქტებზე. ამან ადამიანის ფსიქოლოგია სიმყარეების ძებნიდან შეიყვანა ახალ ფაზაში“uncertainty” (სიზუსტეში დაურწმუნებლობის – კვანტური მექანიკიდან ჰაიზენბერგის ეს ტერმინი ბევრმა იცით, ნაწილაკის დაუდგენელ ადგილთან და ასევე სპინთან კავშირში). ამიტომ ენაშიც და მის საუკეთესო გამოვლინებაში, აზროვნებაში, ინფორმაციამ, კონცეფტებმა, ყველა ტიპის კონკრეტიკამ, დაიწყო დენა, მათთან ერთად ადამიანის ცნობიერებაც მოწყდა ყველაზე მყარ ნაპირს – “ფაქტს” და… გაცურა. ასე გაფორმდა მომავლის ცნობიერების ერთერთი ყველაზე ფუნდმენტური მახასიათებლი – “ფაქტი–სერფერი”; მთავარი გარანტი ადამიანში “დენადი ცნობიერების” შემოსვლის და მისი სამყაროში დამკვიდრების!
ის “ბრიყვი კამათები” რომლითაც იყო სავსე ჩვენი ბავშვობა, ყრმობა და ახალგაზრდობა, უბრალოდ აღარ არსებობს ცივილურ სამყაროში. არავის, ბავშვებსაც კი არ აინტერესებთ ვინ უფრო ძლიერია ლომი, თუ ვეფხვი; ფერარი გაუსწრებს, თუ ტესლა… ჩემს ბავშვობაში ტვინში სისხლი მექცეოდა ისე მაინტერესებდა ასეთ კითხვებზე პასუხები გამეგო – ასეთი იყო სამყაროს კონკრეტულობის (და კონკრეტული ჭეშმარიტების) დადგენა/მოხელთების სურვილი! დღეს კი შეჯიბრი შედეგით აღარ არის მომხიბვლელი, არამედ პროცესუალობით.
ეს, აქ აღწერილი, თქვენთვის შეუმჩნეველი, მაგრამ უდიდესი ნიშანია ფუნდამენტური ცვლილების! – ადამიანის ცნობიერებაში ყინული გატყდა, ყინული სულ უფრო წყლად იქცევა და დენას დაიწყებს… ჩვენს თვალწინ, ჩვენდა უხილავად, ხორციელდება „პოეზისი“ (კატეგორიული ხარისხობრივი მეტამორფოზა!) ესაა მომავალი – “დენადი ცნობიერება”…
აბა ეხლა კი ისტორიული ექსკურსი – მოიკრიბეთ ინტუიცია “უცნობი მომავლის” მოსახელთებლად…
კაცობრიობისთვის მისაწვდომი ყველაზე ს წ ო რ ი და ყველაზე მ ო ც უ ლ ო ბ ი თ ი ტრადიციული ცოდნაც კი “ვედა” (პრაქტიკულად ყველა სხვა ცოდნის ფორმები სამყაროში მისი სეგმენტებია), დაფიქსირებული და სტატიური ღირებულებების ნუსხა, აფუძნებს რუდუნებით–კოგნიტურ დინამიკას ურყევი და დროის მიღმიერი ჭეშმარიტებისკენ.
ეს მიდგომა არანაირ კავშირში არ არის იმ სიტუაციასთან რაშიც აღმოჩნდა დღეს კაცობრიობა (კვანტური ნახტომი – ცოდნის შემოსვლის ექსპონენციალობის მოვლენა) – სადაც ყველა ცოდნა/განვითარების ისტორიული ფორმა ანაქრონიზმია, იმ ცნობიერებასთან მიმართებაში რომელიც დღეს შემოდის სამყაროში. ჰარმონია, ეკვილიბრიუმი, ბუნებრივობა, დღეს არ წარმოადგენს არანაირ მიზანს – მიზანი, უწყვეტად შემომსვლელი უცნობი მომავალია, გაუქმებული წარსულით და აწმყოთი. ყოფიერების ტალღების ქოჩრებზე სუნთქვა შეკრული ს ე რ ფ ი ნ გ ი! სამყარში, დღეს, ყველაფერი ტრანსფორმირდება ამ მიზანზე ფოკუსით და ამ მიზანთან მიმართებაში!
ამ მიზნის შესახებ არაფერი იცოდნენ უხუცესებმა, ბრძენ-კაცებმა (და არც ზოგადად ძველმა დრომ). ისინი თავისი ისტორიულ/კლასიკური ცნობიერების შესატყვის ჭეშმარიტებას წარმოიდგენდნენ მხოლოდ. „ვედურ“ დროს ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზნები და ამ მიზნების სამყაროში შემოტანის და განხორციელების გზები (პატრიარქალური ცნობიერება); ანტიკურ დროს ასევე: საკუთარი მიზნები, მათი განხორციელების გზები (ცნებების გენერირება/ამოვსება) და ამ მიზნის არტიკულირებული ფორმა. უცნობი მომავლის უპირობოდ გადახსნილს კი, რომელიც დღეს გვიახლოვდება, არც მიზნები და არც სამომავლო ფორმა არ გააჩნია, ის ასე, ხახა გადახსნილი უპირობობაა.
წარსულში, გამართულად გაწყობილი “ცოდნის ფორმის” უსასრულო რაოდენობა არებობდა და დღესაც არსებობს! “რაჯა იოგა” მაგალითად იმდენად ზუსტია და ენერგეტიკულ დონეზე ქმედითი, რომ 12 წელიწადში გვპირდება ნათელღებას. მაგრამ სტატიური ცოდნის ფორმები და მათი მეთოდები, ინდივიდზე იყო და არის გათვალისწინებული და არანაირად არ ეწერება ჩვენი დღევანდელი ცნობიერების სპეციფიკაში, ახალ, დასავლურ –კომუნალური ნათელღების პროექტში, რომელიც წყლების და ქარის ბუნებისაა და არა კრისტალის! ანუ, არა მყარ/სტატიური ინფორმაცია/ფასეულობებით ამოვსებული ცნობიერების, არამედ მარად დენადი თამაშების!
პირველი მგრძნობელობა ახალი ცნობიერების ბუნების მიმართ გამოიჩინა “მესამე სივრცემ”,რომელმაც ყოველგვარი ორგანიზებულ/სტრუქტურირებული ცოდნა (რელიგიური და სახელმწიფო/საუნივერსიტეტო დიკურსები) უარყო და ტრადიციული ცოდნის ფორმების ბლოკიდან მხოლოდ მისგან ამოგლეჯილი სეგმენტების (ციტატების) კოლაჟურ/ფრაგმენტული დაკავშირება დაიწყო, რომ რაიმე კონკრეტული ცოდნა/მოძღვრების სისტემურობის ტოტალიტარიზმში არ მოხვედრილიყო (აქედან იწყება ქრისტეს თავისუფლების მოძღვრების რეალური და ახალი ისტორია!).
ცოდნის სისტემურობისგან ემანსიპირებულ ასეთ ფორმა/მეთოდს, „მესამე სივრცემ“ აფეთქებული ეროსის (60-იანების “სექსუალური რევოლუცია”) გამონთავისუფლებული ენერგია შეუთავსა/დაართო და მიიღო ახალი კოგნიციური ქმედითობის ველი (რაც დუგინის პანიკის საფუძველია!) — ეს ენერგო აფეთქება, ეს ეროსის გამონთავისუფლებული ენერგია, რომელიც აზროვნების თავისუფალი თამაშების ენერგო ბაზაა, სწორედ როლერების, რეპერების, ჰიპ-ჰოპის, ს ე რ ფ ე რ ე ბ ი ს დამსახურებაა!
ეს გახდა ცოდნასთან ახალი დამოკიდებულების ძირეული ბაზა, რომელზეც მთელი პოსტ-მოდერნული ფილოსოფია (ჩვენი დროის და ცნობიერების შესატყვისი) აღმოცენდა.
