მიხარია, გიორგი, რომ მეძლევა საშუალება, მოგაწვდინოთ ხმა, გავიზიარო თქვენი ტკივილი და გაგიზიაროთ ის უკიდურესად ძლიერი და ღრმა შთაბეჭდილება, რომელმაც, თქვენი სიტყვის მოსმენით, შეძრა ჩემი და ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანთა გულები.
„დათვლილი დროის” სამყაროში, რომელშიც აღარ არსებობს მარადისობაში განცდილი სიცოცხლის კონტექსტი, და ცხოვრების ტექნოლოგიური განზომილების უკიდურესი განვითარების მოცემულობაში სიცოცხლე იმდენად არის დაუძლურებული, რომ, შეიძლება თამამად ითქვას, უნაყოფობა ისტორიის ამ წამის ეპოქალურ ფენომენურ ნიშნად შეიძლება იქნას აღქმული, თქვენ საოცარი გრძნობით, სიმართლით და განსაცვიფრებელი ძალით ისაუბრეთ იმ სიყვარულზე, რომლის დაკნინებაც, გადაგვარებაც, გაქრობაც აქამდე არსებული სიცოცხლის დასრულების მომასწავებელია და არის აპოკალიფსური დროის ნიშანი და აღმნიშვნელი.
იქ, სადაც სიცოცხლე ხდება ბერწი და უნაყოფო, ქრება შემოქმედებითი ცხოვრების უნარიც და ადამიანი, რომელმაც დაკარგა სიცოცხლის ღვთაებრივი წიაღი, ჟამთა უსასრულო ცვლაში, დედის წიაღის, სამშობლოსა და დედამიწის წიაღის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება.
ჭეშმარიტად სულისშემძვრელად საოცარი იყო, გიორგი, ის, რომ თქვენი დედაშვილობის ტკივილის გაზიარებით, თქვენი უზომოდ ამაღელვებელი სიტყვით ამ დედაშვილობაზე, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უკიდურესად მნიშვნელოვან დღეებში, უზომოდ მაღალი მგრძნობელობის ვითარებაში, როცა უკიდურესად შეცვლილ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ადგილის განსაზღვრას ცდილობენ ჩვენი ახალგაზრდები და მათ გვერდით დადგომა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა, თქვენ მოვლენების შუაგულიდან, უძვირფასესი მსხვერპლის შემწირველი პოზიციიდან დაამოწმეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ენაში კვლავ ძლიერია, უძლეველია დედაშვილობის ფენომენი, და ეს იმასაც გულისხმობს, რომ, ესე იგი, ცოცხალია დედასამშობლოსა და დედამიწის შვილობის განცდაც, ანუ ცოცხალია ის კაცთმოყვარეობა, რომელიც ერთი დედის წიაღს განგაცდევინებს სამშობლოსა თუ მსოფლიო მოქალაქეობაში.
ჩვენს ქვეყანაში ამ პოლარიზების, სამყაროში ამ ენობრივი დაქსაქსულობის ეპოქაში, როცა ბაბილოვნური ენათა განყოფა მაქსიმალურ ზღვარს აღწევს და, როგორც ფილოსოფოსები გვეუბნებიან, დაკარგულია ის სიღრმე სიცოცხლისა, რომელშიც ადამიანი ინდივიდუალურად, საკუთარ სიღრმეში განიცდის ყოფიერებას, თქვენ ამ სიღრმიდან უზომოდ ძლიერი, მნიშვნელოვანი განაცხადით იმდენად საკრალური, მტკივნეული, ძვირფასი განცდა გამოთქვით, რომ თქვენს სიტყვას იმ მსხვერპლის ძალა მიეცა, რომლის გაღებაც მოითხოვა ღმერთმა თქვენგან მოვლენათა ამ ვითარებაში…
ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, გიორგი, უძლეველია; მანდ ყოფნა, სადაც თქვენ ინებეთ დადგომა, ყველგან ყოფნას ნიშნავს; ეს ჩვენი დედასამშობლოს მარადიულ სიცოცხლეში მყოფობით უძლეველობის, დამარცხებულობაშიც დაუმარცხებლობის, ტყვეობიდან საკვირველი გათავისუფლების ის საიდუმლოა, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა.
ეს არის ის ცოდნა, როცა იცი დაუეჭვებლად, იცი არა მარტო გონებით, არამედ გულითაც და სხეულითაც, მთელი შენი არსებით, რომ მხოლოდ სიყვარულია უძლეველი ძალა სიცოცხლისა და მხოლოდ სიყვარული პოულობს ამ წარმავალ არსებობაში მარადისობის გზას. სწორედ ესაა ის გზა, გიორგი – და ეს თქვენ იცით – ქრისტემ, მხოლოდშობილმა და მამის თანაარსმა ძე ღვთისამ, რომელმაც ამ სამყაროში წმიდა ქალწული მარიამი დედად გამოირჩია, ჩვენთვის, ყოველი ამ ქვეყნად მოსული ადამიანისთვის რომ გაიარა.
გიგზავნით ჩემს წერილს დედობის ფენომენის – მშობელი დედის და დედა ღვთისმშობელის, იმ დედის შესახებ, რომელშიც ღვთაებრივ წიაღს უბრუნდება ხილული სამყარო; და კიდევ იმ დედობის შესახებ, ყოველგვარ ადამიანურობაში რომ განიცდება მიუხედავად სქესისა; როცა ეს ადამიანურობა ნაყოფიერდება ცნობიერების უმაღლეს განზომილებაში სიმართლის მზის ღვთაებრივი ნათელთან თანაზიარებით და თვისი უმაღლესი, უაღმატებულესი მშობიარობით შესაქმის ღვთაებრივი აქტის თანამონაწილე ხდება. და გიგზავნით აგრეთვე წერილს, რომლითაც მივმართე ახალგაზრდებს, როდესაც ის პროცესები დაიწყო, თქვენ რომ საკანში აღმოგაჩინათ.
თქვენ იცით, საკანი შესაძლოა სენაკადაც იქცეს, იმ ადგილად, სადაც ცხოვრების ამ ქაოსში სიცოცხლის გულისცემა ისმის; თქვენ ნამდვილი ექიმი ხართ, გიორგი, თქვენ ვერ იქნებით ვერც “პოლიტიზებული”, მით უფრო ვერც “პოლარიზებული”, ეს ნათლად ჩანდა თქვენს სიტყვაში;
თქვენ გული გტკივათ ყოველივე იმის გამო, რაც სიყვარულის დეფიციტში ჩნდება და გტკივათ სხვისი გულის ტკივილიც; თქვენ იმათგანი ხართ, ვინც არ დათმობს გულს და იმ იდუმალებითა და მშვენიერებით სავსე სამყაროს, რომელიც გულის უსასრულო სიღრმეში იხსნება.
დიდი მადლიერებით და პატივისცემით, დედა მარიამი!
ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი