ტექსტის ორიგინალი 2018 წელს დაიბეჭდა წიგნში „14GB”, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მწერლებისა და არტისტების ნამუშევრებმა მოიყარა თავი და ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა.
00. 2032
„სოფელი „განთიადის” კოსმოსური კვლევების ცენტრში გამალებული მზადებაა. რამდენიმე საათში აფხაზურ–ქართული კონფედერაციის კოსმონავტები დატოვებენ მიწას და შეუერთდებიან დედამიწის სხვა შვილებს მთვარის ბაზების რეკონსტრუქციაში. ჰოლოგრამული ქალთევზები უქნევენ ხელს ზღვის სიღრმიდან ნაპირზე შეგროვილ ტურისტებს აგვისტოს საღამოების ფიესტაში. სოხუმის მერი, აფხაზეთის პრეფექტთან ერთად, საზეიმოდ ჭრიან ლენტას, ცაში უშვებენ ვეშაპის ფორმის დირიჟაბლს. „ჩემი თითები სუბტროპიკებია” – აკომენტირებს სოხუმის მერი.
ცოტა ხნის წინ რკინიგზის სადგურზე შემოვიდა გაგრის რობოტომშენებელ ქარხნებში დამზადებული რობოტების პარტია, ზესტაფონში გამოშვებული ელექტრონული ტვინის მოდელებით. ტურისტების ნაკადები მდინარეებივით მიუყვებიან ქალაქის ტექნოლოგიებით დაპროექტებულ ქუჩებს. ფეიერვერკები იმეორებენ თანავარსკვლავედების ფორმას ღამის ცაზე, ხოლო ღამენათევი სტუდენტები ვერ წყდებიან ხელოვნური ინტელექტის კოდებს მათი კამპუსების კიბერნეტიკულ ლაბორატორიებში.
არავის ახსოვს ომი, ბალახით დაფარული კორპუსები. დრაკონების ძეგლები პარკებში – აფრქვევენ მთებიდან წამოსულ მდინარეებს, ზოგი მათგანი კი მჟავას, კეთილი თრიფებისთვის. აქ ყველაფერი დეკრიმინალიზებულია და ყველა ბედნიერი. სიხარულისა და თავისუფლების ფიესტა, 24/7-ზე – აი რა ხდება აფხაზეთში, რომელსაც უკვე „ევრაზიის კალიფორნიასაც” კი ეძახიან” – წერს ჟურნალი „New York Times”, 2032 წლის აგვისტოს გამოცემა.
01.Big Bang
თანამედროვე კოსმოლოგების ნაწილი ამტკიცებს, რომ სამყარო „დიდი აფეთქების” შედეგად შეიქმნა, გაფართოვდა და დღემდე ამ აფეთქების ექო ირეკლება სხვადასხვა სიხშირის ტალღებში.
თუ ჩავთვლით, რომ თითოეული ადამიანიც მიკროსამყაროა – ჩემი სამყაროც ზუსტად ასე – დიდი აფეთქებით დაიწყო. ეს აფეთქება მეზობელ კორპუსზე დაცემული ბომბი იყო. ალბათ უკეთეს საჩუქარს ვერ გაუკეთებ ბავშვს, რომელსაც უყვარს თამაშები, ფანტასტიკის ჟანრის ფილმები, ტერმინატორი 2 – ცეცხლმოკიდებული კორპუსი და ტყვიის მიერ წამის მეასედებში დატოვებული კვალი ღამის ცაზე, როგორც ჩამოვარდნილი ვარსკვლავები, როცა უნდა მოასწრო სურვილის ჩაფიქრება – შიშის და პანიკის მიუხედავად, რომელიც მას მოჰყვება – შენთვის რეალობად გადაქცეული თამაშია. ნამდვილი თამაში, ის, რაზეც ვიდეოთამაშების დეველოპერები ჩუმჩუმად ოცნებობენ – თამაში, სადაც თუ დაიღუპე, მართლა იღუპები.
იცხაკ ლურიას კაბალაში სამყარო კატასტროფის შედეგად იქმნება. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული სამყაროს აღწერაა, რაც კი რომელიმე რელიგიას შეუქმნია. ღმერთის შეცდომის გამო ღვთაებრივი ლარნაკები ტყდება და მისი სინათლის ნაწილაკები უდაბურ სიბნელეში იკარგებიან. სწორედ აქ, ტერიტორიაზე რომელიც „ღმერთმა მიატოვა” ჩნდება ჩვენი სამყარო ლურიას მიხედვით. ადვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლურია მეგრული ან აფხაზური გვარია და კატასტროფა, რომელზეც ის საუბრობდა ჩვენი კატასტროფაა.
არსებობს მოსაზრება, რომ არა მხოლოდ წარსული მოქმედებს მომავალზე, არამედ მომავლის კადრებიც ილექებიან წარსულში. ამიტომ, როცა კითხულობ ძველბერძენი სტრაბონის აღწერას სოხუმზე, სადაც წერია: „დიოსკურია წარმოადგენს კასპიისა და პონტოს ზღვებს შორის ყელის დასაწყისს და ხალხთა საერთო სავაჭრო ცენტრს, რომლებიც მას ზევით და ახლოს ცხოვრობენ; აქ იკრიბება 70 ეროვნების ადამიანი.
ახალი ერის დასაწყისში მოხდა რაღაც კატასტროფა, რამაც გამოიწვია ძველბერძნული დასახლების განადგურება”. – შენ იცი, რა კატასტროფაც მოხდა. შენ ამ კატასტროფის განუყოფელი ნაწილი ხარ, შეიძლება ითქვას მისი ათასი სახიდან ერთ-ერთი, და ამას ვერასოდეს შეცვლი – სანამ არსებობ საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის, შენ იქნები შეხსენება იმაზე, რომ ცოტა ხნის წინ კატასტროფას ჰქონდა ადგილი. ესაა დევნილების მთავარი მისია, შეიძლება ითქვას მთავარი წყევლაც. ამიტომაც არ უყვართ დევნილები – ისინი ცოცხალი შეხსენებაა ამ კატასტროფის, როგორც ცუდი სიზმარი, რომელიც დილიდან აგყვება და ვერ იშორებ მის გემოს.
სოციალური პარფიურმერიისა და კოსმეტიკის წიაღში, როცა ყველაფერი მოგვარებული და სამყარო დალაგებული ჩანს – უცებ ჩნდება უმაკიაჟო სახე, მძაფრი სუნი, რადიოში ჩნდება ხმაური, რომელსაც ვერ აბალანსებენ ხმის ჩამწერი სტუდიები და საუნდინჟინრები. ციფრულ სიმშვიდეში ნამდვილი სისხლი იღვრება, ნამდვილი სისხლი კი ყოველთვის ისეთი სასიამოვნო არაა, როგორც მისი ციფრულად დამუშავებული ანალოგები.
სახელმწიფოებს დევნილები არ უყვარს, იმიტომ, რომ ისინი – გადაუწყვეტელი Error-ია, სისტემური პრობლემაა, რომელმაც უეცრად ადამიანების სახე და ფორმა მიიღო. შესაბამისად, ეს ადამიანები არ არიან ადამიანები. მათ არ აქვთ სული, ისინი სხეულშეძენილლი სახელმწიფო პრობლემები და სპამები არიან. სპამი კი აუცილებლად უნდა წაიშალოს, სანამ გადაავსებს მეილს, დააზიანებს საინსტალაციო კოდს, რომელზეც გაშვებულია შენი კულტურის პროგრამა. სხვებს დევნილები არ უყვართ, იმიტომ, რომ ისინი მუდმივი შეხსენებაა იმის, რომ არავითარი „ადამიანური პროგრესი” არ არსებობს, ომი ამის მუდმივი დადასტურებაა და მათთვის, ვინც პროგრესს ეალერსება – ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. სხვებს დევნილები არ უყვართ, იმიტომ, რომ ისინი „უშნოები”, „დაუბანელები”,„სუნიანები” და „გაუნათლებლები” არიან. ამ ვერსიის მხარდამჭერები თვლიან, რომ ბევრი მათგანი ადვილად წავა ქურდობაზე ლუკმა–პურის საშოვნელად და ხშირად ეს სიმართლესთან ახლოც არის – არავინ იცის, რაზე წავა ესა თუ ის ადამიანი, როცა ყველაფერს დაკარგავს.