ყველა ტრადიციულ/ისტორიული ც ო დ ნ ა დგას ერთ რწმენაზე — რომ არსებობს დროის და სივრცის მიღმიერი ერთი, ურყევი, სტატიური და განსაზღვრების შესაძლებელი ჭეშმარიტება. სწორედ ამ ცრურწმენას შეურყია საფუძველი ახლმა ფილოსოფიამ, ცნობიერებამ და შემოიტანა – ჭეშმარიტება როგორც დენადი და უწყვეტად გარდასახვითი ტალღური სიაშკარავე, ადამიანი კი ამ ტალღათა ს ე რ ფ ე რ ი !
“მომავალი არის – შენი გონების დაშლა შემადგენლებად (ბაითებად, შემდეგ პიკსელებად).” (ჟურნალი “ფუტურიზმი”)
მოკლე რეზიუმე: ლოგოსი ჩამთავრდა (ისტორიული გაგება: სიტყვა-ჭეშმარიტება როგორც საწყისი) რადგან უმიზნოდ და შინაარს მოკლებულას დენადი სიაშკარავე გაცხადდა.
როგორც იქნა, დასავლეთი უტყუარად მიხვდა! – თუ რა არის “წყალს და ქარს გატანებული ცნობიერება”, “ცნობიერების განწოვა უპირობოდ გასახსნილში”, “ტალღის ქაფიან ქოჩორზე ცნობიერების ს ე რ ფ ი ნ გ ი” (ჩემი სტატუსებიდან)…
“უნდა ვეცადოთ გამუდმებით შევარყიოთ კედელი, რადგან თუ არ არსებობს შეუძლებელი, არ იარსებებს ის ნაპრალიც, ის გასასვლელიც, რომელშიც იბადება შემოქმედება; არ იარსებებს ის სიცრუე, რომლის ხარჯზეც იბადება ჭეშმარიტება. უნდა ვწეროთ გაზით და სითხით, რადგან ყოველდღიური წარმოდგენები და აღქმები სიაშკარავეა და გეომეტრიულად გამართული.”
(ჟილ დელიოზი — ფრანგი ფილოსოფოსი, თანამედროვე აზროვნების ტიპის ფუძემდებელი)
„კედელი“, სიმყარე, სტატიკა, საგანი, ფაქტი! გესმით ხომ რის მოშლაზეა საუბარი?!
ეს არის შემოქმედთათვის დაწერილი ჭეშმარიტი მანიფესტი! მომავლის ყველა ადამიანი კი შემოქმედი უნდა იყოს!! ცნობილია, რომ ჟილ დელიოზი არ იჭრიდა ფრჩხილებს.
მახსოვს ერთხელ დიდხანს შემომრჩა ფრჩხილები დაუჭრელი, თან ვმუშაობდი და ეტყობა მათ ქვეშ ჭუჭყიც დაგროვდა. ჩემთან მოსულმა, ჩემმა აკადემიური ტენდენციების მქონე მეგობარმა მითხრა: “რა არის ვერ დაიჭრი ფრჩხილებს – არ ხარ ინტილიგენტიო.” ის დღესაც სუფთა და დაჭრილი ფრჩხილებით დადის და კვლავ აკადემიურ ტექსტებს წერს.
დაიზარდეთ ფრჩხილები, არ ერიდოთ მათ ქვეშ ჭუჭყს – მხოლოდ ასე შეიძლება ერთ დღეს ჭუჭყი წმინდა სუბსტანციად შეიგრძნოთ და ბინარულობით დეტერმინირებულ ცნობიერებას გამოეცალოთ ხელიდან – თუარა და იქნებით სიკვდილამდე ინტილიგენტები (ნუ სნობები ხომ თავის თავად ხართ ).
