ავტორი: გიორგი ჯაყელი
„ირიჟრაჟა“, საღამოს 5 საათი ხდება, ქვეყნის სამსახურით დაღლილი საჯარო მოხელე მძიმე სვლით შეაბიჯებს აბაზანაში და აკვირდება საკუთარ თავს სარკეში… მიმოიხედა, მარტოა, სიჩუმეა და აგრძელებს იმ სარკეში ყურებას, რომელიც გასულ წელს, საახალწლოდ შეიძინა. მის თვალწინ გაირბინა მთელმა წელმა …
„ბევრი მისალოცი გზავნილი მიმიღია ტელეფონზე, გულწრფელი მოლოცვები, წარმატებები, ჯანმრთელობა, მთელი სპექტრი კეთილი სურვილებისა. აი, სახელის შეცვლა შეშლია ახალგაზრდა კოლეგას მისალოც ტექსტში. ტექსტები ერთმანეთს ჰგავს. სასიამოვნოა მინისტრის მისალოციც, გავახსენდი… რაღაც მეგობრების, ნათესავებისა და ყოფილი კოლეგების მოლოცვები არ ჩანს, ალბათ გვიან დაიძინეს, მომწერენ… ან მე მივწერ მოგვიანებით… მაგრამ, სჯობს ჯერ დაველოდო…
სამთავრობო ტვ „იმედი“ აცხადებს, რუსთაველზე ღამე 300-მდე მოქალაქეს რაღაც ზეიმი გაუმართავს, დაანაგვიანეს ცენტრალური გამზირი და ახალი წლის საოჯახო დღესაწაული ღრეობით აღნიშეს ქუჩაში. სახლებში რატომ არ შეხვედნენ? რა უნდოდათ ქუჩაში? სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოები, ვიდეო მასალა, 300 არა, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი აღნიშნავდა ახალი წლის დღესასწაულს ქუჩაში. არ შესცივდათ? ნეტავი, რას აღნიშნავდნენ? საინტერესოა… ვფიქრობ, 300 კაცის ქუჩაში გამოსვლას პროტესტის შენარჩუნების რესურსი არ აქვს. ამბობენ, 20 იანვარს არცერთი ადამიანი აღარ იდგება ქუჩაშიო და პროტესტი აღარ იარსებებსო… იქნებ, ამის მერე მაინც მოგვეცეს ჩვენი საქმის კეთების შესაძლებლობა მშვიდად…
რა მძიმე თვე იყო დეკემბერი, წლის ბოლო, ბევრი საქმე, ანგარიშები, რაღაც პრობლემები ქუჩაში, მაგრამ რა გინდა, მეცამეტე ხელფასით სასიამოვნოდ დასრულდა. რომ არა ეგ, ახალ წელს ბევრ რამეს ვერ მოვახერხებდი. ტრადიციული კერძები, საჩუქრები… იმას, წელს დაავიწყდა საჩუქრის მოტანა, იმედია, მერე მომაწვდის… მთელი მეცამეტე ხელფასი დამეხარჯა, მაგრამ არაუშავს, ბავშვებმა გაიხარეს სამაგიეროდ, მეუღლეც ბედნიერია… ისიც… ყველაფერი კარგადაა, მომავალში უკეთ იქნება, წესით, წელს ხელფასები გაიზრდება, მეცამეტეც შესაბამისად…
ამბობენ, დაჭერილები, ახალგაზრდები თუ სხვები, უკანონოდ არიან დაჭერილებიო. კიდევ კარგი, არცერთი ჩემი ნათესავი არაა. თუმცა, არის ერთი მაგრამ ეგ შორეული ბიძაშვილია, თითქმის არ მაქვს მასთან ურთიერთობა. რა უნდოდა, რას ისროდა ქვებს? რისთვის აცემინა თავი? ყოფილიყო თავისთვის… ახლა, არავინ იცის რამდენი ხანი მოუწევს ციხეში ყოფნა… ნეტავ, მამამისი როგორაა? ცუდად იყო… მოვიკითხო? არა, რამე რომ ყოფილიყო გავიგებდი, ახლა დარეკვა კი შეიძლება, ვიტყვი ახალი წელი მივულოცე მეთქი… მოდი მეუღლეს დავარეკინებ, ეს მაინც სახლშია, არაფერს აკეთებს, რა ვიცი, ასე სჯობს…
