საკულტო ალბომების შესახებ ჩვენი მკითხველი პირველ ნაწილს უკვე გაეცნო. ვსაუბრობდით მე-20 საუკუნის საკულტო ალბომებზე სხვადასხვა პერიოდიდან და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრიდან, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო, გარდა საკულტო სტატუსისა.
პირველი ხუთეული ასეთი იყო: Jane’s Addiction – Ritual de lo Habitual (1990), Ween – Chocolate and Cheese (1994), Captain Beefheart and his Magic Band – Trout Mask Replica (1969), The Who – Who’s Next (1971), Talk Talk – Spirit of Eden (1988). სტატიის მეორე ნაწილშიც განვაგრძობთ ტრადიციას – გთავაზობთ შერჩეული საკულტო ალბომების ისტორიას, სუბიექტურ ემოციებსა და განწყობებს მათ მიმართ და ვიტოვებთ იმედს, რომ გაზიარებული მუსიკის მოსმენა ამის შემდეგ უფრო საინტერესო გახდება თქვენთვის.
6. Modest Mouse – The Lonesome Crowded West (1997)
Modest Mouse Indie-სცენისთვის საკმაოდ პოპულარული და ცნობილი ჯგუფია. ალბათ, უმეტესობა თქვენგანისთვის ნაცნობია ისეთი სიმღერები, როგორიცაა: Float On, Ocean Breaths Salty, Dashboard და ა.შ., თუმცა ჯგუფის მთავარი კარიერული მიღწევის გასაცნობად მის ადრეულ კატალოგში უნდა ჩავიხედოთ, როგორც ხდება ხოლმე კიდეც მუსიკოსთა უმრავლეს შემთხვევაში, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა. ვფიქრობ, ადამიანი განსაკუთრებით კრეატიული და შემოქმედებითი ახალგაზრდულ წლებშია, როდესაც გარე სამყაროს ცხოველი ინტერესით აკვირდება, წლებთან ერთად კი იკარგება ბევრი რამის მიმართ ინტერესი, ენთუზიაზმი, აღფრთოვანებისა და აღშფოთების უნარი, ემოციურადაც უფრო სტერილურები ხდებიან და ნაკლები სიმძაფრით შეიგრძნობენ გარემოს. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი მათ შემოქმედებაზეც აისახება. მუსიკოსთა უმეტესობაც კარიერის შუაში და მიწურულს უკვე თითქოს თავისსავე ინერციას მიჰყვება და დაღმავალი ტრენდით ასრულებს მას.
აიზეკ ბროკი 22 წლის იყო, როდესაც Modest Mouse-მა მისი საუკეთესო ალბომი, The Lonesome Crowded West გამოსცა, 1997 წელს. ალბომიც თითქოს აიზეკის ახალგაზრდული განცდების, ბრაზის, მისი ცხოვრებისა და ყველა იმ გულწრფელი ემოციის ნაზავია, რაც შეიძლება ჰქონდეს შემოქმედებით პიკში მყოფ 22 წლის ბიჭს. ამის შემდეგ მას აღარასდროს უმღერია ისე მრავლისმთქმელად და ბრაზიანად, როგორც The Lonesome Crowded West-ში, რადგან ამის შემდეგ აღარასდროს ყოფილა 22 წლის ბრაზიანი ბიჭი.
The Lonesome Crowded West ისეთ ალბომთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის მოსმენა ყველაზე ნაყოფიერი და საინტერესო მაშინაა, როდესაც საკუთარ თავთან ბევრი შეკითხვა გაქვს და პასუხთა უმეტესობა არც თუ ისე სასიამოვნოა. ალბომის მოსმენისას გიჩნდება განცდა, რომ თავად მუსიკოსიც განიცდის შენთვის ნაცნობ ტკივილს და ხსნას საკუთარი აგრესიისა და ბრაზის გაზიარებაში ხედავს, რომლის მოსმენაც მსმენელისთვის ერთგვარი თერაპია შეიძლება იყოს. ჯგუფის სხვა წევრები აიზეკს ჩუმ, ინტროვერტ ბიჭად აღწერენ, რომლისთვისაც თავის გამოხატვის მთავარი საშუალება სიმღერები იყო, სიმღერის ტექსტები კი ხშირ შემთხვევაში უიმედოდაც შეიძლება მოეჩვენოს ზოგიერთ მსმენელს. ამ საკითხზე წლების შემდეგ აიზეკი იხუმრებს კიდეც, რომ იგი არც ისეთი დეპრესიული იყო, როგორიც შეიძლებოდა გამოჩენილიყო თავისი სიმღერის ტექსტებიდან.
