- შესავალი
კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, ცხადია, იქამდე, სადამდეც შესაძლებელია, სმენას მოსწვდება ადამიანთა თანდათან აგორებული, გაძლიერებული სიცილის ხმა.
დავუგდოთ ყური, როგორ უმატა პლანეტამ ხარხარს.
დედამიწა იცინის, იცინის.. თახთახებს სიცილით.
სიცილი, ქცევის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ასპექტი, დღევანდელი ადამიანისთვის თანდაყოლილი თვისებაა, ყველას გვინახავს, როგორ იღიმის ახალშობილი, რომელსაც ჯერ არაფერი გაეგება იუმორისა, იღიმის, როცა თავს კომფორტულად გრძნობს და ამით გამოხატავს სიცოცხლით თავის სიამოვნებას, მაგრამ ხმით სიცილს, როგორც რეაქციას ვინმეს, ან საკუთარ სასაცილო ქცევაზე, გამონათქვამზე, მცირეწლოვანი ბავშვი ჩვენს თვალწინ დაისწავლის ხოლმე. შეგვიძლია შევნიშნოთ, ბავშვის პირველი სიცილი ხან დედის, მამის, ხანაც ბებიის სიცილის ჟღერადობას როგორ იმეორებს, შემდეგ საბოლოოდ ირჩევს ერთ-ერთ მანერას და თავისად აქცევს.
როდის გაჩნდა ადამიანის ქცევაში პირველად სიცილი? იქნებ პირველყოფილ ხალხებში კბილების უწყინრად ჩვენება ნიშანი იყო იმისა, რომ ერთმანეთს შეჭმას არ უპირებდნენ? თუმცა მას შემდეგ, რაც კანიბალიზმმა, ისევე როგორც სხვა ბევრმა ცხოველურ-ადამიანურმა ქცევამ პირდაპირი ქცევიდან ფსიქიკურ პროცესებში გადაინაცვლა, ზოგჯერ ღიმილი, სიცილი, კბილების ჩვენება ბევრად უფრო ბასრი ჭრილობის მიყენების პოტენციალსაც კი დაეუფლა, ვიდრე როდესმე კბენა და ღრენა შეიძლებოდა ყოფილიყო.
ქცევის ბიოლოგები სიცილის, როგორც სიგნალის დაბადებას ძირითადად სოციალური ტვინის განვითარებას მიაწერენ, როცა ადამიანებმა მოზრდილ ჯგუფებად დაიწყეს ცხოვრება და ერთდროულად ბევრ ადამიანთან კომუნიკაციის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ სიცილი და გაწითლება ევოლუციის ერთდროულ საფეხურზე განვითარდა და ორივე მათგანი არტერიიდან სისხლის დიდი ნაკადის თავის ტვინისკენ დაძვრას უკავშირდება, რეაქცია, რომელიც ადამიანებს, ძირითადად, ურთიერთობის, სხვა ადამიანების სიახლოვეს შეენიშნებათ.
სინთეზური თეორიის მიხედვით, სიცილი პრეადაპტაციურ ფუნქციას ასრულებდა და სავარაუდოა, რომ მოთამაშე, სასიამოვნო ემოციის გამოხატვის უნარის განვითარებას ადამიანთა მოდგმა არსებობის შედარებით მშვიდობიან პერიოდებში შეძლებდა. კულტურული და ბიოლოგიური ევოლუციის გზაზე, კუნთოვანი სიცილი, როგორც რიტუალი, დაახლოებით 2-4 მილიარდი წლის წინ გაჩნდა ადრეულ ჰომინიდებს შორის და ეს მექანიზმი მცირე ჰომინიდურ ჯგუფებს ემოციების გამოხატვაში ეხმარებოდა, ხელს უწყობდა სოციალური თამაშების რესურსების შექმნაში.
სიცილის კოგნიტურად უფრო მაღალგანვითარებული ფუნქცია შედარებით გვიან, ევოლუციის კვალდაკვალ ჩამოყალიბდა და პლანეტის მოსახლეობის განათლების საერთო ფონის მატებასთან ერთად გაძლიერდა.
სიცილი ქვეცნობიერი ქცევაა. ის თავისთავად, უკონტროლოდ ჩნდება, ცნობიერი განკარგულებით სიცილს ვერ დაიწყებ, შეკვეთით მხოლოდ ყალბი სიცილი შეიძლება შეძლო. სიცილი უზარმაზარ ცოდნას გვაძლევს ჩვენი ქვეცნობიერის ცენზურის თუ უცენზურობის შესახებ (არსებობს მეოცე საუკუნის რუსი მეცნიერების, ა.გ. შმელევისა და ვ.ს. ბაბინას იუმორისტული ფრაზებისგან შედგენილი დაფარული მოტივაციების დასადგენი ფსიქოლოგიური ტესტი).
