აგერ, არაბული ჰიჯრი ყამარის (მთვარის) კალენდრით პირველი – მუჰარამის თვე დაიწყო. არაბული მუსლიმური სამყაროსა და სხვა, არაარაბი მუსლიმებისთვისაც 1445-ე წელი გამოხდა ისლამის წინასწარმეტყველის მშობლიურ ქალაქ მექადან მეზობელ ქალაქ იასრიბში (დღევანდელი მედინა) ჰიჯრეთის, ანუ გახიზნვის აქეთ. კაცობრიობის რაღაც ნაწილისთვის ახლა მეთხუთმეტე საუკუნეა, სხვა ნაწილისთვის 21-ე და ა.შ. საქართველოში ძველებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს და ამიტომაც ამა თუ იმ მოვლენას რამდენიმე კალენდრით ათარიღებდნენ ხოლმე ერთდროულად. მაგ: დასაბამითგან ამა და ამ წელს, ქრისტეშობითგან ამა და ამ ჟამს, ისმაიტელთა (ანუ მუსლიმთა) ამა და ამ დროს… სულ სხვადასხვა ციფრები, სულ სხვადასხვა ათვლები, ერთი შეხედვით პარალელური სამყაროებივით თანამოარსებენი.
თვის სახელწოდება წარმოდგება არაბული სიტყვისგან „ჰარამ“ – „აკრძალული“. „აკრძალული?“ კი მაგრამ რატომ? რისთვის? ვისთვის?. სიტყვარში ჩაეძიები და აღმოჩნდება, რომ იგი ერთ-ერთ წმინდა თვედ მიიჩნევა, რა დროსაც ომიანობა თუ სხვა მისი მსგავსი რამ ქმედებები იკრძალება. მაგრამ გარდა ამისა, ქრისტიანული წელთაღრიცხვის 680 წელს (ჰიჯრის კი 61-ე წელს) მომხდარი ისტორიული ფაქტის გამო, „მუჰარამობა“ მხოლოდ თვის სახელად აღარ გვევლინება, არამედ კიდევ სხვა მოვლენის აღმნიშვნელადაც, რა დროსაც ბანი უმაიას გვარიდან ხალიფად განწესებულმა იაზიდმა არც მეტი, არც ნაკლები ისლამის წინასწარმეტყველის შვილიშვილი, შიიტთა მესამე იმამი – ბრწყინვალე ჰუსეინი, დღევანდელი ერაყის ქ. ქარბალასთან ათდღიანი ალყის შემდეგ ოჯახის სხვა წევრებსა და რამდენიმე მომხრესთან ერთად მოაკვლევინა (სულ 72 მამაკაცი). ამ დანაშაულს თავისი ღრმა ფესვები აქვს და ჯერ კიდევ იქიდან იღებს სათავეს, როდესაც მოციქულმა ისლამის ქადაგება დაიწყო და ეს პირველ რიგში იაზიდის პაპას – აბუ სუფიანს არ ეპიტნავა უმაიდთა გვარიდან, მიხვდა რა რომ ასე მექის განმგებლობას დაკარგავდა. აბუ სუფიანის ოჯახისაგან ისლამის მიღება იძულებითი აქტი იყო, ხოლო მისი გული სამუდამოდ დარჩა დახშული ისლამის ჭეშმარიტებებისადმი და აჰა, წმინდა მოციქულის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა მუავიამ დაიწყო ინტრიგების ხლართვა წინასწარმეტყველის ოჯახის წინააღმდეგ. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხალიფობა დინასტიური ყოფილიყო.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – მუჰამადის (ღმერთის მშვიდობა იყოს მასზე და მის ოჯახზე) გარდაცვალების შემდეგ, მისი უშუალო ოჯახი რეპრესიებისა და დევნის ობიექტად იქცა, თორმეტიდან თერთმეტი იმამი მოკლეს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მმართველმა. თავის დროზე მათი ნამოქმედარის მხილველ იმამ ალის ალის ასეთი რამ აღმოხდა: „ისლამს ქურქი უკუღმა მოაცვესო“. იმამი ჰუსეინი შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე. გადმოცემების თანახმად, მან კარგად იცოდა, ეს მოძრაობა განწირული რომ იყო. მან ეს მსხვერპლშეწირვა მიბინარებული გულებისა და მთვლემარე გონებათა გამოსაღვიძებლად გამოიყენა – ხალიფად მემთვრალე, მრუში და ყოველივე ზნეობისაგან დაცლილი ადამიანი ვერ ივარგებდა. მიზანს მიაღწია – იაზიდის ამ საქციელმა არა მხოლოდ იმამის მომხრეები აღაშფოთა, არამედ ისინიც, ვინც თავის დროზე იწვიეს იგი და შემდეგ მიატოვეს.
