ლევან ჯობავა
პოსტი პოსტზე მხვდება. ჯერ ჩემი ძმაკაცის მამა წაიყვანეს, მერე ჩემი უფროსი მეგობარი, კიდევ რამდენიმეს დახვდნენ.
ნინო და დემეტრე ეზოში არიან. ნინოსგან მესიჯს ვიღებ ფოტოთი. რაღაც საეჭვოდ დგანან და ფოტოზე 3 შავებში ჩაცმული ტიპია ჩემს სადარბაზოსთან. ვცნობ. გაგარინის განყოფილების პოლიციელები არიან.
ვიცვამ, ჩავდივარ.
– ერთი წუთი შეგაყოვნებთ.
– გისმენთ.
– სახელი, გვარი?
მალე პატრული მოდის:
– გთხოვთ დაბრძანდეთ.
– ნინო, მიშას დაურეკე, ადვოკატს. არ ინერვიულო.
უკან ვჯდები. შუშებიანში მივდივართ. სიჩუმეა. კვირა, ცარიელი მოძრაობა ქალაქში და “ცხელი ძაღლის” საუნდტრეკი პატრულის მანქანაში. მეღიმება.
შუშებიანში ნივთები ჩამომართვეს, დალუქეს, ოქმი შეავსეს. სასამართლოში მივდივართ.
ისევ სიჩუმე.
საქალაქოს სარდაფი, სადაც იზოლატორებია, გადავსებულია დემონსტრანტებით.
ყველას ერთნაირად – სახლთან დახვდნენ, “იდენტიფიცირების მიზნით” შეაჩერეს და გადმოიყვანეს.
ცოტა სკამი, ბევრი დაკავებული და უფრო მეტი დამკავებელი.
დაკავებულები ხუმრობენ და იცინიან, დამკავებლებს დაღლილი სახეები აქვთ და საათს უყურებენ.
შიგადაშიგ ქალის ხმა აცხადებს გვარებს და დარბაზის ნომრებს.
– ჩუბინიძე, კუპრეიშვილი, ჯობავა!
პატარა დარბაზია.
განსასჯელები, წინ 3 ადვოკატი, მათ მოპირდაპირედ შსს-ს წარმომადგენელი 2 ახალგაზრდა ქალი. დარბაზის ერთ მხარეს ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები, მეორე მხარეს დამკავებელი პატრულები.
ცენტრში მოსამართლე ცეკვავა და მისი მდივანი.
კუპრეიშვილი შშმ პირია. არ ახსოვს მისამართი, დაბადების წელი, ტელეფონის ნომრები. მისი უმწეობა ისეთი შესამჩნევია, რომ დედაჩემის სახეზე პირველად ვამჩნევ ცრემლს. დარბაზიდან უშვებენ და ჩვენც მოგვეშვა. სხვა დღეს ჩაუნიშნეს სასამართლო.
გადაკეტვას მედავებიან 18 ოქტომბერს, 20:37 ზე. ამ დროს ნაფეტვრებში ვიყავი ძმაკაცის შვილის ნათლობის შემდგომ სუფრაზე. იქედან სახლში და სახლიდან უკვე გადაკეტილ რუსთაველზე.
შსს-ს იურისტი ქალები იწყებენ.
– როგორ გამოიყურებოდით აქციაზე?
– მშვენივრად
დარბაზში სიცილია. იურისტ დემურხანაშვილს სახეზე იორნია და ზიზღი ერთიანად ერევა.
– თქვენს ადგილას არ გავიცინებდი – გამოექომაგა კოლეგა კობახიძე.
– ჩემს ადგილას რო აღმოჩნდებით, მერე გადაწყვიტეთ, გაგეცინებათ თუ არა.
არც მოსამართლეს და არც ბრალმდებლებს არ აინტერესებთ ჩემი ალიბი, ფაქტები და ჩემი სიტყვა.
14 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა.
