ერთხელ თურმე ქრისტე მისეირნობდა და ბაზართან თავმოყრილი ხალხი შენიშნა. მიუახლოვდა და დაინახა, რომ ძაღლის ლეშს უყურებდნენ. ერთი ამბობდა – ფუ, როგორ ყარსო. მეორემ, ამის შემყურე ხან ვარწ-ევდი და ხან ვი-ვავდიო. ქრისტე კი დაიხარა და ძაღლის ლეშს ისე დააცქერდა, გეგონება მშვიდად ჩაძინებულ ბავშვს უყურებსო და თქვა: „ღმერთო, რა ლამაზი კბილები აქვსო”.
მგონია, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, ეს ამბავი კინოზეც არის. არიან ავტორები, ვინც ლეშს ხედავენ და ვისაც ზედმიწევნით ზუსტად შეუძლია ამ ლეშის აღწერა და ისინი, კბილებს რომ ამჩნევენ (ვინც ლეშს საგულდაგულოდ გადამალავს ხოლმე, იმათზე ლაპარაკიც არ ღირს), ალბათ პირველ ეტაპზე ლეშისთვის თვალის-კამერის გასწორებას ვსწავლობთ და შემდეგ ეტაპზე კი მარგალიტად წყობილი კბილების დათვალიერებაც შეგვიძლია.
„სერგო გოთვერანი” გახსოვთ? 2009 წლის, ირაკლი ფანიაშვილის გადაღებული ფილმია (ოპერატორი: ნათელა გრიგალაშვილი) არ მიყვარს ეს სიები (ფილმები, რომელიც უნდა ნახო, სანამ სიბერე ძუ მგელივით მოგვიხტება და ა.შ), ქულები და დატოლება, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა, ჩემთვის XXI საუკუნის ნომერ პირველი ქართული ფილმი – „სერგო გოთვერანია“’. თავის დროზე როცა ვნახე, მეგონა, რომ ისეთ ფილმად იქცეოდა, აი, გეზის მიმცემად თანამედროვე ქართული კინოსთვის. რატომ და პირველ რიგში, რეალობასთან დამოკიდებულების გამო. სინამდვილის გამო, ფილმის პერსონაჟი ბაბუის მზერისა და მისი მუსიკალური ხითხითის გამო, უემოციო მოსამართლის განაჩენის კითხვის ფონზე ბავშვის ემოციების გამო, დამწუხრებული დედისა და საბნიდან მომზირალი დაღლილი, გამოფიტული, ენერგიისგან დაცლილი მამის სახის გამო, რომელიც ჩამოჰგავს ჩვენი მამების სახეებს, იმ მამებისას, რომელთაც ვერც იქურდეს, ვერც სხვები დაჩაგრეს, ვერც გაბლატავდნენ, ვერც გამდიდრდნენ, ვერც გალოთდნენ, ვერც დაიხოცნენ’ და რომელთაც ძალიან უჭირთ ცხოვრება. ერთ საწოლზე, ერთი „ადიელის“ ქვეშ შემძვრალი შვილიშვილის, მამისა და ბაბუის რამდენიმეწამიანი სცენის გამო და კიდევ მრავალი რამის გამოც.
ცოტა ხნის წინ ამ ფილმის რეჟისორი გავიცანი და მასთან ერთად კინოცენტრის იმ კომისიაში ყოფნის პატივი მქონდა (პათეტიკა მცირე დოზებით არ დაგვღუპავს), რომელსაც პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი უნდა შეერჩია 2020 წლის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში. კომისიის წევრების უმრავლესობას მანამდე ვიცნობდი და ვაფასებდი, მაგრამ ირაკლიზე გავამახვილე ყურადღება, რადგან მისი ფილმი მაგალითად მოვიყვანე და თან პირველად შევხვდი. იშვიათად მისაუბრია ადამიანთან, რომელიც ასე ზედმიწევნით ზუსტად ერკვევა დრამატურგიასა და კინოში.
