პასუხი გია ნოდიასა და შემოდგომის ლიბერალებს

პუბლიკა

 გიორგი რაზმაძე

დიდი დრო არაა გასული, რაც ლიბერალიზმი სოციალიზმზე გავცვალე. სულ მცირე ორმა მოვლენამ განაპირობა ეს − პანდემიამ, რომელმაც კაპიტალიზმის სიმახინჯე სრული სისავსით დამანახა და დამინგრია წარმოდგენა, ვთქვათ, მცირე სახელმწიფოს სიკეთეზე (ჟიჟეკს თუ დავუჯერებთ, ლოქდაუნის დროს საერთოდ კომუნიზმში ამოვყავით თავი) და მეორე გარდატეხა ბერნი სანდერს უკავშირდება, მეგობრის დახმარებით ახალი ტიპის პროგრესივიზმი რომ აღმოვაჩინე.

ბერნი სანდერსი თუ არ მძულდა, ლიბერალური მედიის გავლენით მტრად მიმაჩნდა. − რის მტრად?… − მეგონა, რომ საქართველო არ იყო ის ადგილი, სადაც ჩვენი მოკავშირეების პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები უნდა გარჩეულიყო. წარსული − რა თქმა უნდა, მაგრამ არა აწმყო.

ქართული დეკოლონიური მოძრაობა არ არსებობს, რადგან რუსეთის იმპერიასთან ბრძოლა „კოკა-კოლას“ მისტიფიკაციაზე გადიოდა, რაც ამჟამად, რელიგიურ კატეგორიაშია აყვანილი და ზუსტად ამ კატეგორიაში მიმდინარეობს. გია ნოდია წერილში, რომელიც რადიო “თავისუფლების” ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მემარცხენეებს მემარჯვენე რადიკალებზე საშიშ მოვლენად მიიჩნევს. ყველაზე სავალალო კი რუსეთუმე თუ ნახევრად რუსეთუმე მემარცხენეებისგან ამერიკას დაცვის სტრატეგიაა, რასაც ტექსტის ავტორი მთლიანად სამომხმარებლო საზოგადოების ლოგიკაზე აფუძნებს.

ნოდიას წერილში თვალში მოგხვდებათ ფრაზა “Made in America”, რაც სასაქონლე ფეტიშიზმის სიმბოლოა და ძალზედ დამახასიათებელი იყო “პერესტროიკის” პერიოდის საბჭოთა ადამიანებისთვის, რომლებსაც სჯეროდათ, რომ დასავლეთში ცუდი ამინდიც კი არასდროს დგებოდა.

ფეტიშიზმს ნოდიაც აღიარებს, თუმცა “პერესტროიკის ინტელექტუალებზე” აგრძელებს, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, დასავლეთი მოინახულეს და მისი დაბალანსებული აღქმა შეძლეს. სამაგიეროდ, ავტორი წუხს, რომ ზოგიერთმა დასავლეთის პარაზიტირება დაიწყო, როდესაც პოსტკოლონიალიზმის თეორიებით დასავლეთისავე კრიტიკას შეუდგა.

რთულზე რთული ამოცანაა იმის ახსნა, რომ დასავლური ცივილიზაცია უფრო მეტია ვიდრე ლიბერალური დღის წესრიგი. ევროპა დღეს სოციალისტურია და ამერიკაშიც კი, თუკი მხედველობაში ახალგაზრდებს ვიქონიებთ, კიდევ უფრო მარცხნივ გადახრის მოლოდინი უნდა გვქონდეს. მაგრამ ამაზე ჩვენთან, რა თქმა უნდა, არავინ საუბრობს.

მითების სამყაროდან რეალობას რომ დავუბრუნდეთ და ინტელექტუალების თვალსაწიერის მიღმიერ სამყაროს შევხედოთ, აღმოვაჩენთ რეალურ მოცემულობას, რომელშიც დასავლეთში არა საუნივერსიტეტო “მემარცხენე” ცოდნის მისაღებად, რამდენადაც არალეგალ მუშებად მიემგზავრებიან.

საქართველოდან დასავლეთში არაკვალიფიციურ მუშახელად მოსახლეობის მასობრივი გადინება შევარდნაძის ძალაუფლების უზურპაციის შემდეგ იწყება. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ უამრავი ქართული ოჯახიც დაინგრა, რადგან დედებმა, შვილებმა და მამებმა, რომლებიც მანამდე სამსახურით, სახლით, უფასო ჯანდაცვითა და განათლებით იყვნენ უზრუნველყოფილები, კიტოვანისა და იოსელიანის მიერ დამკვიდრებული ლიბერალური დემოკრატიის (განგებ არ ვსვამ ბრჭყალებში, რადგან 30 წელია შეუძლებელია რისამე ერზაცში ვიმყოფებოდეთ) შედეგად მოუწიათ არალეგალ მოსამსახურეებად გაქცევა, რადგან მათი ქარხნები, სკოლები და კვლევითი ინსტიტუტები ყველას თვალწინ, დემონსტრაციულად, უბოდიშოდ აგურებად დაშალეს და ჯართად გაიტანეს.

