„მუტრუკლენდი“ – მთავარი მუხრუჭი ქვეყნის ცხოვრებაში

გია ეძგვერაძე

საქართველოში არსებობს ორი ფსიქოლოგიურ/მენტალური ფორმის მატარებელი ადამიანის ტიპი.

პ ი რ ვ ე ლ ი შედგება ადამიანებისგან, რომლებიც დასავლეთში გამონათებული მომავლის ათინათებით არიან მოხიბლულნი (ახალგაზრდების ნაწილი) და ასევე იმ ადამიანებისგან, რომელთაც მომავლის მანიფესტის შესავლის დასაწყისი აქვთ წაკითხული („პროგრესული პოლიტიკოსები”).

მ ე ო რ ე ტიპია კარიერისტების ერთობლიობა — დღევანდელი ლუკმით დაინტერესებული და მისი გადაყლაპვის მუდმივ მცდელობაში მყოფი ფუთფუთა და ჩალიჩა კასტა (ეკლესიასა და, ასევე, პოლიტიკაში ჩაბუდებული).

აი, ამ ორ ჯგუფს შორის არის ბრძოლა: პირველთათვის ეს არის ბრძოლა უკონტურო, გადღაბნილი მომავლისთვის, მეორეთათვის კი ბრძოლა „სამშობლოს ტერიტორიაზე“ არსებული რესურსის მოხმარება/მითვისებისა და საკუთარი თავის მატერიალურ/მოხმარებითი დამკვიდრებისთვის.

ესენია ადამიანური რესურსის აქტუალური და დინამიკური მოცემულობები.

ამ ორ ჯგუფს შორის კი მოთავსებულია დიდი, ამორფული მასა, გაუგებარი წარმოშობის (მათი წარმომავლობა ჯერ კიდევ უნდა დადგინდეს!) — ასეთი და ამ ტიპის ადამიანები მე არსად არ მინახავს. არც ერთ ქვეყანაში ასეთი ფენომენი არ არსებობს (დარწმუნებით გეუბნებით!) — ეს არიან „მ უ ტ რ უ კ ე ბ ი”.

არსების ეს ტიპი (მუტრუკი) არ არის ადამიანი — ეს მექანიკური არსებობის ფორმაა, მანქანაა, ძალმომრეობის გარკვეული პოტენციით. ეგენი  ჰაბიტუსითაც იცნობიან, ბორცვ-კაცები, მაგრები ჭიდაობაში, რაგბიში — ასეთების მსოფლიო ჩემპიონი შემდეგ შეიძლება, პედოფილი და მკვლელი გამოდგეს (გვაქვს უკვე გამოცდილება!) ან სდიოს და ჩაკლას თინეიჯერი ბიჭი, მოკლას ცოლი, და — გარკვეული, ზ უ ს ტ ი მიზეზის გამო, რომელიც მათში ჩატვირთული პროგრამის ნაწილია (რომელსაც უმთავრესად ეკლესია ან პოლიტპარტია უნერგავს) — ასეთი რუდუნებითი მიმყოლობითა და სიზუსტით მხოლოდ რობოტები მოქმედებენ (ჩვენს შემთხვევაში მუტრუკები „ბიო-რობოტებია“)!

„მუტრუკი“ არც ქურდია, არც ძველი ბიჭი (ცნობიერების ეს ფორმები გარკვეული დონის დახვეწილობას მოითხოვს — დისკურსის მატარებლობას) ის უბრალოდ მ უ ტ რ უ კ ი ა — ბიოლოგიური მასა ფიზიკური ძალადობის პოტენციით, რომლის ფსიქიკაში პრიმიტიული პროგრამა უნდა ჩაიტვირთოს და შემდეგ მას იარაღად ან პროგრამის განხორციელების ავტომატად აქცევ, „ჯოს“ ძახილით, რადგან უფრო გრძელ, წინადადებამდე მისულ ენობრივ კონსტრუქციას ვერ უმკლავდებიან.

5 ივლისს რაც მოხდა, ამას ადამიანურ ჭრილში ვერ განვიხილავთ — ეს იყო მომავლის ომების სურათი. როცა მიზნობრივად დაპროგრამებული რობოტები ებრძვიან მოშიშარ, მოაზროვნე, მოწყვლად  ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ს. ამ ბოროტებს აპროგრამებს ამ სტატუსის თავში ხსენებული ადამიანთა მ ე ო რ ე, მიმტაცებელ/კარიერისტ/პარაზიტთა ჯგუფი (ეკლესია და პოლიტიკოსთა უმრავლესობა), რომელიც ამ „მუტრუკებს“ მათი აზროვნების დონის შესატყვისი ეკლესიური ჭეშმარიტებების/სიწმინდეებისა და პრიმიტიულ/პოპულისტური სლოგანებით ტვირთავს და მებრძოლი მასის ფორმას სძენს!

„მუტრუკებს“ ამით არაფერი უშავდებათ — მუტრუკი ადამიანი არ არის. ის იარაღად არის გაჩენილი. ის მცირე კალიბრის ძალმომრევი ბიო-სეგმენტია — მისი იდეალური და ორგანული სახე „ღიპიანი პოლიციელია“. აქ კი, 5 ივლისის შემთხვევაში, „მუტრუკს“ მისი ძალმომრეობის პოტენციას ღმერთის სახელისა და ღმერთის საქმისთვის ჩადენილ ფაქტად უფიქსირებენ. ეს „მუტრუკისთვის“ მისიის ტოლფასია, ანუ გაადამიანების! მისი ძალმომრეობის პოტენცია მისიად იქცევა!

