ავტორი: ბექა გაბადაძე
17 მაისს ხილვადობის პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციის, „თბილისი პრაიდის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხელი საქართველოს 15-მდე პარტიამ და მოძრაობამ მოაწერა.
აღნიშნული დოკუმენტი საზოგადოებისათვის წარდგენილ იქნა, როგორც სიმბოლური შეთანხმება, რომელიც გარკვეულ საკითხებზე აღნიშნული პარტიების დამოკიდებულებას აღწერს.
ამავე დროს მემარჯვენე მედიასაშუალებები ინტერესდებიან, რატომ არ აწერენ ხელს აღნიშნულ შეთანხმებას სხვა პოლიტიკური აქტორები. ეს ერთგვარი „შერცხვენის“ სტრატეგია ხდება ელექტორალური გამორკვევის საშუალება. მარტივად ეს სტრატეგია ასე ჟღერს, არ აწერ ხელს, ესე იგი ჰომოფობი ხარ. ეს მიდგომა კი თავისი არსით ჰომოფობიურია, რადგან ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზებას ახდენს.
საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული ხელმოწერა გასულ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მომხდარიყო. მაგრამ იმის გამო, რომ წინასაარჩევნოდ პარტიები არ აღმოჩნდნენ მზად ხელმოწერისათვის მხოლოდ წელს მოეწერა ხელი.
საინტერესოა, როგორია დოკუმენტის შინაარსი და რამდენად ესმის ის ხელმომწერ პარტიებს. ერთ-ერთი პუნქტი ხელმოწერიდან დისკრიმინაციის დაუშვებლობას შეეხება. ხელმომწერი პოლიტიკური გაერთიანებიდან „გირჩმა“, შეკითხვაზე – როგორ ესმით დისკრიმინაცია – აღნიშნეს, რომ ისინი დისკრიმინაციის წინააღმდეგნი არიან საჯარო სამსახურებში და არა კერძო სექტორში. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, თუ ტრანსგენდერ ქალს, რომელიმე ტაქსის კომპანია გადაყვანაზე უარს ეტყვის მისი გენდერული იდენტობის გამო, მგზავრს საშუალება არ ექნება, მოითხოვოს გადაყვანა.
სინამდვილეში 2014 წლიდან საქართველოში ბევრად უფრო პროგრესული კანონმდებლობა არსებობს. სახალხო დამცველმა მაგალითში მოყვანილ ტაქსის კომპანიას რეკომენდაციით მიმართა, რათა ეს დისკრიმინაცია აღმოეფხვრა.
არსებობს სასამართლოსა და სახალხო დამცველის მექანიზმები, რომლებიც საჯარო და კერძო სექტორში დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის გამოიყენება. მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიები ინფორმირებულნი იყვნენ უკვე არსებული პროგრესული კანონმდებლობის შესახებ და არ მოხდეს უკუსვლა.
ამ დოკუმენტის მთავარი შეთანხმება საჯარო ღონისძიებების, უპირატესად, დაგეგმილი პრაიდის ჩატარების უზრუნველყოფას ეხება. შეხვედრაზე განხილულ იქნა კიევის პრაიდის მაგალითი, როდესაც მასობრივი პოლიციური მობილიზებით ახლანდელმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გარკვეულწილად შეძლო პრაიდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როგორც ჩანს ლგბტ ადამიანების შეკრების თავისუფლებაზე ნამდვილად არსებობს ხელმომწერი პარტიების ერთიანობა. თუმცა – რას ფიქრობენ ისინი? თუ რა მოთხოვნები გაჟღერდება პრაიდის კვირეულისას? როგორ ესმით პოლიტიკურ პარტიებს ქვიარსაკითხები?
სამ მნიშვნელოვან მიმართულებად, რომლებზეც მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები იმუშავებენ, პრაიდის უსაფრთხოება, დასაქმების ადგილებზე დისკრიმინაციის აღმოფხვრა და სამოქალაქო პარტნიორობის საკითხების მოგვარება დასახელდა.
