ახალი თაობის ორ გამორჩეულ არტისტს მარცხენა ხელის ზურგზე (ალბათ, როგორც მემარცხენეებს) ტატუ აქვს გაკეთებული. და როდესაც ისინი მარჯვენა ხელს გართმევენ, თითქოს მარცხნიდან ეს ტატუები გესალმებიან. როცა სიგარეტს ეწევიან და გელაპარაკებიან, ამ ტატუებს ხედავ ყველაზე მკაფიოდ, როცა უბრალოდ შენ გვერდით სხედან, თვალი მაინც ამ ტატუებისკენ გაგირბის, როცა მიკროფონთან დგანან, ავტორთან ერთად მუდამ რაღაც მესიჯს აგზავნიან ეს ტატუები…
ეს ორი არტისტი, რომლებმაც ჩემთვის მოახერხა, რომ ემოციურად მძაფრი და კონცეპტუალურად ზუსტი ტატუ დაეხატა სხეულის სწორ ადგილას, ერეკლე დეისაძე და ზურა ჯიშკარიანი არიან.
ერეკლე თითქოს არცთუ ორიგინალურია – მას საქართველოს რუკის კონტური აქვს გამოსახული ხელის ზურგზე, აი, ზურას კი – მალევიჩის შავი კვადრატი.
ალბათ დეისაძის მესიჯის წაკითხვა უფრო იოლად შეიძლება. მას შემდეგ, რაც სცენაზე გამოჩნდა, მას მუდამ სწამებენ, რომ ის ქვეყნის შემარცხვენელი და სამშობლოს მოღალატეა, რომ ტრადიციების დამანგრეველი და ვერაგი ადამიანია, რომ საქართველო არ უყვარს და ყველაფერს მის დასაღუპად აკეთებს… და როცა მუდამ ასეთი ბრალდებების ქვეშ გიწევს მოქმედება, ყველასთვის განკუთვნილი ერთი ასეთი ვიზუალურად ხილული პასუხი ძალიან ეფექტურია. თუმცა კი ამ ალალი პასუხისაც შეიძლება არ დაიჯეროს ბევრმა და ირონიად თუ ცინიზმად ჩათვალოს.
რას იზამ, ხანდახან გამოსავალი არ ჩანს, თუმცა არც ეს ცინიზმია ერეკლე დეისაძისთვის უცხო, თუნდაც იმ სცენას თუ გავიხსენებთ მისი „რუსული არდადეგებიდან“, როცა აგვისტოს ომის დროს გორელი სოსო ვაკელ ქეთევანთან სექსის დროს ქალის გენიტალიას საქართველოს რუკას ამსგავსებს, ოღონდ აფხაზეთის გარეშე. მაგრამ ხელის ზურგზე ხომ ერეკლეს მთლიანი საქართველო ახატია, და თან ყოველგვარი ცინიზმის გარეშე. და საერთოდ, მე მგონია რომ ტატუ, როგორც ფენომენი, ცინიზმის გამოსახატავად არცთუ მოსახერხებელი საშუალებაა.
რაც შეეხება ზურას: მახსენდება ერთ-ერთი გამოფენა, სადაც მისი ერთი ნამუშევარიც იყო წარმოდგენილი. ეს იყო შავი კვადრატის ვებდიზაინერული კოდი. ანუ ზურამ ის ბოლო არტისტული ზღვარი, რომელიც მალევიჩმა თავისი დროისთვის შავი კვადრატის სახით შექმნა – გადაწია, გვაჩვენა ამ ერთფეროვანი გამოსახულების „შემადგენელი“. „მალევიჩის შავი კვადრატის იქით – შავი კვადრატის კოდია, რომელიც ბევრი სახის შეიძლება იყოს – გააჩნია, რა დისციპლინიდან მიუდგები“ – ესაა ზურა ჯიშკარიანის კონცეფცია და ეს კონცეფცია სიმპტომატურია: ის მუდამ ცდილობს, ბოლო კარს მიღმა ახალი პორტალები გახსნას, იქ შეიხედოს, სადაც აქამდე არავის შეუხედავს, ახალი ეპოქის „შავი კვადრატები“ იპოვოს, გაიაზროს და დადოს. ამიტომაცა აქვს ამოსვირინგებული თანამედროვე ხელოვნების ეს ემბლემა, და იგი ამ თავისი ოთხკუთხედი, მუქი თვალით თითქოს მუდამ შენ შემოგყურებს, როცა მის გვერდით ხარ.
ახლა ის მომენტი წარმოვიდგინე, როცა ერეკლე დეისაძე და ზურა ჯიშკარიანი ერთმანეთს ხელს ართმევენ (მარცხენითაც ხომ შეიძლება!), ანუ როცა საქართველო და თანამედროვე ხელოვნება ერთმანეთს ხვდება. ეს ალბათ არაჩვეულებრივი მომენტია, ლამის ჯადოქრული.
საერთოდ კი ჩემთვის და ჩემი თაობისთვის ტატუ უცხო ფენომენია. ჩვენ დროს მას საერთოდაც ნაკოლკას ვეძახდით, ან ქართულად – სვირინგს. მაშინ იგი კრიმინალთან ასოცირდებოდა, და როცა 21-ე საუკუნეში მას ეს სტიგმა მოეხსნა, ლეგალური და ესთეტური გახდა, ეს გაუცხოება ჩვენში მაინც დარჩა.
პირადად მე, რომც მომინდეს რაღაც მომენტში მისი გაკეთება, სურვილს მაშინვე შიში გადასძალავს: მთელი დარჩენილი ცხოვრება როგორ უნდა ვუყურო საკუთარ სხეულზე გამოსახულ რაღაც ნახატს? რომ აღარ მომეწონოს? რომ აღარ მომინდეს? გემოვნება ხომ იცვლება, დამოკიდებულებები იცვლება… სადღაც ზურგზე ალბათ კიდევ შეიძლება, როცა ის შენთვის უჩინარია, მაგრამ ხელზე? რომელსაც ყოველ წამს ხედავ: როცა ჭამ, როცა წერ, როცა ვიღაცას ეფერები… ამ გაგებით, ხელი ყველაზე სახიფათო ადგილია ტატუსათვის, რადგან შენი აქტიურობა სამუდამოდ ეჯაჭვება რაღაც გამოსახულებას და შენ ამ გამოსახულების მესიჯის ქვეშ უნდა იმოქმედო. შენ მისი ერთგული უნდა იყო. თუ უღალატე, ძნელი გახდება გააგრძელო ცხოვრება. ხელის ყოველ გაქნევაზე შენი ტატუ მუდამ გაგახსენებს შეცდომებს, კომპრომისებს…
და ალბათ ვინც ამ ნაბიჯს დგამს და რაღაც მნიშვნელოვან მესიჯს იტვიფრავს ზედა კიდურზე, ის ბოლომდე დარწმუნებულია, რომ საკუთარ პრინციპებს არასდროს უღალატებს. ანდა უბრალოდ ბრიყვია, და მოდას აყოლილი, მექანიკურად მოქმედებს და ასეთ ნიუანსებს არ უფიქრდება. მაგრამ ერეკლეს და ზურას სიბრიყვეს ვერ დავწამებთ. მათ იცოდნენ, რომ საქართველოს რუკის კონტურის თუ მალევიჩის შავი კვადრატის იმიჯის ქვეშ მოუწევდათ ლექსების, რომანების თუ მუსიკის წერა, ახალი იდეებისა თუ ფორმების ძიება თუ პოზიციის გამოხატვა. და ისინი ამაზე წავიდნენ.