სიცილი გარკვეულ სიტუაციებში ამოხეთქავს ხოლმე ზედაპირზე. მასზე პასუხისმგებელი ტვინის სპეციფიკური მექანიზმების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სიცილი გამოწვეულია მრავალი შეგრძნების ერთობლიობით და ააქტიურებს სხეულის ბევრ ნაწილს. როცა ვიცინით, ვიცვლით სახის გამომეტყველებას, ვუშვებთ ხმებს. ხარხარისას კი მონაწილეობას მკლავების, ფეხების და მაგისტრალური კუნთები იღებენ. სიცილის დროს იცვლება სუნთქვის მოდელიც.
უმეტესწილად სიცილი სხვა ადამიანების მიმართ გზავნილია, ძირითადად, კეთილგანწყობის გამომხატავი – ჩვენ იშვიათად ვიცინით, როცა მარტონი ვართ და ბევრად იშვიათად ვუცინით, ვიდრე ველაპარაკებით ჩვენს საკუთარ თავს.
სიცილი გადამდებია. ხშირად თავად სიცილის ხმაზე გვეცინება, ყოველგვარი შინაარსის, ან სიცილის მიზეზის ცოდნის გარეშე.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ პროვინი თავის სტატიაში „დიდი მისტერია: რატომ ვიცინით?“ აღნიშნავს, რომ სიცილი უმეტეს შემთხვევაში ურთიერთობის ინსტრუმენტია და არა იუმორის. ადამიანები ყველაზე ხშირად ერთმანეთს უცინიან მოკითხვისას, რაიმეს თხოვნისას – „შეგიძლია მათხოვო…. „ – მაშასადამე სიტუაციებში, სადაც არაფერია სახუმარო.
დედამიწის მთელი მოსახლეობა იცინის და იუმორის გრძნობაც ამ ხითხითა ბურთზე მცხოვრებ ყველა ხალხს აქვს, მაგრამ იუმორი, როგორც ადამიანის არსებითი, ფუნდამენტური ქცევა, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ათწლეულებში დააფასა ექსპერიმენტულმა ფსიქოლოგიამ.
ისტორიულად, ფსიქოლოგები იუმორს ნეგატიურ მოვლენად, სხვაზე უპირატესობის მოპოვების ხერხად, ვულგარულობად, ფროიდიანული იდის (არაცნობიერის) კონფლიქტად და რეალური გრძნობების დასამალ დაცვის მექანიზმად განიხილავდნენ. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ადამიანი იუმორს საკუთარი ღირსების წარმოჩენის და თვითშეფასების ამაღლებისთვის, სხვის დასაკნინებლად და ზიზღის გამოსახატად იყენებდა და რადგან ფსიქოლოგები იუმორს ასე ტენდენციურად, აცილების ქცევად მიიჩნევდნენ, შესწავლის ღირსადაც არ თვლიდნენ.
ბოლოს და ბოლოს, იუმორის კვლევა დღის წესრიგში დადგა და ახლა უკვე ფსიქოლოგებმაც შეცვალეს ჩვენება – დღევანდელი თვალსაზრისით, იუმორის გრძნობა, პირიქით, ხასიათის ძლიერ მხარედ განიხილება. პოზიტიური ფსიქოლოგია მიიჩნევს, რომ იუმორი ემოციური კეთილდღეობისა და ოპტიმიზმის გრძნობების მომატებას უწყობს ხელს, ურთიერთობებს ინტიმურობას სძენს და ადამიანებს სტრესის დამარცხებაში ეხმარება. ფსიქოლოგები იუმორს ტრანსცენდენტურ მნიშვნელობასაც ანიჭებენ, როგორც სამყაროში კავშირების გაღრმავებაში და ყოფიერების არსის შეცნობაში დამხმარე თვისებას. იუმორი ახლა უკვე იგივდება სიბრძნესთან და შემეცნებისკენ სწრაფვასთან.
სანამ უკვე დღევანდელი თვალსაზრისის მიხედვით, თავად იუმორის ტიპების, ფუნქციის, შესაძლებლობების სპექტრის და ფენომენოლოგიის განხილვას დავიწყებთ, თვალი გადავავლოთ, რა გზა გაიარა იუმორმა, როგორ აღიბეჭდა კაცობრიობის კულტურის ჩვენამდე შემორჩენილ მატერიალურ ნაშთებში.