The Lonesome Crowded West მუსიკალურად უნიკალური ალბომია, რომელშიც ერთმანეთს მოსდევს მელოდიური და აგრესიული, ხისტი მონაკვეთები, რომლებმაც მსმენელს შეიძლება ისეთი ჯგუფები მოაგონოს, როგორიცაა: Pixies, Pere Ubu და Dinosaur Jr. რაც შეეხება ალბომის სენსიტიურ მხარეს, რომელიც თითქმის ყველა სიმღერაშია, რთულია მის რომელიმე ჯგუფთან მსგავსებაზე ისაუბრო, ვინაიდან იგი აიზეკ ბროკის პერსონალური განცდების ნაყოფია.
ალბომის თემატიკა მთლიანად დაკავშირებულია აიზეკ ბროკის დამოკიდებულებასთან გარემო პირობების მიმართ და მისი პატარა მშობლიური ქალაქის შეუქცევად ურბანიზაციასთან. სწორედ აქედან გამომდინარეობს კიდეც ალბომის დასახელება – The Lonesome Crowded West. ტექნოლოგიური ტენდენციები და ქალაქების ზრდა აიზეკის ერთგვარი გაუცხოების მიზეზი იყო. ის ნაკლებად ეგუებოდა ცვლილებებს და ურბანიზაციის პროცესი მასში მხოლოდ შფოთვას იწვევდა. ალბომის გამხსნელი სიმღერის, Teeth Like God’s Shoeshine–ის თემატიკაც ქალაქის მცხოვრებნი არიან, რომელთათვისაც პრიორიტეტული მატერიალური ღირებულებებია, რომელიც საბოლოო ჯამში ანადგურებს ურბანულ კულტურასა და კეთილდღეობას. აღნიშნული აქცენტებით აიზეკი თითქოს კონსიუმერიზმის კულტურას უპირისპირდება, მის ქალაქში, მის პირად სივრცეში რომ შეჭრილა და ცვლის ყველაფერ იმას, რაც მისთვის ძვირფასია.
Trailer Trash-ში აიზეკი მღერის ცხოვრების ამაოებასა და თავის პრობლემებით აღსავსე წარსულზე, სადაც ვხედავთ სიღარიბეში გატარებულ ბავშვობის წლებს, სატვირთო ფურგონში მცხოვრებ მის ოჯახსა და დაბალ თვითშეფასებას. ალბომის გამორჩეული სიმღერა კი უდავოდ არის რიგითი ტურნეს მსვლელობისას ავტობუსში სპონტანურად დაწერილი Bankrupt on Selling, რომელიც კრავს ალბომის მთავარ აქცენტებს – რელიგიას, ცხოვრების ფილოსოფიასა და კონსიუმერიზმს, სადაც კონსიუმერიზმი უპირისპირდება რელიგიას.
„So all of the businessers in their unlimited hell
Where they buy and they sell and they sell all their trash
To each other, but they’re sick of it all
And they’re bankrupt on selling
And all of the angels, they’d sell off your soul
For a set of new wings and anything gold”
7. Joni Mitchell – Hejira (1976) („მარტოხელა მოგზაურობის ტკბილი მარტოსულობა”)
ჯონი მიტჩელის ხსენებაზე მსმენელთა უმეტესობას პირველ რიგში, ალბათ, მისი ყველაზე ცნობილი, 1971 წელს გამოცემული ალბომი – Blue გაახსენდება, თუმცა დღეს არა Blue-ზე, არამედ 1976 წელს გამოცემულ, თავად მუსიკოსის შეფასებით მის ყველაზე ინტიმურ ალბომ Hejira-ზე ვისაუბრებთ.
