საქართველოში დღეს საკუთარი თავის მოწონება ბევრი გვაქვს. მაგრამ სიტუაცია უაღრესად სარისკოა და აჯობებს ეს გავაცნობიეროთ, რომ უბედურება თავიდან ავიცილოთ.
შექმნილმა ვითარებამ ლაკმუსივით გამოავლინა საბჭოთა დროიდან გამოყოლილი პრობლემები. მაგალითად, გამოვლინდა, რომ ეკლესია კანონგარეშეა. საბჭოთა დროს კანონიერი ქურდების ინსტიტუტი იყო კანონგარეშე და ვიცით, რაც არის ეს – სახელმწიფოში კანონგარეშე ინსტიტუტის მოქმედება. ავთვისებიანი პროცესია.
მეორე პრობლემა – მცოცავი ოკუპაცია, რომელსაც უკვე წლებია, რაც ქვეყნის შიგნით ატეხილი მცირედი ვაი-ვიშით ვერ ვუმკლავდებით და საბოლოოდ გამოდის, რომ თვალებს ვუხუჭავთ, რის გამოც მტრისა და მოყვრის ორიენტირები აღრეული გვაქვს.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც უკანასკნელ წლებში წამლავს ჩვენს საზოგადოებას – არის ფაშისტური კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებსაც დემოკრატიული პროცესების ჩასახშობად იყენებენ ძალაუფლების მქონე პოლიტიკური ძალები. ასევე, ტოქსიკური პროცესები, რომლებსაც იყენებენ ხოლმე წინასაარჩევნოდ ან არჩევნების შემდეგ ძალაუფლების განსამტკიცებლად – მაგალითად, პოლიტიკური ოპონენტების კარიკატურები წინასაარჩევნო პროგრამის ნაცვლად; ციხის სექსუალური წამების კადრების ჩვენება საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის. გუშინდელი ბიბლიოთეკის დაწვა და ამ ვანდალიზმზე ვიდეოს გავრცელება ამ კატეგორიის მოვლენას ჰგავს.
კიდევ ერთი ავთვისებიანი პრობლემა – ძალოვანთა თუ მათთან დაახლოებული პირების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ჩადენილი ძალადობის დაუსჯელობა. ვიცით უამრავი მაგალითი: 20 ივნისს დასახიჩრებული ადამიანების უგულებელყოფა, სარალიძე, მაჩალიკაშვილი, გირგვლიანი, რობაქიძე, რომელი ერთი. 90-იანები ხომ დაუსჯელობის ზეიმი იყო. და საბჭოთა პერიოდი კი – ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოქალაქეების პერმანენტული ტერორი. ანუ, ამის ხანგრძლივი ტრადიცია გვაქვს და არცერთმა ხელისუფლებამ არ გადასინჯა ეს ავთვისებიანი პრაქტიკა. გუშინ ქალი მოუკლავთ საკუთარ სახლში. ალბათ, ისევ ჩაიფარცხება.
დღეს ეს ყველაფერი განსაკუთრებით საშიშ სახეს იღებს, იმიტომ, რომ სოციალური თუ ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებების გამო, მოქალაქეების თავისუფლებები მნიშვნელოვანწილად შეზღუდულია. ისინი, ვინც ამ შეზღუდვებს აკონტროლებს – სიმბოლური მეციხოვნეების როლში არიან. ამას არ ვწერ კრიტიკად, უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციაა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, არსებული ხელისუფლება გადაიქცა ერთგვარ „ციხის ადმინისტრაციად”, ხოლო მოსახლეობა – სიმბოლურ ტუსაღებად, რომელიც „ბრმა ტყვიისთვის” ადვილ სამიზნედ იქცა.
და რადგან სიტუაცია სიმბოლური ციხის სიტუაციას სულ მეტად და მეტად ემსგავსება, აქ უნდა გავიხსენოთ ზიმბარდოს ექსპერიემნტი: სტუდენტებმა, რომლებიც სხვა სტუდენტთა მეციხოვნეების როლში შევიდნენ, უხეშად დაიწყეს მათი უფლებების დარღვევა. და არა იმიტომ, რომ ცუდები იყვნენ, უბრალოდ იმიტომ რომ მეციხოვნის როლი განაპირობებდა ამგვარ არაჯანსაღ ქცევას.
ამიტომ, საგანგაშო მდგომარეობაა. გუშინდელმა ხანძარმა და „ბრმა ტყვიამ”, ეკლესიის ქცევის კურსმა უკანასკნელი თვის მანძილზე და კანონის უზენაესობის პრინციპის შერყვნამ – ეს ყველაფერი გამოამჟღავნა.