შეარყიეთ სიმყარეები და კედლები კულტურული ყოფის, ნორმატიული მორალის და ესთეტიკის – სე იქმნება ნაპრალი სადაც გ ა ზ ი და ს ი თ ხ ე გაედინება კედლის მიღმა, ანუ – მთავრდება კულტურით გაფორმებული “ადამიანი” და ავანსცენაზე გამოდის ადამინი ს ე რ ფ ე რ ი !
ბადიუსა და დელიოზის მიმოწერაში აშკარად ჩანს მათი ძირეული განსხვავება. დელიოზის მიზანი საზოგადოების და კულტურის ტრადიციული, ამოსავალი ძირების და მიწაში ჩაცხოვრებული ფესვების სრული მორღვევა/ამოძირკვაა და “საზოგადოების” სხეულში ფსიქიური, შიზო–ნაკადების შექმნა, რომლებიც აღარ მისცემს საზოგადოებას საშუალებას “გადარჩენის იდეა” იყოს მისი მაამოძრავებელი და მომავლის შექმნასი გადარჩენის იდეით იხელმძღვანელოს (ნიჩეს სიტყვები: გადარჩენა “პარიების და შუდრების” შთაგონების წყაროა).
“მესამე სივრცის” ალტერნატიული გამოცდილება ყოველთვის შემაშინებელი იყო აკადემიურ/ტრადიციული მოაზროვნისთვის და ისინი არანაირად არ იზიარებდნენ ამ პრაქტიკას სერიოზულად. კომპრომისის მატარებელი მოაზროვნეები კი, პირველი ორი სივრცის (სახელმწიფო და რელიგია) თეორიულ/ისტორიულ გამოცდილებებსა და „ალტერნატიული, მესამე სივრცის“ მონაპოვრებს შორის, წინ და უკან მოძრაობენ როგორც ხაფანგში. ასეთი ფრიქციის დროს კი: ხან პავლე აღმოგიცენდება, ხან პეტრე მოგელანდება, მერე უკან მარქსისკენ გაიხედავ/გაიქცევი, ან ჰეგელის და კანტის “სრულფასოვანებით” და“ფუნდამენტურობით” მოიხიბლები. აუტენტური რისკის ფაქტორის უარყოფა აზროვნებაში იწვევს და აყალიბებს პრინციპულად კომფორმისტულ პოზიციებს, ეს კი “მესამე სივრცის” გამანგრეველ ძალაზე თვალის დახუჭვაში იჩენს თავს და ამიტომ, ასეთ სიტუაციაში, აზროვნებას ისევ იმ “გადარჩენის იდეის” გარშემო ატრიალებენ. თავისუფალი სულები უიშვიათესი მოვლენაა სამყაროში და კონკრეტულად აზროვნებაში.
“სიღრმე უნდა შეიზიდოს ზედაპირში” (დელიოზი)
ანუ სიღრმე ს ე რ ფ რ ფ ი ნ გ ი ს ტერიტორიაზე უნდა შეიზიდოს!
ასეთი, ზედაპირში შეზიდული სიღრმე ჩავარდნის შანსს აღარ ატარებს, ასეთ ზედაპირში შეზიდულ სიღრმეებში არ განთავსდება კატასტროფები! ზედაპირზე ამოზიდული სიღრმე ზედაპირის თამაშებს და მის გამაყრუებელ მუსიკას ითავსებს, იტევს და ასე მთავრდება მათი გაყოფა – სიღრმის და ზედაპირის დიქოტომია. აღწერილ სიტუაციაში სიღრმე ზედაპირის შინაარს გამოცლილ არარაში ინთხევა და ასეთი ჩასვლა ჩანთხევის ჩაყოლით ჩვენც გვაქვს შანსი გაუჩინარდების. — ზედაპირთან ფრიქციურ თამაშებში მყოფი არარა კი, ქაფად ქცეულებს, ყოველ წამს გვბადებს და გვკლავს და ამით სამყაროს პულსაცია/ვიბრირების ნაწილად გვხდის. – კანმა შეიწოვა ორგანიზმი, კანის პლასტიციზმი გამოდგა ის რასაც უპირველესად ეხამუშებოდა სხეულის სივრცეში ტუსაღად ყოფნა და ორგანულად მიესადაგება სუბსტანციური სამყაროს დინამიურ ბუნებას! ადამინი ასე და ამგვარად გათავდა, რადგან მისი სიღრმე, ზედაპირის ლიცლიცად ქცეული,მიუერთდა იმ არაფერს რომელიც სულ იმუქრებოდა და საბოლოოდ ადამიანის გადამრჩენელი გამოდგა! ზედაპირი, ჰორიზონტალურობა, დინამიკა/თამაში – ზე-ადამიანის, ანუ ს ე რ ფ ე რ ი ს მოდელის შემადგენლებია!