ეს „მუტრუკთა” მასა არის ეკლესიისა და პოლიტიკოსთა დასაყრდენი და საზოგადოებისთვის მათი განეიტრალება შესაძლებელია მხოლოდ „მუტრუკთა“ ზუსტი, სოციალური არტიკულაციით, ენაში ამ არტიკულაციის შემოტანით და „მუტრუკებზე“ დეგრადირებული სოციალური ელემენტის „სტიგმის“ დამაგრებით, იქამდე, რომ მათთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა გართულდეს და შეუძლებელიც გახდეს, თუ სახეს არ იცვლიან!

ასე და ამით დაიწყება „მუტრუკთა“ რიგებიდან გადინება. ამ პროცესის წარმატებულობაში დიდია ქალთა შეფასების როლი. თუ ქალთა ნაწილი „მუტრუკს“ სრულიად არაშესაფერის პარტნიორად აღიარებს, ეს იქნება „მუტრუკობის“ ფენომენის დასასრულის დასაწყისი – ნამდვილად! აქაა ქალის ძალა (სამწუხაროდ, დიდი იმედი არ მაქვს – ერთხელ „უკულტურეს“ ქალბატონს ისე ძალიან დასწყდა გული, „მუტრუკების“ ერთ-ერთ თავკაცზე რომ დავწერე კრიტიკა, რომ ნათელი გახდა – „მუტრუკს“ ჯერ კიდევ ეროტიკულ კაცად აღიქვამს დეგრადირებული/დაბალი გემოვნების ქალების უმრავლესობა :)).

წარმოიდგინეთ, „მუტრუკების“ შრე რომ არ არსებობდეს ჩვენს სახელმწიფოში, როგორ ჯანმრთელად დაპირისპირებული გახდებოდა სტატუსის დასაწყისში ნახსენები ორი პოტენციის ბრძოლა – მოკლებული ბარბაროსულ ხასიათსა და ადამიანთა ფიზიკური დარბევის შიშს! როგორ დაიხვეწებოდა დისკურსი. როგორ დასრულდებოდა პოპულიზმის საჭიროება პოლიტიკაშიც და ეკლესიის ტერიტორიაზეც. ისე რომ, არა მარტო „მუტრუკთა“ გამოყენება, არამედ „მუტრუკების“ არსებობაც აქვეითებს ჩვენს მენტალობის ხარისხს – რატომ უნდა აიტკივონ თავი ამა თუ იმ დაჯგუფების ლიდერებმა და რაიმე გონიერი თქვან, როცა ბიო-მასა-რობოტები („მუტრუკები“) ისედაც მხოლოდ პრიმიტიულ სლოგანურ ენას თუ ითვისებენ! – ასე დაეცა და ამიტომ ეკლესიის დისკურსი, ასე გაპრიმიტიულდა პოლიტიკოსების ენა.

„მუტრუკთა“ არსებობა ჩვენი კულტურისა და საზოგადოების უდიდესი პრობლემაა… ხომ გახსოვთ, რა უქნეს „მუტრუკებმა“ უნიჭიერეს ახალგაზრდა პოლიტიკოს გოგონას, ჩვენს წარმომადგენელს ახალგაზრდულ გაეროში (თუ რაღაც ამდაგვარში) – რა აკადრეს მას და მის ოჯახს ერთხელ ფბ-ზე! იყო საზოგადოების რაიმე რეაგირება? გააცნობიერეს „მუტრუკთა“ ასეთი კასტის არსებობა ჩვენი საზოგადოების შიგნით ამ მაგალითზე? არა! არადა სწორედ ფენომენის გამოყოფა (რომელიც ყველგანაა – ჩვენს ოჯახებში, ახლობლებში, ნათესავებში, მეგობრებში ან მეგობართა მეგობრებში, „ბაბულიკებში“, ქუჩაში, პარტიებში… ყველგან!), გაცნობიერება და მისი სტიგმატიზაცია, ყოველდღიური და ყოველწუთიერი ბრძოლაა აუცილებელი ამ სპეციფიკურად ქართულ ფენომენთან!

გეუბნებით, სხვაგან ეს არ არის  – არსებობენ მეტ-ნაკლებად ჭკუასუსტი წევრები საზოგადოების, მაგრამ არასისტემურად და ფსიქოლოგიური ერთობის მატარებლები – ამიტომ ვართ პრიმიტიულები, ამიტომ აღვიქმებით პრიმიტიულ ქვეყნად – ასეთი არ უნდა იყოს სამშობლო! არა!

თუ გაწმენდთ (ეს უკლებლივ ყ ვ ე ლ ა ს საქმეა!) საზოგადოებას ამ შრისგან, „მუტრუკთაგან“ – გექნებათ ახალი დინამიკის, ხარისხის რეალობა. არ გაწმენდთ და იქნებით თქვენც და თქვენი ინსტიტუციებიც პრიმიტივიზმის მარწუხებში და მომავალშიც დებილების საზოგადოების შთაბეჭდილებას დატოვებთ სამყაროზე – როგორც ეს 30 წელია გრძელდება!

არავინ მიხსენოთ აქ ეს ყბადაღებული სიტყვა „განათლება“ – განათლება ამ პრობლემა/ფენომენთან არაფერ შუაშია! განათლებიდან რას ამოკრეფ, იმაზეა განათლება – აი, ამოკრეფის მექანიზმი კი მორალზე დგას – დელიკატური ღრმა მორალი ითვისებს განათლებიდან საჭიროს, პროგრესულსა და სამომავლოს (ასეთი რამეების გამგები საქართველოში სავალალოდ ცოტაა!).


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.