ზაზა ბურჭულაძე
ჩვენ ვცხოვრობთ პოსტმოდერნის ეპოქაში. ამაზე დიდი ლიტერატურა მე არ ვიცი: მწერალი მოუწოდებს კოკა–კოლას გაფიცვისკენ. თუმცა დღევანდელი ჩვენი ამბავი აღემატება ყოველგვარ ლიტერატურას და კოკა–კოლას ერთად აღებულს.
თემურ, როგორც ვიცი, პატრიოტი კაცი ხართ. მე, ერთი რიგითი მოქალაქე, მოგიწოდებთ, გაიფიცოთ და მაგალითი მისცეთ სხვა ქართველ ბიზნესმენებს. ვიცი, ბევრი პატრიოტი მეწარმეა საქართველოში. უბრალოდ, თქვენი გაფიცვით სხვებსაც მისცემდით დიდ სტიმულს. და არა მარტო მათ.
ხომ ხედავთ, როგორ ეშინია რეჟიმს ახალგაზრდების. მათ ახლა მხარში ამოდგომა უნდათ. ერთობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. და განსაკუთრებით დღეს. ფაშიზმი გაერთინებულმა ძალებმა დაამარცხეს.
თემურ, არა მგონია, თქვენ გეშინოდეთ. თქვენს ასაკში და თქვენი შეძლების კაცი ახლა კიდევ უფრო მეტი ფულის შოვნაზე ალბათ აღარც უნდა ფიქრობდეს. თქვენი გაფიცვით კი გადაარჩენთ სამშობლოს, რომელიც, ვიცი, ძლიერ გიყვართ, გადაარჩენთ მის მომავალს, მის საუკეთესო შვილებს. თქვენ ახლა გაქვთ შანსი, ისტორიაში ჩაეწეროთ, არა კოკა–კოლის ყავისფერი, არამედ ნამდვილი ოქროს ასოებით. თანაც ჩაეწეროთ არათუ ჩვენი ქვეყნის, მსოფლიო ისტორიაშიც.
არ ვიცი, თუ ყოფილა ასეთი რამ სადმე: კოკა–კოლა, როგორც დაუმორჩილებლობის მედროშე! ახლა ბევრი ქართველი ბიზნესმენი ელოდება იმას, ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს. თემურ, იყავით ეს პირველი თქვენ. ეს თქვენი შანსია.
დღეს ქვეყანას აღარ ჰყავს პოლიცია და ჯარი, მას იცავენ გულანთებული ახალგაზრდები და ჟურნალისტები. რომელთა წამებასაც უწყვეტად ვუყურებთ პირდაპირ ეთერში. დადექით ამ ახალგაზრდების გვერდით. მათთან ერთად გადაარჩინეთ სამშობლო.
რეჟიმი ამ კვირაშივე აპირებს ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც კიდევ უფრო დაუცველს და მოწყვლადს გახდიან ისედაც ნაცემ, ნაწამებ და ნაგინებ ადამიანებს. კრძალვენ აირწინაღების გამოყენებას, უიმისოდ კი როგორღა დაიცვას კაცმა თავი ცრემლსადენი და მახრჩობელა გაზისგან? მალევე აიკრძალება ქუჩაში რამდენიმე ადამიანის ერთად დგომაც და მორჩა. გაქრება პროტესტი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში! რუსეთში, სადაც თეთრი ფურცლის გამოც კი მრავალწლიან პატიმრობებს უსჯიან და ციხეში სვამენ ხალხს. ხომ იცით, რომ ეს რეჟიმი თქვენს გადასახადებზე დგას. თქვენ, ბიზნესმენები თუ გაიფიცებით, რეჟიმის ტალახის ბუდე ჩამოიშლება. თქვენ ახლა შეგიძლიათ, ქვეყნის უკუღმა დატრიალებული ბედი წაღმა შეატრიალოთ.
პატივისცემით,
ზაზა ბურჭულაძე