ია კერზაიას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა…
ია კერზაიას გათავისუფლებამ და მისმა გარდაცვალებამ შეძრა განათლების სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ყოფილა დირექტორების სამაგალითოდ დასჯის შემთხვევები (მაგალითად, ზვიად მიმინოშვილის გახსენებაც საკმარისია.), გარდაცვალების ფაქტმა ყველაფერი უფრო გაამძაფრა.
პირადად ჩემი გამოხატვა ვერ გასცდა სოციალურ ქსელში პროტესტსა და პოზიციის დაფიქსირებას. თუმცა, ასეთი გამოხატვაც არ იყო საყოველთაოობით ნიშანდებული…
გამოძიებაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იკვეთება, რომ ყოფილი მინისტრი ბათიაშვილი არ იყო ჩარეული ამ ქმედებებში და მისი სახელით მოქმედებდა სამინისტროს აპარატი, რომელსაც, სავარაუდოდ, გარედან ჰქონდა დავალება მიღებული.
მე მჯერა, რომ მინისტრი ბატიაშვილი არც ია კერზაიას დასჯის ინიციატორი იქნებოდა და მონაწილეობასაც არ მიიღებდა დოკუმენტ-ბრძანებების მომზადება-დაგზავნაში. თუმცა, ეს მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და მისი სახელით განხორციელებული ქმედებები, თუკი ის ამას არ ეთანხმებოდა, უფრო მძიმეც კია.
ია კერზაიას შემთხვევამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს სამინისტროს სადამსჯელო ინსტრუმენტების არსებობა. ე. წ. აუდიტ-გენინსპექციის სადამსჯელო ფუნქციები სამინისტროს საერთოდ უნდა ჩამოერთვას.
„მე შთამაგონებდა ერთი ადამიანი, რომელიც მინდა გავიხსენო და ვახსენო დღეს და მინდა მხარი დამიჭიროთ ამაში”… – ეს არის ნაწყვეტი ჩემი სიტყვიდან, რომელიც ვთქვი 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადმოცემისას… ძნელია დღეს ვინმეზე ვთქვა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადამიანი? იქნებ იაკობ გოგებაშვილი ან ჩემი პირველი მასწავლებელი? იქნებ ბებიაჩემი, რომელიც თავის ნაადრევად შეჩერებული პედაგოგიური კარიერის შემდეგ ენერგიას ჩვენზე, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებზე ხარჯავდა?! იქნებ?.. შეიძლებოდა თუ არა, ეს ია კერზაია ყოფილიყო?
რასაკვირველია, ეს უნდა ყოფილიყო ია კერზაია, თუმცა მისი ადგილი ჩემს სამადლობელ სიტყვაში არ აღმოჩნდა.
რატომ ვერ ვახსენე ია კერზაია?
– მომერიდა. ვერ გავბედე…
მომერიდა ორგანიზატორების, რომელთა უპირველესი მახასიათებელი არის სიწრფელე. არ მინდოდა ჩემ გამო ოდნავი უხერხულობა მაინც შეჰქმნოდათ მათ.
მეორეც: მინისტრი ბატიაშვილის თვალები მეტყველებდა, რომ პირადად იგი არ იყო ბრალეული ია კერზაიას მიმართ წარმართულ საქმეში. ჩემ გვერდით იდგა პატიოსანი, ალალი კაცი, რომელიც მოსალოცად იყო ამოსული სცენაზე. ზრდილობამ დამაბრკოლა გადამედგა ის ნაბიჯი, რომელსაც მინისტრისთვის საჩოთირო საქმის იმ მომენტში გახსენება ჰქვია.
მესამეც: რატომღაც მომინდა, რომ ჩემი სკოლის, მარნეულის მე-2 სკოლის მოსწავლეებისთვის რაიმე სასარგებლო საქმე გამეკეთებინა ჩემი გამარჯვებით და სპონტანურად მომაფიქრდა ღია სპორტული სტადიონის გაკეთება, რაც საგრძნობლად წაადგება ჩვენი სკოლის მტვერსა და ტალახში მოთამაშე ბავშვებს. სტადიონის თხოვნისა და ია კერზაიას ადგილი კი ერთად ვერ მოთავსდებოდა.
