საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოში სოფელი ქალაქს გამოკვებაში დაეხმარა. ჩვენ ვიკვებებოდით არა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით, რომლის მოპარვამაც მაშინვე გააჩინა ახალი შეძლებული ფენა, არამედ სოფლიდან გამოგზავნილი საკვებით. ეს იყო დამშეული სოფლის საჩუქარი დამშეულ ქალაქს – სამოქალაქო ომებგამოვლილს, დამარცხებულს, დაბნეულს, შიშით და სიცივით აკანკალებულს.
შემდეგ ჩვენ თავს მოგვახვიეს ლიბერალური კაპიტალიზმის ყველაზე რადიკალური ფორმა, რომელიც კი მთელ პოსტსოციალისტურ სივრცეზე ყოფილა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენი ცხოვრება, მისი ყოველდღიურობა გახდა ცალკეული ადამიანების, ადამიანთა ჯგუფების, ბიზნესმენებისა და ძალაუფლების ნებისმიერი სახით მფლობელთა მოლაპარაკების საგანი.
ჩვენ ვიქეცით პასიურ მასად, რომელიც ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ რომელიმე ბანკმა აქციები ლონდონის ბირჟაზე წარმატებით განათავსა ან რომ სათამაშო ბიზნესში რამდენიმე ასეულმილიონიანი უცხოური ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახა. თითქოს ეს ჩვენი ძარცვით არ ხდებოდეს ან ჩვენს ძარცვას არ მოასწავებდეს.
სოფლისადმი დამოკიდებულებას უზუსტესად აჩვენებს დამოუკიდებელი საქართველოს მთავარი მოქმედი ეკონომიკური იდეოლოგის, კახა ბენდუქიძის სიტყვები: „ფეხზე დავიკიდოთ, თუ გადარჩენა უწერია, თავისით გადარჩეს, თუ არადა დაიღუპოს, არაა პრობლემა… სოფელში მცხოვრები მამაკაცები სხვაგან წავიდნენ შავ მუშებად, ქალები კი მეძავებად…”. ეს გეგმა წარმოადგენდა და წარმოადგენს აგრარული საკითხის გადაწყვეტის უხამს და სასტიკ ვერსიას.
ჩვენ გვარწმუნებდნენ და გვარწმუნებენ, რომ კაპიტალისტური ცენტრის ქვეყნებში აგრარული საკითხი დაახლოებით ასე გადაწყდა – სოფლის მოსახლეობის ქალაქისკენ დაძვრით. მაგრამ ლიბერალური კაპიტალიზმის ადგილობრივ აპოლოგეტებს ავიწყდებათ, რომ ევროპულ ქალაქებში თავმოყრილ სამრეწველო დაწესებულებებს, ქარხნებსა და ინდუსტრიულ ცენტრებს, ასევე მომსახურების სფეროს, სჭირდებოდა მასშტაბური შრომითი რესურსები, მარტივად რომ ვთქვათ – მუშახელი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს საკითხი პერიფერიული კაპიტალიზმის, ანუ საქართველოს ტიპის ქვეყანაში ამგვარად ვერ იმუშავებს – არარსებული ინდუსტრიის პირობებში და სტაბილური სამუშაო ადგილების გარეშე, სოფლებიდან ადამიანების აყრა მთავრდება და დამთავრდება მათი საბოლოოდ გაღატაკებით ან ჩვენ ვიხილავთ აფრიკის ტიპის უფრო მეტ დასახლებას, ან კიდევ უფრო მზარდ მიგრაციას.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და ჩინეთის გახსნის შემდეგ, კაპიტალმა საბაზრო პროდუქტებად და დაგროვების პროცესის ნაწილად აქცია ის, რაც ამ რეგიონებში მანამდე ასეთად არ ირიცხებოდა – მიწა, წყალი და ტყე. ასეთ დროს ადგილობრივი ინტერესი გათვალისწინებული არაა. მთავარი მიზანი ხდება მოგება, რომლისკენ მიმავალ გზაზეც დიდი ფული ადგილობრივი მთავრობების ხელშეწყობით, სიბრიყვით ან მოღალატეობრივი პოლიტიკით ითვისებს მიწას, აჩანაგებს ტყეს და ისრუტავს მდინარეს. ჩვენთანაც, სოფელი და რეგიონი თავისი მდინარეებით მთებით და ტყეებით, როგორც მოსალოდნელი იყო, უცხოური და ადგილობრივი კაპიტალის სამიზნე ხდება.
