„აბა, ომი გინდათ"?

პუბლიკა

ნოდარ რუხაძე

რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში. მორიგი ომისთვის ნიადაგი მომზადებულია. ამ დროისთვის სროლები არ წყდება უკრაინის აღმოსავლეთით. 19 თებერვალს რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 88 შემთხვევაში “მინსკის შეთანხმებით” აკრძალული იარაღი იყო გამოყენებული.

რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად უკვე ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ამასთან ერთად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა. ამერიკა არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად რუსეთი შესაძლოა თავს დაესხას ოკუპირებულ დონბასს, აღნიშნული უკრაინას დააბრალოს და ეთნიკური რუსების დაცვის საბაბით სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს, ზუსტად ისე, როგორც ეს ცხინვალში გააკეთა 2008 წელს.

დაძაბულობის მატებასთან ერთად, გრძელდება კიბერშეტევები უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებზე; გასულ კვირას რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ბანკის ვებგვერდებზე. აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის საჭირო ძალების 80% უკვე მობილიზებული ჰყავს უკრაინის საზღვრებთან, დანარჩენი დანაყოფები კი გზაში არიან.

ამერიკული დაზვერვა იუწყება, რომ პუტინის სამიზნე კიევია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპის კონტინენტზე შესაძლოა ვნახოთ ყველაზე დიდი ომი 1945 წლის შემდეგ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მორიგი რუსული სამხედრო ოპერაცია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, ეს არის გლობალური გამოწვევა ევროპის უსაფრთხოებისთვის. 

ასეთი მასშტაბების გეოპოლიტიკური კრიზისის დროს საქართველოს ხელისუფლების დუმილი არც მორალურად და არც პრაგმატულად გამართლებული არ არის. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ ჩნდება ლოგიკური კითხვები: სად არის საქართველოს ხელისუფლება? რატომ ირჩევს ის უკრაინასთან დაკავშირებით დუმილის პოლიტიკას? რატომ ხდება უკრაინის საკითხისგან საქართველოს მიზანმიმართული დისტანცირება? 

რუსეთის მიერ უპრეცედენტო სამხედრო მობილიზების გამოცხადებიდან თითქმის სამი თვის თავზე, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი კიევში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, არ განხორციელებულა. კიევში არც საქართველოს პრეზიდენტი ჩასულა. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ნიდერლანდების, საფრანგთის, გერმანიისა და აზერბაიჯანის ლიდერები. ოფიციალური ვიზიტები რომ გვერდით გადავდოთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან არც სატელეფონო კომუნიკაცია შემდგარა უკრაინის პრეზიდენტთან. ჩვენი ქვეყნის პირველი პირისგან განსხვავებით, პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდათ ამერიკის, კანადის, საფრანგეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს. საქართველოს უკრაინისთვის არც სამხედრო, არც ფულადი და არც ჰუმანიტარული დახმარება შეუთავაზებია. 

საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შედეგად, ოფიციალურ თბილისს, უკრაინასთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთება მაინც მოუწია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა ტვიტი, სადაც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა. პირველ თებერვალს ქვეყნის მმართველმა პარტიამ უკრაინის მხარდამჭერი ერთპარტიული რეზოლუცია მიიღო, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის. რეზოლუციის ტონი ზედმეტად ფრთხილი და უმიზნო, შინაარსი კი არაცხადია. საქართველოსგან განსხვავებით, ევროპარლამენტის მიერ შემუშავებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთი 79-ჯერ არის ნახსენები. საგულისხმოა, რომ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმმა, ოცნების რეზოლუციას “ცარიელი ქაღალდი” უწოდა. ამ გრძელ ჩამონათვალში აუცილებლად უნდა ვახსენოთ, თბილისის ანძის უკრაინის დროშის ფერებში განათებაც. 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მმართველი პარტია უკრაინის კრიზისზე რეაგირებით თავს ურცხვად იწონებს, ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებას” თავის მართლება მაინც უწევს. საპარლამენტო უნრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის მიერ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ უმრავლესობის ტექსტი დაცლილი იქნებოდა პროვოკაციული რიტორიკისგან. ცხადია, პროვოკაციაში მან რუსეთის ხსენება იგულისხმა. იდენტური შინაარსის განცხადება გააკეთა გიორგი ვოლსკიმ, მისი თქმით, ფრონტის იმ ნაწილზე, სადაც ჩვენ ვდგავართ, ახალი ცხელი წერტილი არ უნდა შეიქმნას. მმართველი პარტია პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ ოფიციალური თბილისი უკრაინასთან დაკავშირებით იაქტიურებს, ხისტ პოზიციას დააფიქსირებს და რუსულ აგრესიას დაგმობს, რუსეთი გაღიზიანდება და საქართველოში სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს, ომი გარდაუვალი იქნება.  

სწორედ ომის შიშით იკვებება ივანიშვილის ოცნების არგაღიზიანების პოლიტიკა. რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებზე დაშენებული მოძღვრება ურცხვად გვიმტკიცებს, რომ საქართველომ უნდა დათმოს ყველაფერი, რაც რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, არ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება რუსეთის გაღიზიანება და მორიგი სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება გამოიწვიოს. ერთი სიტყვით, როდესაც ოცნებას ვუსვამთ კითხვებს, თუ სად არის საქართველოს ხელისუფლება და რატომ ირჩევს ის უკრაინასთან დაკავშირებით დუმილის პოლიტიკას, რატომ ხდება უკრაინის საკითხისგან საქართველოს მიზანმიმართული დისტანცირება, ოცნების პასუხი სამ მოკლე სიტყვაში ეტევა: “აბა, ომი გინდათ?” 

