მორჩილება თუ „დედოვშინა“ 

პუბლიკა

გიორგი მელაძე

ბოლო წლებია აქტიურად ვლაპარაკობთ დაუმორჩილებლობაზე. ამ სიტყვაზე ყოველთვის მახსენდება რუსთაველის გამზირი, მრავალფეროვანი საზოგადოება, პოლიციის დრონები და ცოტა შიშნარევი მოლოდინი, რომ დაგვარბევენ. ასე გამოიყურებოდა დაუმორჩილებლობის კამპანია კოვიდის დროს, როცა საზოგადოების ერთმა ნაწილმა გავაპროტესტეთ მთავრობის დისკრიმინაციული და უპასუხისმგებლო პოლიტიკა და დავარღვიეთ დაწესებული „კომენდანტის საათი“, სახლებში არ წავედით მთავრობის მიერ მითითებულ დროს. 

ეს არ იყო დაუმორჩილებლობის ერთადერთი შემთხვევა. დაუმორჩილებლობა იყო, როცა გირჩის წევრებმა კანაფი დათესეს, როცა ჭიათურის სოფელში ადგილობრივმა მოსახლეობამ უარი თქვა არ შეუშვეს სოფელში და ბევრი სხვა. დაუმორჩილებლობა უცხო არ არის ჩვენი კულტურისთვის, თუმცა არც მორჩილებაა უცხო და დღეს ამ ნაწილზე მინდა დავწერო და ვიმსჯელო თქვენთან ერთად.

მორჩილებაზე როცა ფიქრობ, ფიქრობ შიშზე, ფიქრობ ფარისევლებზე, საკუთარ დედებს რომ ყიდიან, ფიქრობ, მოწიწებაზეც, და შინაგან ბორკილებზე, ადამიანს მოქმედებას რომ უზღუდავს და აუბედურებს. მორჩილება უკავშირდება დიდ ფულს და დიდ ძალაუფლებას და ყოველნაირად ცდილობს, ადამიანში გატეხოს სიხალისე, თავისუფლება, სითამამე, სიყვარული და ლტოლვა სიახლისკენ, აღმოჩენისკენ. მიუხედავად ამდენი ნეგატივისა, მორჩილებას აქვს ტავისია დგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მისი ნაწილია. ჩვენ ვითხოვთ კანონის მორჩილებას, წესის მორჩილებას, ტრადიციის და რწმენის მიმართ მორჩილებას და მიუხედავად განსხვავებული დამოკიდებულებებისა, ვცდილობთ მორჩილების იმგვარი სისტემის შექმნას, რომელიც მეტად ან ნაკლებად შეზღუდავს ადამიანს. ზუსტად აქ იმალება მთავარი საფრთხე – ავტორიატრული რეჟიმი თოკის თავისკენ გადაწევას ცდილობს, ცდილობს მორჩილების სივრცე გააფართოოს და დაგვაჯეროს, რომ მორჩილებაშია ბედნიერება.

დიახ, სწორედ ასე მოგვეწოდება ეს პოლიტიკური ქიმია – მორჩილებაშია ბედნიერება! დაფიქრდით, როგორ იკავებს მორჩილების კულტურა საარსებო სივრცეებს. პატარა ბავშვებისთვის მიცემული მითითებეი და ისტერიული მშობლები, გასაქანს რომ არ უტოვებენ შვილებს. ეს შვილები იზრდებიან და ნორმალური ჰგონიათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობების მოსახატად სახელმწიფოსგან ნებართვის აღება. ყველას, ვინც ასეთ ნებართვას არფარად დაგიდევთ, ანარქისტებს უწოდებენ და წესრიგის სახელით ებრძვიან.

ეს ერთი მაგალითია და შეიძლება ბევრს შენიშვნაც გაუჩნდეს, რა წესია ვანდალიზმი და რატომ უნდა ხატავდეს ვინმე სახელმწიფო შენობის კედელზეო. რატომ უნდა ხატავდეს და იმიტომ, რომ თავისუფლების ნაწილია შექმნა, დახატო, აზრი გადმოსცე და თუ ვინმე არ გეთანხმება, შეუძლია წაშალოს და დიახ, დახარჯოს ამაზე ფული, რადგან შეუძლებელია სახელმწიფო ფულისთვის უფრო დიდებული მიზანი არსებობდეს, ვიდრე ადამიანის თავისუფლების მსახურებაა. კონსტიტუციას თუ ჩავხედავთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუტებიც და სახელმწიფოს ბიუჯეტიც.