სცემესო ხალხიო… კი, ვნახე კადრებში… მაგრამ რამდენიმეა დაზარალებული, ისიც საავადმყოფოდან ეგრევე გაწერეს პირველადი დახმარების მერე… ანუ, არაფერი სერიოზული… რომ არ ეცემათ, სჯობდა… უფრო მყარი არგუმენტები იქნებოდა ჩვენს მხარეს, მაგრამ მოსახდენი მოხდა… გამოძიება დასჯის ყველა მოძალადე სამართალდამცველს, დარწმუნებული ვარ… სხვაგვარად შეუძლებელია, ჩალით ხომ არაა დახურული ეს ქვეყანა…
პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან ხალხის გაშვება იგეგმება… რთული დროება დგება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, ყველა ნაბიჯი, სიტყვა უნდა გავაკონტროლო. ის ჩემი კოლეგა ბევრს ლაპარაკობდა, მიტინგებზეც დადიოდაო ამბობენ და ზის ახლა სახლში… არ ერჩივნა ჩუმად ყოფილიყო? რა უნდოდა, მაინც ვერ მოხდება ის, რასაც ითხოვენ პროტესტანტები. როდის ყოფილა, უბრალო ადამიანს მიეღწია თავისი საწადელისათვის? არადა, კარგი კადრი იყო, მასთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო, ნეტავი რას შვება? მოვიკითხავ, მაგრამ ახლა არა, მერე, აღდგომას მივულოცავ…
ჩემებს უნდა ვუთხრა, რამე არ ილაპარაკონ. ბავშვები ჯერ პატარები არიან, მეუღლე უნდა გავაფრთხილო, დაქალებთან რამე არ წამოცდეს, ტელეფონზე იყოს ფრთხილად, დედამისი გააფრთხილოს …. აუ, ის არ გაჩერდება, არადა ხვალ უნდა ვნახო. რა გაუძლებს მაგის კრიტიკას? რას მთხოვს, მე რა შემიძლია, არაფრის შეცვლა მე არ შემიძია. ერთი უბრალო ჩინოვნიკი ვარ 19 წლიანი გამოცდილებით… ვიცი ჩემი საქმე, ყველაფერს ჩემით მივაღწიე, ვინმე დამეხმარა? ახლა ქუჩაში რომ დგანან და აპროტესტებენ, ევროპა, ევროკავშირი, არჩევნებიო, სად იყვნენ მე რომ სამსახურში ფეხს ვიკიდებდი და პრობლემები მქონდა?
არჩევნები იყო დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭირვალეო… მე ასე დავინახე. კი, იყო რაღაც გადაცდომები… მაგრამ ისეთი არაფერი, რაც აქამდე არ გვინახავს ან არ გვსმენია… ხო, გაყალბდა, მერე რა, ის არ აყალბებდა? …აყალბებდა. …შედი დაჯექი რა პარლამენტში, აიღე ხელფასი, ისიმოვნე, მიხედე ოჯახს, გაერთე… ხალხი ყოველთვის უკმაყოფილო იქნება, მთავარია, დროზე გაიგო სად უნდა იყო საჭირო მომენტში…
ქალმა ჟურნალისტმა მზიამ, პირველად გავიგე მასზე, არც არაფერი ვიცოდი, ხელი გაარტყა პოლიციელს, დააკავეს და ძალიან კარგი… იმ ევროპაში, ასეთ დანაშაულზე უფრო მძიმე სასჯელია. მერე რა რომ ქალია, კანონი ყველასათვის კანონია… რაღაცა წინაპირობა, უღირსად მოექცნენო ამბობენ, არ მჯერა… ისე, მე მაინც მერჩივნა არ დაეჭირათ, ტყუილად სალაპარაკო მივეცით, ყველა ამაზე ლაპარაკობს შიგნით და გარეთ. რატომ? რისთვის სჭირდებოდა პოლიციელს? ნეტავი სადაა, არ უტყდება? …მიანიჭეს სხვადასხვა ჯილდოები, პირველი პატიმარი ქალი ჟურნალისტიო, გმირად აქციეს. ბოლოს და ბოლოს, აღიაროს და გამოვიდეს, გააგრძელოს თავისი საქმე, ვინმე უშლის? …არ გადაგვაყოლეს ამ ერთ ჟურნალისტს? ვითომ, სხვა პრობლემა არ იყოს ქვეყანაში. …ის ჟურნალისტები კიდევ, სცემესო, მძიმე დაზიანებებიო და რა ვიცი, ტიტუშკებიო. დაიკავე კამერა და გადაიღე შორიდან, რა გინდა იქ ეპიცენტრში თუ პრობლემას არ ეძებ…