დიდი ფულის მღვრიე წყალი, რომლის მდინარებას ვითომდა ჩვენი ეროვნული ინტერესიც ემთხვევა (ენერგოდამოუკიდებლობა), საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში წინააღმდეგობას აწყდება. და აწყდება ისეთ წინააღმდეგობას, რომ დიდი ხნის წინ ავბედითად ნათქვამი, „კაპიტალი სადაც შეუძლია სპობს იდეოლოგიას, რელიგიას, მორალს, სადაც ვერ სპობს, აქცევს სიცრუედ“, ცოტა ხნით ვერ ადასტურებს თავის სისწორეს. საქართველოს სოფელი და რეგიონი კვლავ საჩუქარს უკეთებს ქალაქს.
ჩუქებაში აქ უნდა ვიგულისხმოთ ინდივიდის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ მის განკარგულებაში არსებული რაღაცის გადაცემა ასევე ინდივიდისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის, რომელიც, იგულისხმება რომ ამ საჩუქარზე უარს ვერ იტყვის.
რა საჩუქარს უკეთებს სოფელი ქალაქს?
ამ საჩუქარს წინააღმდეგობის ენთუზიაზმი შეიძლება დავარქვათ.
ენთუზიაზმი ეს არ არის უბრალოდ იმედი ან ოპტიმიზმი. იმედს და ოპტიმიზმს სჯერათ სასურველი შედეგის, მაგრამ სჯერათ, წინააღმდეგობების მიუხედავად, და ყოველთვის ატარებენ ეჭვს. წინააღმდეგობის ენთუზიაზმი ესაა სოციალური და პოლიტიკური ენერგია, რომელიც უკეთესი მომავლისთვის მომავლიდანვეა ნასესხები. ის დარწმუნებულობაა, რომელიც სიხარულს უკვე აქ, აწმყოშივე გვანიჭებს. მხოლოდ ენთუზიაზმი ჩვენი საერთო პროგრესის მიზეზი ვერ იქნება, მაგრამ მასზე მიგვანიშნებს, როგორც ისტორიული ნიშანი. ბრძოლის ამ ენთუზიაზმს კარგად გამოხატავს მაკა სულაძის სიტყვები: არც გვიფიქრია, რომ არ შეგვიძლია.
საჩუქრის თეორიაში, ჩუქება ნიშნავს დამყარდეს ორმაგი ურთიერთობა მჩუქებელსა და საჩუქრის მიმღებს შორის. ერთი მხრივ აქ გვაქვს სოლიდარობა – მჩუქებელი გასცემს, იმას, რაც აქვს, ხოლო, მეორე მხრივ – უპირატესობა, რადგან საჩუქრის მიმღები თავს დავალებულის მდგომარეობაში იყენებს. და ეს ვალდებულება გრძელდება მანამდე, სანამ არ დააბრუნებს მისთვის ნაჩუქარს.
ეს საჩუქარი სოფელს უპირატესობას არ მოუპოვებს, რადგან სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების სურვილითაა გაცემული. მაგრამ საჩუქარი მაინც უნდა დაბრუნდეს. მისი დაბრუნება ნიშნავს, რომ აუცილებელი სოლიდარობის გარდა, ჩვენ ყველამ გავაცნობიეროთ ის, რასაც სტიქიურად ისედაც ვგრძნობთ – რომ სოფელში მთის აფეთქება და მთელი ხეობის მისაკუთრება, ქალაქში უმუშევრობა და ადამიანის ცხოვრებისთვის შეუსაბამო ხელფასები, ოლიგოპოლიური ფასები წამლებსა პროდუქტებზე, საჯარო სივრცეების მისაკუთრება, სათამაშო ბიზნესის ყვავილობა და სხვა – ერთი სენის სხვადასხვა გამოვლინებებია. ამ სენს კაპიტალის შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქვია. სანამ მას წინააღმდეგობა არ შეხვდება, მანამდე საჩუქარი დაბრუნებულად არ ჩაითვლება.
ხოლო საჩუქარი უნდა დაბრუნდეს.
არც უნდა ვიფიქროთ, რომ არ შეგვიძლია.