2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა კოალიციურმა ერთობამ წინა ხელისუფლების ხისტ საგარეო პოლიტიკას რუსეთთან საერთო ენის გამონახვა არჩია. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის რიტორიკა რუსეთთან დაკავშირებით 180 გრადუსიანი ცვლილება იყო, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოფიციალურმა თბილისმა რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის ნორმალიზება სცადა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია სტრატეგიულ ამოცანებს ბორის ელცინზე ამყარებდა. ედუარდ შევარდნაძე რუსეთთან ურთიერთობების დალაგების გზით აფხაზეთიდან დევნილებს სახლში დაბრუნებას ჰპირდებოდა. მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.  

ჩატეხილი ხიდების მშენებლობის წარუმატებელი მცდელობები მთლიანად წინა მმართველებს დავაბრალოთ და დავუშვათ, რომ  ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნება” არის პირველი ხელისუფალი საქართველოს ისტორიაში, რომელიც რუსეთის მიმართ რბილ საგარეო პოლიტიკას თანმიმდევრულად მიჰყვება და მძინარე დათვს არ აღიზიანებს. აქვე ჩნდება კითხვა – თუ ეს სიმართლეა, რა შედეგი მოუტანა საქართველოს რუსეთის არგაღიზიანებამ უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში? ნუთუ, ომი დამთავრდა? 

პასუხი დამაიმედებელი არ არის. საქართველო კვლავ არის რუსული ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციის პოლიგონი; უკანონო ბორდერიზაციის პროცესი არ გაჩერებულა; 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 2500-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს; 2012 წელს სეპარატისტულ რეგიონებთან გაფორმებული “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის” ხელშეკრულებებით რუსეთმა ჩვენი ისტორიული რეგიონების, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ფაქტობრივი ანექსია მოახდინა; რაც ყველაზე მთავარია, რუსეთი აგრძელებს მუქარას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების გამო. ეს საკითხი გახდა უკრაინს საზღვართან რუსული სამხედროების მობილიზების წინაპირობაც. 2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ NATO-მ უარი უნდა თქვას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რაც საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შეუქცევადობას გულისხმობს.  

არგაღიზიანების პოლიტიკის ერთგული ხელისუფლება წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ცდილობდა, საქართველო საერთაშორისო არენიდან გამქრალიყო. “საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში” – ვკითხულობთ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში 2012 წელს და ვრწმუნდებით, რომ ივანიშვილის გუნდის ერთადერთი, მეტწილად შესრულებული დაპირება ეს არის. წლების განმავლობაში რუსული ოკუპაციის საკითხი მიიჩქმალა. საქართველოს ეს ძვირად დაუჯდა და მომავალში უფრო ძვირად დაუჯდება. 

საქართველოსგან განსხვავებით, 2019 წლის შემდეგ უკრაინის საგარეო პოლიტიკას საპირისპირო ამოცანა ჰქონდა. რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასისა და ანექსირებული ყირიმის საკითხი ყველა მაღალი დონის  საერთაშორისო შეხვედრაზე ისმოდა. ორი ასპირანტი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ავკარგიანობის შედეგად, საქართველო არ არის მოხსენიებული დიდი შვიდეულის სამიტის საბოლოო ცნობაში, თუმცა, ამ დოკუმენტში დადასტურებულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა და ხაზგასმულია მოწოდება რუსეთის მიმართ, ჯარების გაყვანის შესახებ. უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო არ მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ჟენევის შეხვედრის დროს განსახილველ საკითხთა ნუსხაში. სწორედ უკრაინის აქტიური საგარეო პოლიტიკა, რუსული აგრესიის შესახებ ხმამაღლა საუბარი და ახალი მოკავშირეების შეძენა გახდა იმის წინაპირობა, რომ 2022 წელს, მორიგ რუსულ სამხედრო აგრესიას, უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ერთიან ფრონტად ხვდებიან. უკრაინამ საკუთარი აქტიური საგარეო პოლიტიკით რუსეთისთვის ომის ფასი გაზარდა. უკრაინამ უკვე გაიმარჯვა. 

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების არგაღიზიანების პოლიტიკის ყველაზე ნათელი მაგალითი, უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს დუმილია. ჩვენი ქვეყნის დისტანცირება უკრაინის საკითხისგან სრულ თანხვედრაშია რუსეთის საგარეო ინტერესებთან, რომლის მიზანი, საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროების აღდგენაა. ამ გეგმის სისრულეში მოყვანა რუსეთს მხოლოდ მარტო, ყურადღების მიღმა დარჩენილი სახელმწიფოების განადგურების ხარჯზე შეუძლია. არგაღიზიანების პოლიტიკით ნაკვებმა დუმილმა უკვე შეამცირა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყურადღება საერთაშორისო აქტორებისგან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” დუმილი არ გვიცავს რუსეთის სამხედრო აგრესიისგან, არამედ პირიქით, ის გვხდის უფრო დაუცველს მორიგი რუსული სამხედრო ინტერვენციის წინაშე. რუსეთისთვის საქართველოსთან მორიგი ომის წამოწყების ფასი ძალიან დაბალია. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა დამოკიდებულია მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერაზე; რუსეთთან პირისპირ დარჩენილ საქართველოს შანსი არ აქვს. 

ამიტომ ხშირად დავსვათ კითხვა, სად არის საქართველოს ხელისუფლება?