ზაალ ანდრონიკაშვილი
„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“
რუსთაველი
„ვარ … განძის გადამმალავი ომში“.
ლევან ვასაძე
ათასობით ქართველი ყოველდღე გამოდის ქუჩაში საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. ქართველებს და ოლიგარქ ივანიშვილს სხვადასხვა რამის სწამთ: ქართველებს სამშობლოსი, ოლიგარქ ივანიშვილს და მის ლაქიებს – ფულის. როგორ მოვედით აქამდე?
რუსთაველმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ სამოქალაქო ფასეულობებს: რაინდობას, მიჯნურობას და მეგობრობას. სამივე ფასეულობას ის თავისებურება აქვს, რომ ისინი გულისხმობენ სხვისათვის თავგანწირვას. რაინდმაც, მიჯნურმაც და მეგობარმაც იცის, რომ არსებობს რაღაც, რაც მასზე მაღალი და მნიშვნელოვანია – სხვა ადამიანი, მეგობარი, სახელმწიფო, სიყვარული, ჭეშმარიტება – რომელთან შედარებით მისი სიცოცხლე ნაკლებად ფასეულია და რისთვისაც ამ სიცოცხლის გაწირვა ღირს. რუსთაველისთვის თავგანწირვა – სიმართლეა, მოყვრის მიტოვება კი პირიქით – სიცრუის თავი. ასე იქცევიან რუსთაველის გმირები – კაცებიც და ქალებიც.
თავის გაწირვა არ ნიშნავს მაინც და მაინც სიკვდილს, მაგრამ ის აუცილებლად გულისხმობს სიკვდილისთვის მზადყოფნას – ზუსტად ეს აზრი დევს ავთანდილის სიტყვებში, რომელიც ალბათ ყველა ქართველმა იცის ზეპირად: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“.
სიკვდილის მზადყოფნა განაპირობებს იმას, რომ ვეფხისტყაოსნის გმირები სახელოვნად იმარჯვებენ, სიკვდილისთვის მზადყოფნა არის იმის საწინდარი, რომ კეთილი ბოროტს ძლევს. სხვანაირად ბოროტი აუცილებლად გაიმარჯვებს. ბოროტებაში და სიცრუეში ცხოვრება არის ის ნაძრახი სიცოცხლე, რომელსაც, ავთანდილი და რუსთაველი ამჯობინებენ სახელოვან სიკვდილს. ბოროტებაში ცხოვრება ნიშნავს მონობას, თავისუფლების არარსებობას. ეს ნაძრახი ცხოვრება ის ცხოვრებაა, რომლითაც ცხოვრობენ დღეს ადამიანები რუსეთში და ბელარუსში და ყველგან, სადაც რუსეთმა შედგა ოკუპაციის ფეხი.
„თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ“ ეუბნება იგივე ავთანდილი ვაჭარ უსამს. ვაჭარი „ჯაბანი“ არა მარტო იმიტომ არის, რომ ომის ხელოვნება არ იცის, არამედ იმიტომაც, რომ მას სხვა ფასეულობითი სისტემა აქვს, რომელიც მას თავგანწირვის საშუალებას არ აძლევს. ვაჭრისთვის მთავარი ფასეულობა არა „ჭეშმარიტებაა“, რომელიც უპირისპირდება „სიცრუის თავს“ და თავგანწირვას, რომელიც თავის თავზე მაღალი ფასეულობის არსებობას გულისხმობს, არამედ ფულია. მისი სიცოცხლე ფულის გარშემო ტრიალებს, ფული არის მისი ცა და ჰორიზონტი.
საუკუნეების განმავლობაში საქართველო იმ ფასეულობებზე იდგა და იცავდა, რომელსაც რუსთაველმა ჩაუყარა საფუძველი. დემეტრე თავდადებული და ქეთევან წამებული, ილია ჭავჭავაძე და მარო მაყაშვილი მხოლოდ რამდენიმე, დიდი მაგალითია ასობით და ათასობით თავდადებული და თავგანწირული ქართველისა. მათი დამსახურებით გვაქვს ჩვენ დღეს სახელმწიფო, რომელსაც ვაჭარი ივანიშვილი დღეს რუსეთისთვის გადაცემას ცდილობს.
