31 მარტს ირაკლი კობახიძემ სიხარულით გვაცნობა: “თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს“.
11 აპრილს კი, ჭიათურის კრიზისზე კომენტირებისას, ასეთი რამ თქვა: “ჩვენ ამ შემთხვევაში ნაკლებად ვართ მხარე. რა თქმა უნდა ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მშრომელი თანამოქალაქის ინტერესი. ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, ჩვენი მხრიდან თუ რაიმე შეიძლება გაკეთდეს ამისთვისაც ვართ მზად, მაგრამ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ და დასაქმებულებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით“.
ეს ორი ნათქვამი ერთმანეთს არ ერევა, როგორც მანგანუმი და თუთია.
და არა უბრალოდ იმიტომ, რომ ერთი ტყუილია და მეორე მართალი. ორივე ტყუილია, ოღონდ სხვადასხვა მასალის. და პრინციპში, როგორც კი ვაჩვენებდით, რომ ტყუილია, მალევე შეიძლებოდა ლაპარაკი დაგვესრულებინა. მაგრამ მოდი, ეს ტყუილები სუვერენულობაზე სალაპარაკოდ გამოვიყენოთ.
სუვერენიტეტს, როგორც ტერმინს, ხანგრძლივი ისტორია აქვს – არისტოტელედან მოყოლებული, ჰობსის თუ ჰეგელის გავლით და ამერიკული და ფრანგული რევოლუციების ჩათვლით, დღევანდელობამდე. ერთპიროვნული მმართველის, სუვერენის გავლით, რომლის ლეგიტიმურობაც პირდაპირ ან დელეგირებულ ღვთაებრივ ან ისტორიულ ავტორიტეტს ეფუძნებოდა, სუვერენიტეტი “ხალხის ნების” გამომხატველი გახდა და ერი–სახელმწიფოს სუვერენიტეტად იქცა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სუვერენიტეტის ცნება, რომელიც ერის ნებას გამოხატავდა, კიდევ ერთხელ ტრანსფორმირდა და დაფუძნდა, როგორც ხელისუფლების პოლიტიკური ლეგიტიმურობის ერთერთი მთავარი პირობა.
სუვერენიტეტი, როგორც “სახელმწიფოს უნარი, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და განახორციელოს ისინი თავის ტერიტორიაზე“, გლობალიზაციამ მნიშვნელოვანწილად დააზიანა. გლობალიზაციას არ გააუუქმებია სახელმწიფო, მაგრამ შეარყია სახელმწიფოს უნარი, დამოუკიდებლად ეწარმოებინა საკუთარი პოლიტიკა, იმიტომ, რომ გლობალიზაციის პირობებში ჩამოყალიბდა ძალაუფლების ახალი დინამიკა, რომელშიც ახალი აქტორები მონაწილეობდნენ – ტრანსნაციონალური კორპორაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასახელმწიფო (არასამთავრობო) აქტორები. ძალაუფლება გაზიარდა სხვადასხვა აქტორებს შორის, ხოლო სახელმწიფო ეკონომიკურად უფრო და უფრო დამოკიდებული გახდა გლობალურ ბაზრებსა და კაპიტალებზე. სუვერენიტეტი ტრანსფორმირდა გლობალური და ლოკალური აქტორების ზემოქმედებით და ფრაგმენტირდა. სასკია სასენის მიერ დანახული ეს სურათი ობიექტურია როგორც ცენტრის კაპიტალიზმის ქვეყნებისთვის, ისე თავისებურად, პერიფერიის ქვეყნებისთვისაც.
სამირ ამინის ანალიტიკური სურათი უფრო მძაფრი და უკომპრომისოა. ამინის მიხედვით (სასენისგან განსხვავებით) სახალხო სუვერენული პროექტი ლიბერალური გლობალიზაციის ალტერნატივაა (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაშ იმპერიალისტურია) და პერიფერიის ქვეყნებისთვის რეალური განვითარების შანსი. ოღონდ სუვერენიტეტი გულისხმობს ეროვნული პოლიტიკის გატარებას შემდეგი მიმართულებებით:
- წარმოების ინტეგრირებული ინდუსტრიული სისტემის შექმნა
- სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია და აღორძინება
- ამ ორი მიზნის გაერთიანება ყოველისმომცველ, თანმიმდევრული მოქმედების გეგმის ფარგლებში. ამ მოქმედებების მიზანია ინდუსტრიული თვითკმარობა, საკვების სუვერენულობა და რეალური, სახალხო დემოკრატია.