მოკლედ არავის უყვარს დევნილები, კეთილი ადამიანებისა და ენჯეოების გარდა. მაგრამ თუ დავეყრდნობით სტატისტიკას იმაზე, რომ სამყაროში კეთილი ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად ექსპონენციალურად კლებულობს, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში დევნილები, ენჯეოების გარდა, არავის ეყვარება. ენჯეო სიყვარული კი ენჯეოსავით სტერილური და ადვილად პროგნოზირებადია.
02. რომელი ომის შვილი ხარ?
ჩვენი თაობა ჰიბრიდების თაობაა. ნახევრად კომიკური, ნახევრად მელანქოლიური ბიორობოტების. თითქოს რომელიმე მსხვილმა კორპორაციამ შემთხვევით დაბრაკული software-ის უდიდესი პარტია გამოსცა და ეს პარტია ხმარებაში ჩაეშვა, ისე, რომ მისი „შეკეთება”, გასწორება ვერ მოხერხდა. კითხვაზე: რა უბნელი ხარ, ბრატ? – ყოველთვის ვპასუხობდი – სოხუმელი. სახლის არქონის და მარადიულ დევნილად გადაქცევის გამო, ჩვენ მივხვდით, რომ მთელი დედამიწაა ჩვენი სახლი, მაგრამ საიდენტიფიკაციო კოდად მაინც იმ ქალაქს ვასახელებთ, სადაც ბავშვობის მერე არასოდეს ვყოფილვართ. ეს ჩვენი ვირტუალური IP address-ია.
იტალო კალვინოს წიგნში „უხილავი ქალაქები”, ყუბილაი ყაენი მოითხოვს მარკო პოლოსგან მოუყვეს მას ქალაქების შესახებ, რომლებიც მის სახელმწიფოში შედიან, მაგრამ მას ისინი არასოდეს უნახავს თვალით და პოლო ჰყვება საოცარ, დაუჯერებელ ქალაქებზე, ქალაქებზე რომლებიც დაბინდებისას იკეცება, როგორც საბაზრო დახლები და გამთენიისას ისევ ეწყობა; ქალაქები, სადაც დრო უკუღმა მიდის; ქალაქებზე, რომლებიც ააშენეს მიცვალებულებმა და ქალაქებზე, რომლებიც ციმციმებენ ციცინათელებივით სადღაც შორს, მაგრამ მათ ვერასოდეს უახლოვდები, როგორც ჰორიზონტს. ყოველთვის ხედავ, მაგრამ რამდენი მეტრიც არ უნდა იარო მისი მიმართულებით, იმდენი მეტრით გშორდება. და ყუბილაი ყაენს რჩება არჩევანი – დაუჯეროს მარკოს, რომ ეს ქალაქები, რომლებიც მის იმპერიას ეკუთვნის – მართლა არსებობენ, ან არ დაიჯეროს.
ასე არის ჩემთვის სოხუმიც. ბევრსახიანი და ბერვნაირი ქალაქი, რომლის, არავინ იცის რატომ, მაგრამ ერთგულები დავრჩით. ჩემი ქალაქი სინამდვილეში – ვირტუალური ქალაქების ნაკრებია. სადღაც დროსა და სივრცეში, ჩვენს ტვინებში წარმოსახული ქუჩები და არომატები. და ის, რაც ჩვენ გვენატრება და გვიყვარს, თითქოს კვანტურ სუპერპოზიციაშია: თან არსებობს და თან არა.
მე არ მახსოვს ის ლეგენდარული პლაჟები და სუბტროპიკები, მე მახსოვს ის, რაც იყო მას შემდეგ, რაც ედემის ბაღი დაიბომბა – კოცნაობები პატარა გოგოებთან ნანგრევებში, ცივი სახლები და აფეთქების ექო.
ჩემი სამშობლო სადღაც ამ ტერიტორიებზეა.
03. ედემის გეტოებიდან
ა] კომეტასავით ჩამოვარდა ზამთრის ცა.. ქალაქისხელა და ქუჩებს შორის ეხლა ცაა.
თოვლი ისეთი თეთრია, რომ ხელს მიშლის ფიქრში.