მეოთხეც: დაკონკრეტების გარეშე ჩემი სიტყვა, როგორც ასეთი, შეიძლება უკეთესიც კი გამოსულიყო…
სიტყვა თავისუფლების შესახებ, სადაც ია კერზაიას ადგილი აღარ დარჩა…
ია კერზაიას ხსოვნისადმი პატივის მიგება დღეს ჩვენი განათლების სისტემის მთავარ ამოცანად უნდა იქცეს. მისი ხსოვნისადმი პატივისცემა კი იქნება თითოეული ჩვენგანის, და არა მხოლოდ მინისტრისა და მმართველი ფენის ბრძოლა თავისუფლებისთვის…
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მინისტრი, თუკი უპირველეს ყოვლისა ია კერზაიას კოლეგები – დირექტორთა ფენა არ იქნება თავისუფლებასა და პრინციპულობაზე ორიენტირებული? ამის გარეშე, სულაც სოლომონ დოდაშვილი რომ დაუნიშნო მინისტრად, მაინც დარჩებიან მითითებებისა და რეგულაციების უსიტყვოდ შემსრულებლებად.
როდესაც დირექტორებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათ შორის შეიძლება გამოიყოს რამდენიმე კლასტერი.
1-ლ კლასტერში არიან ის დირექტორები, რომლებიც თავიანთი ცოდნითა და კომპეტენციით ვერ აკმაყოფილებენ დირექტორის სტანდარტს და არც თვითგანვითარების რესურსი აქვს.
მე-2 კლასტერში მოვიაზრებთ ისეთ დირექტორებს, რომლებიც ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებენ დირექტორობის სტანდარტს, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობითა და ინტელექტუალური პოტენციალით შესწევთ ძალა სათანადო პროფესიონალებად იქცნენ.
მე-3 კლასტერში შევიყვანოთ ის დირექტორები, რომლებსაც თანამდებობის შესაფერისი ცოდნა და გამოცდილება აქვთ და თავიანთ ქმედებებშიც პროფესიონალის სათანადო უნარებს ავლენენ.
ახლა ეს სამი კლასტერი გადავათამაშოთ სხვა სამ კატეგორიად და მათ მივუყენოთ პატიოსნებისა და სამოქალაქო აქტივიზმის კრიტერიუმი. ამ კრიტერიუმის მიხედვით დირექტორები ისევ სამ კატეგორიად დავყოთ: უიმედონი, გაბედულები და თავისუფლები.
შევთანხმდეთ, პირველი კლასტერიდან ვერცერთი ვერ დააკმაყოფილებს რაიმე ნიშნით მაინც პატიოსნების კრიტერიუმს. შესაბამისად, ისინი უიმედოთა კატეგორიაში დარჩებიან. უიმედობა იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სისტემისთვის ან გარკვეულწილად თავიანთი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვისაც უიმედონი არიან.
ზოგჯერ პირიქითაც ხდება… რას ვგულისხმობ და, სისტემა მათგან ყოველთვის ხუთიანზე შესრულებულ დავალებებს იღებს ხოლმე. იქნება ეს წინასაარჩევნო შეხვედრებზე მასწავლებლების წასხმა, თუ რაიმე სადღესასწაულო ღონისძიების ლამაზად ჩაცმული მოსწავლეებით უზრუნველყოფა. აგრეთვე, ხშირად ასეთი დირექტორები აღწევენ ხოლმე რაიმე ინფრასტუქტურული პროექტის დამტკიცებას და სხვ. შესაბამისად, სიტყვა „უიმედოობამ” არ უნდა შეგვაცდინოს.