ეხლა უფრო მეტი სიცხადისთვის, რომ გავიგოთ თუ რას უპირისპირდება ჩვენი ბედოვლათი დუგინი, მოგიტანთ ერთ საინტერესო მაგალითს. არის დელიოზის ტექსტები სადაც ის უცნობი ადამიანების მიერ მისთვის გამოგზავნილ წერილებს განიხილავს.
ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წერილი, რომელიც დელიოზმა მიიღო… ს ე რ ფ ე რ ე ბ ი ს კლუბის მენეჯერისგანაა. ცრემლ მორეული (წერილი სველი არ იყო, მაგრამ წერილის ტონში ეს ცრემლთა სისველე იგრძნობოდა) მენეჯერი უკიდურესად აღელვებული ტონით წერს დელიოზს: ყველაფერი რასაც თქვენ აღწერთ ბატონო დელიოზ, ჩვენი, ანუ ს ე რ ფ ე რ ე ბ ი ს რეალობაა, მე ფილოსოფიისგან შორს ვარ, მაგრამ ეს იმდენად ცხადად ჩანს, რომ ჩვენ, აქ, ჩვენს კლუბში, თქვენი ნაწერების გარშემო სემინარებს ვაწყობთ, რომ სერფინგის არსს ჩავწვდეთ, აშკარად დავინახოთ მისი კავშირი კოსმოსის სეგმენტთა უწყვეტ მოძრაობასთან(!!!).
ფილოსოფია არ არსებობს როგორც რაღაც დისციპლინის ერთიანი გაგება, ის განუწყვეტლივ სახეს იცვლიდა, მიზანსაც, თვითგანმარტებასაც და რასაკვირველია საზოგადოებაში მონაწილეობის შინაარსსაც. დელიოზი პოსტ–სტრუქტურალიზმის ბურჯია. პოსტ–სტრუქტურალიზმი კლასიკური ფილოსოფიის სუბვერსიად ითვლება და ისეთმა დიდმა ი ს ტ ო რ ი კ ო ს მ ა როგორიცაა ფუკო თქვა, რომ „ერთ დღეს სამყარო დელეზიანური გახდება“! დელიოზის ფილოსოფიამ ფილოსოფია გააუქმა როგორც სიბრძნე; როგორც სამყაროში შემომტანი, სამყაროსთვის და ადამიანისთვის კეთილთვიასებიანი და სასარგებლო იდეების ერთობლიობა; როგორც სამყაროს აღმწერი დისციპლინა და ა.შ. მან (დელიოზმა) ფილოსოფია “კონცეფტების შექმნის დინამიკად” დააფიქსირა – ასე, თავისუფალი კონცეფტების უწყვეტ შემოქმედებით დინამიკად (იდეათა და კონცეფციათა ს ე რ ფ ი ნ გ ა დ !). ასეთივე რანგის მეცნიერების–ფილოსოფოსმა ფაიარაბენდმა, თავისი უზოგადესი თვალით და ჭვრეტით, ალბათ ყველაფრის მომცველი მოტო აჩუქა თანამედროვე სამყაროს: “ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი მოსულა” (anything goes!). „მე კი არ ვამკვიდრებ „ყველაფერი მოსულა“-ს კონცეფციას, ეს უფრო რაციონალისტების შემაძრწუნებელი შეძახილია რომლებმაც ღრმად და ახლოს ჩახედეს ისტორიას“ (ფაიარაბენდი).
