კი, რაღაც ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის:
ხომ იცოდა გაფრინდაშვილმა, რომ დააპატიმრებდნენ, რაღას გადადიოდა ,,იმ მხარეს’’?
ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა?
ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა?
ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ მოკლავდნენ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში?
ხომ იცოდა მიხელ ჯავახიშვილმა, რომ აწამებდნენ და დახვრეტდნენ?
და ილია ჭავჭავაძემ ხომ იცოდა, გულში ტყვიის დახლა რომ არის სამშობლოს გულით სიყვარულის ბოლო?
დიმიტრი ყიფიანმაც ხომ იცოდა?
თევდორე მღვდელმა?
ხომ იცოდა შუშანიკმა საპყრობილეში რომ ამოალპობდნენ?
ან ამ აბოს რაღა რჯიდა?
იცოდნენ, იცოდნენ და რომ იცოდნენ, იმიტომ ზიხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით, მაგრამ მაინც რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა?
და მე გპასუხობთ – იცოდა!
დააწკაპუნეთ, მოიწონეთ და გააზიარეთ გამოცემა პუბლიკას ფეისბუქგვერდი