დედაჩემს ვანიშნებ – გაიღიმე და თავი მაღლა.
დარბაზიდან გავყავართ.
ისევ სარდაფი. სასამართლოს უკან ამოვდივართ, დამკავებელი პატრული, რომლის სამუშაო დღეც შუადღის 2 ზე მთავრდებოდა ღამის პირველზე აბარებს ჩემს თავს ახალ პატრულებს.
ახალგაზრდები არიან. ზრდილობიანად მექცევიან. მანქანაში ვსხდებით.
არკვევენ სად გადავყავართ.
-ზაჰესი
სასამართლოდან გამოვდივართ.
ახლობლები ეზოში არიან.
საბუთების მოგვარება – ჯერ დიღმის განყოფილება. ერთი პატრული გადადის, მეორე მანქანაში რჩება. ცოტას ვსაუბრობთ, ჯერ სპორტზე, მერე ისტორიაზე.
ზაჰესში მივდივართ. იქაც ვიცდით. ისევ საუბარი.
– რა მშვიდი დაკავებული ბრძანდებით.
– მადლობა.
ისევ ისტორია.
შევდივართ იზოლატორში, პატრულებს ვემშვიდობებით.
გაფორმება, ნივთების ჩაბარება, თასმების დახსნა, ზუსტად ისეთი ფოტოების გადაღება, ჰოლივუდურ ფილმებში პატიმრებს რო უღებენ, დაფით ხელში, დაფაზე დატანილი სახელი, გვარი დაბადების წელი.
ანაბეჭდების აღება.
– კამერაში ვისთან ერთად ვიქნები?
– აქციიდანაა, კაცია.
– გვარი?
– მარგიანი
– ვაახ, ჩემი ძმაკაცის მამაა.
შევდივარ კამერაში, ლევანს ძინავს, ვაღვიძებ, ვიცინით.
თეთრეულს და ბალიშს მაძლევენ.
1 საათში ოთხკაციანი კამერა ივსება.
მხატვარი (მარგიანი) – 6 დღე
გამომცემელი (ჩუბინიძე) – 14 დღე
დიზაინერი ( გოგიჩაიშვილი) – 6 დღე
ჟურნალისტი (ჯობავა) – 14 დღე
განწყობა ყველას კარგი აქვს, დაკავების ამბები იდენტური, მოტივიც უსაფუძვლო. ყველა ფიქრობს, რა ხდება ამ დროს ოჯახში, რას შვებიან ჩვენები.
რამდენიმე ღერი სიგარეტი დაგვრჩა და გვიან ღამე იძინებს კამერა.
ყველას ღრმად ეძინება.
მერე რუტინა იწყება
გადაბარება 08:45 ზე. გაფრთხილებენ.
09:00 ზე გადაბარებაა.
კამერიდან გამოდიხარ , დეტექტორით გამოწმებენ, ახალი ცვლა ათვალიერებს კამერას. გაბრუნებენ.
საუზმე გადაბარების შემდეგ – ფაფა და ჩაი.
ტელევიზორის ოთახი დღეში ერთი საათი.
ნარდი, ჭადრაკი, დომინო და წიგნებიც ამ ოთახშია.
ერთი თანამშრომელი მუდმივად ოთახშია.
გასეირნება ნახევარი საათი. რკინის ვოლიერი 20/20 ზე , ნახევრად გადახურული. ორ-ორად გავყავართ. რამდენიმე ტრენაჟორი.
გამოცდილი მეგობრების რჩევას ვითვალისწინებ – კითხვა-ვარჯიში.
რუტინა, რომელიც დროს კლავს.
სიგარეტის კოლოფს ვშლი, ასანთის დამწვარი ღერით ვწერ თარიღებს
19 დან 2 ის ჩათვლით – 14 დღე. ფანჯარაზე ვდებ. გარედან კვადრატებიანი გისოსები აქვს. კედელი ჩანს, ზემოთ ადმინისტრაციული შენობა და დიდი ცაცხვის ხე, მწვანე ფოთლებით.
