ღირებულებათა კონტინენტი

ლევან ბერძენიშვილი

დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდობა, მთელი გულით, დიდი ენთუზიაზმით, მრავალფეროვანი კრეატიული იდეებით და აქტივობით იცავს ქვეყნის ევროპულ არჩევანს. და რას ვიცავთ მაშინ, როდესაც ევროპას ვიცავთ?

ყველა სიტყვას შეიძლება ჰქონდეს სამი ზოგადი მნიშვნელობა: სივრცითი, დროითი და გადატანითი. ტერმინ ევროპის შემთხვევაში ესაა გეოგრაფიული, ისტორიული და ღირებულებითი პლასტები.

გეოგრაფიული თვალსაზრისით ევროპა ევრაზიის კონტინენტის ნაწილია (დაახლ. 10 მლნ კმ2), რომელსაც გარს აკრავს ატლანტისა და ჩრდ. ყინულოვანი ოკეანე, ხოლო აზიისაგან ყოფს ურალის ქედი.

ისტორიული თვალსაზრისით, ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ანტიკურობის ხანა. ანტიკურობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანში პიროვნული ღირსებების აღიარების, სულიერების პრიორიტეტის, მეცნიერების, ხელოვნების, მითოლოგიის აღმავლობის, თავისუფლების შეცნობის ხანაა.

ჩვ.წ. 476 წელს დასავლეთ რომის იმპერია დაეცა და დაიწყო შუა საუკუნეები, რომელიც დაახლოებით 1000 წელი გაგრძელდა 1492 წლამდე, დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებამდე. შუა საუკუნეებს მოჰყვა რენესანსი და დაიწყო ახალი ერა.

და მაინც, ევროპა, უპირველეს ყოვლისა, არის ღირებულებები, ევროპული კულტურის, ისტორიისა და იდენტობის მყარ საყრდენებზე დაფუძნებული პრინციპები, რომლებიც აერთიანებს ევროპულ ქვეყნებს და განსაზღვრავს ევროპული საზოგადოების სასიცოცხლო იდეალებს. ისინი მოიცავს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, თანასწორობას და თავისუფლებას.

შესაბამისად, ძირითადი ევროპული ღირებულებებია:

ადამიანის უფლებები: ყველა ადამიანის თანასწორობა, ღირსების პატივისცემა და მათი ძირითადი უფლებების დაცვა.
დემოკრატია: ხელისუფლების ფორმირება ხალხის ნების მიხედვით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით.
კანონის უზენაესობა: ყველას თანასწორობა კანონის წინაშე და სასამართლოების დამოუკიდებლობა.
თანასწორობა: სქესობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობა.
თავისუფლება: აზრის, სიტყვის, მრწამსისა და გადაადგილების თავისუფლება.
სოლიდარობა: სოციალურ თანადგომაზე, სამართლიანობასა და თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბება.
ტოლერანტობა და მრავალფეროვნება: სხვადასხვა კულტურის, რელიგიისა და შეხედულებების პატივისცემა.

ამ ღირებულებათაგან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია და თავისუფლება.

ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებები არის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც ყველა ადამიანს ეკუთვნის, განურჩევლად მათი რასის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის ან სხვა მახასიათებლებისა. ეს უფლებები ბუნებრივად ეკუთვნის თითოეულ ადამიანს მხოლოდ მისი ადამიანური ბუნების გამო და არის საერთაშორისო სამართლის, ეროვნული კონსტიტუციებისა და საზოგადოებრივი ღირებულებების საფუძველი.

  • ძირითადი მახასიათებლები:

უნივერსალურობა: ადამიანის უფლებები ეკუთვნის ყველა ადამიანს, ყველგან და ყოველთვის.
შეუქცევადობა: ეს უფლებები ვერ ჩამოერთმევა ადამიანს (თუ არა განსაკუთრებული სამართლებრივი გარემოების ფარგლებში).
დაუნაწევრებლობა და ურთიერთკავშირი: ყველა ადამიანის უფლება ურთიერთდაკავშირებულია და ერთიანად მოქმედებს.
სახელმწიფოს როლი: სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლებების პატივისცემა, დაცვა და რეალიზება.

  • ადამიანის უფლებების ძირითადი კატეგორიები:

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები:
სიცოცხლის უფლება.
თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება.
სიტყვის, აზრისა და რელიგიის თავისუფლება.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები:
განათლების უფლება.
სამუშაოს უფლება და სამართლიანი შრომითი პირობები.
ჯანდაცვის უფლება.
ღირსეული საცხოვრებლის უფლება.
კოლექტიური უფლებები:
თვითგამორკვევის უფლება.
განვითარების უფლება.
სუფთა და ჯანმრთელი გარემოს უფლება.

