ძიძების შრომა – ეკონომიკური და კულტურული აღიარების მიღმა

პუბლიკა

ავტორი: გიგა კარაპეტიანი, სოციოლოგი

„უარის თქმის საშუალება არ მაქვს. მე ვიცი, რისი უფლება აქვს დამსაქმებელს და იმასაც ვხედავ, რეალურად, რის უფლებას აძლევს თავს. 18:00 საათზე რომ უნდა დაასრულო მუშაობა და ცხრა საათამდე ბავშვის დამტოვებელი სახლში არავინ არის, არც ქალი და არც კაცი, ხომ არ დატოვებ პატარა ბავშვს და წახვალ?! რამეს თუ იტყვი, თუ არ მოგწონს, წადიო, გეტყვიან. აქ კი არა, ყველგან ეგრეა. ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვამბობ და ვითმენ, რადგან წასასვლელი სხვაგან არ მაქვს,“ – მითხრა 44 წლის დალიმ. ის გორში ცხოვრობს და ძიძად მუშაობს.

ამ ბლოგ-პოსტში საქართველოში ძიძების შრომის მნიშვნელობასა და სიმძიმეზე მინდა ვისაუბრო.  შევეცდები, იმ დაკვირვებებზე მოგიყვეთ, რაც ჩემი კვლევის დროს დავაგროვე, როდესაც ძიძად დასაქმებული ქალების შრომას ვსწავლობდი.

რამდენიმე წლის წინ ძიძების შრომაზე საუბარი რთული იყო, რადგან ამ სტატუსით დასაქმებულები უმეტესწილად  უჩინარები არიან. 2021 წლის მაისში ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად გამოაქვეყნა კვლევითი ნაშრომი, რომელიც აჩვენებს, რომ საოჯახო სექტორში დასაქმებულებზე, განსაკუთრებით კი ძიძებსა და დამხმარეებზე, მოთხოვნა იზრდება. მარტივი არ არის იმაზე საუბარი, რეალურად, რა შრომას ეწევიან ძიძები. რთულია ყველა იმ საქმის ჩამოთვლა და მათზე რეფლექსია, რისი კეთებაც ზრუნვის სფეროში დასაქმებულებს უწევთ.

და მაინც, ვინ არის ძიძა? გლობალურად, ძიძების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. საქართველოში ძიძების უმეტესობა დამსაქმებელთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ძიძად ყოფნა გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის ფორმალურ სტაბილურობას. თავის მხრივ, ამ სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია – ეფექტიანი შრომითი კოდექსითა და მისი პრაქტიკაში გამოყენებით. ძიძად დასაქმებულებისთვის არ არსებობს ან იშვიათია ღირსეული ანაზღაურება, დარეგულირებული სამუშაო დრო, დასვენების დრო და დასაქმების ადგილზე შესასრულებელი საქმის ერთგვარ საზღვრებში მოქცევა.

თვალშისაცემია უთანასწორობის ის ზოგადი ტენდენციაც, რომელიც ცენტრსა და პერიფერიას შორის არსებული ურთიერთმიმართებით გამოიხატება. ძიძები ხშირად გარეუბნებში, სოფლებსა თუ ცენტრს მიღმა ქალაქებში ცხოვრობენ, დასაქმებულები კი, ძირითადად ქალაქებსა თუ რეგიონულ ცენტრებში არიან. ამის გამო, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა, რომელიც ტრანსპორტის შეზღუდვასაც გულისხმობდა, ძიძად დასაქმებული ქალების ნაწილი ხელფასის გარეშე დატოვა. მათ უმრავლესობას დამსაქმებელი ტაქსის ფულს არ/ვერ უნაზღაურებდა, რის გამოც დასაქმებული ქალების ანაზღაურების ძირითადი ნაწილი ტაქსის ხარჯს ხმარდებოდა იმისათვის, რომ სამსახური შეენარჩუნებინათ.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სახელმწიფო არ ფლობს ზუსტ სტატისტიკურ ინფორმაციას, თუ რამდენი ადამიანია საოჯახო სექტორში დასაქმებული, რადგან ეს შრომა არაფორმალურია. შესაბამისად, სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია ძიძების შრომითი პირობებისა და მათი რეალური საჭიროებების შესახებ.

ძიძების უმრავლესობისთვის თვიური შემოსავალი ოჯახის რჩენის ერთადერთ ან ძირითად წყაროს წარმოადგენს. მათი შრომის ანაზღაურება, ძირითადად, ოჯახის სხვა წევრებს ხმარდებათ. მდგომარეობას ართულებს ოჯახში ისეთი წევრის არსებობა, რომელსაც მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა ესაჭიროება. ქალები არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო, დასაქმების რთული პირობების მიუხედავად, სამსახურზე უარს ვერ ამბობენ. ამიტომ, მათ ყველაზე უკეთ იციან მძიმე შრომის ფასი.