უპირველესად სიცილის ღმერთებს გადავხედოთ და შემდეგ ვნახოთ, რამდენად დიდი მხიარულების უფლება მისცეს მათ თავიანთი არსებობით მათივე შემქმნელ ადამიანებს ანტიკურ და შემდეგ უკვე სხვადასხვა ეპოქაში.
მომუსი ბერძნულ მითოლოგიაში სატირისა და დაცინვის ღმერთი ბრძანდებოდა, რომელიც ეზოპეს ორ მოთხრობაში ფიგურირებს. რენესანსის დროს, მომუსი რამდენიმე ლიტერატურულ ნაწარმოებში ტირანიის კრიტიკის მიზნით გამოიყენეს, მოგვიანებით თანამედროვე საზოგადოების კრიტიკის სამსახურში ჩააყენეს, საბოლოდ კი სცენას უწყინარ გასართობ ფიგურად შემორჩა.
ბერძნულ მითოლოგიაშივე, დიონისეს სამეგობროს წევრებად მიჩნეული ორი მხიარული პერსონაჟია – სიცილის, კომედიის, ხუმრობის ღმერთი კომუსი (კომოსადაც მოიხსენიებენ) და გელოსი. პლუტარქეს ცნობით, სპარტაში თანატოსის, ფობოსის და სხვათა მსგავსად, გელოსის საკურთხეველიც კი ყოფილა.
გელოსის ლათინურ (რომაულ) ვარიანტს რიზუსი ერქვა. აპულიუსს თესალიაში ჩატარებული რიზუსის ფესტივალიც კი აქვს აღწერილი, თუმცა დაზუსტებით ცნობილი არ არის, ეს უკანასკნელი მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, თუ ნამდვილად მოხდა ასეთი რამ.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ღვთაებრივი პერსონაჟი ჰყავდათ, ანტიკურ ეპოქაში, განსაკუთრებით ათენში, კომედიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და მხოლოდ რელიგიურ თეატრალურ ფესტივალებზე იყენებდნენ. ანტიკური კომედიის მიზანი პოლიტიკის და მეცნიერების კრიტიკა და მაყურებლისთვის სხვადასხვა ღირებულებების მხიარული გზით მიწოდება იყო. არისტოფანეს (ძვ.წ.აღ. 5-4 საუკუნე)“ღრუბლები“ ერთ-ერთი აღნიშვნის ღირსი კომედიაა, მაგრამ მთლიანობაში, ანტიკური კომედიები არ არის ისეთი მნიშვნელობის, როგორც ანტიკური ტრაგედიები.
შემორჩენილია ძველბერძნული ხუმრობებიც, მაგალითად ასეთი: „არისტოფანეს უთხრეს: ლიდია თვალთმაქცობს და სინამდვილეში არ უყვარხარ. არისტოფანემ უპასუხა: არც თევზს და ღვინოს ვუყვარვარ, მაგრამ დიდ სიამოვნებას ვიღებ მათით“.
მე-12 საუკუნეში მეფეების კარზე არსებობდა კარის მასხარის სოციალური თანამდებობა, რომელზეც „ნიშნავდნენ“ განსხვავებული, თვალშისაცემი გარეგნობის ადამიანებს, რომელთაც არამარტო ენამოსწრებულობით, არამედ თავიანთი გარეგნობით და ჩაცმულობითაც უნდა გაემხიარულებინათ პუბლიკა. კარის მასხარა არ ეკუთვნოდა არცერთ სოციალურ ფენას, ამოვარდნილი იყო სოციალური კონსტრუქციიდან და მას იცავდა მიდგომა „გიჟი თავისუფალია“, ამიტომაც, შეეძლო ეთქვა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა და გარკვეულწილად გავლენა მოეხდინა პოლიტიკურ პროცესზე. ამავე დროს, ეს იყო ერთადერთი გასართობი მეფის კარზე – კლოუნს შეეძლო სიმღერა, ხუმრობა, სახალისო თხრობა.
სიტყვა „ კომედია“ აღორძინების ეპოქის (მე-13 მე-14 საუკუნეები) ავტორის, დანტეს ყველასათვის ცნობილი ნაწარმოების სათაურში გვხვდება, თუმცა, „ღვთაებრივი კომედია“, რა თქმა უნდა, ტრადიციული გაგებით კომედია არ არის. ამ შემთხვევაში კომედია ნიშნავს სასიამოვნოს და არა სასაცილოს, ჯოჯოხეთის საშინელების სამოთხეში სიამოვნებით დასრულებას.