მუსიკოსისვე შეფასებით, ბევრ სხვას შეეძლო დაეწერა მისი სხვა ცნობილი სიმღერები, თუმცა არამც და არამც სიმღერები ამ ალბომიდან. საინტერესოა ასევე ალბომის სახელის ისტორიაც, რომელიც, გარკვეულწილად, გამომდინარეობს მისი თემატიკიდან. ყველა სიმღერა კანადელმა მუსიკოსმა ამერიკაში მოგზაურობისას დაწერა, ალბომის დასახელების შესარჩევად კი ისეთ სიტყვას ეძებდა, რომელიც გამოხატავდა მის სურვილს, გაჰქცეოდა რაიმე ღირებულს, ლექსიკონის კითხვისას ის წააწყდა სიტყვას – „Hejira”, რომელიც გამოხატავს მუჰამედის მიგრაციას მექიდან მედინაში [ჰიჯრა]. ეს სიტყვა ჯონისთვის ერთგვარი ალეგორია გახდა საკუთარ ოცნებაზე უარის თქმისა.
მოგზაურობის თემატიკით არის შთაგონებული, ასევე, ალბომის მინიმალისტური გარეკანი, რომელიც 14 ფოტოსურათის გაერთიანების შედეგად არის მიღებული. ცენტრში ჯონი დგას გაყინული ტბის ფონზე, ხოლო თავად მასში გამოსახულია ცარიელი გზატკეცილი, რომლის ჰორიზონტზეც თეთრი ღრუბლები მოჩანს. ალბომის გარეკანისადმი ჯონის განსაკუთრებული დამოკიდებულების საფუძველი მხატვრობისადმი მის სიყვარულშია: „თავდაპირველად მხატვარი ვიყავი, ხოლო როდესაც მუსიკოსობა და ალბომების გამოშვება დავიწყე, მივხვდი, რომ ალბომის გარეკანზე მუშაობა შესანიშნავი გზა იყო, შემენარჩუნებინა როგორც მუსიკოსის, ასევე მხატვრის კარიერა“, – ამბობს მიტჩელი.
რაც შეეხება ალბომს, მისი სიმღერები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიტჩელმა 1975-1976 წლებში ამერიკის გზებზე მოგზაურობისას დაწერა. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუსიკოსი მართვის მოწმობის გარეშე მართავდა ავტომობილს, მხოლოდ დღის შუქზე. ხშირ შემთხვევაში გადაადგილდებოდა სატვირთო მანქანის მძღოლების დახმარებით, რომლებიც მათ უკან მყოფ მიტჩელს პოლიციის გამოჩენისას სიგნალს აძლევდნენ. მოგზაურობისას მიტჩელი ცდილობდა, შეუმჩნეველი და უცნობი დარჩენილიყო შემხვედრებისთვის, წარადგენდა რა თავს გამოგონილი სახელი და გვარებით.
აღნიშნულ პერიოდში ჯონმა რამდენიმე რომანტიკული ურთიერთობის გაბმაც მოასწრო, რაც ასევე აირეკლა ალბომის სიმღერებში. ამავე პერიოდში დაიწყო მუსიკოსმა კოკაინის აქტიური მოხმარებაც, რისგან თავის დასაღწევად წლები დასჭირდა. ის შეიძლება ასევე მივიჩნიოთ მუსიკოსის გარდამტეხ ალბომად, რომლის შემდეგაც მან ორიენტირება ჯაზზე მოახდინა.
რაც შეეხება თავად ალბომში შესულ სიმღერებს, ყველაზე მეტად გამოსარჩევია Amelia და Furry Sings the Blues. „Amelia” მოგვითხრობს ცნობილ ავიატორზე, ამელია ერჰარტზე, რომელიც 1937 წელს უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა წყნარი ოკეანის თავზე ფრენის დროს, წელიწად-ნახევრის შემდეგ კი ოფიციალურად გამოცხადდა გარდაცვლილად, თუმცა ის დღემდე აქტუალურია საზოგადოებისთვის და მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შეკითხვები დღესაც არსებობს.
ალბომის მთავარი მშვენებაა Furry Sings the Blues, რომელიც ბლუზ შემსრულებელ ფერი ლუისს უკავშირდება. სიმღერის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი კანადელი კომპოზიტორისა და მულტი ინსტრუმენტალისტის, ნილ იანგის მაცდური ჰარმონიკაა, რომელიც განუწყვეტლივ გვახსენებს თავს სიმღერის მიმდინარეობისას.