რა ხდება ამის პარალელურად? მედია და ხელოვნება, რომელიც ზემოხსენებული ძალებისგან ირიბად თუ პირდაპირ ფინანსდება, “ჰომოსოვიეტიკუსების” აღზრდის საქმეს იწყებს. ლიბერალური ელიტა მოსახლეობას უხსნის, რომ ისინი არაფრად ვარგიან, რადგან არ იციან ვაჭრობა, ბაზრის კანონები, სტარტაპების არაფერი გაეგებათ, ინგლისურიც არ იციან და არც ღიმილი უვარგათ როცა მოლარეებად იწყებენ სამსახურს, რომლებსაც ზუსტად ისეთ პირობებში უწევთ მუშაობა, როგორიც კაპიტალიზმის საწყის პერიოდში არსებობდა.

როგორი ცხოვრება იყო XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში, გაჯერებულია ქართული კლასიკური ლიტერატურა. უფრო მეტს კი სამეცნიერო გამოკვლევებსა და პერიოდიკაში ნახავთ, რომ მაგალითად, 16 საათიანი სამუშაო გრაფიკი ნორმას წარმოადგენდა, გაფიცვის რეალური უფლება არავის ჰქონდა, მიზერული ხელფასი კი სანატრელი იყო… პრაქტიკულად, ყველაფერ იმას, რაც დღეს ჩვენი უბნის მაღაზიებსა და აფთიაქებში აქ და ახლაა მოცემული და რაზეც თვალი და ყური ისე მიგვეჩვია, რომ ისტორიულ ანალოგებსაც არ ვავლებთ.

მიზეზი ოფიციალურ დისკურსშია, რომელშიც რეალობის გააზრების დრო ჯერ ისევ არ დამდგარა. რეალურად, ანტიამერიკანიზმი ისაა რასაც “პერესტროიკის ლიბერალები” ყოველდღიურ რეჟიმში ეწევიან, როდესაც დასავლეთის მთავარ მონაპოვარს – თვითკრიტიკას – მტრულად ეგებებიან და თვითგამოცხადებული სამოციქულო აპოლოგეტიკის პირობებში ცდილობენ ლიბერალიზმის გადარჩენას.

უკანასკნელი 40, 50 და შესაძლოა 60 წლის განმავლობაში “პერესტროიკის ლიბერალები” აძაგებდნენ რიგით ადამიანებს, დასცინოდნენ მათ ცხოვრების წესს, ინტერიერებს, რომლებშიც ყბადაღებული სახლის ბიბლიოთეკები ღირებულებათა ახალ სისტემას გამოხატავდა, საუბრის მანერას, რომელშიც თქვენობითი ფორმა არსებობდა, ფულის სიძულვილს თუ არა, მინიმუმ მისი ქონის სირცხვილის წესსა და ა.შ. და ა.შ. უკვე დამოუკიდებლობის ხანაში ეს სიძულვილი ჩამოქცეული ეკონომიკის დადანაშაულებაში გადაიზარდა.

თურმე “1990-იანი წლები” ქართული კულტურის ბრალია და არა კრიმინალების სიხარბე, რომლებმაც ძალადობრივი გზით საბჭოთა კავშირიდან დარჩენილი ქონება მიიტაცეს და საკუთარი “ანტისაბჭოთა” დღის წესრიგი დაამკვიდრეს. ეს პროცესი პროდასავლურ კურსად გასაღდა.

რომ არა ქართული კულტურის დასავლურ ცივილიზაციასთან ფუნდამენტური კუთვნილება, იმის წარმოდგენაც გაგვიჭირდება, რა მოჰყვებოდა ხოცვა-ძარცვის გამამართლებელ დიდი ტყუილის პოლიტიკას, რასაც, თუნდაც, ბატონი გია ნოდია ეწევა უნივერსიტეტებსა და მედიაში (არ დაგვავიწყდეს პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ტაბულა“, „პოსტTV“ და სხვ.).

რეალობის გადასაფარად, როგორც ვთქვით, ქართულ პოლიტიკურ და მედიურ დისკურსის ზედაპირზე კულტურული ომები, “პრაიდი” და სხვა ხელოვნური პრობლემები ტივტივებს. ბატონი ნოდიას წერილიც ასეთივე საკითხს ეხება. მით უფრო, ამ ხელოვნურ პრობლემაში იმდენ ტყუილ-მართალს ურევს, რომ რთულია ყველა ცალკეულ სიტყვაზე გამოკიდება. რასაც, რა თქმა უნდა, არც ვაპირებ, ისევ და ისევ ბერნი სანდრესის მაგალითით, რომელსაც ლიბერალური მედიები, როგორიცაა CNN, MSNBC და სხვ. (აქაც ბრჭყალების გარეშე) თავდასხმებს უწყობენ (მაგალითად, ჯეიმს კარვილის პირით) და ხან კომუნისტად, ხან რადიკალად და ხან დემოკრატიის მტრად აცხადებენ.