მე-2 კატეგორიაში, გაბედულებში, ანუ მეტ-ნაკლებად პატიოსნებში, შედიან მე-2 და მე-3 კლასტერის დირექტორები, იმისდა მიხედვით, თუ რა მორალური საყრდენები აქვთ და რა სამოქალაქო აქტივიზმი ახასიათებთ მათ. აღსანიშნავია, რომ ისინი ცდილობენ ხოლმე ფეხი აუწყონ პროგრესულ და თანამედროვე იდეებს. ბევრსაც მუშაობენ, რათა მასწავლებლების, კოლეგებისა და საზოგადოების თვალში წარმოჩინდნენ, როგორც თავისუფალი, პროფესიონალი და აზრის მომკითხავი კადრები, მაგრამ, თუ სისტემა მათგან რაიმე უგვანი პოზიციის მხარდაჭერას, ან პირში წყლის ჩაგუბებას მოითხოვს, ისინი მორჩილად, მცირეოდენი პროტესტით ყაბულდებიან მოთხოვნას. თავის გასამართლებელ ატგუმენტსაც იოლად პოულობენ: „ხომ იცი, რა დროა… რომ არ წავუყრუოთ, რას მოვიგებთ?! თავსაც წავაგებ და ჩემზე ყრუ და რეგვენი დაიკავებს ჩემს ადგილს და განა ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის ეს უკეთესი იქნება?!”
მე-3 კატეგორიაში, პატიოსანთა კატეგორიაში, ასევე მე-2 და მე-3 კლატერების დირექტორები მოხვდებიან, ანუ მეტ-ნაკლებად პროფესიონალები და სრულად პროფესიონალები. ესენი არიან შთაგონებული ადამიანები, რომლებსაც ამოძრავებს საკუთარი მისწრაფებები, ხშირ შემთხვევაში სწორად გაცნობიერებული, რომლებიც შეესაბამება მოსწავლეთა და ქართველი საზოგადოების ჭეშმარიტ ინტერესებს.
ამ კატეგორიის ზოგიერთ დირექტორს ზოგჯერ რაღაც ახირებაც აქვს ხოლმე. მაგალითად, შეიძლება მოგიყვეთ, რომ სკოლაში ახლად მისულმა შემოიღო რაღაც წესი, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა სასკოლო დისციპლინა. და ეს წესი მდგომარეობს შემდეგში: მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მოეთხოვებათ, რომ ჩანთაში ყოველთვის ატარებდნენ ოთხად გაკეცილ სუფთა ფურცელს. სუფთა ფურცლის მდგომარეობას პეროიდულად უნდა ამოწმებდეს ამისთვის საგანგებოდ შერჩეული ჯგუფი და ხშირად პირადად დირექტორიც კი. თუკი თქვენ შეეკითხებით, რომ თუკი მასწავლებელი, დავუშვათ, ჩანთას არ ატარებს? იგი ისე გაკვირვებით შემოგხედავთ, რომ მის თვალებში მყისვე ამოიკითხავთ: „კი. მაგრამ, ხომ გითხარი, დისციპლინას აუმჯობესებსო?!”
…შეუძლებელია, ამდენი ვისაუბროთ დირექტორებზე და არაფერი ვთქვათ დირექტორის სტანდარტზე.
მაინც, რა კომპეტენციები მოეთხოვება, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართული საჯარო სკოლის დირექტორი? არსებობს კი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ამ კომპეტენციებსა და კრიტერიუმებს? არა! არ არსებობს! ქართული სკოლის დირექტორის სტანდარტს ასე ადვილად ვერ ნახავთ…
ერთიც აღვნიშნოთ: საქართველოში სკოლის დირექტორობა ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) ისეთი თანამდებობაა, რომელსაც სპეციალური უმაღლესი განათლება არ სჭირდება. (არა, დეპუტატობაც ასეთია). აქამდე პედაგოგიური განათლების მოთხოვნა მაინც არსებობდა, ამჟამად ესეც არაა სავალდებულო. არ გეგონოთ, რომ არაპედაგოგიური განათლების მქონეთა დირექტორად მუშაობის წინააღმდეგი ვიყო. სულაც არა – ვიცნობ რამდენიმე საუკეთესო არაპედაგოგ დირექტორს…
მოკლედ შევეხოთ იმ პროცედურებს, რომლებსაც დირექტორის კანდიდატი გაივლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე/არჩევამდე.