8. Genesis – Lamb Lies Down on Broadway (1974)
60-იანმა წლებმა მიმართულება მისცა როკმუსიკის ბუნებრივ ევოლუციას, სადაც ტექნიკურმა აღჭურვილობამ თუ მუსიკალურმა გაწაფულობამ, დახვეწილობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია, 70-იანების დასაწყისში კი განვითარებაზე ორიენტირებულმა ჯგუფებმა საკუთარ თავზე აიღეს გამოწვევა, რომ ამ ყველაფრისთვის ახალი პლატფორმა შეექმნათ, სადაც მუსიკა, ტექსტი, სცენის განათება თუ ვიზუალი ისე ჰარმონიულად შეერწყმებოდა ერთმანეთს, როგორც სრულყოფილი მთლიანობა. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი იყო ბრიტანული პროგრესული როკჯგუფი – Genesis.
მაშინ, როდესაც სათავგადასავლო ელემენტები პროგრესულ როკში ფანტაზიის დეფიციტს განიცდიდა, Genesis-მა მულტიმედია კონცეფციაზე მუშაობა სცადა. სცენაზე ისინი იყენებდნენ სლაიდებს, რომლებიც მუსიკას ჰარმონიულად ერწყმოდა. ჯგუფი თავგამოდებით ცდილობდა მსმენელის ჰიპნოზურად შეტყუებას თავიანთ საინტერესო, უფორმო სამყაროში და ამ გზით ნაწილობრივ შეძლეს ზღვრის მოშლა მუსიკასა და თეატრს შორის.
რამდენიმე წარმატებული ალბომის შემდეგ ჯგუფს გაუჩნდა ამბიცია, ჩაეწერა თავისი პირველი ორმაგი კონცეპტუალური ალბომი – Lamb lies down on Broadway, თუმცა ალბომზე მუშაობის პროცესმა ჯგუფის წევრებს შორის არსებული ჰარმონია დაარღვია და როლების გადანაწილების დემოკრატიული პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ჯგუფის მთავარი ვოკალისტი პიტერ გაბრიელი შეპყრობილი იყო ახალი ხედვითა და იდეებით. მას ჰქონდა კონცეფცია, რისიც ბოლომდე სჯეროდა და სხვა წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯიუტად გადაწყვიტა, რომ სიმღერებზე დამოუკიდებლად უნდა ემუშავა, რადგან მისთვის წარმოუდგენელი იყო კოლაბორაციის შედეგად შექმნილი რომანი. მოგვიანებით ის დასძენს: „მე დავწერე ჩემს დიდ ემოციურ გამოცდილებებზე და არ მინდოდა, სხვა ადამიანებს შეეფერადებინათ ის”.
საკუთარ ხედვაში დარწმუნებული პიტერი შემოქმედებითი ადამიანის ინტუიციით გრძნობდა და ხედავდა მთავარ გმირს ნიუ-იორკის ქუჩებში, თუ როგორ მალავდა ის ტყავის ქურთუკში გრაფიტის საღებავს, რომ შემდეგ დიდი ასოებით დაეწერა თავისი სახელი – RAEL ანდერგრაუნდის შესასვლელ კედელზე. ის ღარიბი პუერტო-რიკოელი მეამბოხეა, ვანდალი, რომელიც სამყაროსგან გაუცხოებულია და მოგზაურობს ნიუ-იორკის ქუჩებში, სადაც ეჩეხება წინააღმდეგობას ავტორიტეტებთან, ოჯახთან, სიყვარულსა და სექსში.