პირველი დღე, პირველი ამანათი, პირველი ჩაძინება, პირველი წაკითხული წიგნი, პირველი შეხვედრა ადვოკატთან, ისტორიები გარე ცხოვრებიდან.
ბადრაგები ჯერ გაკვირდებიან, გსწავლობენ, შენც აკვირდები.
კამერა 6-6 ზე, იზოლირებული ტუალეტით, 2 ორსართულიანი ლოგინით.
უფროსები ქვედა სართულზე, ახალგაზრდები ზედაზე.
ბანაობა 3 დღეში ერთხელ 10 წუთი, საპონს და პირსახოცს თვითონ გაძლევენ.
ზარის უფლება კვირაში ერთხელ 10 წუთი, ოჯახის წევრთან.
დღეები ნელ-ნელა გადის. კამერაში ხან სიცილია, ხან კითხვით ან ძილით გამოწვეული სიჩუმე.
მოპირდაპირე კამერაში, საბა შემოყავთ, ჯაფარიძე, მერე კახა მიაქაია. ერთმანეთს სოლიდარობის მუშტებით ვამხნევებთ.
“გადაიკეტაა” გვაჩვენებს წარწერიან ფურცელს ტელევიზორის ოთახიდან დაბრუნებული საბა.
დღეები გადის. ამანათები, წიგნები, ბევრი სიცილი, ბევრი ვარჯიში.
თავს დამნაშავედ არავინ მიიჩნევს, დანებებას არავინ აპირებს, ყველას სისხლის სამართლით დატყვევებული რეჟიმის პატიმრები ედარდება.
ვეჩვევით, ბადრაგებიც გვეჩვევიან, პატივისცემა ორმხრივია.
გოგიჩა და ლევანი გადიან, ნიკა და გიორგი შემოდიან, ერთი პოლიტიკოსია, მეორე ოპერატორი.
დღეები ერთმანეთს გავს.
გადაბარება,
საუზმე,
ტელევიზორი,
გასეირნება,
სადილი,
ვარჯიში,
კითხვა,
ვარჯიში,
ვახშამი,
კითხვა…
ნინოს ექოსკოპიაზე ვერ მივყვები.
– ჯობა, შენი და იყო მოსული, ეხოზე ყველაფერი კარგადაა, ბავშვი ჯანმრთელია, მამას გავს. ჩურჩულით მეუბნება “კარმუშკიდან” კაცი, რომლის სახელსაც მხოლოდ იმიტომ არ ვწერ, ადამიანობის გამო სისტემამ პრობლემა არ შეუქმნას.
მესამედ და ბოლოჯერ მომდის ცრემლი.
ცაცხვზე მწვანე ფოთლებს ყვითელი ანაცვლებს, თითქოს კრუნჩხვა დაემართაო, ისე აქვს მოკუმული ფოთლები, ქარებიც დაიწყო.
კალენდარზე დღეები აკლდება.
გვიხარია. სისხლის სამართლით დატყვევებული პატიმრების გვრცხვენია.
– კიდე აქ ხართ ?
გვეხუმრება გადაბარებაზე ახალი ცვლა მე და ჩუბინიძეს
– ისე მომეწონა, არ ვაპირებ წასვლას
ვიღიმით.
ტელევიზორის ოთახში საინფორმაციოს ვუყურებთ, ვიგებთ როგორ პოულობენ ქოცები ქოცების სახლში ქართველი ხალხის მილიონებს.
ჩვენი, პატიმრების და ბარდაგების ნაძარცვ ფულს.
კვირას გავდივარ.
შაბათია. 48 საათი დარჩა.
კიტრზე 48 ცალ ასანთის ღერს ვარჭობ და საათში ერთხელ ვაცლი, თავს ვატეხავ და ვინახავ.
მეორედ ვსარგებლობ ზარის უფლებით.
