ორპირი ქარი

პუბლიკა

ადამიანების ამდენ საჯარო და არასაჯარო ცემას, ხელის მუხლზე გადატეხვას, ძვლების დალეწვას, დასახიჩრებას, თავისი გვერდითი მიზანიც აქვს – შიშის დათესვა არა მხოლოდ აქტივისტებში ან ჟურნალისტებში, არამედ მარშუტკის მძღოლებში და სახელმწიფო სექტორის მუშათა კლასის სხვა ნაწილშიც.

ივანიშვილის სისტემის ამ სისასტიკის მიზანია გაფიცვების პრევენცია სახელმწიფო სექტორის მნიშვნელოვან ადგილებში, მაგრამ მარტო ეს არა – ასევე სამომავლო სოციალური პროტესტების პრევენციაც. ბრძოლის სურვილი უნდა გაუქრეს ნებისმიერს, ვინც შეიძლება უკეთესი სოციალური ცხოვრება მოითხოვოს ხვალ, ან არსებული მდგომარეობის დაცვა ცადოს დღეს.

ყველაზე ცინიკური ის არის, რომ ივანიშვილი ამას აკეთებს წინამორბედი რეჟიმის ყველაზე ბლაგვი და მორჩილი ჯალათების ხელით, რომლებიც მისი სისტემის ორგანული ნაწილია. და არა უბრალოდ ნაწილი – ნაცების ჯალათების დიდი ნაწილი ქოცების ხელში კიდევ უფრო ეფექტური გახდა, მათი გაპირუტყვების დონე უფრო მაღალია, იმიტომ, რომ კიდევ უფრო დაცულად გრძნობენ თავს.
ივანიშვილის პროექტი მკაფიო ხდება- ეს არის ავტოკრატიული, დერეფნის კაპიტალიზმი.

ამ პროექტით საქართველო უნდა გახდეს მნიშვნელოვანი პროექტების (შუა კორიდორი და განახლებადი ენერგიის კაბელი) გამტარი დერეფანი, რომელმაც ბევრი ფული უნდა დაწეროს ივანიშვილისთვის და მისი ვიწრო წრისთვის. ეს დერეფანი უნდა გახდეს მაქსიმალურად მოქნილი, ადვილად გადაკეთებადი, დიდ პროექტებს მაქსიმალურად მორგებული. და იმის მიხედვით, როგორც დაჭირდება ფულის, ენერგიისა და საქონლის ნაკადებს, უნდა გადაკეთდეს ბუნება და შეიზღუდოს ხალხი და მშრომელები.

იმისთვის, რომ დერეფნის კაპიტალიზმმა შეუფერხებლად იმუშაოს, ივანიშვილის წარმოდგენით, მას არ უნდა შეხვდეს წინააღმდეგობა არც მშრომელებისგან და არც გარემოსდამცველი მოძრაობებისგან. ამიტომ, როცა სპეცრაზმი ურტყამს, ის ურტყამს როგორც დერეფნის კაპიტალიზმის მომავალი დარაჯიც.

ბელორუსთან შედარებები ამიტომ მგონია არასწორი – ბელორუსი შესაძლებელია მძიმე და გადამამუშავებელი მრეწველობის პირობებში, რომელიც მეტ ნაკლებად თვითკმარი ეკონომიკის წინაპირობას ქმნის. ივანიშვილს გაუჭირდება დერეფნის პირობებში დიდხანს შეინარჩუნოს ავტოკრატიული მმართველობა, რომელიც არავის ამდიდრებს მის და მისი გარემოცვის გარდა. ისევე, როგორც ბავშვების და ქალების დემონსტრაციული ცემა და დაჭერა არ იქნება დავიწყებული.

ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ივანიშვილისთვის საჩუქარია. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს ენა არ ჰქონდეს და მხოლოდ კიდურების როლი შეასრულოს. ჯერჯერობით არც ის ხდება, რომ აქციამ ორგანულად გააჩინოს მოლაპარაკე ლიდერები. ყველა იქ მდგარი ადამიანისთვის გასაგებია, რომ როგორც კი ეს ოპოზიცია აქციებს ეკარება და მის ლიდერობას ცდილობს, ხალხის რაოდენობა საშუალოდ ათჯერ იკლებს.
ვრჩები იმავე აზრზე, რაზეც გაზაფხულზე ვიყავი – ივანიშვილის სისტემასთან ბრძოლა სოციალური (კლასობრივი) შემადგენლის გარეშე სასურველ შედეგს ნაკლებად მოიტანს. მაშინაც და სწორედ მაშინ, როცა აპატიმრებენ და სცემენ, სისტემას უნდა მოსთხოვო ძალადობის შეწყვეტა და დაპატიმრებულების გათავისუფლება მაგრამ იმავდროულად, უნდა მოსთხოვო უკეთესი მატერიალური ყოფა.

ფიქრი იმაზე, რომ ჩვენ ევროკავშირის რეგულაციების წყალობით შევინარჩუნებთ ბუნებას, რომ ამავე რეგულაციების წყალობით მოგვეცემა უმუშევრობის დაზღვევა და მინიმალური ხელფასი, კარგი ჯანდაცვა და განათლება, უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ეს ყველაფერი მოსაპოვებელი გვაქვს ადგილზე და თუ მიმდინარე პროტესტი თავის თავს ამ განზომილების ქონას არ აუკრძალავს, მხოლოდ მოიგებს.