ძიძების უმრავლესობა, ბავშვზე ზრუნვასთან ერთად დამლაგებლის ფუნქციასაც ითავსებს. შესაბამისად, ხშირად ოჯახები, რომლებიც ძიძას ბავშვისთვის ქირაობენ, ფულს ზოგავენ და ერთ ადამიანს ისეთი ტიპის საქმეების შესრულებას ავალდებულებენ, რაც მათ არ უნდა მოეთხოვებოდეთ. ამის გამო, შემიძლია ვთქვა, რომ ქალის როლთან დაკავშირებულ კულტურულ სახე-ხატებს დღეს არსებული ეკონომიკური წესრიგი ფულის დაზოგვის მიზნით იყენებს.

თითქოს ბუნებრივია, რომ ძიძად დასაქმებულმა ქალმა სახლიც უნდა დაალაგოს და ხშირად ოჯახის წევრებისთვის სადილიც მოამზადოს. იმის გამო, რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს დასაქმების სხვა ალტერნატივა არ აქვთ, არსებულ შრომით პირობებზე დათანხმება უწევთ. ამის გამოა, რომ ძიძა ერთგვარი მხსნელია ოჯახებისთვის – ზრუნავს ბავშვზე; ოჯახის წევრებს მუშაობის შესაძლებლობას აძლევს და ერთდროულად რამდენიმე ადამიანის შესასრულებელ საქმეს ასრულებს. საყურადღებოა ისიც, რომ ძიძებისა თუ ოჯახის დამხმარეების საქმე პრივატულ, საოჯახო სივრცეში სრულდება. ეს  ზრდის ექსპლუატაციისა თუ არასათანადო მოპყრობის რისკსაც. ხშირად დასაქმებულებს ზეგანაკვეთური შრომის შესრულება დამატებითი ანაზღაურების გარეშე უწევთ. არასათანადო შრომითი პირობების გამო, მათ არასტაბილურობის განცდა აქვთ და მუდამ ახალი სამსახურის ძიების გზაზე დგანან, რაც მათ მუდმივად სტრესულ მდგომარეობას განაპირობებს.

საბოლოოდ, ცხადი ხდება, რომ საოჯახო სექტორში დასაქმებულთა უფლებებით სახელმწიფო არ ინტერესდება. მეორე მხრივ, საოჯახო სექტორში დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა იმას ნიშნავს, რომ არსებულ არასათანადო შრომით ურთიერთობაში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება და ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდება. ამაზე პასუხი სახელმწიფოს უნდა მოეთხოვებოდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია საოჯახო სექტორში დასაქმებულების კოლექტიური ორგანიზების პრაქტიკის ხელშეწყობა, შრომით პირობებზე უსაფრთხო სადისკუსიო სივრცის შექმნა და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა მდგომარეობის შესახებ  საზოგადოების წევრების მეტად ინფორმირება.  ეს კი  პრობლემის საყოველთაობას უფრო მეტად წარმოაჩენს, რაც, ვფიქრობ,  შრომითი პირობების რადიკალური ტრანსფორმაციისთვის საჭირო ბაზისს შექმნის. ამასთანავე, სახელმწიფომ უნდა შექმნას შრომითი სივრცეების ფორმალიზების იმგვარი პრეცედენტები, რომელიც დასაქმებულის მდგომარეობას გაითვალისწინებს, მის შრომას სტაბილურს გახდის და ერთგვარ საზღვრებში მოაქცევს. ამის გარეშე კი დასაქმებულთა უფლებების დაცვის მყარი გარანტია არ არსებობს და ყველაფერი კვლავ დამსაქმებლის კეთილ ნებასაა მინდობილი.

გამოყენებული ლიტერატურა: ნორბერტო პინიატი, მაკა ჭითანავა, მარიამ ლობჯანიძე, და მარიამ წულუკიძე, 2021 – რეგულირების ზეგავლენის შეფასება; ILO-ს 189-ე კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ; UN WOMEN.

სტატია მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საქართველოს არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებული საოჯახო მშრომელი ქალების შრომის უფლებების დაცვის ხელშემწყობი პირობების შექმნა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საინიციატივო ჯგუფი: სოფო შუბითიძე, სოფო აბაშიძე. www.dwg.gე. Fb.: „საოჯახო მშრომელები/Domestic workers Georgia”.