ანტენები კორპუსის თავზე საკმაოდ სუსტია, რომ გარესამყაროს სიგნალები მიიღოს და არაფერი ადასტურებს იმას, რომ ამ პატარა საპორტო ქალაქის იქეთ არის სხვა სამყარო.
ეს შეგრძნება ძალიან ჰგავს იმ შეგრძნებას, როცა პირველად კარგავ ღმერთს.
თუ ღმერთი არ არსებობს არავინ არ გითვალთვალებს, რას აკეთებ, რას ფიქრობ.
– შესაბამისად, თუ გარესამყაროც არ არის – არავინ განგსჯის, თუ ერთ ღამეს დაუვლი და ნახევარ ქალაქს ძილში ტყვიებს დააცლი ან საწოლში სიზმრიდან სიზმარში ტრანზიციის დროს დააწვები ბალიშებით ან ურტყამ დანას.
და ღამით ქუჩაში გამოსულს არავინ გყავს მომკითხავი, მხოლოდ შორი ვარსკვლავები ანათებენ თოვლს, სისხლს თოვლზე და დანის ზედაპირზე ასხლეტილ შუქს. (ირეკლებიან).
ვარსკვლავები ყოველთვის ყველაფრის მოწმეები არიან, მაგრამ ვარსკვლავებს ვერ გამოიძახებ სასამართლოში მოწმედ.
მარტო შენ და ქალაქი ქარბუქში.
თითქოს ეხლა, რომ ადგე და იარო ქალაქის ბოლომდე, მიადგები ადგილს, სადაც შენობები, გზები და ჰორიზონტი ქრება და იწყება შავი სიცარიელე – ადგილი, საიდანაც ყველაფერი ამოვიდა.
ბ]ახლად დამტავრებული ომის სურნელს ჰგავს – როცა წვიმს გაზაფხულზე და ასფალტი და ყვავილები გიბრუებენ ტვინს. ახლადჩამქვრალი ჰოლოგრამის სურნელს. და ცაც და მიწაც თავისუფალია – არ არსებობს პოლიცია, არ არსებობს კონტროლი. აკეთე, რაც გინდა.
ხართ მხოლოდ შენ და შენი გადაწყვეტილებები,
მარტო შენ და შენი სისხლი.
შენ და ზამთრის გრძელი ღამეები.
ეს ჯართი მძიმეა. მიშკა ამბობს, რომ უნდა შევისვენოთ. 4-ნი ვართ, მაგრამ მაინც ვერ ვერევით. იქვე ქუჩის გადაღმა უკანასკნელი ზვიადისტები მოძრაობენ თვალებში გაურკვევლობით, ვენებში მორფით, ხელში კონკრეტული კალაშებით – ლიდერის გარეშე, ღრმად სუნთქავენ თითქოს უკანასკნელ იმედებს იგროვებენ ფილტვებში. როგორც ნათქვამია, იმედი ბოლოს კვდება, მაგრამ მაინც კვდება.
ფეხსაცმელი უფრო ნაჭრების გროვას ჰგავს, ალაგ–ალაგ ძაფებით და წებოებით გადაკრულს ერთმანეთზე.
– ჩინურია და ეგრევე ტყდება. ვაბშე ჩინური ვერაფერი ვერ უძლებს – რაღაცაზე ამბობს მიშკა.
ჩინეთი ჩემთვის ნაცნობი თემაა. ორი კვირის წინ ვნახე პირველი ჩინელი, ფოტოებს გვიღებდა და მაგიტომ კორპუსის ბიჭებმა ისე ცემეს, რომ ცალი თვალი დიდ ვარდს უგავდა. ასე თქვეს უცხოელები ჩამოდიან ფოტოების გადასაღებად და მერე ბავშვებს იპარავენ. ნეტავ სად მიყავთ, ჩინეთში?
ხრეშში გილზა ვიპოვე, მიშკას ბრატი ჩხუბს მიწყებს – ორივენი კოლექციას ვაგროვებთ ტყვიების და მასაც უნდა იგივე გილზა. მამამისი მეთევზეა. დღეს არავინ ვიცით, რომ ერთ თვეში ზღვაში დაიკარგებიან ის და მისი გემი, მამაჩემი – მაქციაა. ღამე ეღვიძება, თავი ისევ ომში ჰგონია, ჩვენ – მტრები. დროზე უნდა დაიმალო. მერე ექვსი კაცი აკავებს, სანამ აზრზე მოვა. მერე ტირის. კაცები ამბობენ, მეომრებს ასე სჭირთო ომის მერე.