ლიტერატურაში კლოუნის ფიგურა მე-16 საუკუნეში ინგლისიდან შემოდის (მსგავსი რამ იყო ანტიკურ კომედიებშიც), სადაც თეატრის აქტებს შორის შესვენებებზე გამოდიოდა მსახიობი და ართობდა მაყურებელს. მნიშვნელოვან პერსონაჟად კლოუნი შექსპირმა აქცია, „მეფე ლირის“ ცნობილ კლოუნს გამრთობის ფუნქცია ნაკლებად ეკისრება, ის არის მეფის ერთგული თანამგზავრი, რომელიც ცდილობს, თავისი სიბრძნით კატასტროფა ააშოროს ლირს (თუმცა ამას ვერ ახერხებს).
განმანათლებლობის ეპოქაში თეატრიც და ლიტერატურაც სატირას ირჩევს ერთ-ერთ მთავარ ელემენტად. მე-17 საუკუნის ევროპაში, საფრანგეთში – მოლიერი ქმნის კარიკატურულ პერსონაჟებს, ესპანეთში კი იქმნება მსოფლიო ლიტერატურის უბრწყინვალესი ნიმუში, სერვანტესის „დონ კიხოტი“, წიგნი, რომელიც თურმე მსოფლიო ტირაჟით მხოლოდ ბიბლიას ჩამორჩება. „დონ კიხოტშიც“ სატირული ფორმით არის გადმოცემული ღრმად ფილოსოფიური აზრები ცხოვრების შესახებ.
სატირა რადგან ვახსენეთ, ძველბერძნული ტყის ღვთაებები, ნაყოფიერების დემონები, მხიარული თხისფეხებიანი არსებები, სატირები უნდა გავიხსენოთ, რომლებიც საბერძნეთის კუნძულებზე სახლობდნენ, ზარმაცები და თავაშვებულები იყვნენ და დროს სმასა და ნიმფებზე ნადირობაში ატარებდნენ. მოკლედ, არც თუ ისე რესპექტაბელური გარეგნობითა და თვისებებით გამოირჩეოდნენ, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ძველად იუმორი მდაბიოთა, უგემოვნოთა, მუქთახორათა და ლაზღანდარათა კუთვნილებად უფრო ითვლებოდა, ვიდრე არისტოკრატიული ფენისა და განსწავლული საზოგადოების შესაფერ ქცევად. ამასვე ადასტურებს ისიც, რომ ტრაგედია, გარდა შემაძრწუნებელი შინაარსისა, ყოველთვის დაწერილი იყო პათეტიური, ამაღლებული ენით, კომედია კი ყოველთვის იწერებოდა უბრალო ხალხისთვის და მისი ენაც, შესაბამისად, მარტივი და ხალხური იყო.
მე-19 საუკუნეში, რეალიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები, ბალზაკის „ადამიანური კომედია,“ ასამდე რომანისგან და მოთხრობისგან შემდგარი ერთი დიდი პანო, საფრანგეთის მორალური მდგომარეობის რეალისტური აღწერაა და არც აქ არის რამე სასაცილო. ბალზაკმა „კომედია“ დანტეს მიბაძვით გამოიყენა ჩვეულებრივზე, ყოველდღიურზე აქცენტისათვის.
ყველაზე საინტერესო საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ამბავია: ბავშვებისთვის წიგნები მე-18 საუკუნემდე არ იწერებოდა. მანამდე არსებული, უმეტესად ზეპირსიტყვიერი, ანტიკური ხანიდან მოყოლებული – იგავები, მითები, ლეგენდები, თქმულებები, ზღაპრები და ა.შ. უფროსებისთვის იქმნებოდა. განმანათლებლები დიდაქტიკურ საბავშვო ლიტერატურას წერდნენ და არა გასართობს და სახალისოს.
მე-18 საუკუნიდან, უპირველესად რომანტიკოსებმა (ძმები გრიმები) დაიწყეს ზღაპრების შეგროვება და ბავშვებისთვის გამოცემა, პირველი ნამდვილი საბავშვო, გასართობი, სასაცილო, მხიარული წიგნები კი მე-19 საუკუნეში დაიწერა – ლუის ქეროლი, მარკ ტვენი და ა.შ.