ჯარიმები შემოიღეს გზების გადაკეტვისთვის. რამხელა ჯარიმებია, როგორ უნდა გადაიხადონ, ახლა ნამდვილად შეწყდება პროტესტი! ჩენც დავისვენებთ! …ერთმანეთს ეხმარებიანო, ფულს უგროვებენ, დიასპორაც ეხმარება. მიკვირს ამ ხალხის, ხომ შეიძლება სახლიდან გააპროტესტო… ამბობდნენ, ფულს უხდიანო, არ მჯეროდა. ახლა მემგონი მართლა უხდის ვიღაცა ფულს ამათ, აბა როგორ იხდიან ჯარიმებს? …10, 58, ას რაღაცა ჯარიმა ერთ ადამიანს, წარმოუდგენელია, რაში სჭირდებათ, ამას ხომ მთელი ცხოვრება ვერ გადაიხდიან? …მაინც დგანან, თავს აჭერინებენ. …ჯარიმას პატიმრობა დაემატა. …ტროტუარზეც იჭერენ უკვე, სულ ტყუილად ხდებიან პატიმრები, ისინი ხომ ვერასოდეს შეძლებენ ჩამოირეცხონ ეს ლაქა, საჯარო სამსახურში ვერ დასაქმდებიან. …ასაჩივრებენ, რას მიაღწევენ ამით? ვენეციური მასკარადები, ნიღბები, მარშები… „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობაო“ …აბა ეხლა რა არის, არაა მშვიდობა?
აგერ რა ხდება უკრაინაში, დაანგრიეს მთელი ქვეყანა, ამდენი ტკივილი, ამდენი მსხვერპლი და რის გულისთვის, ხომ შეიძლებოდა მოლაპარაკებით ამის მოგვარება, რათ უნდოდა ან ერთს, ან მეორეს ეს ამხელა მსხვერპლი? რუსეთს რომ ვერ მოერევი, არ იცი? ჩვენც ბეწვზე ვართ გადარჩენილები, აქ რომ ახლა ომი იყოს, ეს საცოდავი ბიჭები ტყუილად უნდა დაღუპულიყვნენ, რა ეშველებოდათ მათ ოჯახებს? …ამდენი მოლაპარაკება, ვიზიტები, ყველაფერი ტყილად, ვერაფერზე თანხმდებიან. …აგერ ჩვენთან, სტაბილურად ვითარდება ეკონომიკა, მართალია, სხვადასხვა პრობლემა არსებობს, მაგრამ წარმოიდგინეთ რა იქნებოდა სხვა შემთხვევაში? …მაინც სწორი იყო გათვლა და ნეიტრალური პოზიციის დაკავება, აგერ თითქმის ნათესავი ერები ვერ თანხმდებიან ერთმანეთში და ჩვენ რაღა გვესაქმებოდა? ჩვენ ჩვენს პრობლემებს უნდა მივხედოთ… ამბობენ, წარმატებები გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზეო, ისე კი მიკვირს, თუ წარმატებები არის, მაშინ ეს ამდენი პროექტი რატომ გაჩერდა? კარგი იქნებოდა ახლა სადმე სემინარზე ან შეხვედრაზე ევროპაში წასვლა, რამდენიმე დღე დავისვენებდი… ეს სავიზო თემაც გაპრობლემდა, ამ პროტესტის გამო ახლა ვიზებზე თუ პრობლემები შეგვექმნა… ამათ რა უჭირთ, მოაგვარებენ რამეს, ჩვენ რა ვქნათ უბრალო ხალხმა? იმედია, ასე არ მოხდება…