ეს მართლაც დიდი ფრაზაა და გეთაყვა არ მიიღოთ როგორც რაღაც პოეტური არაბესკი. სწორედ ეს ფრაზა უპირისპირდება დუგინის და ტრადიციონალისტების სურვილს შეაჩერონ მოძრაობა და გარკვეული ფასეულობები და ღირებულებები უტყუარ და წარუვალ/მარადიულ ღირებულებებად დაგვანახონ!
სამყაროში ყველაფერი და ყველანაირად არის შესაძლებელი – ამტკიცებს ეს გამონათქვამი, რაც, ნიჭიერი და გახსნილი, მაგრამ კლასიკური, “კონკრეტული ჭეშმარიტებით შებყრობილი” ისტორიული ადამიანისთვის დიდი შვება უნდა იყოს! – თუ სამყაროში ერთი და ყველაფრის განმსაზღვრელი ჭეშმარიტება არ არსებობს – სამყარო თამაშად იქცევა – ფლუქტუაციების უწყვეტ დღესასწაულად და დამკვირვებლის სრიალად, ს ე რ ფ ი ნ გ ა დ – ამ დღესასწაულით ტკბობად. ფილოსოფია დღეს არ ცდილობს ამომწურავი მოდელი შექმნას სამყაროსი (ჰეგელი, მარქსი) ის ცდილობს ადამიანის პოზიცირება იპოვოს იმის მიმართ რასაც არც ფუძე აღმოაჩნდა, არც მიზანი და არც ჭეშმარიტების განმაპირობებელი შინაარსი და ეს – ხედვის კუთხის გამომუშავება ამ მოძრავ/უწყვეტისადმი – არის „უპასუხო უწყვეტი შემოქმედებითი დინამიკა“. სწორედ ეს თქვა დელიოზმა როცა კონცეფტების უწყვეტი შექმნა გამოაცხადა ფილოსოფიად. კლასიკურმა ფილოსოფიამ ვერ გადაფარა უწყვეტად განახლებადი და ანცი სამყაროს პრინციპი და სწორედ ამან გააჩინა სამყაროში ახალი ფილოსოფია რომელიც არის ისეთივე შემოქმედებითი, არა მყარი და მოძრავი, როგორც თავად სამყაროა. ეს ფილოსოფია აძლევს ადამიანს საშუალებას ყოველ კონკრეტულ მომენტში ადეკვატური იყოს სამყაროს ცვლილებებთან.
დუგინმა ერთი მაინც ზუსტად იცის, რას ებრძოლოს. და ეს, მეტაფორული მტრის მოდელი ს ე რ ფ ი ნ გ ი და ს ე რ ფ ე რ ი ა.
დუგინი და დელიოზი ეს – წარსულის და მომავლის, აქტუალურის და გარდასულის, ცოცხალის და ანაქრონიზმის, წინმსწრაფობის და ჩარჩენილობის, პროგრესის და დროის ჩარაზვის ბინარული წყვილია. ეს ორი, როგორც დაპირისპირებული ბინარული წყვილი სრულფასოვანად წარმოაჩენენ დღევანდელ რთულ, ტრანზიტულ, აგონიურ დროს, დიდი გადასვლის დროს: ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას. (მათე 10.39).
ჰო ასეა – ის ადამიანი, რომელიც შემოიტანეს (ჩააგდეს) სამყაროში მისდა უნებურად უნდა გათავდეს და გათავდება კიდეც (რამდენიც არ უნდა ეპოტინონ დუგინმა და მისთანებმა წარსულის ამ ფიგურას), მის მაგიერ იბადება და უკვე აქაა დინებადი ცნობიერების ადამიანი, ადამიანი ს ე რ ფ ე რ ი – ვინც ასე ეზიზღება დუგინს, მას ხომ ყოფიერებაში მოსრიალე ბედნიერების ღიმილი ეზიზღება სახეზე.