გაფრთხილება: ეს ტექსტი არ არის მოწოდება კმაყოფილებისკენ.
ეს არის ერთგვარი სადემარკაციო ხაზი ბედნიერებასა და ჩვენს დაუსრულებელ მოთხოვნილებებს შორის.
საჩუქრის გაცემისა და მიღების ტრადიციას ძალიან დიდი ისტორია აქვს. ზოგიერთი კვლევით ის ადამიანთა სამყარომდეც არსებობდა. ალბათ, არ მოიძებნება კულტურა, რომელიც ამ იდეას რაღაც ფორმით მაინც არ აღიარებს. ამ ტოტალობიდან მხოლოდ და მხოლოდ ის გამომდინარეობს, რომ ეს იდეა ჩვენთვის ორგანულია. სანამ ადამიანს აქვს მატერიალური მოთხოვნილება, რომელსაც, რა თქმა უნდა, მიწოდების რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს, მანამდე იარსებებს საჩუქრის იდეაც, როგორც ცალსახად პოზიტიური აქტი.
რასაც ირგვლივ ვხედავთ თუ ვერ ვხედავთ, ყველაფერს თავისი ფილოსოფია აქვს. „საჩუქრის ფილოსოფია“ კი ის საკითხია, რომელზეც მარქსს, ლევინასს, დერიდას, ჟიჟეკსა და სხვა არცთუ ისე მოცლილ ადამიანებს უფიქრიათ.
დაუსაბუთებელია, თუმცა ძალიან საინტერესო ტექსტს მიაწერენ კარლ მარქსს, რომელშიც სანტა კლაუსს განიხილავს, ერთი მხრივ, კაპიტალისტურ ფიგურად, რომელსაც გაყიდვების გასაზრდელად იყენებენ, მეორე მხრივ კი – რელიგიურ ფიგურად, რომელმაც იცის, როდის გღვიძავს, როდის გძინავს, როდის იყავი კარგი და როდის ცუდი.
„სასაქონლო ფეტიშიზმს“ რომ მოვეშვათ, დერიდასთვის ნამდვილი საჩუქარი საერთოდ არ არსებობს. დერიდას აზრით, როცა ჩვენ ერთმანეთს ნივთებს ვჩუქნით, სინამდვილეში ეს უბრალო ცირკულაციაა, რადგან თუ დაბადების დღეზე მეგობარი საჩუქარს მოგვართმევს, მის დაბადების დღეზე ჩვენ იმავეს ვიმეორებთ. და თუ ეს შეუძლებელია, ამ ყველაფერს მადლიერების გრძნობაში ვცვლით.
არცთუ ისე დადებითად აფასებს აღნიშნულ ცირკულაციას სლავოი ჟიჟეკი. მისი აზრით, ის, ერთი მხრივ, ყალბი არჩევნის, მეორე მხრივ კი, შურისძიების ლოგიკას ეფუძნება, რაც სოციალური ურთიერთობისთვის არაჯანსაღი და დამანგრეველია.
ამ პრობლემის გადასაჭრელად ორივე ფილოსოფოსი იდენტურ გზას გვთავაზობს. მათი აზრით, წმინდა საჩუქრის იდეას არსებობა შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა გამცემი საკუთარ თავს გააქრობს და სანაცვლოდ აღარაფერს დაელოდება. სწორედ ამ სააზროვნო ჩიხზეა Netflix-ის სერიალის „Love, Death + Robots-ის” მეორე სეზონის ერთ-ერთი სერია „All Throught the House”, რადგან ესაა ის, რაც ადამიანებს ასე ძალიან იზიდავს სანტა კლაუსში.
ანიმაციაში შობის დღესასწაულია, პატარა და-ძმა ბუხრისკენ საჩუქრების ასაღებად მიემართება, თუმცა თეთრწვერა მოხუცის ნაცვლად, ისინი საზარელ მონსტრს შეეჩეხებიან, რომელსაც მძიმე საუნდტრეკის ფონზე, უკიდურესად დაძაბულ ატმოსფეროში დორბლები სდის და გულისარევამდე არაესთეტიკურად იქცევა. შეშინებული ბავშვები ნელი ნაბიჯით იხევენ უკან. ურჩხული კი მოულოდნელად პირიდან შეფუთულ საჩუქრებს ამოარწყევს. უმცროს ბიჭს თავზე ხელს გადაუსვამს და მოტივაციის ასამაღლებად ეტყვის: „უილიამ, ასე გააგრძელე” (William, Stay good).
ურჩხული გაქრება, უილიამი გახსნის საჩუქარს და აღნიშნავს, რომ ეს სწორედ ისაა, რაც მას უნდოდა. ნანახისგან შეძრწუნებული გოგონა კი ანიმაციის დასასრულს ძმას ეკითხება: „რა მოხდებოდა მაშინ, თუ ცუდად მოვიქცეოდით?”
მართალია, ურჩხული შინაარსით ძალიან ჰგავს ტრადიციულ სანტას, მაგრამ პერფორმანსი სრულიად განსხვავებულია. ეს დეკონსტრუქციული გადაწყვეტილება ერთგვარი მეტაფორაა ცხოვრებისა, რადგან მხოლოდ მას, თავისი არსით სასტიკსა და საშინელს, შეუძლია უანგაროდ გასცეს ძღვენი და თუ ამ ძღვენით უკმაყოფილო ვართ და გვეჩვენება, რომ ჩვენი საქციელებით გაცილებით უკეთესს ვიმსახურებდით, გამოსავალი ერთია – წარმოვიდგინოთ, რას მივიღებდით იმ შემთხვევაში თუ ცუდად მოვიქცეოდით.
ავტორი: ლექსო ლობჟანიძე