დედა ამბობს, ყველაზე მძიმე ლომკების დროსაც არ იყო ასეთი საშინელიო.
მიშკა დროზე ერევა ჩხუბში და გილზა მე მრჩება – მაქციის შვილს, თუმცა გილზის ფასი სახეზე დარჩენილი ნაკაწრია ამ გიორგისგან, მეთევზის შვილისგან.
– გოგოსავით ჩხუბობ – ვეუბნები და ჩხუბი ისევ იწყება. შორს თოვლის ნარჩენებში ჩადის მზე. ავტომატის გასროლის ექო და ზამთრის ცა წითელია ამ ნაკაწრივით.
გილზა ჩემია. მე-15 იქნება კოლექციაში.
მე მინდა გილზებისგან ყელსაბამი გავიკეთო, მაგრამ თამუნა მეუბნება, რომ ყელსაბამი გოგოებს უკეთიათ და დამცინის. მე კიდე ვერ ვუტყდები ვერც მას ვერც ჩემს თავს, რომ მომწონს, როგორც გოგოებს უკეთიათ ყელსაბამები და კაბები და ვუბრაზდები.
ჯართიდან მიღებული ფულით ლიმონათებს ვყიდულობთ. ორი ყუთია ჩასაბარებელი მეზობელი კორპუსის ბიჭებისთვის, წინა კვირას წაგებული ფეხბურთის თავანი.
ლიმონათებს პაპალამ გვიყოფენ – თავანი უნდა გაიყოს, ასეთი წესია. ეს მცირე რიტუალი თითქოს ყველას გვაახლოებს ქურდულ სამყაროსთან და თვითშეფასებას გვიმაღლებს.
სახლში მე და გიორგის გვიწევს საერთო გზით წამოსვლა, ნაჩხუბრებს.
– რამდენი გაქვს? – ვეკითხები
– ერთი დამრჩა ზუსტად ასეთი.
ძალიან დიდ ძალას ვატან თავს, მაგრამ ვჩუქნი.
გზაში დედამისი გვხვდება. დედამისი ჭაჭას ყიდის ჯიხურში, რომელსაც ბევრი ნახვრეტი აქვს და დღისით, როცა მზეა – შიგნით ლამაზად შემოდის სინათლე. ტურბოს კევებს გვაძლევს.
სადარბაზოს მაგიდასთან ნაკლეიკებით ვთამაშობთ: ჰაერში ვწევთ მაზდას და ალფა რომეოს.
Made in china. აწერია აქაც და გემო მალე გასდის კევს. ვეჯიბრებით, ვინ უფრო შორს გადააფურთხებს.
სახლში დედის ტირილი მესმის, ჩხუბობენ, როცა შევდივარ, ვხედავ, დედა ლარნაკს ამტვრევს. მამა მიდის, დედა საწოლში ეცემა ტირილით, მე დედას ვუწვები.
საპნის სუნი, რომლითაც ბანაობს ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს კანს. ხარბად ვსუნთქავ და ნელა, მაგრამ ყველაზე ღრმა ძილით მეძინება მის კისერში თავჩარგულს. ისევ ავტომატის ჯერი მზის მიმართულებით, მზე მიდის მამასთან ერთად და ბნელდება. სანთლის ანთების დროა, მაგრამ არავინ დგება საწოლიდან. ხანდახან სიბნელეში ჯობია.
დედამ ძილის წინ თქვა, რომ გატეხილია. მეც გატეხილად ვგრძნობ თავს, ძაან მძიმე რადიატორი იყო. მამაც გატეხილია? – ვეკითხები.
– კი გატეხილია, შენ არ ინერვიულო მალე მოვა – მეუბნება და მკოცნის შუბლზე.
მე საერთოდ არ მინდა, რომ მოვიდეს. საერთოდ არ მინდა, რომ გათენდეს. აქ კარგად ვარ, აქ მინდა ჩამეძინოს ათასი წლით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ ჩვენ არ ვართ ჩინეთში დამზადებულები და ასე ადვილად არ ვტყდები.