ერთი სიტყვით, იუმორი, სიმსუბუქე, არასერიოზულობა, სიხალისე, მხიარულება – ძალიან დიდხანს არ მიიჩნევა ლიტერატურის სერიოზულ თვისებად, განსხვავებით ირონიისგან, რომელიც, როგორც ლიტერატურული სტილის ელემენტი, სერიოზულიც არის და მაღალი ოსტატობის მაჩვენებელიც.
ირონიული სტილის შესანიშნავი მაგალითია თომას მანი. თავისუფლების ხარისხის ზრდასთან ერთად იზრდება გამბედაობაც, იუმორი იქცეს სერიოზულ ლიტერატურულ ხერხად. მე-20 საუკუნიდან ვითარება ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაშიც სრულებით იცვლება და იუმორი, როგორც მაღალი ინტელექტის ერთ-ერთი თვისება უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს. თუმცა არსებობენ ავტორები, რომლებიც არასდროს იღიმიან, ასეთია, მაგალითად, ფრანც კაფკა და არსებობენ ავტორები, რომლებიც იუმორს კაცობრიობის ტკივილებისგან მხსნელად მიიჩნევენ, მაგრამ თავად არაფერზე ეცინებათ, როგორც, მაგალითად ჰერმან ჰესეს და სხვა.
მოდით, ახლა მაღალი ხელოვნების ერთ-ერთ მთავარ ტაძარში, ოპერის თეატრში შევიხედოთ.
ტრადიციული ოპერის (ოპერა სერია) შინაარსს უმეტესად საფუძვლად მითოლოგიური და ისტორიული მასალა უდევს და მოქმედი პირები ღმერთები, ნახევრადღმერთები, მეფეები, თავადები არიან, სიუჟეტი ტრაგიკულია და აუცილებლად მთავრდება მთავარი გმირის, ძირითადად ქალის სიკვდილით. სიკვდილის მიზეზი განსხვავებულია – ავადმყოფობა (პუჩინის „ბოჰემა“, ვერდის „ტრავიატა“), თვითმკვლელობა (ვერდის „აიდა“), ეშაფოტი (დონიცეტის „მარიამ სტიუარტი“), ყელის გამოჭრა (ვერდის „რიგოლეტო“, ბიზეს „კარმენი“) სიკვდილის ყველა სახეობა მისაღებია ტრაგიკული სიუჟეტისთვის. (ცალკე განხილვის თემაა, თუ როგორ ხდება საოპერო ხელოვნებაში ქალების ინსტრუმენტალიზაცია), თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ ოპერას საფუძვლად ლიტერატურული ნაწარმოები ან, როგორც ვთქვით, ისტორიული მოვლენა უდევს და შესაბამისად, სიკვდილის ფორმა, რა თქმა უნდა, წმინდა საოპერო გამოგონება არ არის.
ოპერა ბუფა უფრო მსუბუქია, მთავარი მოქმედი პირები დაბალი ფენის წარმომადგენლები არიან, ამიტომ უფრო სახალხო და ადვილად გასაგებია ყველასთვის. ასეთია, მაგალითად როსინის „სევილიელი დალაქი“ ან მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“.
რა ხდება ვიზუალურ ხელოვნებაში? რამდენად და როდიდან მხიარულდება ის?
კომიქსს, – ილუსტრაციებით ამბის თხრობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, კომიქსის ადრეულ წინამორბედებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ტრაიანეს სვეტი რომში, ეგვიპტური იეროგლიფები, ბეიუქსის გობელენი…
ასევე შეგვიძლია მივიჩნიოთ ბიბლიის ის ვერსიები, რომლებიც ძირითადად სურათებს ეყრდნობოდა და არა ტექსტს და ფართოდ იყო გავრცელებული ევროპაში, რათა ქრისტიანობის სწავლება წერა-კითხვის არმცოდნეთათვისაც შესაძლებელი გაეხადათ.
კომიქსი, ხალხისთვის მასობრივად ხელმისაწვდომი სტამბის გამოგონებამ გახადა. ლიტერატურის მსგავსად, ადრეული ნაბეჭდი მასალა კონცენტრირებული იყო რელიგიურ თემებზე, მაგრამ მე -17 და მე -18 საუკუნეების განმავლობაში კომიქსებშიც აისახა პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ასპექტები და ამასვე მოჰყვა კომიქსებში სატირისა და კარიკატურული ელემენტების გაჩენა. ამავე პერიოდში შეიქმნა ილუსტრაციებზე თანდართული ტექსტის ჩასაწერი ბუშტი, როგორც დიალოგის მიბმის საშუალება.