განვითარების ასეთ ტრაექტორიასა და ხალხს შორის, როგორც წესი, დგას კომპრადორული პოლიტიკური კლასი, რომელიც შეგუებულია საკუთარ დამორჩილებულ მდგომარეობას საერთაშორისო კაპიტალებთან.
რამდენჯერაც არ უნდა ახსენოს ქართულმა ოცნებამ სიტყვები სუვერენიტეტი და სუვერენულობა, ყველა მნიშვნელოვანი ეკონომიკური კრიზისის დროს ის საკუთარ კომპრადორულ ბუნებას ავლენს – რომელიმე უცხო ძალის ინტერესს ლობირებს ან იცავს საკუთარი ხალხის ინტერესების ხარჯზე.
ალბათ არაფერი აჩვენებს ოცნების სუვერენულობის შესახებ რიტორიკის სიყალბეს ისე, როგორც ჭიათურის კრიზისი. ერთი წუთით ასე შევხედოთ: არის კომპანია, რომელიც იმისთვის, რომ მონო ქალაქი ჭიათურა დაითანხმოს ძარცვის ახალ პირობებზე, მთელ ქალაქს ხელფასებს არ უხდის, ცდილობს დაამშიოს და ამ გზით დაითანხმოს უმუშევრობასა და გადათხრაზე. ქართული ოცნება ცდილობს არბიტრის როლიდან არ გამოვიდეს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ჯორჯიან მანგანეზი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა პარტიისთვის. გასაგებია, რომ არბიტრის როლი დადგმის ნაწილია, მაგრამ ამის მიუხედავად, დღის წესრიგში მაინც დგება ძალაუფლებრივი საკითხი – ვინ არის სუვერენი? ვინ არის ოჯახში უფროსი? თუ ერთ კომპანიას შეუძლია ქალაქისხელა ერთეული აშანტაჟოს და დამშევა დაუპიროს, ხოლო შენ არბიტრის როლიდან ფორმალურადაც ვერ გამოდიხარ, მაშინ შენ, ქართული ოცნება, სუვერენიტეტის გარანტი კი არ ხარ, ხარ გაუგებარი ლაქა იატაკზე.
რასაც ახლა ჭიათურაში ვხედავთ – საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული წინააღმდეგობის და ზრუნვის ფორმები, მათ მიერ დღის წესრიგში დაყენებული ქალაქის ფონდის თუ ნაციონალიზაციის მოთხოვნები, რომელსაც მაღაროელი და არამაღაროელი კაცები და ქალები ერთად ქმნიან, სახალხო სუვერენულობისთვის და დემოკრატიისთვის მეტს აკეთებს, ვიდრე მთელი პოლიტიკური კლასი ერთად აღებული.
ჩემი მთავარი მიზანი იმის თქმა კი არ არის, რომ ოცნება მორიგ ჯერზე იტყუება და შესაბამისად, მორიგ ჯერზე ვამხილო. ჩემი მიზანია, მკაფიოდ ვთქვა ერთი ისტორიული აუცილებლობის შესახებ: ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადმიანების დიდმა ნაწილმა და ოცნების მხარდამჭერებმაც, თუ მართლა რაიმენაირი კეთილდღეობის და თანასწორი საზოგადოება სურთ, ჭიათურის მიმართ ქმედით სოლიდარობასთან ერთად, უნდა აღიარონ და შესაბამისად საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების აუცილებელ ატრიბუტად აიღონ ფაქტი, რომ საქართველოს, მისი მთავარი პრობლემების მოსაგვარებლად, ჭირდება და დაჭირდება მთელი რიგი არაკაპიტალისტური გადაწყვეტილებები. ანუ გადაწყვეტილებები, რომლებიც მოგების ლოგიკით კი არ არის ნაკარნახევი, არამედ სოციალური თანასწორობის და რეალური სუვერენულობისკენაა მიმართული. აქ იგულისხმება როგორც ნაციონალიზაცია საჭიროების შემთხვევაში, ისე ადეკვატური ინდუსტრიული პოლიტიკის და გადანაწილების პოლიტიკის მოთხოვნა, როგორიც მაგ. უფასო სასკოლო კვება ან უმუშევრობის დაზღვევაა. და ეს ამ ქვეყანას სასიცოცხლოდ ჭირდება და გამოადგება ნებისმიერი მთავრობის, ნებისმიერი პოლიტიკური განლაგების პირობებში.