მე მხოლოდ ის მინდა ვიცოდე, რომ რაც აქ ხდება, არა გადამწყვეტი, არამედ გარდამავალია. მეუცნაურება, როდესაც ვფიქრობ დაბრუნებაზე, როცა წასვლაზეც კი არ მიფიქრია. მარტივი გეგმა იყო, კარგი სწავლა, კარგი ნიშნები, ბევრი ლაპარაკი, ბევრი წერა, სხვებზე მოყოლა და სხვებით საკუთარი თავის გამოხატვა.
არა, წასვლა კი იყო გეგმაში ოღონდ არა ასეთი – გაურკვეველი მანქანა დაბურული მინებით. ჩემი წასვლა უფრო უნდა ყოფილიყო დედას პრიუსი, – მოსალოდნელი, „ავტომატიკა“, ცოტა ხნით წამსვლელი და მალევე დამბრუნებელი, პატარა პაუზა, რაც გინდათ, მოკლედ… მარტივი უნდა ყოფილიყო.
ბევრი როლი მქონდა ჩემს მოკლე ცხოვრებაში. ჯერ ვიყავი შვილი და შვილიშვილი, მერე გავხდი მოსწავლე, მერე და, მერე თანამშრომელი, მერე სტუდენტი, მერე ჟურნალისტი, ახლა ისევ სტუდენტი, ოღონდ უცნაური დანამატით – ემიგრანტი სტუდენტი. ის ადამიანი გავხდი აი, საზღვარგარეთ ერთი თვის საპირწონე დღეები ყოველ შაბათს რომ პროტესტზეა. უცნაურია.
აქ ბევრი ხალხი გავიცანი, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი, ზოგი ძალიან კარგი… გულწრფელი რომ ვიყო, ძალიან ცუდი აქ ჯერ არავინ მიპოვია, ან თუ მიპოვია, არ გამიცვნია. ამ ხალხს ვეცნობი და იმის მერე, რაც ვეუბნები რომ მქვია ნანა და არა ნანუკა, რასაც ასევე ძლივს შევეჩვიე, პირველი რასაც ვუყვები ჩემი ინტერესებია – წერა, სიმღერა, თეატრი, ქვეყანა.
ხან მართლა გულით ვცდილობ ხოლმე ასე მარტივად ვუპასუხო, მაგრამ მერე ვყვები დაჭერილ და ნაცემ ჟურნალისტებზე, დაჭერილ, ნაცემ და გაფიცულ მსახიობებზე, ახალგაზრდებზე, დედებზე, შვილებზე, ჩემს მეგობრებზე, უწყვეტ პროტესტებზე და უწყვეტ ადამიანებზე.
აქ მარტოობა ცოტა სხვანაირია, ორმხრივია. მარტო ხარ, იმიტომ რომ სახლიდან შორს ხარ და მარტო ხარ იმიტომ, რომ აი მთლად ბოლომდე მაინც არავის ესმის. წარბს იჭმუხნიან, ინსტაგრამზე აქა-იქ „სთორის“ გიგულებენ, მაგრამ არ ესმით და ვერც გავამტყუნებ, არც უნდა ესმოდეთ.
აქ ხომ ნამდვილი ახალაზრდები ცხოვრობენ. უყვართ ლიტერატურა, ჯაზი, ფილმები, თეატრი, პოლიტიკა და პოლიტიკური იდეოლოგიები, ფილოსოფია, სოციოლოგია. ამაზე საუბრობენ ლაღად. საღამოს აივანზე, გვიან ღამით ბარში, უცხო ქვეყანაში ახალ გაცნობილ ადამიანებთან. იცით როგორი სიცილი აქვთ? აქეთ თუ არ ხართ ნამყოფი ვერც აგიხსნით…
მოვხვდი ეგეთ წრეში. ლატვიაში. მოცუცქნულ, ზღვისპირა ქალაქში სადაც იბადება ქარი და მუსიკა. მიტოვებულ ცეხში, რომელიც ახლა ბარადაა გადაკეთებული. ავდივართ რკინის კიბეებზე. ვსხდებით დიდ წითელ სავარძელზე. ფინელი ბიჭი ხედავს ფორტეპიანოს და უკრავს საოცარ ჯაზს. შეიძლება სულაც არ იყო საოცარი, მაგრამ იმ წუთას იქ რომ ყოფილიყავით, დამერწმუნეთ, ამაზე ღვთაებრივს ვერაფერს მოისმენდით… ისმოდა ჯაზი და ისმოდა სიცილი, უაზრო სიცილი, მუცლის ატკიებამდე, მეგობრებთან ყოფნის სიცილი, – ოდა ახალგაზრდობას.