საქმე ის გახლავთ, რომ ქვიარაქტივისტების მოთხოვნები უკავშირდება არა მხოლოდ დისკრიმინაციის დაუშვებლობას სამუშაო ადგილებზე, არამედ თანასწორობას ღირსეულ სამუშაო ადგილებზე. თექვსმეტი საათი მუშაობის შემდეგ თხუთმეტლარიანი ანაზღაურებით ემანსიპაცია წარმოუდგენელი მომენტია. ამიტომ შრომის ღირსეული პირობების, ღირსეული მინიმალური ხელფასის, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება დღეს ქვიარპოლიტიკის არსებითი ნაწილია.
ამას კი მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები ბუნებრივია ადვოკატირებას ვერ გაუწევენ. ეს რეალური პროგრესული პოლიტიკაა, რომელიც ამ პარტიების პირით არ ჟღერდება და ეს ხრამი საქართველოს მოქალაქეებსა და მემარჯვენე პოლიტიკურ ელიტას შორის უფრო და უფრო ღრმავდება.
დოკუმენტში საუბარია, რომ ხელმომწერი პარტიები იზრუნებენ, ხელი შეუწყონ ლგბტ ადამიანის უფლებების დაცვას. უნდა აღინიშნოს, რომ ლგბტ უფლებები სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის უფლებები. ეს უფლებები კი მოიცავს უფლებას ჯანდაცვაზე, საცხოვრისსა და განათლებაზე.
პარტიების მიერ შეხვედრისას გაჟღერებული სამუშაო პრიორიტეტებიდან არცერთი არ შეეხება ზევით ჩამოთვლილ უფლებებს. მათი პოზიციები ლოგიკურად ლაგდება უკიდურესი მემარჯვენე მიდგომებიდან, როდესაც ჯანდაცვა პრივილეგიაა უფრო ცენტრისტულისკენ, როდესაც ჯანდაცვის ტარგეტული ინტერვენციები მისაღებია, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის იდეა მიუღებელი.
პოლიტიკური ძალების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ ესმის, ჰომოფობიის სოციალური შედეგები, როდესაც ადამიანების გაძლიერების გარეშე, მხოლოდ პოლიციური დაცვის მექანიზმებს გვთავაზობენ. იმ პოლიციისა, რომელიც, სამწუხაროდ, მთელი რიგი მოდერნიზების მიუხედავად, კეთილდღეობის სერვისად ვერ მოითარგმნება.
პოლიტიკურ პარტიებს გასაახლებელი აქვს ცოდნა პოლიციისა და პროკურატურის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შედეგებზეც. მნიშვნელოვნადაა შეცვლილი პოლიციის რეაგირების მექანიზმები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ და პროკურატურის რეაგირებაც. თუმცა პარტიების ლეგიტიმური პრეტენზიის საკითხია, პოლიტიკურ პერფორმანსებში გამოხატული ძალადობის დროს ულტრამემარჯვენე ძალების დაუსჯელობა.
ქვიარაქტივისტებში ბუნებრივად არსებობს სკეფსისი პოლიციური სისტემების მიმართულებითაც. მიუხედავად პროგრესული რეფორმებისა, სამწუხაროდ, ჩვენ ისევ დიდხანს მოგვიწევს ამბოხი მათ წინააღმდეგაც, რადგან ძალაუფლების ეს სტრუქტურები არასოდეს იცლება ძალადობის შინაარსისაგან. დემოკრატიული კონტროლი მათზე, საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული განსაკუთრებული უსამართლობები. ქართულ რეალობაში კი პოლიციელებისა თუ უსაფრთხოების სამსახურების მძიმე ხელი ქვიარაქტივისტებმა არაერთგზის იგემეს.
წარმოდგენილმა პარტიებმა მნიშვნელოვანია, გაიაზრონ, რომ ეს სისტემები ხშირად მათ მიერ არის შექმნილი და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის საფუძველზე ადამიანების დაშინების, შანტაჟისა და ღირსების შემლხაველი პრაქტიკა სწორედ მათი ნაწილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. ბუნებრივია, აქტივისტებში სწორედ ამიტომ იწვევს შეკითხვებს ძალადობის წინააღმდეგ არსებული დროშა, რომელიც ხელმომწერ პარტიებს უჭირავთ. ამ გადააზრების გარეშე, როგორ შეძლებენ ხელმომწერები, რეალურად აღარ იძალადონ ჩვენზე, როცა ძალაუფლება ექნებათ.
პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობა ლგბტ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება აქტივისტების ხედვებსა და სტრატეგიებში. საქმიანობები კი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გაიწევა, პოზიციონირდება, როგორც რაღაც მონოლითური თემის საჭიროებები. ბუნებრივია ეს ასე არ არის. თემის უდიდესი ნაწილი ინტერსექციური მიდგომების მომხრეა. მაშინ, როცა თვალნათელია ეს განსხვავებები სხვადასხვა ორგანიზაციას შორის, მნიშვნელოვანია, გავიგოთ, ვინ საუბრობს ამა თუ იმ თემის გარშემო და არ მოხდეს ისედაც სისტემის მიერ გაჩუმებული ხმების დადუმება, რეალობის მუდმივი გაყალბება. „ჩვენ შესახებ, არაფერი ჩვენ გარეშე“ – ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი მესიჯი ყველა დაინტერესებული მხარისათვის. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან არცერთი ქვიარაქტივისტი საქართველოში არ ფლობს ტელევიზიას და მნიშვნელოვან კაპიტალს. ამიტომ ჰომოფობიის და მასთან დაკავშირებული ჯგუფების იმიჯი მუდმივად იქმნება სწორედ ლიბერალური და კონსერვატორული ძალების მიერ.
დროა ვაღიაროთ, რომ ჰომოფობიის შესახებ სიუჟეტების მხოლოდ 17 მაისს მომზადება ჰომოფობიის ერთ-ერთი ფორმაა.
უნდა აღინიშნოს, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი ჰომოფობიური სიძულვილის გამოყენებას ემიჯნება საარჩევნო და სხვა პერიოდში. თუმცა ევროსაბჭოს არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სიძულვილის ენის პენალტიზების წინააღმდეგია ხელმომწერი პარტიების უმეტესობა. ამის არგუმენტი კონსერვატორული ძალების მიერ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების შემოტანაა, რომლებიც დომინანტურ რელიგიურ თუ კულტურულ ჯგუფს განუმტკიცებს ძალაუფლებას და მათ კრიტიკის მიღმა დატოვებს.
აქტივისტთა ნაწილის აზრით კი, კონტინენტური ევროპის გამოცდილების რაიმე ფორმით გაზიარება შეიძლება. ამას სჭირდება რელევანტური ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული კანონი, თუმცა, როგორც ჩანს, ამაზე მუშაობის ენერგია არავის აქვს და თვითრეგულირების მექანიზმების გარდა, უახლოეს მომავალში სიძულვილის ენის გაქრობაზე ჩვენს საზოგადოებაში არავინ იზრუნებს.
შეხვედრაზე, სიძულვილის ენაზე საუბრისას, ევროპული საქართველოს ლიდერის მიერ ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ არსებული პროტესტის ქსენოფობიურობაზე გაჟღერებულ მოსაზრებას აქტივისტების პროტესტიც მოჰყვა. უამრავი ქვიარაქტივისტია ჩართული დღეს ამ მოძრაობაში და მან ბუნებრივი რეაქციაც მიიღო. როგორც ჩანს, დისკრიმინაციის შინაარსის გაუაზრებლობასთან ერთად საქმე გვაქვს სიძულვილის ენის რაღაცნაირ ინტერპრეტაციასთან, როდესაც ვიღაც ცდილობს, გამოტოვოს ძალაუფლების ასიმეტრია. ვის ხელშია ძალაუფლება და როგორია ეს მიმართება კონკრეტულ ჯგუფზე – ეს როგორც ჩანს ამ ლიდერისთვის მეორეხარისხოვანია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ხიდჩატეხილობის პრობლემას, რომელიც ხალხსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებობს.
დაბოლოს, ის მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ამ ტიპის აქტივობებს აქვს – ალბათ გამორკვევისა და მსჯელობისაკენ გვიბიძგებს და შეიძლება ტოვებს გარკვეულ ხიდებს, რომ ამ და სხვა პოლიტიკურმა აქტორებმა საკუთარი ინტერესების კვალდაკვალ სექსუალობისა და გენდერის პოლიტიკა გადაიაზრონ. ამის გარკვეული სიგნალია პოლიტიკოს ქალთა მეტი მონაწილეობა გამართულ დისკუსიაში და ის, რომ ეს ქალები წარმოდგენილი პარტიების სამ წამყვან სპიკერს შორის მოიაზრებიან.