დღევანდელ დღეს უკვე აღარავის უკვირს იუმორი სახვით ხელოვნებაში, არქიტექტურაშიც კი. ჰუნდერტვასერის ერთი შეხედვით ინფანტილური ესთეტიკის შენობები, არაფერია სხვა, თუ არა სერიოზულობით სავსე გარემოსთან ლაღი ხუმრობა და არამარტო მისი ნაგებობები, უკვე ბევრი არქიტექტურული „თავდაყირა“ შენობა გვხვდება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
იუმორის ისტორიისთვის ასეთი ზერელე თვალის გადავლებაც საკმარისია, ვიგრძნოთ, რომ კარგა ხანს, ხორხოცი მაინცდამაინც კარგი გემოვნების მაჩვენებლად, ან კარგ ტონად არ ითვლებოდა. მითუმეტეს ვერ ჩაითვლებოდა ნატიფი ესთეტიკის სამკაულად. არადა მსოფლიო რამდენ რამეს აირიდებდა თავიდან, სახეში შეხარხარება რომ გაებედა დიქტატურისთვის, ფაშიზმისთვის და რამდენ რამეს აირიდებს მომავალში, თუ მეტი სითამამით დასცინებს ომების წამომწყებთ, სიხარბით შეპყრობილებს და რაც მთავარია, ყოველი ინდივიდი ისწავლის გაცინებას საკუთარ თავზე და საკუთარ თავშივე განმუხტავს მარტივი სტრესებისგან მოგვრილ, საკუთარი თავის სიბრალულით ან შეზიზღებით აგებულ პათეტიკურ შინაარსებს. ამით ადამიანი ესთეტიკური განვითარების მხრივ უფრო უხეში გახდება? ალბათ კი. სამაგიეროდ, რეპრესირებული სურვილების მხიარულად გარდაქმნა-გამოხატვით, ტაბუირებული თემების გამოთავისუფლებით, იუმორი ყველა სხვა სახის ხელოვნებას აჭარბებს ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ დამოკიდებულების სწრაფ ცვლილებაში. ისიც აშკარაა, ნატიფმა ხელოვნებამ თუ რელიგიებმა მხოლოდ გარკვეულწილად შეძლეს კაცობრიობის ხსნა სისასტიკისგან. იქნებ ჯერი იუმორზეა, რომელიც თავს არაფრისგან იზღუდავს. მას გააჩნია პოტენციალი ხსნისაც და პირიქით, ყველა ფასეულობის ჩამოშლისაც. იუმორიც, როგორც ნებისმიერი იარაღი, მთავარია კეთილი მიზნისთვის იყოს გამოყენებული.
მოგვწონს თუ არა ეს, დახვეწილი ქცევის საკითხია თუ ნაკლებად, მაღალგანვითარებული ინტელექტის პროდუქტია, თუ მდაბიო, უხეში ხუმრობა, მსოფლიო დღითიდღე უმატებს ხარხარს. ადამიანები ყველაზე და ყველაფერზე ბედავენ სიცილს, იუმორი მრავალფუნქციური იარაღი ხდება. იცინის ყველა, განათლებული და გაუნათლებელი, სულელი თუ ჭკვიანი… ხალხი დასცინის ლიდერებს, ლიდერები ხალხს, მსოფლიო ცოტაც და სრულად კლოუნების ხელში გადავა და იქნებ როდესმე ომებიც შეცვალოს იუმორის ფესტივალებზე შერკინებამ. უკრაინამ ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, პროფესიონალი კლოუნი აირჩია ქვეყნის ლიდერად, რადგან შენიღბულთან შედარებით, გაცხადებული ბევრად პატიოსანია.
ერთი სიტყვით, დაქრის წრეზე კოსმიურ კარუსელში ჩაბმული დედამიწა მზარდი ინტენსივობის ჰომერული სიცილით. როცა პლანეტის აღსასრულის სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ, კლიმატური ცვლილებიდან დაწყებული ბირთვული აფეთქებით, თუ მზის ჩაქრობით დასრულებული, რა თქმა უნდა, ხუმრობით, წარმოვიდგენ ხოლმე, ერთ დღეს როგორ სკდება დედამიწა სიცილით და იფანტება გალაქტიკაში ერთ დიდ კოსმიურ გადახარხარებად.
გაგრძელება იქნება