შედეგად, ცალკე მუსლიმურ „ჰაგიოგრაფიას“ – „მაყთულებს“ მიეცა დასაბამი და ცალკე ამ თემაზე სამგლოვიარო ლექსებს – მარსიებსა და ნოჰებს. ქარბალის ტრაგედიაზე დაწერილმა ყოველმა წინადადებამ იმაზე მეტი მსმენელი პოვა, ვიდრე მკითხველი და ამდენად, უფრო სწრაფადაც გავრცელდა. ბევრი სინანული იყო მთხრობელთა თუ მსმენელთა შორის (იმიერ ქვეყნად ისლამის წინასწარმეტყველს რა პირით უნდა შევეგებოთო), რომელიც განსაკუთრებით მუჰარამის თვის პირველ ათ დღეში გამძაფრდებოდა, თანაც ისე, შემდეგი ორმოცი დღის განმავლობაშიც რომ არ ნელდებოდა და საერთოდაც, „ყოველი დღე აშურაა (მეათე დღე), ხოლო ყოველი ადგილი ქარბალაო“ – ლოზუნგ-მოწოდებადაც ჩამოიქნებოდა.
ამ მოწამეობისადმი მიძღვნილ ცერემონიალს („მუჰარამობას) საქართველოში „შახსეი-ვახსეი“-დ იცნობს ეთნიკური ქართველობა და სხვა დანარჩენი მოსახლეობა, ხოლო აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის უფრო გავრცელებულია „მარსალიკ“ (მარსიობა), სამგლოვიარო ლექს „მარსიიდან“ გამომდინარედ, რომელიც თავის მხრივ წინაისლამური არაბული ხანიდან იღებს სათავეს და იმამი ჰუსეინის მოწამეობით ჟანრულად და შინაარსობრივად მეტ მრავალფეროვნებას იძენს.
როგორც იოსებ გრიშაშვილი მიუთითებს „ქალაქურ ლექსიკონში“ „შახსეი-ვახსეი“ შემოკლებული ვარიანტია „შაჰ ჰუსეინ, ვაჰ ჰუსეინისა“. ჩვენი მხრივ კი დავძენთ, რომ ამათგან პირველი- „შაჰ“ იმამი ჰუსეინის გამორჩეულობაზე მეტყველებს, ხოლო მეორე „ვაჰ ჰუსეინ“ დანანების, გლოვის გამომხატველი შორისდებული გახლავთ.
მაშასადამე, ყოველ პირველ მუჰარამობას მორწმუნენი იკრიბებიან რათა იგლოვონ იმამი ჰუსეინისა და მისი მცირერიცხოვანი მომხრეების მოკვდინება, მისი ოჯახის წევრების ქალაქ დამასკოში ფეხით და ხელებშებორკილი წაყვანა. ქერბელას მისტერია ყოველ წელს თავიდან იწყება, იმამი ჰუსეინი ყოველი მუჰარამობის მეათე დღეს (აშურას) თავიდან ეწამება ხოლმე. მორწმუნეები პირველივე დღიდან იმამის ნაბიჯებს მიჰყვებიან, იხსენებენ და ისმენენ გადმოცემებს, წინასწარმეტყველის ნათქვამებს მასზე, მარსიების წარმოთქმით თანაუგრძნობენ მის სატკივარს, მისი სახელით ღმერთს ცოდვათა მიტევებას, გასაჭირის შემსუბუქებას და ა.შ. სთხოვენ.
მუჰარამობას, გარდა რელიგიური ასპექტისა, დიდი კულტურული დატვირთვაც აქვს – იგი, თუ არ ჩავთვლით თურქულენოვან სუფიურ „ილაჰიებს“ (საგალობლებს) და „მადჰიებს“ (წმინდანთა მაქებარ ლექსებს) ერთადერთი რელიგიური ცერემონიალია, რომელსაც ყველა შიიტური უმრავლესობის ერი თუ შიიტურ უმცირესობათა თემები თავიანთ ენაზე წარმართავენ – აზერბაიჯანელი აზერბიჯანულად, არაბი არაბულად, სპარსი სპარსულად, პაკისტანელი ურდუზე და ა.შ. შესაბამისად, ისლამში, სადაც არაბული ენა დომინირებს, მუჰარამობის სამგლოვიარო ლექსებმა და ქადაგებებმა ეროვნულ ენებზე სასულიერო ხასიათის ნაწარმოებების შექმნისკენ გაწალდეს გზა. ამდენად, მარსიების წერა ერთ-ერთ ცალკე ჟანრად გადაიქცა სატრფიალო თუ თეოსოფიურ-ფილოსოფიური თემატიკის სალექსო ჟანრებს შორის, ხოლო მის შესაქმნელად უმთავრესად ყაზალის ან ყოშმას სალექსო ფორმას იყენებდნენ/იყენებენ.