დემოკრატია

დემოკრატია არის პოლიტიკური სისტემა, რომლის მთავარი პრინციპია ხალხის ჩართულობა და ძალაუფლების განაწილება. ეს გულისხმობს მოქალაქეთა უფლებას მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვაში, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით. ძირითადი მახასიათებლებია:

1.ხმის უფლება – ყველა მოქალაქეს აქვს ხმა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

2.პლურალიზმი – სხვადასხვა პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულებების თანაარსებობა.

3.სამართლის უზენაესობა – კანონმდებლობაა მთავარი და არა ინდივიდუალური ინტერესები.

4.მოქალაქეთა უფლებები – დემოკრატიული სისტემა იცავს თავისუფლებებს, როგორიცაა სიტყვის, რელიგიის და შეკრების უფლება.

  • დემოკრატიის ტიპები:

•პირდაპირი დემოკრატია: მოქალაქეები უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებებს.

•არაპირდაპირი (წარმომადგენლობითი) დემოკრატია: მოქალაქეები ირჩევენ წარმომადგენლებს, რომლებიც მათ ინტერესებს გამოხატავენ.

დემოკრატია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან სისტემად, თუმცა მისი წარმატება დამოკიდებულია მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობასა და ეფექტიან მმართველობაზე.

თავისუფლება

თავისუფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც გულისხმობს ინდივიდის შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილებები და იმოქმედოს საკუთარი ნებით, შეზღუდვების გარეშე, იმ ფარგლებში, სადაც ეს არ აზიანებს სხვის უფლებებს. თავისუფლება მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის უფლებებსა და საზოგადოების სამართლიან წესრიგთან.

თავისუფლების ძირითადი ასპექტები:

პირადი თავისუფლება – ინდივიდს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი ცხოვრების წესი, სარწმუნოება და შეხედულებები.
საზოგადოებრივი თავისუფლება – სიტყვის, შეკრებისა და ასოციაციების უფლება.
ეკონომიკური თავისუფლება – საკუთრების უფლება და ეკონომიკური საქმიანობის თავისუფალი არჩევანი.

თავისუფლება საზოგადოების განვითარებისა და ჰარმონიის მთავარი საფუძველია, მაგრამ მოითხოვს პასუხისმგებლობას და კანონიერების დაცვას.

ვინაიდან ევროპის ღირებულებათა სისტემის ქვაკუთხედი თავისუფლების იდეაა, ამ ცნებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია მეცხრამეტე საუკუნის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მოაზროვნის, ჯონ სტიუარტ მილის ფუნდამენტური ნაშრომი „თავისუფლების შესახებ“ (1859). თავის ავტობიოგრაფიაში მილი წერს, რომ ეს არის წიგნი იმაზე, თუ რამოდენა მნიშვნელობა აქვს ადამიანისა და საზოგადოებისთვის ხასიათების მრავალფეროვნებას, ადამიანების სრულ თავისუფლებას; იმას, რომ, თავიანთი არჩევანის მიხედვით, ადამიანებს შეუძლიათ უამრავი სხვადასხვა და კონფლიქტური მიმართულებით განავითარონ თავიანთი ბუნება. მართლაც, მთელი წიგნის გამჭოლი თემაა ინდივიდუალურობისა და მრავალფეროვნების განსაკუთრებული ღირებულება და კონფორმიზმთან დაპირისპირება. სწორედ ინდივიდუალურობის ღირებულების ამ აღიარებას ეფუძნება მილის ძირითადი თეზისი, რომ ინდივიდის თავისუფლების შეზღუდვა ყოველთვის და ყველა კონტექსტში ბოროტებაა.

უკვე მე-17 საუკუნის ბოლოს ჯონ ლოკი წერდა, რომ პოლიტიკური სისტემების მისაღებობის აუცილებელი პირობაა ინდივიდის თავისუფლების პატივისცემა; ასევე, რომ სინდისის თავისუფლება ადამიანის ბუნებრივი უფლებაა, რომელიც ნებისმიერი სახელმწიფო ძალაუფლებისთვის ხელშეუხებელი უნდა იყოს. მილი ამ საკითხის განხილვისას გაცილებით უფრო წინ წავიდა.

მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელიც თავისუფლების მილისეულ დაცვას აქვს, შემდეგია: მას (ლოკისა და სხვა წინამორბედებისგან განსხვავებით) აინტერესებს არა იმდენად ინდივიდის თავისუფლების ხელშეუხებლობა პოლიტიკური, სახელმწიფო ძალაუფლების მიმართ, არამედ თავისუფლება იმასთან მიმართებაში, რასაც ის უმრავლესობის დესპოტიზმს უწოდებს. სწორედ ამ ვითარების გამოკვეთას ეთმობა ტრაქტატის პირველი თავი („შესავალი“). მართლაც, პოლიტიკური თავისუფლების მოპოვება შედარებით იოლი ამოცანაა. გაცილებით უფრო რთულია თავისუფლების მოპოვება უმრავლესობის ტირანიის პირობებში. მაშასადამე, საკმარისი არ არის სახელმწიფო მოხელეთა ტირანიისგან დაცვა: საჭიროა დაცვა გაბატონებული შეხედულებების ან გრძნობების ტირანიისგანაც. საჭიროა დაცვა საზოგადოების მიდრეკილებისგან, სამოქალაქო სასჯელისგან განსხვავებული საშუალებებით საკუთარი იდეები და ჩვევები ქცევის წესებად მოახვიოს თავს მათ, ვინც მას არ ეთანხმება, შეუბორკოს განვითარება და, თუ შესაძლებელია, ხელი შეუშალოს ჩამოყალიბებაში ისეთ ინდივიდუალობას, რომელიც არ არის ჰარმონიაში მის წესებთან, ყველა ხასიათს მის საკუთარ მოდელზე მორგება აიძულოს. არსებობს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობაში კოლექტიური შეხედულების ლეგიტიმური ჩარევის საზღვარი, ხოლო ამ საზღვრის მოძებნა და მისი დარღვევისგან დაცვა ისევე აუცილებელია ადამიანების საქმეების სასიკეთო მდგომარეობისთვის, როგორც პოლიტიკური დესპოტიზმისგან დაცვა.

მილი შენიშნავს, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა ადრე მართლაც იყო ბრძოლა მოქალაქეთა (მართულთა) თავისუფლებასა და ხელისუფლების (მმართველი ძალის) ტირანიას შორის. თუმცა, ამტკიცებს ის, ევროპის საზოგადოებათა უმრავლესობაში (ყოველ შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში) უკვე მოპოვებულია ხელისუფლების ტირანიისგან დაცვის მექანიზმები − უზრუნველყოფილია, რომ მმართველი ძალა ხალხის, მართულთა ნების გამომხატველია და არა მასთან დაპირისპირებული. ამის მიღწევა მოხერხდა იმით, რომ, ერთი, აღიარებულ იქნა და ხელისუფალთათვის ხელშეუხებლად გამოცხადდა მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები; მეორეც, განვითარდა კონსტიტუციური მექანიზმები, რომლებითაც საზოგადოებას მიეცა მთავრობის ქმედებების კონტროლის ძალა. მაგრამ ამ ვითარებაში მაინც რჩება სხვა საფრთხე, რომლისგან ინდივიდის თავისუფლების დაცვა არანაკლებ მნიშვნელოვანია და, სავარაუდოდ, უფრო ძნელიც არის. ეს საფრთხეა „უმრავლესობის ტირანია“, რომელიც შეიძლება ხორციელდებოდეს ისევ პოლიტიკური საშუალებებით (რამდენადაც ხელისუფლება მსგავს დემოკრატიულ ვითარებაში უმრავლესობის ნების წარმომადგენელი იქნება) ან საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით. მილს სწორედ ეს უკანასკნელი აინტერესებს ყველაზე მეტად.

თუკი დადგება ამოცანა, ევროპა, როგორც ღირებულება, აღიწეროს ერთი სიტყვით, ეს სიტყვა აუცილებლად იქნება თავისუფლება. ამას, სხვათა შორის, ლინგვისტური ახსნაც კი მოეპოვება. თავისუფლების აღმნიშვნელი ევროპული სიტყვა (ინგლ. Liberty, ფრანგ. Liberté) ლათინური libertas სიტყვიდან მომდინარეობს, რომელიც ეფუძნება საერთო ინდოევროპულ ფუძე *leuðer-ს (საიდანაც გვაქვს ბერძ.᾽Ελεύθερος, ლათ. Līber „თავისუფალი“), რომელიც „ადამიანს“ აღნიშნავს (შდრ. გერმ. Leute და რუს. Люди).

შესაბამისად, ევროპელისთვის ადამიანი „თავისუფალს“ ნიშნავს (გავიხსენოთ ჟან-პოლ სარტრის ხატოვანი ნათქვამი: „ადამიანს მისჯილი აქვს, იყოს თავისუფალი“). ამდენად, ევროპელისთვის თავისუფლება მახასიათებელი ანუ ატრიბუტი კი არა, სუბსტანციაა, არსია.