- აბარებს გამოცდას, რომლითაც ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გაკრვეულ კომპეტენციას ცოდნის დონეზე.
- შემდეგ სამინისტროს კომისიას წარუდგენს თავის ხედვას სკოლის განვითარების შესახებ იმ შერჩეული სკოლების მიხედვით, რომლებშიც გამოცხადებულია ვაკანსია და რომელიც/რომლებიც შეარჩია კანდიდატმა.
- კომისია წარადგენს ან არ წარადგენს დირექტორობის კანდიდატს შერჩეულ სკოლაში.
- თუ წარადგენს, მაშინ კანდიდატი ამზადებს ამ სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმას და წარუდგენს სამეურვეო საბჭოს.
- სამეურვეო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას არჩევასთან/არარჩევასთან დაკავშირებით.
- მინისტრს შეუძლია საკუთარი დისკრეციით დანიშნოს სკოლის დირექტორი, თუკი სამეურვეო საბჭომ არ აირჩია წარდგენილი კანდიდატი. შეუძლია არც დანიშნოს.
საჭიროა თუ არა რაიმე დოკუმენტი კანდიდატის შესახებ? კი, საჭიროა. წარსადგენია ორი დოკუმენტი: ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ და ცნობა ნასამართლეობის შესახებ. ამ დოკუმენტებს კანდიდატი შესაბამის სამსახურებში იღებს.
დავსვათ შეკითხვა: საჭიროა თუ არა დირექტორი აკმაყოფილებდეს კრიტერიუმს, რომელიც შეეხება ქართული სახელმწიფოსადმი ლოიალურობას, უცხოური სპეცსამსახურებისგან დამოუკიდებლობას და სხვა? ჩემი აზრით, საჭიროა. მაგრამ რატომ არ თხოულობს ასეთ ცნობას სახელმწიფო საკუთარი უშიშროების სამსახურისგან? თუ თხოულობს და ჩვენ არ ვიცით?
ასეა თუ ისე, სახელმწიფო სათანადო, მე ვიტყოდი, გადაჭარბებულ ყურადღებასაც კი აქცევს საჯარო სკოლის დირექტორის შერჩევას. არც გაემტყუნება, რადგან ყველა კვლევა და საღი აზრი იმას ადასტურებს, რომ სკოლის ლიდერის/ლიდერების როლი საგანმანათლებლო მიზნების ეფექტურ რეალიზებაში შთამბეჭდავია. შესაბამისად, ამ რგოლის გაჯანსაღება, თავისუფლებაზე ორიენტირება ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისაც და სახელმწიფოსიც.
სახელმწიფოს განვითარებაში დღეს განსაკუთრებული როლი ეკისრება დირექტორს – გადაჭარბების გარეშე. მომავალი წელიწადი დიდწილად განსაზღვრავს, საით მივდივართ ჩვენ. უფრო სწორად, მკაფიოდ გამოაჩენს, რამდენად მტკიცე ნაბიჯებით მივდივართ ჩვენს ევროპულ ოჯახში… ამიტომ თითოეული სკოლის ლიდერის სამართლიანი პოზიცია დიდგორის ველზე ამოღებულ ორას ხმალთაგან ერთ-ერთს უტოლდება… მართლა.
აღარ ვიკითხავ, ვფიქრობ, ნათელია, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს – ერთი წლის თავზე, თუ სად იქნებოდა ია კერზაიას ადგილი. ჩვენ სათანადოდ უნდა დავაფასოთ მისი ხსოვნა და ეს ყველას შეგვიძლია: უნდა დავდგეთ სიმართლის მხარეს და უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის! და რაც მთავარია: – უნდა დავდოთ მტკიცე პირობა, რომ ასეთი რამ მომავალში აღარასოდეს აღარ განმეორდება.
განა ეს არაა ჩვენი სახელმწიფოსა და საგანმანათლებლო სისტემის მთავარი ორიენტირი?! განათლება ხომ თავისუფლებაა!