იატაკქვეშა ქელეხი

ალექს ჩიღვინაძე

თუ ვინმე სიკვდილის შესახებ საუკეთესო ქართული ტექსტის გახსენებას მთხოვს, სერგო კლდიაშვილის პატარა მოგონება გამახსენდება:

1931 წლის 24 აპრილს სერგო კლდიაშვილი ტფილისიდან სიმონეთში გაემგზავრა. სადგურში ცხენი დაიქირავა და თავის 8 წლის გოგონასთან, მელიტასთან ერთად გაუდგა გზას. სამი თვის უნახავი ჰყავდა ავადმყოფი მამა, დავით კლდიაშვილი. მოხუცისთვის ტკბილეული და წამლები მიჰქონდა. შვილი ცხენზე ეჯდა, თვითონ კი გვერდით მიჰყვებოდა. ბავშვს ძალიან უხაროდა, რომ მალე ბებიას და ბაბუას ნახავდა და მამას სიმღერას ასწავლიდა. უდარდელად, ღიღინ-ღიღინით მიუყვებოდნენ გზას. სოფლის შესასვლელში სერგოს და მელიტას ნათესავი შემოხვდა, რომელიც ადრე თუ მხიარული შეძახილებით ეგებებოდა, ახლა იდგა და დანა პირს არ უხსნიდა. მამა-შვილი სახლამდე მიაცილა და მხოლოდ ჭიშკართან უთხრა სერგოს, რომ მასთან დეპეშის გასაგზავნად მიიჩქაროდა. სერგო და მელიტა ცარიელ ეზოში შევიდნენ.  სასტუმრო ოთახში არავინ იყო. დედა ლოგინზე დამხობილიყო და ქვითინებდა. სერგო მამის ოთახში შევიდა და დაინახა პატარა ტანი. უძრავად. შეეცოდა, რომ მხოლოდ ზეწარი ეხურა, მამა ხომ ვერ იტანდა სიცივეს. მკვდარს არ ჰგავდა. ვარდისფერი, მოღიმარი სახე ჰქონდა. სერგომ შეამჩნია, რომ მამას მუხლებზე დიდი ქვა ედო, ალბათ მოკეცილი ფეხების გასასწორებლად. დედამ უამბო: დილით ჩაი მივუტანეო. სახეზე მივუალერსე და ხელზე მაკოცაო. მკითხა, გარეთ მზე არის თუ არაო. რომ გამოვდიოდი, ოდნავ გასაგონი ხმით დამიძახა, რომ მივხედე, უკანასკნელად გამიღიმა და გათავდაო.

ღამე ვეღარ დაიძინა სერგომ, ცოტა ჩქარა რომ მევლო, შეიძლება მომესწროო მამისთვის. იქნებ ეშველაო წამალს. ქვაზე ფიქრიც არ ასვენებდა. მამამისის ოთახში შევიდა. მამის მუხლებზე დადებულ ქვას ხელი წამოავლო და ფანჯრიდან მოისროლა. ცოტა ხანში გარეთ გავიდა და ქვა კიდევ უფრო შორს ყანაში გადაიტანა. მერე მამის ფანჯარას შეხედა, რომელიც თითქოს ანათებდა სიბნელეში. ქვა უკან დააბრუნა და ოთახის კუთხეში დადო. არ ვიცი, რატომ მაწვალებდა ეს ქვა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე კი ვინახავდიო, – წერს სერგო.

და რამდენი ასეთი ქვა გვეცემა თავში ყოველდღიურად? 48. 50. 74, 60… რამდენი ქვა მოწეული რამდენ აღმართში, სინანულის ქვები, გულგრილობის, გაშვებული შესაძლებლობების, შეცდომებისა და დაგვიანების. სტატისტიკა ყოველ დილას მოდის ჩვენთან. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ უკვე გადათვალა დახოცილები. შეკრიბა მონაცემები და ცხრილში გარდაცვლილების გრაფის გასწვრივ გამოიყვანა ციფრები. ხელისუფლების როლიც ამით ამოიწურება.