გ] მიშკამ სკლადი იპოვა, ბიბლიოთეკის გვერდით, კარები ჩარაზულია, მაგრამ ზევით 2 მეტრის სიმაღლეზე პატარა ფანჯარაა, სადაც მხოლოდ ჩვენხელა ბავშვები თუ გაეტევიან.
– წამოდით სასწაულები უნდა განახოთ, – მორბის მიშკა.
მივდივართ.
სკლადში აირწინაღებია. სამხედრო ტანსაცმლები. ვეძებთ ბომბებს და იარაღებს.
მე ლიმონკა მინდა – ჩემი ოცნებაა, ლიმონკების სროლა, როგორც რემბო აკეთებს ფილმში.
პროწივაიაძიე – ასეთი ტაბლეტებია საბჭოთა ჯიბის აპტეჩკაში, ბირთვული ალერგიისგან თავდასაცავად.
– ეს მაგრად აკაიფებს იძახის რამაზი, ბიძაჩემი ყლაპავს.
სამ–სამ ცალს ვყლაპავთ.
ვიზმანებით სამხედრო ფორმებში, მაგრამ ფორმები დიდია და გვეცინება.
– ამას დედაჩემს გადავაკერინებ, – იზომავს რამაზი.
აირწინაღს ვიკეთებ და საკუთარი სუნთქვა ოფლად ეკვრება მინას. ძლივს ვარჩევ სამყაროს გარეთ. სხვა პლანეტაზე ვარ, გაურკვეველი მისიით, მაგრამ დაუოკებელი შემართებით.
მიშკა ყვირის, რომ ბომბი იპოვა, ჯიბიდან ვზრივპაკეტები ამოაქვს. მე მიხსნის, ცოტაც და გავითიშები, ვგრძნობ როგორ მეგრიხება ხელის თითები, როგორც იესოს აქვს დაგრეხილი ბებოს ხატებზე.
– მიშკა, мы где? – ვეკითხები აირწინაღიდან, დაცემისთვის გამზადებული. და ჩემი ხმა იწელება გაფუჭებული მაგნიტოფონის კასეტასავით.
– стоять смирно солдат! – ყვირის მიშკა – мы на войне.
Fade Out.
***
სიცოცხლეს სულ სხვანაირი პრიხოდი აქვს. მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე მოკვდები და სულ სხვანაირი გემო, მას შემდეგ, რაც იბრძოლებ მის შესანარჩუნებლად. ეხლა შენ უკვე იცი, რომ შენ არ გაგაჩინა ბრმა შემთხვევითობამ, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ გულაობს სამყაროში, არც შემთხვევით გამარჯვებულმა გენეტიკურმა მატერიალმა – თუნდაც დეფექტიანი, თუნდაც ხარვეზებიანი – შენ საკუთარმა თავმა გშვა, როგორც ბარონმა მიუნჰაუზენმა ამოიყვანა წყლიდან საკუთარი თავი, როცა ხელებით თავის თმას ჩაეჭიდა, სწორედ ასე ამოხვედი არარსებობიდან. ის, ვინც იბრძოდა გადარჩენისთვის მოკვდა, მაგრამ მისი ბრძოლისას გამოთავისუფლებული ენერგია გადარჩა. შენ ეს ენერგია ხარ.
გაურკვეველი ფუნქციის შესასრულებლად დაწერილი ალგორითმი, სავსე კომპიუტერული ვირუსებით და ვარსკვლავებიანი ცით.
04. დაივიწყე მკვდრები
ყოველთვის მიყვარდა აკვარელი. ეს ფერადი წრეები ერთმანეთის მიყოლებით პატარა დაფაზე, ხანდახან მახსენებდნენ კამფეტებს, რომლებსაც ვხედავდი რეკლამებში, ხანდახან მვდრებს. თუ დააკვირდებით მკვდრები ასეთივე ფერადები არიან, როგორც აკვარელი, ვერცერთი ცოცხალი ვერ მივა მათთან შეფერილობებით.