გუშინ, ცოტა დაგვიანებით ვნახე, რომ კონკურსის შედეგებს ზოგიერთი პროდიუსერი და მონაწილე გაუნაწყენებია. წერილიც შემხვდა, სადაც სულ „დაუტრენინგებლად და შეუფერებლებად“ მოგვიხსენიებენ. ამას რატომღაც წინა კონკურსის კომისიისადმი გულში ჩახვეულ წყენასაც თან ურთავენ. ამბობენ – არა გამარჯვებულ პროექტებს კი არაფერს ვერჩით, მაგრამ მაინც, რაც არ უნდა თავაზიანი პრელუდია გააკეთო და ამტკიცო, რომ ამას არ გულისხმობ, მაინც ასე გამოგდის და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება წინ დააყენო საკუთარი ფილმის პროექტი, როცა არ იცნობ გამარჯვებულ პროექტებს.
კომისიის არაკვალიფიციურობის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი კი შეფასების ფურცლებია, სადაც კომისიის წევრების დაწერილი ქულა აცდენილია სიტყვიერ შეფასებას, სადაც ჩანს, რომ ერთი შეხედვით აქებენ რეჟისორს, თუმცა შედარებით დაბალ ქულას უწერენ. მაგრამ აქ ფურცლის მხოლოდ ერთი გვერდია აფრიალებული და არ არის მეორე გვერდი, სადაც შეფასებულია სცენარის სუსტი მხარეები და მართალია სცენარის, რეჟისორისა და პროდიუსერის შეფასებები გაყოფილია, მაგრამ როგორ უნდა შევაფასოთ სცენარისგან დამოუკიდებლად რეჟისორი და პროდიუსერი, როცა კომისიამდე ერთ მუშტად შეკრული პროექტი მოდის და ხშირ შემთხვევაში სცენარის ავტორი თავად რეჟისორია.
თითქოს რა დროს ამაზე ბაზარია, აქეთ კორონას ვირუსია მომდგარი და საერთოდ რა ხდება ქვეყანაში – ხალხს შია, მოსახლეობის ნახევარი ეშერიხია კოლის ბაქტერიით დაავადებულ წყალს სვამს, იქით ტყვია გვიღებს ბოლოს (იხილეთ მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა – MICS, 2018) და რა დროს კინოა თითქოს, მაგრამ თან არის.
თუ არ გვინდა დავემსგავსოთ იმ უპასუხისმგებლო ჩინოვნიკებს, საქმოსნებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კარიერასა და ქონებაზე, ჩაწყობებით მოგებულ ტენდერებზე, საკუთარი ბიზნესის ლობირებაზე არიან გადართული, კარგად უნდა გავიაზროთ ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობები. საერთოდ რისთვის ვიღებთ ფილმებს? რატომ ვიღებთ აქ და ახლა? რა გვაქვს სათქმელი? ვიღებთ იმისთვის, რომ წითელ ხალიჩაზე გავისეირნოთ, თუ იმისთვის, რომ რაღაც გვაწუხებს.
ფილმის გადაღება კი არა, მგონია, რომ სიტყვას არ უნდა ვწერდეთ მუდმივად განახლებადი კითხვების გარეშე; იმაზე ფიქრის გარეშე, თუ ვისთვის ვიღებთ, რა ამბავს ვყვებით, როგორ იცვლება ეს ამბავი ჩვენთან ერთად და შეუძლია თუ არა მას სხვისი შეცვლა. ვინ არიან ჩვენი პერსონაჟები – დრამატურგიული ფუნქციის მატარებელი ფიტულები თუ ნამდვილი, ცოცხალი ადამიანები და როგორ გავექცეთ სატელევიზიო სიუჟეტების მსგავსს ზედაპირულობას.
და გასაგებია, რომ კინო ბიზნესია, მაგრამ კიდევ არის ხომ რაღაც ბიზნესის გარდა? ხშირად გვაეჭვებს ის, რაც ერთი შეხედვით აშკარაა? ისევ გვაღელვებს კითხვებისა და პასუხების ცალმხრივი სიყვარულის ტრაგიკული ისტორია? ხომ არ გვაკლია ის უცხო ხედვა, „კარგად ცნობილის გაუცხოების“, მზერა, რომელიც გახრწნილ ლეშს (ასე რომ წააგავს ჩვენს გარემოს), ისე შეგვახედებს, გეგონება ახლად ჩაძინებულ უმანკო ბავშვს ვუყურებთო.