სადღეისოდ ეს ძალიან კარგი ფეხბურთია. კოვიდამბის დროებაში პირველადაა, რომ სტადიონზე ხალხი მივიდა. მთელ წელიწადს ვუყურებდით ფეხბურთს მაყურებლების გარეშე და თავიდან ბოლომდე, თვით უძლიერესი კლუბების გუნდების მიერ ნათამაშევიც კი საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ ვარჯიშს ჰგავდა.
რბილად რომ ითქვას, ნამდვილი ფეხბურთის საყურებლად საშინელება იყო, თუმცა, ბიჭები ცდილობდნენ. საკლუბო თამაში ერთი რამეა, სანაკრებო – მეორე, რადგან ნაკრებებში ქვეყნის საუკეთესონი თამაშობენ და სანაკრებო ფეხბურთმა დღემდე მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა ისეთი რამეები, რაც საკლუბოში სამუდამოდ დაკარგულია.
ამას ახლა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიც გვიჩვენებს, რომელიც არა ერთ, ან ორ ქვეყანაში ტარდება, არამედ ისე, როგორც ოდესღაც, კონტინენტის საუცხოო ქალაქებში და ამიტომ, ერთ ქვეყანაში, ერთი თვის განმავლობაში გაყიდული ლუდის და სნექების, ასევე, დაჯავშნული სასტუმროს ნომრების ოდენობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ფეხბურთთან სამასპინძლო მომგებიანობა დაგვეკავშირებინა. სად ამდენი თამაშიდან შემოსული მილიონები და სად ერთი თამაშიდან. აგე, თურქეთმა ბაქოში ითამაშა. ერთია და მორჩა.
მაგრამ, ევროპის ჩემპიონატის მხარდამხარ, დიდ წყალს იქეთ, უმაყურებლოდ მიმდინარეობს კოპა ამერიკა და მინდორზე კია ვნება, მაგრამ პირობით ხაზებს იქით, სიჩუმე. მაგარი თამაშებია, თან სამხრეთი ამერიკაა, რომელიც უკვე თითქმის სამოცდაათი წელიწადია კვებავს და შველის ევროპულ საკლუბო ფეხბურთს, რომ ის ვარსკვლავური იყოს, მაგრამ ახლანდელი კოპა ამერიკა ჯერჯერობით აგებს ახლანდელ ევროპის ჩემპიონატთან. უპირველესად, იმის გამო, რომ იქ მაყურებლები ჯერ არ გამოჩენილან და თამაშები ცარიელი სკამების წინაშე ტარდება.
სადღეისოდ ეს ძალიან კარგი ფეხბურთია-მეთქი, თავში რომ მოგახსენეთ, სწორედ იმას ვგულისხმობდი, რომ ტერასებზე მაყურებლები გამოჩნდნენ. შემოუშვეს, უფრო სწორად, სად – როგორ: ყველა ქვეყანას თავისი წესები აქვს. ერთგან სავსეა, მეორეგან, ალაგ-ალაგ. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ტერასებზე მდგომი ხალხი ფეხბურთელებს ძალიან ეხმარება იმაში, რომ ფეხბურთი განცდებით სავსე თამაშად დარჩეს.
საყოველთაო განცდა ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ფეხბურთელები ყველაზე უკეთ გრძნობენ და სპორტული მომენტები რომ არც კი ვახსენოთ, ამ ევროპის ჩემპიონატით ფეხბურთს არსი დაუბრუნდა.
ფეხბურთის არსი კი, ბევრ ხალხშია. ფეხბურთი იშვა და ჩამოყალიბდა, როგორც სოციალური ფენომენი. ფეხბურთში სიღარიბემ დაამარცხა ლორდები, რომლებიც გასართობად თამაშობდნენ. მასში იყო რაღაც, რაც მხოლოდ გართობას და ღირსების ძველ ფორმებს არ გულისხმობდა, არამედ პარასკევს მოგებული თამაშის შემდეგ ორიოდე შილინგის მოგებას, რაც უქმეებზე, ოჯახის ხორცით გამოკვებას გულისხმობდა.
სხვა სპორტებისგან განსხვავებით, ფეხბურთმა თავიდანვე იპოვა მობურთალობა, როგორც ხელობა. პროფესიონალიო, რომ ვიტყვით, სწორედ ფეხბურთია უძველესი პროფესიული სპორტი, რომელიც მის ძველ მოთამაშეთა წყალობით შეიქმნა. მგონი, წლევანდელი კოვიდ-სეზონის ულამაზესი საკლუბო სურათი ძველი უეფას თასის ვილიარეალის მიერ მოგების ამსახველი კადრები იყო, რაც ევროპის ჩემპიონატის საუცხოო შესავალი გამოდგა: როგორც ფეხბურთის, ვითარცა სიხარულის დაბრუნება.
დღევანდელი ფეხბურთი უკიდურესად კომერციული თამაშია. ევროპის მოწინავე ქვეყნების პირველი ორი, ზოგან სამი ლიგის მოთამაშენი თინეიჯერობის ასაკიდან მალევე მილიონერები ხდებიან. ამიტომაც, ყველა „ღარიბი“ უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპის საკლუბო ფეხბურთისთვის. მაგრამ სრულიად სხვაა სანაკრებო ფეხბურთი: ერთი რომ, იქ მართლა ქვეყნების საუკეთესონი იყრიან თავს და მეორეც ის, რომ ბოლო ოთხმოცდაათ წელიწადს ფეხბურთს ყოველთვის უწევდა პოლიტიკასთან ურთიერთობა.
ყველა ამბავში, მაყურებელი ტრიბუნაზე და არა ტელეფონსა და ტელევიზორში, ფეხბურთის ძველი, სამუდამო ბედნიერებაა, რომელიც მის უპირველესობას განაპირობებს სპორტთა შორის. სანაკრებო ფეხბურთი კი ხომ, საერთოდ. ინჯოი!-სთან ჯერ პენალტობია არ დაწყებულა.