სწორად ითვლის მაინც? აქამდე სწორად რა გაუკეთებია? ვაქცინა შემოიტანა დროზე? ჯანდაცვის სისტემა მოამზადა? საჭირო რეგულაციების დასაცავად გააკეთა რამე? პირადი მაგალითი მისცა მოსახლეობას (გავიხსენოთ სერობა კომენდანტის საათის დროს დეპუტატ ანტონთან ან პრემიერის ქეიფი ოლიმპიელებთან და ა.შ)? თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ხელისუფლება არც გვყავს. არცერთი შტო. სახელმწიფოს მართავს კაი პურისა და ბიუჯეტის მჭამელი, კაი დამრტყმელი, ხარბი და უმაქნისი ხალხი, რომელიც ხალხის სახელით კი ლაპარაკობს, მაგრამ ცდილობს, დანაშაული ისევ მას გადააბრალოს.

2.

ქელეხები აკრძალულია.

ჭირის პურიც, რიგიც, სულის ახსნაც, აღაპიც.

მაგრამ ხალხი კანონს არ ეპუება და იატაკქვეშა ქელეხებს მართავს.

ჭირისუფლები ისე მძიმედ მიიზლაზნებიან,

ჩრდილებსაც კი მიახრიგინებენ,

როგორც კუდზე გამობმულ კონსერვის ქილებს.

სპეცრაზმი ჩასაფრებულია, შავნიღბიანები შავოსან,

მგლოვიარე, ლოყებდახოკილ ქალებს და კაცებს

აპატიმრებენ.

ხელკავით, ჩქარი ნაბიჯებით აჰყავთ მაღალ კიბეზე.

ჟურნალისტები ჟივჟივებენ.

ლოქო ქინძმარში, შილა ფლავი და ხაშლამა,

დალუქული პარკებით გააქვთ,

როგორც ნივთმტკიცებები.

ციხე ივსება ჭირისუფლებით.

მიცვალებულისთვის ჯიბეში სია უპოვიათო:

‘პური,

წიწიბურა,

ხახვი,

ზეთი,

მაწონი,

ტუალეტის ქაღალდი,’

ცეცხლის ფასი უკიდიაო ყველაფერს.

იმასაც ამბობენ:

‘სიკვდილი ჰგავსო სავსე აბაზანის დაცლას,

მოგონებები

კი წყლის მორევს ტრაპთან –

ბზრიალი, ტრიალი, ბუყბუყი,

უკანასკნელი წვეთები,

და სიცარიელე.

სულ ეს იყო?

ღირდა კი ამად?’

უფრო ხშირად ისმის უადგილო,

გაუგებარი დიალოგი:

‘ორნი არიან.

დიდები,

მაგრამ პატარებიც არიან ხანდახან.

ესენი საღამოს და

დილით სხვა მოდის.

გალობს.

შოშიაა.

თუ შოშიამ არ იცის გალობა?

შოშიას კი ჰგავს.

შავია.

ისე ლამაზად ჟღურტულებს,

მაგრამ შეიძლება არც არის შოშია.

ოქროსფერი ნისკარტი აქვს.

დარწმუნებული არ ვარ.

თავიდან ერთი იწყებს

და მერე აჰყვებიან სხვებიც.

ოღონდ მარტო ეს ჩანს.

სხვები არ ჩანან.’

როცა ყველას ძინავს,

ერთი მაინც არის,

ვინც ფხიზლობს,

ვინც შფოთავს,

ვინც ხვდება დაისს

ღია თვალებით.

3.

საქორწილო კაბების მაღაზიის შუაგულში დამლაგებელი მოხრილა წელში.  ოთახის კუთხეებიდან შეგროვილ მტვერს ცოცხის საცეცები ავიწროებს და აქანდაზზე ყრის.  დიდი ბუთქუნა, დერმატინის სანდლები აცვია, რომლის ნიტროცელულოზის საფარი დახეთქილა, ბამბა გაწეწილა. ლამის ხელფასის მეოთხედი კი მიათხლიშა. სანდლებზე ქალის ქუსლები მოჩანს, როგორც ამოფუებული, დამსკდარი ცომის გუნდები. თეთრი მეტლახის სარკისებრ ზედაპირზე ირეკლება სამგლოვიარო გულსაბნევზე ახალგაზრდა ბიჭის სახე. გასახდელიდან პატარძალი გამოდის და სარკის წინ ტრიალებს. ბედნიერია.

კაბის კალთებს წამოიკრეფს და სამჯერ დატრიალდება, როგორც კუბო სასტუმრო ოთახში.

და ისევ დილა. 48. 50. 74. ისევ 48. 50. 60… სულ ზევით, ზევით.