სასამართლოები პოლიტიკური გავლენის ქვეშააო… დაასანქცირეს მოსამართლეები… გადაღება, ვიდეო თუ აუდიო ჩაწერა აკრძალესო… რა, ამერიკაში მასე არაა, ფილმებში არ გვინახავს როგორ ხდება სასამართლო პროცესებზე? რა უნდათ? იმ დღეს სასამართლოში რაღაც საქმე ჰქონდა იმას, დაარეკინა ვიღაც ახლობელს, სასამართლო თვალით რომ არ უნახავს და ეგრევე მოგვარდა ყველაფერი, მშენებლობაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა გადაუვადეს… ქალაქი პატარაა, ყველამ ყველაფერი იცის… თან, ყველა კმაყოფილია… მანდატურები ძალადობენო… ხო, იყო რამდენიმე შემთხვევა… ადამიანები არიან ისინიც, მათაც ნერვები ეშლებათ ამ პრობლემებზე…
დასხედით და დაილაპარაკეთ, რა გახდა ბოლოს და ბოლოს ამ პროტესტის გაჩერება? საუკუნეა მეგობრები არ მირეკავენ. ვერ ვხვდები, თუ შემთხვევით სადმე გადავიკვეთეთ, გამარჯობა და ვაგრძელებთ გზას… თითქოს ჩემი ბრალია, რომ ვიღაცა დაიჭირეს თუ ცემეს ან დააჯარიმეს… მე რა შემიძლია? ბავშვობაში ჩემებს რომ პრობლემა ჰქონდათ, დაგვეხმარნენ? …სად იყო მაშინ პროტესტი? …ის რამდენი ხანია არ მინახავს, იმ დღეს არც კი მომესალმა. …რამდენი ხანია მეგობრებში გულიანად არ დამილევია და არ მიცინია. დამძიმდა საზოგადოება… სულ პრობლემები, სულ რაღაც უბედურებები. არადა, როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო …
ეს ჩემი ზოგიერთი კოლეგა როგორ ახერხებს თან იმუშაოს და თან გააპროტესტოს რაღაცეები? არ ეშინიათ? …ამბობენ, იმ სამინისტროში ბევრს არ მოსწონს შექმნილი ვითარებაო, ნეტავი „იქიდან“ რომ არიან ხალხი ჩანიშნული, ისინი ვერ ამჩნევენ ამას? …თუ აკვირდებიან და ბოლოს ყველას ერთად გაუშვებენ? …ისე ყოჩაღ, რომ ამ დროს ასე შეგიძლია, თან იმუშაო და თან საკუთარ აზრს აფიქსირებდე. …მაგაზე ამბობენ მამამისი ადრე მაგარ ფულს შოულობდაო და ეტყობა, დანაზოგები და რაღაცეები აქვს და სამსახურის დაკარგვის არ ეშინია, თორემ, ასე ხმამაღლა ხომ არ იტყოდა? …არ ვიცი. …ისე მართლა, რაღაცეები გამოსასწორებელია, ასე ვერ გავქაჩავთ…
ამათიც მიკვირს, ყველაფერზე გაიძახიან მაგრად მიდის საქმეო. …ყველაფერი მოსწონთ, კი მაგრამ ყველაფერი არსად არავის მოსწონს და ამათ რატომ მოსწონთ? …ნუ, პრინციპში მოსალოდნელია. …ეს ხომ იმის დისშვილია, შარშან მოვიდა და ამბობენ ძალიან ნიჭიერი კადრიაო… მე არ მქონია შეხება, ყველა თათბირს კი ესწრება და მაგის ნათქვამი ან გაკეთებული არ მინახავს… იმ დღეს, ფოტო დადო „პარტიულ ბოსებთან“ გადაღებული. იცნობს როგორც ჩანს. …ნუ, საქართველოში ეგ მუშაობს. …პრინციპში ყველგან.
…მაინც, რატომ ჰგონიათ რომ ასე შევძლებთ ბოლომდე გასვლას? რაღაცეები გამოსასწორებელია ფაქტია, გაჭირდება სხვაგვარად… ახლა ყველაფერზე თავის დახრა და მორჩილად ყოფნაც ზედმეტია, ცოტა კრიტიკული აზრი საჭიროა, მაგრამ მე რომ რამე ვთქვა… ის არაფერს ამბობს, მე რა უნდა ვთქვა? გავაგრძელებ, იქნებ გამოვიდეს თავისით რამე? …ისინი ხომ ისევ აპროტესტებენ. …გადამრევს ეს ხალხი, გიჟები არიან, მესმის ხო, რაღაცეები არ ვარგა, მაგრამ რა ვერ გაჩერდნენ, ხომ ხედავენ მაგათი პროტესტი არავის აინტერესებს?