აზერბაიჯანული ლიტერატურის დიდი კლასიკოსები: მუჰამად ფუზული, კასიმბეგ ზაქირი, აბასყული აღა ბაქიხანოვი, გუმრი დარუბანდელი, რაჯი, ნავაბი, შეიხ აზიმ შირვანელი, ქალი-პოეტი ხურშიდბანუ ნათავანი, დილრიში, ბაქი, მირზა ალაქბარ საბირი, ალიაღა ვაჰიდი, მუჰამად შაჰრიარი მცირე ჩამონათვალია იმ რიცხვმრავალი პოეტებისა რომლებიც იმამი ჰუსეინს, მის შვილებს, დებს, ძმებს ასეთი ლექსების მეშვეობით დასტიროდნენ.
„ჰუსეინს დასტირის მიწა და ზეცა,
წინასწარმეტყველი – მოციქულიცა“ (შაჰრიარი)
მარსიებში ზოგჯერ წმინდანი თავად ჰყვება თავის სატანჯველზე, გამოცდილ სიმწარეზე, თავადაა დამტირებელი ახლობლისა. კასიმ ბეგ ზაქირის ერთ-ერთ მარსიაში მომაკვდავი შვილის – ალი აქბარისა და იმამი ჰუსეინის დიალოგი ხომ მინი დრამაა თავისთავად:
„ფეხზე წამოდექ, ნუ გძინავს შვილო,
მიწას ნუ ეკვრი, დაჭრილი მყავხარ.
გულს აღარ შემრჩა რიხისა კილოც,
მიწას ნუ ეკვრი დაჭრილი მყავხარ.
რაზეც ალი აქბარი ებოდიშება მამამისს, რომ მის წინაშე ასე წოლა უზრდელობაში არ ჩამოართვას – დაჭრილია და მამამისის წინაშე პატივისცემის ნიშნად ამიტომაც ვერ დგება ფეხზე. და ყოველი ასეთი ჩივილის შემდეგ მშობლისაგან რეფრენად მუდარა – „მიწას ნუ ეკვრი დაჭრილი მყავხარ“ – მიჰყვება.
ისლამის წინასწარმეტყველის მიერ თავის კალთაში გამოზრდილი შვილიშვილი, წმინდანისა და ტოლუპოვარი მოაზროვნის – იმამი ალის შვილი, თავადაც იმამი – ჰაზრათი (ბრწყინვალე) ჰუსეინი 19 წლის მომაკვდავ შვილთან მშობლურ, ადამიანურ სატკივარს ავლენს, თანალმობას ითხოვს (აქ დავით გურამიშვილის „ტირილი ღვთისმშობლისა“ გვახსენდება – „მოდით, ყოველნო შვილმკვდარნო დედანო, შეიყარენით! შემწყნარებელი აწ თქვენი მარიამ შეიწყნარენით, ისმინეთ მისი ტირილი, თქვენც ცრემლნი გარდმოყარენით, სულს ეცით მისგან ნუგეში, გულს ჭირნი უკუყარენით).
მუჰარამობა წმინდანთა დატირება არ არის მხოლოდ, არამედ ესაა ტირანიის, ძალმომრეობის, უუფლებობის წინააღმდეგ ამაღლებული ხმა, ესაა ის, რაც იმამ ჰუსეინამდე ისლამის წინასწარმეტყველმა განაცხადა ჯერ კიდევ – „მარჯვენა ხელში მზე და მარცხენა ხელში მთვარეც რომ დამისვან, მაინც არ ვიტყვი იმ საქმეზე უარს, რასაც ვადგავარ და სანამ მას ღმერთი გამარჯვებით არ დააგვირგვინებსო და ეს არის ის, რასაც საუკუნეების შემდეგ მარტინ ლუთერი ასე ჩამოაყალიბებს: „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“.
ალბათ, ეს იყო ის, რაც საბჭოთა კავშირის რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, მორწმუნეებს ხან ყანაში, ხან ბეღელში შეთქმულებივით შეყრიდა ხოლმე ჩუმად (ერთი ხანობა ლამის იატაკქვეშა მოძრაობასავით) და თვალზე ცრემლმომდგართ, თუნდაც დაბალ ხმაზე „შახ ჰუსეინ, ვახ ჰუსეინს“ წამოაძახებინებდა.
რამდენიმე წლის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 1 მუჰარამის დადგომა 1 იანვრის ანალოგიით მიულოცა მუსლიმებს, რამაც არაერთგვაროვანი განწყობები წარმოშვა. პრეზიდენტს გულში ცუდი არაფერი სდებია – არც მან და არც მისმა მრჩევლებმა იცოდნენ, რომ ეს თვე ისედაც არ აღინიშნება დიდი ზარ-ზეიმით და მით უმეტეს შიიტებისთვის ხომ გლოვის დღეები იწყება. წელსაც შემხვდა მისალოცი პოსტი, ოღონდ სხვებისგან. აგრეთვე, მუჰარამობასთან „დღესასწაულის“ გამოყენებაც არაიშვიათია, რაც საფუძველშივე მცდარი გახლავთ.