თუმცა სანდერსის პასუხი მარტივია, ცივი ომის დროინდელი გროტესკული განცხადებების მოკლე უარყოფა და ვექტორების მნიშვნელოვან საკითხებზე გასწორება – რატომ არ აქვს მინიმუმ 50 მილიონ ამერიკელს ჯანდაცვასთან წვდომა, სხვა სიტყვებით, რატომ არ არის 50 მილიონი ამერიკელი ექიმთან ერთხელ მაინც ნაყოფი და სხვ. და სხვ.

ანტიამერიკანიზმს არა ჯანდაცვის ბიზნესზე, ფარმაცევტულ თუ საბანკო მაფიაზე, სამორინე კარტელებსა და არარსებულ საბინაო პოლიტიკაზე მომუშავე ძალები ახალისებენ, არამედ “პერესტროიკის ლიბერალები”, რომლებიც ზემოხსენებულ საკითხებს არათუ არ იმჩნევენ, ყოველმხრივ ამართლებენ (მაგალითად, შევარდნაძის პერიოდის ყაჩაღების ამნისტიას გვთავაზობენ) და გადასაფარად ათას სოციალურ-პოლიტიკურ ექსპერიმენტში გვითრევენ.

მოქალაქეს, რომლის ნათესავიც არალეგალი იმიგრანტი მუშაა, შია, სწყურია და რაშიც თურმე თავადაა დამნაშავეც, უბიძგებენ საბჭოთა წარსულის გადაფასებისკენ. თუმცა რატომ უკვირს ვინმეს, რომ ამ წარსულში იმაზე კარგ მოცემულობას ვპოულობთ, ვიდრე აქ და ახლაა. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ჰაერში არავის გადაუყრია 30 წლის განმავლობაში ჩატარებული ამდენი ტრენინგი და გაცემული პრემია „საბა“ – ლიბერალური დღის წესრიგიდან ყოველი გადახვევა და დაეჭვება დისკურსის თვითმარქვია ცენზორების მიერ უმალ „1937 წლის“ რომანტიზებად ინათლება და საზოგადოების თვალთახედვა კვლავ რომელიმე უსაგნო მწვავე პრობლემაზე სწორდება.

თუმცა, რა თქმა უნდა, საბჭოთა ნოსტალგია ისეთივე ფუჭი საქმიანობაა, როგორც მისი ძაგება. ახალგაზრდებმა პროპაგანდისგან დაცლილი გონებით უნდა შევაფასოთ წარსული და როდესაც, მაგალითად, ბიზნესად ქცეულ ჯანდაცვასთან გვექნება საქმე, ახალი დღის წესრიგის არქიტექტორებს შევახსენოთ, რომ ასე საძულველ წარსულში ეს პრობლემა არ არსებობდა.

“მეორე ძალის” და არანაირად “მესამის”, რადგან მთლიანი პოლიტიკური ელიტა ერთ სისტემაში უნდა განვიხილოთ, ლიბერალური ტყუილიდან თავის დაღწევა, ორი-სამი “პერესტროიკის ინტელექტუალის” მიერ მოხაზული წითელი ხაზებისა და ზონების უგულებელყოფა და სრულიად ახალი დისკურსის წარმოებაა. ჩვენი მიზანი რუსეთის იმპერიალიზმისგან რეალური თავის დაღწევა უნდა იყოს და არა ამავე ქვეყნიდან მოვლენილი კახა ბენდუქიძის მოღალატეობრივი პოლიტიკის გაზიარება, რომლის შედეგადაც საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური დარგები რუსეთს ჩაბარდა და ეს პროცესი კვლავაც წარმატებით გრძელდება.

ჩვენი მიზანი სოციალური სახელმწიფოს შენებაა, სადაც მდიდარი გადაიხდის მეტს, სიღარიბე კი არ იარსებებს სწორედ იმ რესურსების წყალობით, რომელთა ამოტუმბვასაც “ღარიბი” საქართველოს მილიონერები და მილიარდერები ეწევიან. სხვა სიტყვებით, ჩვენ გვინდა ერთი ტიპური თვითმყოფადი ევროპული სახელმწიფოს შენება და არა აზიის, აფრიკისა თუ ლათინური ამერიკის ოდიოზური ქვეყნების მაგალითის გამეორება. არაფერი გვაკავშირებს სინგაპურთან და ყველაფერს ვიზამთ, რომ არც პანამასთან მოხდეს საქართველოს დაკავშირება.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს რედაქციის შეხედულებებს.