ჩემი სიცილი ცოტა სხვანაირად ჟღერს, ისე როგორც ჩემი მეგობრების. ეჭვნარევია, ბოლოს აუცილებლად მოყვება სევდა და განა რა? ესეც ოდაა ახალგაზრდობის, ოღონდ ჩვენებური ახალგაზრდობის, თაობების ახალგაზრდობის, დაბღვერილი, ნაღვლიანი ახალგაზრდობის. „ჩვენს შვილებს მაინც აღარ მოუწევთ“ ახალგაზრდობის.
„ტყის განაპირას სხვა ბავშვებთან თამაშის ნაცვლად
ზის ჩემი შვილი და მთელი დღე წიგნებს კითხულობს.
ყველაზე დიდი გატაცებით კითხულობს ამბებს
მდიდარი ხალხის თაღლითობაზე
და გენერლების მხეცობაზე.
თუ წაიკითხა, რომ კანონი მდიდარს და ღარიბს თანაბრად უკრძალავს ხიდის ქვეშ ცხოვრებას,
მე მესმის მისი გულიანი, ლაღი სიცილი.
და თუკი მიხვდა, რომ ავტორი მოსყიდულია,
უნათდება ბავშვური შუბლი.
მე ეს მომწონს, მართალია, მაგრამ მერჩივნა,
მიმეცა მისთვის ისეთი ბავშვობა,
რომ კითხვის ნაცვლად, სხვა ბავშვებთან ეთამაშა ტყის განაპირას“, – ბერტოლტ ბრეხტი, „ცუდი დრო ახალგაზრდებისთვის“.
ეს ხშირად მახსენდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღნიშნული თარგმანი, რომელიც თარგმა პოეტმა, რომელსაც სცემეს, დააპატიმრეს და მერე ისევ სცემეს, წაიკითხა ჩემმა საყვარელმა ახალგაზრდა მსახიობმა, რომლის მეგობარიც, ასევე მსახიობი, დააპატიმრეს კაფკას შესაშური პროცესით.
და მაინც ყველაზე მეტად ყურებში სათაური მესმის „ცუდი დრო ახალგაზრდებისთვის“. მონოტონურად, დაუსრულებლად, განმეორებით. რა, მართლა ცუდი დროა? არადა ხომ ახლაა ის რისკები, ექსპერიმენტები, ეჭვები, გულის ტკივილები და გამთელებები, ოციანები და თავისუფლება. მაგრამ ფონად გასდევს „…მერჩივნა, მიმეცა მისთვის ისეთი ბავშვობა, რომ კითხვის ნაცვლად, სხვა ბავშვებთან ეთამაშა ტყის განაპირას…“
ვიცი რომ დადგება დრო, განა არ დადგება და იქნება, განა არ იქნება, მაგრამ ნუთუ ვიქნები დაუნახავი და ცუდი თუ ვიტყვი, რომ ჩემთვისაც მინდა, ღიმილის ბიჭებისთვისაც მინდა, თერთმეტეულისთვისაც მინდა, მზიასთვისაც მინდა, მათესთვისაც მინდა და არ მინდა რომ ჩვენს შვილებს ვუყუროთ, როგორ კითხულობენ წიგნებს სხვებთან თამაშის ნაცვლად.
ხშირად სიტყვები მეკარგება, მგონია ახლაც ეგ დრო დადგა.