ავტორი – ემილ ჩორანი
თარგმანი – ზურა ჯიშკარიანი
ყველა სტიქია და ყველა საქციელი შეთქმულია შენ წინააღმდეგ. იქნებ, შენთვის უკეთესი იქნება ჩაიცვა სიძულვილის აბჯარი, დაიმალო ზიზღის ციხე–სიმაგრეში, იოცნებო ზეადამიანურ უდარდელობაზე? თუმცა დროის ექოები ადრე თუ გვიან მაინც მოგაგნებდნენ შენს ყველაზე შორ დავიწყებაშიც კი… როცა ჭრილობას არაფერი აფერხებს, თავად იდეებიც წითლად იღებებიან ან გროვდებიან ერთმანეთზე როგორც სიმსივნეები.
აფთიაქებში არ არის სპეციფიური საშუალებები არსებობის წინააღმდეგ – მხოლოდ სუსტი წამლები მოტრაბახეთათვის. მაგრამ სად უნდა იპოვო საშუალება მკაფიო, უსასრულობამდე გარკვეული, ამაყი და საკუთარ თავში დარწმუნებული სასოწარკვეთის წინააღმდეგ? ყველა ადამიანი უბედურია, მაგრამ განა ბევრი მათგანი ხვდება ამას? უბედურების გაცნობიერება – საკმაოდ მძიმე,იშვიათი დაავადებაა, იმისთვის რომ ფიგურირებდეს აგონიის სტატისტიკაში ან უკურნებელის რეგისტრებში. ის საწამლავს ნაკლებად პრესტიჟულს ხდის, ხოლო დროის ქარტეხილებს იდილიებად აქცევს.
რა ცოდვა ჩაიდინე, რომ დაბადებულიყავი, რა დააშავე ასეთი – რომ შენთვის არსებობა მიესაჯათ? შენი ტკივილი, ისევე როგორც შენი ბედისწერა, უმიზეზოა.
ნამდვილი ტანჯვა ნიშნავს – მიიღო ტანჯვები როგორც კეთილშობილი საჩუქარი არანორმალური ბუნებისგან, როგორც ნეგატიური სასწაული, ისე რომ არ იფიქრო მიზეზ–შედეგობრივ კავშირებზე..
დროის ფრაზაში ადამიანები მძიმეების სახით მონაწილეობენ, ხოლო იმისათვის რომ გააჩერო ეს ფრაზა, საჭიროა თავად გაჩერდე, საჭიროა გადაიქცე წერტილად.