ალბომის მთავარი პერსონაჟის მოგზაურობა ჯონ ბუნიანის „პილიგრიმის მოგზაურობის“ანარეკლია, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი გმირი ქუჩის პერსონაჟია, ტყავის ქურთუკითა და ჯინსით, ნიუ-იორკის ქუჩის ნამდვილი პანკი. მისი მოგზაურობა არ არის მხოლოდ ფიზიკური, არამედ ის ეზოთერიკული და ფსიქოლოგიურია: გვირაბიდან გამოსულ RAEL-ს გიგანტური ღრუბელი შთანთქავს, რეალურ სცენებს სიზმრისეული ცვლის, თითქოს ჩვენმა გმირმა სხეული დატოვა და მისი ქვეცნობიერი უცნაურ ქმნილებებს ხვდება, ჰალუცინაციურ ხილვებში ხედავს კადრებს ამერიკის ისტორიიდან და პოპულარული კულტურიდან, ხვდება ცნობილ ფიგურებს, მათ შორის მარტინ ლუთერ კინგს, რის შემდეგაც კვლავ კარგავს გონებას. გონს მოსული კლაუსტროფობიური სიზმრის მსგავსად საკუთარ თავს გამოქვაბულში აღმოაჩენს, რომელიც, რეალურად, ციხეა და აგონია იპყრობს. ციხის მიღმა ძმას, ჯონს ხედავს, იხმობს, შველას სთხოვს, მაგრამ მას არ სურს ან არ შეუძლია დაეხმაროს. ბოლოს ის ხვდება თავად სიკვდილს, მისი კლანჭებიდან თავდაღწეული კი ხედავს ძმას, ჯონს, რომელსაც მისი სახე აქვს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში კი კრავი წევს თავისთვის მშვიდად ბროდვეიზე. მას არანაირი კავშირი არ აქვს RAEL-თან ან სხვა რომელიმე კრავთან. კრავი არა მხოლოდ აბსურდულ სურათს ქმნის, არამედ სიმშვიდის ბუნებასთან კავშირის განცდა შემოაქვს:
„And the lamb lies down on Broadway.
The lamb seems right out of place,
Yet the Broadway street scene finds a focus in its face.
Somehow it’s lying there,
Brings a stillness to the air“.
მსგავსი ამბივალენტური ნარატივის გამო, ალბომი ნაკლოვან შედევრად მიიჩნეოდა და თავად ჯგუფის წევრებიც აკრიტიკებდნენ პიტერის გადაწყვეტილებას (აღსანიშნავია ისიც, რომ ალბომის დასრულების შემდეგ გებრიელმა სამუდამოდ დატოვა ჯგუფი). ინტერპრეტაციას ისიც ართულებს, რომ ალბომი გაჯერებულია პარალელებით კინემატოგრაფიიდან, ლიტერატურიდან, ისტორიიდან, ბერძნული მითოლოგიიდან, მასში იგრძნობა ფსიქოანალიზის გავლენები, ვხვდებით იუნგისმიერ არქეტიპებს. თავად იდეა კი ალეხანდრო ხოდოროვსკის საკულტო ფილმის, El Topo-ს შთაგონებით შეიქმნა. მსგავსი პარალელები თუ სიმბოლოები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ინტერპრეტირების ამოუწურავ პოტენციალს ქმნის და მიანიშნებს, რომ ალბომი თითქოს შეგნებულად არ იყო POP-ორიენტირებულ მსმენელზე გათვლილი და დასაწყისშივე „განწირული” იყო საკულტო სტატუსისთვის.
ალბომის მთავარი თემა შინაგანი მოგზაურობაა, ბრძოლა საკუთარი ეგოს წინააღმდეგ და ეგოს სიკვდილი, განთავისუფლება და ფენიქსის მსგავსად ფერფლიდან აღდგომა. ეს არ არის ისეთი კონცეპტუალური ალბომი, Pink Floyd-ის The Wall-ის მსგავსად სტადიონებს რომ გაავსებს, პირიქით, საკუთარ გამოქვაბულში, დარაბებდახურულ ოთახში შეგიტყუებს და გაიძულებს, მთელი ეს უცნაური მოგზაურობა თავიდან ბოლომდე შეიგრძნო.
9. Hüsker Dü – Zen Arcade (1984)
დაუფასებელი ჯგუფების ერთგვარი „ამოჩემებით“ თითქოს ვცდილობ იმ უსამართლობის გარკვეულწილად დაბალანსებას, რასაც Hüsker Dü-სა და სხვა გამორჩეული ჯგუფების დაუფასებლობა ჰქვია. მიფიქრია იმაზეც, ეს ერთგვარი მუსიკალური სნობიზმი ხომ არაა-მეთქი, თუმცა, პასუხის მიუხედავად, ფაქტი არ იცვლება – Hüsker Dü ეპოქალური ბენდია, მისი ორმაგი ალბომი „Zen Arcade“ კი, არც მეტი, არც ნაკლები, როკმუსიკის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ალბომია.