ეს მარშები რაღაა? იმ დღეს, მივდივარ სამსახურის ახალი მანქანით, ზედ გადამიარეს ლამის, ოპერასთან შეძახილები, ფლაერები, დროშები, ისედაც ჭირს ქუჩაში მანქანით საღამოს სიარული, ლამის მანქანა გამიფუჭეს… იარე რა ბორდიურზე, ისედაც 400-600 ადამიანი ხართ ქუჩაში, ნუ ცოტა მეტი, კარგი 3000. წადი, იარე ბორდიურზე, ამ შუა რუსთაველზე რა დაკარგე? …ის გოგო, „მერიოტთან“ წელია დგას, ან დედა არ ჰყავს ან ძმა, ან და? შვილო, წადი ისწავლე რამე, საქმე გააკეთე, ერთი წელია ქუჩაში დგახარ. …ისინი, საქართველოსა და ევროკავშირის დროშით, მთელი წელია დადიან რუსთაველზე. ის მოხუცები, ან ის ახალაგზრები, თუ რა ვიცი ბიჭები და გოგოები ჯან–ღონით და ჭკუით სავსე, ყოფილი სპორტსმენები, ხელოვანები, მეწარმეები, ბიზნესმენები, მედიის და სხვა სფეროს წარმომადგენლები, წადი რა იმუშავე რამე გააკეთე, ახალი თაობა აღზარდე, დგახარ ამ ქუჩაში, ხომ ხედავ ჯარიმები, პატიმრობა და შედეგი ნული…
პატიმრების მშობლებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგათიც მესმის, თუ არ იბრძოლებენ, სხვანაირად არ გამოვა, უნდა გააკეთონ ყველაფერი… ისე, შეიძლება ზოგიერთს სხვა მიზანიც ამოძრავებდეს, მაგრამ უნდა გააკეთონ, მეც ასე ვიზამდი. …მე, პრინციპში ჩემს შვილებს ისე გავზრდი, ქუჩაში არ ირბენენ, მაგრამ თუ მასე მოხდება, მეც იგივეს ვიზამ. კიდევ რამდენი? …ათასობით სხვადასხვა ისტორიის მქონე ადამიანი, ნუ თუ ათასი არა, რამდენიმე ათეული მაინც. …ამ ბოლო დროს 100 კაცი იკრიბებაო მხოლოდ. ზოგი ძალით აჭერინებს თავს, ზოგი საჭმელს აკეთებს, ზოგი ჩაი–ყავაო, ზოგი ისე და ზოგი ასე… არადა, ამ ხალხმა თავისი საქმე რომ აკეთოს, ქვეყანასაც ეშველება, მაგრამ…
ოპერის ინციდენტს დავუბრუნდები… არ მინდა გავიხედო მარშისკენ, ჩემთვის მივდივარ წინ ვიყურები გამიზნულად, მაგრამ შემომივარდა ეს მარში და იძულებული ვარ გავიხედო, არადა სამთავრობო მანქანაა… „სიგნალი“ რომ გამოვიყენო, პოლიცია იფიქრებს მხარს უჭერსო, მერე პრობლემა შემექმნება… არადა, ვიღაცეები მხარს უჭერენ, აი ჩემს წინ ხელით ესალმება მარშის მონაწილეებს… თუ მოგწონს და მხარს უჭერ, ჩამოდი და შეუერთდი… ისე, სხვა გზით უნდა წავსულიყავი, ახლა აქ ვინმემ რომ შემამჩნიოს, ხომ შეიძლება პრობლემა შემექმნას? ის