ამაზე მეტს აღარ დავწერთ, ცალკე წერილად შეიძლება ლაპარაკი დაუმორჩილებლობის ფორმებზე. დავუბრუნდეთ მორჩილების იდეას. საქართველოში უკვე ყველასთვის  ცნობილმა მკვლევარმა, ჯინ შარპმა მორჩლების კულტურის გატეხვა დაასახელა არაძალადობრივი სტრატეგიული სამოქალაქო კამპანიების მთავარ ინსტრუმენტად. მისთვის მნიშვნელოვანი იყო მორჩილების საყრდენი ინსტიტუტების მოძიება, მათი მოშლა  და ადამიანებისთვის მოქმედების სივრცის გამოთავისუფლება.

მოდი, ვნახოთ, რაზე დგას მორჩლება ჩვენს ქვეყანაში, რომელი ინსტიტუტები უმაგრებენ მას ზურგს და როგორ ითარგმნება მორჩილების კულტურა მორჩილ პოლიტიკურ წესრიგში, რომელიც კონსტიტუციით გაცხადებულ დემოკრატიულ წესრიგს შლის და ავტორიტარულ რეჟიმს აძლიერებს. 

თავიდან უნდა დავიწყოთ და პოლიტიკურ სივრცეს შევხედოთ. განსაკუთრებული პერსონაჟები არიან პოლიტიკური ფიგურები, ერთ დროს უცნობი და უცბად გამოჩეკილი დეპუტატები, უსიტყვი მორჩილების მდუმარე ობელისკები ქართულ პარლამენტში. ასეთი რამ, რასაც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში ვაკვირდებით, ძალიან უცხოც არ არი და მსგავსი გვინახავს, მაგრამ ამ მასშტაბის უსიტყვო მორჩილება ჩემ თაობას არ გვახსოვს. ასეთი ახსოვთ საბჭოური სისტემის მემატიანეებს. ახალი აბსოლუტიზმი, პარტიული დიქტატურა, მონობა . . . მოიფიქრეთ სხვა სახელი, რომელიც აღწერს მმართველის აბსოლუტურ ძალაუფლებას, დაქვემდებარებულის უსიტყვო მორჩილებას და გამოიყენეთ. ასე რომ, მორჩილების ერთ საყრდენად აუცილებლად უნდა ვხედავდეთ პარტიულ სისტემას. ნებისმიერი პარტია, რომელიც ავტორიტარულ ხერხემალზე დგას, მორჩილების ინსტრუმენტია და პოტენციური სამიზნეა დემოკრატიული მოძრაობისთვის. პირველ რიგში ის, ვისაც ძალაუფლება აქვს და დღეს ასეთი პარტია ივანიშვილის დაჯგუფებაა.

შემდეგი ინსტიტუტი, რომელიც აუცილებალდ მოხვდება მორჩილების რუკაზე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა. მორჩილება ამ ინსტიტუტის საყრდენი პრინციპია. ამ ინსტიტუტის მცოდნე ხალხი უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ეკლესიისთვის მრევლის მორჩილება უფრო ძვირფასია, ვიდრე რწმენა, რომელსაც ის უნდა ემსახურებოდეს. უამრავ უწესობასა და კანონდარღვევაში გახვეულ სასულიერო პირებს რომ აკვირდები და გაჩუმებულ მრევლს უყურებ, ბევრი მტკიცებულება აღარ გჭირდება ზემოთქმული აზრის დასადასტურებლად. დიახ, ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი დადის ეკლესიაში, სადაც მორჩილება, გაჩუმება, დათმენა უფრო ფასობს, ვიდრე მხილება, გამოაშკარავება და წესის მიხედვით რეაგირება.

სამართალდამცავი სისტემა შემდეგია და სწორედ მასზე დგას მორჩილების ერთი მექანიზმი – „ლეგიტიმური სანქციები“. დიახ, სწორედ ასე უწოდებენ მრავალათასიან ჯარიმებს, პატიმრობას, მოსნეას, თვალთვალს, აქტივისტების წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას „ჭორიკნების“ სოციალურ ქსელებში, შანტაჟს და ა.შ. ყველა ეს ოპერაცია სრულდება ოფიციალური დავალებების, უკანონო ბრძანებების საფუძველზე. ცინიკურია, როცა კანონიერებისკენ მოგიწოდებს ოფიცერი, ვინც გუშინ ცრუ ჩვენებას აძლევდა სასამართლოს. სწორედ ასეთ სიყალბეზე შენდება წარმატება ამ ინსტიტუტებში და იშვიათია პროფესიონალი, რომელიც დანაშაულებრივ გარიგებაში არ იმყოფება მმართველ რგოლთან.

ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული ორგანიზებული ჯგუფები. უსიტყვო მორჩილებაზე მდგომი კრიმინალური სტრუქტურები კვლავაც ინარჩუნებენ აქტუალობას და ეფექტური მოქმედების რესურსიც არ დაუკარგავთ. ბევრი დაკვირვება არ ჭირდება კრიმინალების ნახვას საარჩევნო უბნებთან, პოლიტიკურ პარტიებში, ეკლესიებში, ბიზნესში და ა.შ. ტრადიციული („კანონიერი ქურდები“) და ახალი (შეიარაღებული ბანდ-ფორმირებები) კრიმინალური ჯგუფები დღესაც აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ სისტემასთან და მორჩილების საყოველთაო სისტემის შენარჩუნებაში ფინანსური და ადამინური რესურსის ჩადებასაც არ ერიდებიან.

ერთი სახრე პოლარიზებულ მედიასაც ეკუთვნის, რომელიც ზღუდავს სააზროვნო სივრცეს, ადამიანის მცირე ჯგუფს აქცევს „მოლაპარაკე თავებად“ და განიზიდავს ფართო საზოგადოებას საჯარო დისკუსიისგან. აქვეა ბიზნესიც, რომელიც წარმატების მისაღწევად ემორჩილება უკანონო მითითებებს და თავისუფალი ბაზრის კანონების ნაცვლად სახელმწიფოს მითითებებით მოქმედებს.

მორჩილების ასეთ საყოველთაო სისტემას „დედოვშინა“ უწოდა საბჭოთა საზოგადოებამ და დღეს სწორედ ასეთ მასობრივ დედოვშინაში გვიწევს არსებობა, ბრძოლა და გზების ძიება. „დედოვშინა“ ავტორიტარიზმის იმგვარი ფორმაა, როცა ძალაუფლების მქონე არად დაგიდევს დამორჩილებულის ინტერესს, ბოლომდე ანადგურებს მას და ამისთვის იყენებს მისთვის ხელმისაწვდომ ყველა მექანიზმს.

დიახ, „დედოვშინაში“ ვცხოვრობთ და ეს სისტემა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვახსენებს თავს. უბრალოდ მივეჩვიეთ და აღარ ვიმჩნევთ, აღარ გვტკივა სახრე, თორე ნებისმიერი უკანონო გაჩერება ქუჩაში, ნებისმიერი ტყუილი პოლიტიკოსებისგან ნორმალურ საზოგადოებაში საყოველთაო განხილვის და დამნაშავის მოვკეთის საფუძველი გახდებოდა. დამნაშავის მოკვეთა „დედოვშინას“ ასუსტებს და აქრობს. ჩვენ კი დაგვავიწყდა, როგორ უნდა მოვკვეთოთ დამნაშავე. ის კი არა, დამნაშავის მიზანში ამოღებასაც ვერ ვახერხებთ და ვწუწუნებთ, რომ ბუჩქებს ეფარებიან, სწრაფად დარბიან, ფერს იცვლიან ქამელეონებივით და ა.შ. ტყუილია, ყველაფერი ხელის გულზე დევს. მთავარია, გვესმოდეს, როგორ მუშაობს სისტემა და საჭირო დროს, საჭირო პასუხისმგებელი პირის დროული იდენტიფიცირება შევძლოთ, შევთანხმდეთ და საზოგადოებისგან მის გარიყვას მივაღწიოთ.

ცრუ ჩვენების მიმცემი პოლიციელი პოლიციელი არ არის, შეურაცხყოფს ფორმას და კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებული ბიზნესი ბიზნესი არ არის, უნდა მოხდეს მისი ლუსტრაცია და მივაღწიოთ მის ამოძირკვას. მოძალადე მღვდელი არ იმსახურებს მღვდლობას და აუცილებელია პასუხი მოეთხოვოს იმ წესით, რომელ წესზეც ხელი აქვს მოწერილი და ა.შ. ბრძოლა ესაა, დროს ამას უნდა ვახარჯავდეთ, თუ დემოკრატიული ცვლილების მხარეს ვდგავართ. გრძელვადიანი ბრძოლაა? გაცილებით ნაკლები დრო ჭირდება, ვიდრე წარმოგვიდგენია. სადღაც უნდა დავიწყოთ და შედეგიც არ დააყოვნებს. საქართველომ ერთხელ უკვე შეძლო  და მეორედაც არ გაუჭირდება.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს რედაქციის შეხედულებებს.