-გამარჯობა ქალბატონო ნინო
-ქმარუკიი
ბედნიერად – მპასუხობს ნინო
-რას იტყვი ხვალ, ასე 16:10 ზე რო დაგითქვა პაემანი, ზაჰესში.
იცინის
დემეტრეს ველაპარაკები
-როდის ჩამოხვალ მამიკო?
-ხვაალ მამიკო.
-უნდა გეჭიდაო!
კალენდარში ბოლო დღე გადავხაზე
2 კვირაში 3 000 აზიდვა გავაკეთე.
სხვებიც ვავარჯიშე.
8 წიგნი წავიკითხე.
– ჩუბინიძე მოემზადე.
შალვა ჩუბინიძე – “სუჭი”
ჩემი კარგი ნაცნობი დაკავებამდე და უკვე ძალიან ახლობელი ადამიანი, “ვზროსლი ძმა” “სროკის ძმაკაცი”.
კამერიდან ყველა გასულს სიმღერით ვაცილებთ. ივერიას “გზა დაგვილოცე”.
ეღიმებათ ბადრაგებს ამ ტრადიციაზე.
ვრჩებით სამნი. მე, შაკო და ზაზა.
შაკო მეცნიერი და მკვლევარია, ზაზა პროექტ მენეჯერი.
შაკოს 1 თვის შვილი ჰყავს და ცოლის დაბადების დღეზე აიყვანეს სახლიდან, სასწაულ ღვინოს აყენებს. შაკოს გარე ცხოვრების პლიუსებთან ერთად, კიდე ორი “შავი ქამარი” აღმოაჩნდა, ძილის და დომინოს დიდოსტატია.
ზაზა წესებს იწუნებს, უკვირს აკრძალვები, რატო არ შეიძლება ამა თუ იმ ნივთის შემოტანა.
– ჯობავა მოემზადე.
– სტარტზე ვდგავარ.
გავყავართ ოთახში.
ნივთებს მიბრუნებენ, ბოტასებში თასმებს ვუყრი.
ცვლის უფროსი და ბადრაგი დგანან, ვსაუბრობთ.
– ბევრი ხალხი გელოდება გარეთ.
მიხარია.
– მადლობა. თქვენი დამოკიდებულება და მიდგომა აქ ყოფნას აადვილებს.
მადლობა წინა ცვლებსაც გადავუხადე.
გავდივართ, ადმინისტრაციული წესით დაკავებულების იზოლატორიდან.
სასეირნო სივრცეშიც ჩვენები არიან. ლაპარაკი არ შეიძლება, ვესალმები.
– ბოლომდე!
მომაყოლა მუმლიკამ, აკრძალვის მიუხედავად.
დიდ შენობას გავდივართ, ეზოში ვართ და გისოსებს მიღმა ხალხი ჩანს, შეძახილები ისმის.
ბოლო პატარა შენობა, დეტექტორი გავიარეთ.
ცვლის უფროსი კარამდე მაცილებს, კარის გაღებამდე მეუბნება:
– აქ აღარ დაგინახო იცოდე. მიღიმის, ხელს მართმევს და თავისუფლებაზე ვარ.
ყველას სათითაოდ ვეხუტები.
ოკმელას ცოლიც აქაა. ამ ხალხის გამო განსაკუთრებით გვერიდება პატიმრის ამპლუა.
ნინო, დედა და ჩემი და ბოლოში დგანან.
დემეტრე სახლში მელოდება.
მოვდივართ, ამბებს ვყვები, ამბებს მიყვებიან.
დემეტრე ეზოში მხვდება, ვეხუტები, მეხუტება.
ზუსტად იქ, სადაც ორი კვირის წინ პატრულის მანქანაში ჩაგვსვეს.
არაფერი შეცვლილა, ბრძოლა გრძელდება მანამ სანამ უკანასკნელი ტყვე არ დატოვებს საპატიმროს.
საღამოს ისევ რუსთაველზე!პუბლ