ხომ იმის გამო დააქვეითეს და ატარეს ადმინისტრაციაში, რომ იქ იყო სადაც არ უნდა ყოფილიყო და დააფიქსირეს… ნეტავი, ამ სოციალურ ქსელებს კიდევ უყურებენ? ალბათ კი… იმან ხომ მითხრა, ახლობელი გაუშვესო სახლში ოჯახის წევრებთან რაღაცა ულაპარაკია ნასვამზეო და გაუგეს. ბოდიშები უხდია, მაგრამ არაო… ყველას თავისი არჩევანი აქვს…
კორუფცია… ეს რა ხდება? ყოველ დღე ვიღაცას იჭერენ ჩვენებიდან ფულზე, ქრთამზე, სახლებზე, მიწებზე… არადა, წესით არ ჩანდა ასე. ნუ, საქართველოში ახლა ყველაფერი ცოტ–ცოტა ხდებოდა, ხდება და მოხდება… აბა, სხვანაირად რა ვიცი? …მაგრამ, ეს უკვე მართლა მეტისმეტია, რა ვიცი… არ მინდა მჯეროდეს, რომ ეს ხალხი ამას აკეთებდა, ისე რამდენი გაუშვეს სამსახურებიდან იმის კაცი იყოო, კიდევ კარგი ვარ ჩემთვის და არაფერს ვაკეთებ… დავიღუპებოდი… მაინც რამხელა თანხაზეა საუბარი… რაში სჭირდებოდათ ამდენი ქონება? …ბოლოს და ბოლოს, სხვაზე გადააფორმე ცოტა ხნით… მაგრამ, დღეს ეგეც სარისკოა… ხო, არ ვიცი, არ ვიცი. …ახლა ამათ მიეცათ სალაპარაკო, სულ მაგას ვამბობდითო და აგერ შედეგებიც დაიდოოო. ჰო, ისევ პროტესტი… ისევ არ ჩერდებიან, არ ვიცი…
იქ ვიღაც მოკლეს, დაჭრეს, გაქურდეს, ეს ამდენი ნარკოტიკი. კი მაგრამ, ეს ყველაფერი ახლა გაირკვა? საიდან მოდის ეს ყველაფერი, აქამდე არ ხდებოდა? …ბავშვები გვეზრდებიან, მისახედია. …ისევ სალაპარაკო მიეცათ, ისევ პროტესტი. …აგერ, ოპოზიციური მედია გაიძახის ჩვენი თავისუფლება იზღუდებაო, რესურსები გვეწურებაო. …თუ ამბიცია გაქვთ ყველაფერს უნდა გაუძლო, აგერ „იმედი“ და „რუსთავი 2“ როგორ არიან, რამდენი რეკლამა აქვთ… ამდენი კომპანიაა, მიდი, სთხოვე რეკლამა და დაგეხმარებიან, მაინცდამაინც პარტიამ უნდა დაგაფინანსოს? მაგრამ რეკლამით ფულის შოვნა რთულია, სჯობს პარტიას გამოართვა და იყო ბედნიერად, რა უჭირთ, ყოველ დღე ახალ–ახალ გადაცემებს აკეთებენო ამბობენ. მე ხომ, პრინციპში, სოციალური ქსელებით უფრო ვიგებ ახალ ამბებს, ტელევიზორს არ ვუყურებ. …ისე გამახსენდა, ტელევიზორი მაქვს საყიდელი… ნეტავი ფასდაკლებები სად იქნება? …ის ხომ იქ მუშაობდა, ფასდაკლებაზე დავურეკავ. …არა, არა, არ გამოვა დარეკვა, მაგაზე ამბობენ აქციებზე დადისო… აუ, ისევ შავ პარასკევს დაველოდები და დილით ადრე მივალ.