საბჭოთა დროს, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირში საქართველოში გაჩნდა „ცეხავიკების“ ჯიში – ადამიანების, რომლებისთვისაც ფული იყო მთავარი ფასეულობა. ამ ადამიანების ჰორიზონტს და თვალსაწიერს ზღუდავდა ფული – არ არსებობდა არაფერი, რაც იქნებოდა ფულზე მნიშვნელოვანი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ჯიშმა განიცადა მუტაცია და კიდევ უფრო მავნე და შხამიანი გახდა: ის გადაიქცა პოსტსაბჭოთა ოლიგარქიად, სხვის სიკვდილზე და უბედურებაზე მოტყუებით, ძალადობით, ბოროტებით გამდიდრებულთა კასტად.
ამ კასტას ეკუთვნის ოლიგარქი ივანიშვილი. ოლიგარქის სამშობლო „ოფშორია“, იქ სადაც მისი ფულია დამალული. უკლებლივ ყველა პოსტსაბჭოთა ოლიგარქი რუსი ოლიგარქია, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან არა მარტო თავიანთი ქონების ბნელი და დანაშაულებრივი წარმომავლობით, არამედ უშუალო კავშირებით თავიანთ მთავარ „კრიშასთან“, რუსულ სპეცსამსახურებთან და კრემლთან.
რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მიზანი საკუთარი შავი ფულის დაცვაა: მას უნდა საქართველო გადააქციოს ოფშორიდან შემოსული შავი ფულის დიდ სარეცხ მანქანად, ხოლო ამ ფულის მცველად საქართველოს თავზე დაახუროს კრემლის „კრიშა“. ამ გეგმის შესასრულებლად ივანიშვილს სჭირდებოდა საქართველოს სახელმწიფოს მიტაცება, რაც ამ 12 წლის განმავლობაში თითქმის შეძლო.
მას ნაყიდი ჰყავს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ და მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც უზრუნველყოფენ ივანიშვილისთვის საჭირო და ქართველებისათვის საზიანო კანონების მიღება. მისი ლაქიებისგან შედგება საქართველოს მთავრობა, რომელსაც საქართველოსი კი ჰქვია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება საქართველოს ინტერესების საზიანოდ. მას ნაყიდი ჰყავს პროპაგანდის მანქანა, ნაყიდი ჰყავს სასამართლო, დამორჩილებული ჰყავს საჯარო მოსამსახურეთა დიდი ნაწილი, რომელსაც სამსახურის დაკარგვით აშინებს.
აი ამ ფულით ნაყიდ უმცირესობას, რომელიც დღეს ერთმანეთში ინაწილებს საქართველოს ტყეებს და მდინარეებს, ველებს და მინდვრებს, ანადგურებს გელათს და საყდრისს, ებრძვის ქართულ ლიტერატურას და კინოს, ანადგურებს საქართველოს ბუნებას ჰქვია „ქართული ოცნება“- ნაძრახი სიცოცხლის პარტია. რუსთაველის საქართველოსთან ნაძრახი სიცოცხლის პარტიას და მის საპატიო თავმჯდომარეს არაფერი აქვთ საერთო. მათი ღმერთი ფულია და როგორც იუდამ გაყიდა მაცხოვარი 30 ვერცხლად, ახლა ესენი ყიდიან საქართველოს რუბლებად.
მიუხედავად იმ უზარმაზარი შავი ფულისა, რომელიც ივანიშვილის ხელშია, მას სხვა არაფერი აქვს. სამაგიეროდ მას უპირისპირდება ქართველების 90%, რომელიც დღესაც იმ ფასეულობებს იცავს, რომელსაც იცავდნენ რუსთაველის გმირები. 90% ქართველებისა, რომლებიც მზად არიან თავი გასწირონ თავისუფლებისათვის. რომლებმაც იციან, რომ რუსეთი დღეს ნიშნავს მონობას და ნაძრახ სიცოცხლეს, ხოლო თავისუფლების და ღირსების გარანტი არის ევროპა.
ნუ აირჩევ ნაძრახ სიცოცხლეს და მის პარტიას, იცხოვრე და გაიმარჯვე სახელოვნად!