იისფერი, როგორც იშვიათი ჰორიზონტი არმაგედონამდე რამდენიმე წუთით ადრე, ადრეული შემოდგომის დაისებზე – იმავე გემში იწვა, რომლითაც ჩვენ მოვდიოდით ომიდან გაურკვევლობაში, უკიდეგანობაში – ბავშვები, მკვდრები და ცოცხლები, ერთად, კიდე დელფინების ჯგუფი, რომელიც რამდენიმე საათი მოჰყვებოდა გემს. ცასავით ლურჯი მიცვალებული გვერდითა კორპუსში, რომ არა შიმშილისაგან და სტრესებისგან დაქვეითებული ესთეტიკის შეგრძნება – ჩვენ მას მუზეუმში შევინახავდით, როგორც სილურჯის დეფინიციას.
კიდევ არიან თეთრები, როგორც ცარცი სკოლაში, რომლითაც წერ განტოლებებს დაფაზე და ფიქრობ, რომ ყოველი x და ყოველი y , ყველა ცვლადი და ციფრების კომბინაცია – მათი ცხოვრების ფორმულაა. ამიტომ არ მიყვარდა მათემატიკა. ციფრების სამყაროში ყველა ისტორია, ყველა ომი – სტატისტიკურ ანალიზად იქცევა, აკვარელებში კი რამდენიმე ფერით გამოიყვან ნებისმიერი კონკრეტული გვამის ფერს. ეს ბავშვი ჩემგან რამდენიმე მეტრში – ბრმა ტყვიამ მისი პატარა თავისგან – წითელი ხასხასა ვარდი ამოზარდა. მშობლები მეუბნებიან, რომ სინამდვილეში ტყვია მას აცდა და მე ვხვდები, რომ ეს კონკრეტული მოგონება ტვინმა შექმნა, მაგრამ ის ისეთი რეალურია ჩემთვის, რომ სათავე დაუდო ათას კოშმარს, გამოღვიძებებს უკაცრიელ ღამეში, გამოღვიძებებს ყვირილით უცხო სახლებში, სხვის სახლებში, სადაც ფანჯრები ტყდებიან ნიტო ამ ყვირილისგან, ნიტო სიძველისგან და ოთახებში შემოდის თოვლი, ხანდახან წვიმა და მტრედები იკეთებენ სახლს შიგნით სახლში.
და მერე, წლების შემდეგ, დგება დრო, როცა ხვდები – იმისათვის, რომ დამთავრდეს ომი, იმისთვის, რომ იზეიმონ სუბტროპიკულმა არომატებმა და არა რკინის სუნმა, ახალდაცლილი კალაშნიკოვის ლულას რომ ასდის – საჭიროა ყველაზე რადიკალური ნაბიჯის გადადგმა – საჭიროა დაივიწყო საკუთარი მკვდრები, საკუთარი დაჭრილები და საკუთარი დანგრეული კორპუსები. მაგრამ პირველ რიგში მკვდრები.
იმიტომ, რომ როცა მოვა დრო და განთიადის საზღვრებთან ერთმანეთის პირისპირ დავდგებით, ისინი მოვლენ თავისი მკვდრებით, ჩვენ მოვალთ – ჩვენებით. ისინი ანბანის მიხედვით გამოიძახებენ საკუთარ მიცვალებულებს და მიცვალებული იტყვის: ეს შენმა ტყვიამ ქნა. მერე ჩვენ გამოვიყვანთ საკუთარს და ის იტყვის – ეს შენმა ერპეგემ ქნა და ასე უსასრულოდ.
მე მგონი, საკმარისია, უკვე დიდი ხანია მათი ტყვეობის ქვეშ ვართ და პირიქით, დიდი ხანია ისინი გვყავს საკუთარ ტყვეობაში. არ ვუშვებთ მათ, არ ვათავისუფლებთ. ვინახავთ ამ შეხვედრისთვის, რომ ავაფრიალოთ, როგორც ცოცხალი მტკიცებულება, როგორც ოქმები და დოკუმენტებ იმისა, თუ რამდენი ტკივილი მოგვაყენეს. დროა გავუშვათ ეს მკვდრები, როგორც მანტრა გავიმეოროთ აისებზე: მე ვივიწყებ საკუთარ მკვდრებს, რომ მიყვარდე შენ ცოცხალი – ვითარცა თავი ჩემი, ვითარცა მკვდარი ჩემი, ვითარცა და და ძმა ჩემი.