საჯარო მოხელეების გაშვება გრძელდება, რამდენიმე ასეული გაუშვეს. არაფერი განსაკუთრებული, ასეთი რამ ყოველ წელს ხდება, როტაცია, განახლება, ახალი ამაში არაფერია… მაგრამ ისინი ხომ მართლა კარგი კადრები იყვნენ, მაგათთან ერთად კარგი საქმეები მიკეთებია, ნეტავი რას აწერდნენ ხელს იმ დოკუმენტს, აგერ ზოგიერთმა აღიარა, რომ ემოციური ფონით გამოწვეული ნაბიჯი იყო და აგრძელებენ მუშაობას, დაწინაურდნენ კიდევაც. იმ დღეს შემხვდა რესტორანში, მშვენივრად მუშაობს და ემსახურება სამშობლოს… რა უნდოდათ, 78-ე მუხლი, კონსტიტუცია, ვინმე ამბობს, რომ ევროპასთან ინტეგრაცია შეჩერდა? 2028 წელს განვაახლებთ და მანამდე ვიმუშავებთ ყველანი ერთად ამ მიზნის მისაღწევად … ახლა ვიღაცა სადღაც პრესკონფერენციაზე რაღაცას იტყვის გაბრაზებულ გულზე, ეგ არაუშავს, მთავარია ოფიციალურად რა განცხადება გაკეთდება…
განათლების რეფორმა დაანონსდა… რა ვიცი, მეც არ მომწონს… მაგრამ განათლების სხვა რეფორმების მსგავსად, მე მგონი ესეც ვერ აღსრულდება… ჯერ ჩემები პატარები არიან და მერე იქნებ ნელნელა შეიცვალოს რაღაცეები. თუ პროტესტია, ეს გააპროტესტონ, ჩვენი მხარდაჭერაც ხომ ექნებათ პროტესტანტებს? მაგრამ, როგორ ექნებათ, მე ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვი, ვერ დავწერ… ერთი სიტყვით რომ გააპროტესტონ, ბევრი ისაუბრონ, ჩვენი მხარდაჭერაც ექნებათ დარწმუნებული ვარ, ხალხი ხმას ამოიღებს… და თუ არ გამოვიდა რამე, მაშინ? მაშინ უნდა მოვახერხო, რომ ეს რეფორმა მე ნაკლებად შემეხოს, რამე გზა უნდა გამოვძებნო. ის ხომ მინისტრს კარგად იცნობს, მაგრამ ჩემები რომ გაიზრდებიან ის მინისტრი ნამდვილად აღარ იქნება… რამე იქნება… აგერ, დაწინაურების შესაძლებლობა მაქვს და იმ დრომდე რამე მოგვარდება, მერე უფრო ადვილი იქნება… საფრანგეთში მინდა ისწავლონ ჩემებმა, მათ ნორვეგია ურჩევნიათ, მაგრამ მე საფრანგეთი მინდა… იქ ადვილია დარჩენა და სამსახურის მოძებნა…
ეს „ქიმიის თემა“ გვაკლდა ახლა კიდევ… მოწამლესო ხალხიო… არ მგონია, ამას არ იზამდნენ, ბოლოს და ბოლოს საკუთარ თანამშრომლებს ხომ არ დააზიანებდნენ… აგერ გამოძიებამ დადო დასკვნა, უცებ გამოიძიეს, არაფერი მსგავსიო, არც გვქონიაო და არც გამოგვიყენებიაო… ისე, კი ამბობდნენ, რაღაცა სხვანაირი წყალიაო, მაგრამ რავიცი… საინტერესოა, რატომ არ სჯერათ ამ გამოძიების? რამე რომ ჰქონოდათ დადებდნენ, ჩამოვიდნენ, ნახონ გამოძიების შედეგები თუ აინტერესებთ, ან ამ წყალს ასხამდნენ ყველას და რაღა მაინცდამაინც საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური ხალხი დაზიანდა, სხვები რატომ არა? ნამდვილად 3-5 დეკემბერს არაფერი არ გამოუყენებიათ, 100%. რამე რომ ყოფილიყო არ დაიმალებოდა!
…ისევ პროპაგანდა, ისევ აქციები, ისევ პროტესტი და ისევ ახალი წელი…
რაღაც ამ რამდენიმე წუთში ბევრმა უცნაურმა აზრმა შემაწუხა…
წელს, იმ მეცამეტე ხელფასით ვიცი რაც უნდა ვქნა, სარკე უნდა გამოვცვალო. მშრალ ხიდზე, ვინტაჟური და დაზიანებული უნდა შევარჩიო, მოუხდება ჩემს თანამედროვე დიზაინის აბაზანას, ამ სარკეს კი, სხვას ვაჩუქებ…. კი, ნამდვილად ძველი, დაზიანებული სარკე მესაჭიროება, სიძველის ეფექტით, ბუნდოვანი… სწორია… მთვარია მეცამეტე ხელფასამდე მივიდე…“
საჯარო მოხელე 2026 წლის 1 იანვარს მძიმე სვლით გადადგილდება მისაღებ ოთახში. ქუჩაში კვლავ პროტესტი, კვლავ მილოცვები, წინა წლის იდენტური ვითარება, იმ განსხვავებით რომ ხალხი 400 დღეა ქუჩაში დგას, და მას არ უნდა გაიგოს რატომ, ან რისთვის… არადა ხვდება… დაფიქრებული და ამავდროულად თვითკმაყოფილი ემზადება ახალი წლის დღესასწაულით გამოწვეული „პერსონალური სირთულეების“ დაძლევისათვის…