სანდრო ნავერიანი
რეჟისორი, სცენარისტი
რამდენიმე დღის წინ, ვიდრე დავიძინებდი, ჩემი ბაბლის პრობლემებს გადავხედე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ არაფერი შეცვლილა, ისევ ვუშვებთ ორთქლს, ისევ ჰაერში, ისევ მიზანში ამოღებულად, მაგრამ რატომღაც ისევ უმისამართოდ, ისევ უიმედოდ ვითხოვთ მერამდენე ხელისუფლებისგან, ნუ მოსპობენ პერსპექტივას. არანაირი ცვლილება – ყველაფერი სტაბილურად იყო.
დილით რომ გავიღვიძე, ისევ ჩავხედე ბაბლს და აღმოვაჩინე, რომ ვადა გამივიდა.
ვადა გაუვიდა ჩემ ასაკს.
ვადა გაუვიდა პარლამენტთან დგომის პრაქტიკულ მნიშვნელობას.
თითქოს დავკარგე ფუნქცია, რომელიც სამშობლოს ნათელი მომავლისთვის ბრძოლაში თავადვე მოვუძებნე საკუთარ თავს.
წინა დღეს თუ სანდრო ვიყავი, ნავერიანი, 42 წლის, ახლა მილენიალი ვარ.
ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დავდექი. მაგრამ…
‘მაგრამს’ ზოგჯერ წერ შინაარსში სასპენსის შემოსატანად, მაგრამ არის ისეთი ‘მაგრამ’, რომელსაც განწყობით წერ, და ახლა სწორად ასეთი დავწერე.
‘მაგრამ’ გუშინ, ჯენზის პროტესტის მთელი პროცესია გავიარე. ძალიან ემოციური იყო. არცერთი აქცია, რომელზეც ვყოფილვარ აქამდე, ასეთი ემოციური არ ყოფილა. ბევრი რამე დავინახე რასაც 20 წლის წინ ეგრევე შევამჩნევდი.
ბევრი რამ მენიშნა და მინდა მათზე ვრცლად დაწერა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დავინახე რომ ლოგიკა, რაც მათ ფიზიკურ თუ ვერბალურ აქტივობას განაპირობებს, ჩვენ არ გვესმის და სჯობს ახლავე დავიწყოთ მათსავით აზროვნება, რადგან ეს არის ის ლოგიკა, რომელიც უახლოეს მომავალში არათუ საქართველოს, არამედ მთელ სამყაროს მართავს.
ამ ნაკადს უბრალოდ ვერ შეაჩერებ. ბუნებრივი სელექციაა. ჩვენ ვართ დინოზავრები გადაშენებამდე ხუთი წუთით ადრე. ჩვენ ვერ ვეწევით მათ ვერც სურვილებში, ვერც აზროვნებაში, ვერც სისხარტეში, ვერც გადაწყვეტებში და შესაბამისად ვერც შინაარსში.
ჩვენ მათ ვერაფერს ვასწავლით, მხოლოდ თუ დავეხმარებით გამოცდილების გაზიარებით და ზურგსუკან დგომით.
როგორ უნდა ვასწავლოთ მათ პროტესტი, როცა ჩვენ ხელკეტიანი სპეცრაზმი გვცემს, ესენი კი პატრულის მიერ გაწმენდილ ქუჩებში დაუბრკოლებლად დადიან და სახლებში შეაქვთ პროტესტი;
როცა ჩვენ პარლამენტთან ვირტყამთ მკერდზე მუშტებს და ვამტკიცებთ რომ აფხაზეთი გვტკივა, ესენი მემორიალთან ფიცს დებენ, თავის თავზე მორგებულს, ინტერპრეტირებულს ისე, რომ ყველასთვის ტოვებენ ადგილს, ვისთვისაც საქართველო სამშობლოა;
როცა ჩვენ პარლამენტიდან ვყვირით რომ მოსამართლეები მონები არიან, ესენი პირდაპირ იქ მიდიან სადაც მოსამართლეები სხედან და ეუბნებიან რომ ისინი მონები არიან.
ამათ რა უნდა ასწავლოს ცეხავიკების, მხედრიონის, განაბების, გაბიზნესმენებული ძველიბიჭების, 90იანებით გადაღლილი და მუდამ წუწუნა თაობებმა, რომლებმაც ვერაფერი ვერ შევძელით. ეს არის ფაქტი.
ქუჩაში გამოსული ჯენზია იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ ჩვენ ყველამ ერთად ჩავისვარეთ. თუმცა, ბოლომდე არა, და ახლა, ამ ენერგიულ ახალგაზრდებს რომ ვუყურებთ, ერთი სული გვაქვს მოგვხოცონ შერცხვენილი ცხვირი, და გვიხარია რომ გამოჩნდა ვიღაც, ვინაც ერთ ღამეში, სანამ ჩვენ გვეძინა, ნიჰილიზმის და პესიმიზმის ადგილი აღარ დატოვა დღის წესრიგში.
ვერ გააჩერებს ამ ნაკადს ვერავინ, რადგან ეს გააზრებულად, თავისუფლებისკენ ლტოლვისგან მოდის. და ამას რაც მალე გავიაზრებთ ჩვენ, რაც მალე დავდგებით მათ უკან, ჩუმად, უბრალოდ რომ ქარმა არ შეაწუხოთ, მით უკეთესს ვიზამთ ყველასთვის.
ის ჩვენთვის ველური ტომია, რომლის ყველა ნაბიჯიც მოტივირებულია თავისუფლებით, ჩვენ კი, ამ სიტყვის არაფერი გაგვეგება. არ არიან 50 ათასი, მაგრამ მათ რომ ვინმემ რამე დაუშავოს, სოკოებივით ამოვლენ და ისე დაგვარბევენ, ჩვენც, რობოკოპებსაც და ნაცქოცებით გატენილ პარლამენტსაც, რომ უარესს ვერც წარმოვიდგენთ.
მათი ხმა ჯერ ვიწრო ქუჩებში ისმის, მაგრამ მკაფიოდ, და მალე, ყველგან გაიგებთ. ყველასთან მოვლენ. ყველას მოგაკითხავენ. და თქვენთვისვე აჯობებს, პასუხები თუ არა, გულწრფელობა მაინც გქონდეთ მზად, იმიტომ, რომ მათ ბევრი კითხვა აქვთ და ტყუილს ვერ აიტანენ.