Hüsker Dü ერთ-ერთი გამორჩეული ჯგუფია 80-იანი წლების ამერიკულ ალტერნატიულ და Hardcore punk-სცენაზე. კომერციული წარუმატებლობისდა მიუხედავად, ის პოპულარობით სარგებლობდა თავად მუსიკოსებს შორის და ბევრი მასზე გაცილებით პოპულარული ჯგუფის (Nirvana, Green Day, Foo Fighters, Pixies და ა.შ) შთაგონების წყაროც კი გახლდათ. კრის ნოვოსელიჩი (Nirvana-ს ბასისტი): „რაც ნირვანამ შექმნა, მასში არაფერი იყო ახალი, Hüsker Dü-მ ეს უფრო ადრე შეძლო“; ბილი ჯო არმსტრონგი (Green Day-ს სოლისტი): „როდესაც Green Day შევქმენით, მინდოდა, რომ Hüsker Dü ვყოფილიყავით“.
ბენდის მთავარი ხიბლი პირველყოფილი, ხისტი, სწრაფი და თითქოს ბრაზმორეული მუსიკაა, სადაც ხმაურშიც იგრძნობა მელოდიურობა, რაც, საბოლოო ჯამში, უნიკალურ სინთეზს იძლევა. მელოდიური Hardcore punk, რომელშიც იგრძნობა ადამიანური გრძნობები, იმედგაცრუება და სასოწარკვეთა, არის ის, რაც უნიკალურს ხდის ჯგუფს და განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს მას მეინსტრიმ მუსიკის მიღმა დარჩენილ მუსიკალურ კატალოგში.
Hüsker Dü ორპოლუსიანი ჯგუფი იყო. ჯგუფის შიგნით ერთმანეთს ორი მთავარი კომპოზიტორი უწევდა კონკურენციას – დრამერი გრანტ ჰარტი და გიტარისტი/ვოკალისტი ბობ მოულდი, რომელთა პაექრობამაც ჯგუფი მალევე დაშლის პირას მიიყვანა. მოულდის დაწერილი სიმღერები უმეტესწილად კლასიკური Hardcore punk-ისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით ხასიათდებოდა, ხოლო გრანტი უფრო გულჩვილი ბიჭი იყო, სენტიმენტალური ბუნებით, რომელიც მოულდის ბრაზმორეულ ბნელ მხარეს მელოდიურობით აბალანსებდა.
Zen Arcade ბენდის მეორე სტუდიური და პირველი კონცეპტუალური ალბომია. ის მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის ისტორიას, რომელიც სახლიდან გარბის, თუმცა აღმოაჩენს, რომ ცხოვრება არც მისი სახლის გარეთაა ფერადი. მოძალადე ოჯახიდან გაქცეული შვებას ჯარსა და რელიგიაში ეძებს. გამოცდის ტრაგიკულ სიყვარულსაც, ნარკოტიკის ზედოზირებისგან შეყვარებულის დაღუპვის გამო. ამ ყველაფრის შემდეგ იგი სასოწარკვეთილების უმაღლეს წერტილს აღწევს და აცნობიერებს, რომ არ შესწევს ძალა, რაიმე შეცვალოს. ბოლოს ის შფოთიანი ძილიდან იღვიძებს და ხვდება, რომ მთელი ეს განცდა მისი ქვეცნობიერისა და ილუზიის ნაწილი იყო, პრობლემები კი კვლავ გადაუჭრელი რჩება.
ჯგუფმა ალბომისთვის 25 სიმღერა ჩაწერა, რომლის დამუშავებას მხოლოდ 40 საათი დასჭირდა და საბოლოო ჯამში ალბომის ჩაწერა მხოლოდ 3 200 ამერიკული დოლარი დაჯდა, რადგან სიმღერათა უმეტესობა პირველივე დუბლზე ჩაიწერა. ალბომში მრავალი ისეთი მელოდიური ელემენტია, რომელიც 80-იანი წლების Hardcore punk-სცენისთვის წარმოუდგენელი იყო. მასში ვხვდებით აკუსტიკური ფოლკის მონაკვეთებს, პიანინოს პარტიებსა და ფსიქოდელიასაც კი. იმ მიზნით, რომ ალბომი აღქმულიყო როგორც ერთი მთლიანობა, მასში არ გვხვდება ერთი სინგლიც კი და ასევე არ არის არც ერთი შემავსებელი სიმღერა, ე.წ. „ფილერი“. ამიტომაც გირჩევთ, ალბომს ერთი ამოსუნთქვით, რომელიმე სიმღერის გამოტოვების გარეშე მოუსმინოთ.
https://youtu.be/kTjfl0yhyRk
10. Bruce Springsteen – Born to Run (1975)
საკულტო ალბომების სიაში შეძლებისდაგვარად ვცდილობდით, ისეთ ალბომებზე გაგვეკეთებინა აქცენტი, რომელიც მსმენელთა ფართო საზოგადოებისათვის არც თუ ისე პოპულარულია. აღნიშნულ კრიტერიუმს კი არამც და არამც არ აკმაყოფილებს ბრიუს სპრინგსტინის 1975 წელს გამოცემული ალბომი – Born to Run, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ მსმენელში აღნიშნული ალბომი და ზოგადად, ბრიუს სპრინგსტინის მუსიკა, არასდროს არ სარგებლობდა განსაკუთრებული პოპულარობით. ამ მიზეზის გამოც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ მე-20 საუკუნის საკულტო ალბომების სერიის დამაგვირგვინებელ აკორდად აღნიშნული ალბომი აგვერჩია.
ალბომი 1975 წელს გამოვიდა, როდესაც უკვე კარგა ხნის ჩავლილია 60-იანი წლების როკმუსიკის ციებ-ცხელება, დაშლილია ბითლზები, გარდაცვლილია ჯიმ მორისონი და ჯიმი ჰენდრიქსი, ხოლო სხვა გამორჩეულ მუსიკოსებსა და როკჯგუფებსაც უკვე გამოცემული აქვთ თავიანთი საუკეთესო ალბომები. მუსიკალური ინდუსტრია თითქოს შემოქმედებით სიცარიელეს განიცდის და მოითხოვს ახალი როკვარსკვლავის დაბადებას, რის ამპლუასაც ჩინებულად მოერგო იტალიური და ირლანდიური სისხლის მქონე თმახუჭუჭა, სიმპათიური ბიჭი ნიუ-ჯერსიდან.
ბრიუს სპრინგსტინის სადებიუტო ალბომებმა ( „Greetings from Asbury Park, N.J“ და „The Wild, the Innocent & the E Street Shuffle“) იმისდა მიუხედავად, რომ მუსიკალური კრიტიკოსების მიერ პოზიტიურად და დამაიმედებლად შეფასდა, მსმენელთა ფართო მასის მოწონება ვერ დაიმსახურა. ფოლკ-როკ სტილი, რომლის ჟღერადობას ბობ დილანსა და ვან მორისონს შორის მივყავართ, არ აღმოჩნდა მსმენელთა ფართო წრისთვის მარტივად მისაღები. მომდევნო ალბომისთვის სპრინგსტინმა გადაწყვიტა, შეეცვალა მისი ჟღერადობა და 1975 წლის 25 აგვისტოს გამოსცა Born to Run, რომელმაც საყოველთაო პოპულარობა და როკ-ენ-როლის გადამრჩენელის სტატუსი მოუტანა მას.
ბრუს სპრინგსტინზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მისი რეპერტუარის თემატიკას. მუსიკოსს ხშირად მოიხსენიებენ მე-20 საუკუნის ამერიკის ისტორიის მემატიანედ, რადგან სპრინგსტინის სიმღერების მთავარი გმირი მუშათა კლასის წარმომადგენელი რიგითი ამერიკელია, რომელიც პატარა ამერიკული ქალაქის რომელიმე ბინძურ ქარხანაში მუშაობს, საღამოობით კი 60-იანი წლების ამერიკული ავტომობილის საჭესთან მჯდომი უმიზნოდ მიაქროლებს ბნელ ქუჩაში და უკეთეს მომავალზე ოცნებობს.
სპრინგსტინის თითოეული სიმღერა თითქოს თითოეული ადამიანის მოგზაურობაა. მისი სიმღერები არც თუ ისე ფერად ფერებში დახატული ამერიკული ისტორიის აღწერაა, რომელიც სავსეა ცხოვრებისეული ტრაგედიით, სენტიმენტებით, სასიყვარულო კრახითა და რაც ყველაზე მთავარია, მომავლის იმედით. სპრინგსტინს არასდროს უმუშავია რომელიმე ქარხნის მუშად (რასაც ვერ ვიტყვით მის მშობლებზე), თუმცა არავის არ უმღერია ბრუსზე უფრო ზუსტად მათ განცდებსა და ოცნებებზე. მისი უაღრესად ინტიმური და გულწრფელი სიმღერების მოსმენა გიქმნის განცდას, რომ მუსიკოსს ყველა ცხოვრებისეულ წუხილსა და დარდში შენ გვერდით დგომა და გამხნევება შეუძლია, ვინაიდან მისთვის ნაცნობია მსგავსი ყოველდღიური, დამქანცველი, უიმედო დღეების შესახებ.
რაც შეეხება ალბომს, სპრინგსტინი ცდილობს მსმენელი ერთგვარ ემოციურ მოგზაურობაში ჩაითრიოს, განაცდევინოს მას როგორც ბრაზი, ასევე სიხარული და სევდა. ამ მიზნით, ალბომში სიმღერების რიგითობის კონკრეტულ მექანიზმს იყენებს – ალბომის პირველი (A) და მეორე მხრის (B) გამხსნელი სიმღერები სწრაფი ტემპით ხასიათდება, რომელიც მოსალოდნელი გართულებების გადალახვას ეხება. თითოეული მხარე კი იხურება წყნარი, ემოციური სიმღერით, რომლის მთავარი ხაზიც დაუნდობელი სამყაროს მიერ დაჩაგრული, სასოწარკვეთილი პერსონაჟია. აღნიშნული მეთოდი არის როგორც მუსიკალური დივერსიფიკაციის, ასევე მსმენელის ემოციებზე თამაშის ეფექტური საშუალება. სპრინგსტინი მსგავს ხრიკს იყენებს მის სხვა ცნობილ ალბომებშიც, როგორიცაა Darkness on the Edge of Town (1978) და Born in the U.S.A (1984).
ალბომში ერთ-ერთი გამორჩეულია გამხსნელი სიმღერა – „Thunder Road”, როკმუსიკის ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი ჰარმონიკის შესავლით, რომელიც გვიყვება შეყვარებულების ისტორიას, ერთად ყოფნისთვის უკანასკნელი შანსი რომ დარჩენიათ. სიმღერის სტუდიური ვერსია, სწრაფი ტემპის გამო, თითქოს ვერ გამოხატავს სიმღერის მთელ მელანქოლიას. პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში ლონდონში სპრინგსტინმა კონცერტი სწორედ Thunder Road-ის განსხვავებული ვერსიით გახსნა, სადაც სწორედ მელანქოლიაა გამოკვეთილი შესრულების მინიმალისტური სტილის წყალობით.
ზემოთ აღნიშნულ სიმღერათა სპეციფიკური რიგითობის მიხედვით, ალბომის პირველი მხარე სრულდება გატეხილ მეგობრობაზე აგებული, მელანქოლიური Backstreet-ით. ალბომის მეორე მხარე კი იხსნება ალბათ სპრინგსტინის კარიერაში მისი ყველაზე ცნობილი სიმღერით – Born to Run, რომელიც ერთგვარი სასიყვარულო წერილია გოგონასადმი, სახელად ვენდი. წლების შემდეგ გადაჭედილ სტადიონებზე სპირგსტინი ათეულ ათასობით ფანთან ერთად იმღერებს მის ცნობილ მისამღერს:
Cause tramps like us, baby we were born to run…
ალბომი კი მოლოდინისამებრ სრულდება თითქმის 10-წუთიანი მელანქოლიური კულმინაციით, სახელად Jungleland, რომელიც არის იმ ყველაფრის გაერთიანება, რაც გამოარჩევს სპრინგსტინს სხვა მუსიკოსებისაგან. სიმღერის ერთ-ერთი გამორჩეული მონაკვეთი E Street Band-ის წევრის, კლარენს კლემონსის საქსაფონის სოლო პარტიაა, რომელიც სტუდიაში საერთო ჯამში 16 საათის განმავლობაში ასრულებდა თავის პარტიას, რათა იდეალური ხმოვანებისთვის მიეგნო. თავად სიმღერა კი ვიოლინოსა და პიანინოს კომბინაციით იხსნება, სადაც მალევე ვიოლინო მთლიან ასპარეზს პიანინოს უთმობს, შემდეგ კი სპრინგსტინი იწყებს სიმღერას „მაგიურ ვირთხასა“ და ფეხშიშველ გოგონაზე, რომელთა ისტორიაც სიმღერის დასკვნით ნაწილში ტრაგიკულად მთავრდება.