ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი.
2022 წლის 17 იანვარს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ეძღვნებოდა ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნს – ელენე ბაქრაძის (დარიანი) მოგონებების, წერილების, დღიურებისა და ლექსების კრებულს.
ლიტერატურის მუზეუმს წიგნის დარჩენილი ტირაჟის სამინისტროსათვის დაბრუნება მოუწია, ხოლო განცხადებაში დასმულმა აქცენტებმა ბევრ ადამიანს უკვე თითქმის მივიწყებული საბჭოთა რიტორიკა გაახსენა. მერე რაც მოხდა, ყველამ ვიცით: ორ დღეში 832 ადამიანმა 30 ათასზე მეტი ლარი ჩარიცხა (თანხის განკარგვის ინფორმაცია გამოქვეყნებულია შესაბამის გვერდზე).
დარწმუნებული ვარ, არც ერთ შემომწირველს აზრად არ მოსვლია პაოლო იაშვილის ხსოვნის „შებღალვა“. ამ უპრეცედენტო სოლიდარობის მიზეზი სწორედ სამინისტროს განცხადების შინაარსი და წიგნების დაბრუნების მოთხოვნა იყო. 832 ადამიანმა (და ბევრმა სხვამაც) ეს სრულიად სამართლიანად აღიქვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად და თავი ვალდებულად ჩათვალა ამ თავდასხმისათვის პასუხი გაეცა.
თუმცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ეს ამბავი სხვაგვარად გაიგო. 2023 წლის 3 თებერვალს გამოქვეყნდა ცნობა სათაურით: „პაოლო იაშვილის შემოქმედების დასაცავად პოეტის დაბადების 130-ე წლისთავზე“.
აღმოჩნდა, რომ მინისტრი წულუკიანი პაოლო იაშვილს იცავს „მავანთაგან, რომლებმაც შარშან და შარშანწინ, ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ზოგიერთი წარმომადგენლის თაოსნობით, გადაწყვიტეს შეებღალათ პაოლოს, კომუნისტური რეჟიმის მიერ განადგურებული ამ დიდი ქართველის შემოქმედება.“
სამინისტროს ცნობაში ასევე ვკითხულობთ, რომ „პოლემიკა, რომელიც ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიტიკურ დისკურსში გადაიზარდა, უსაგნოა“. ამით სამინისტრო, რომელიც სამეცნიერო კრებულის გამოცემას სწორედ რომ პოლიტიკური სარჩულის შემცველი განცხადებით ეხმაურება, პოლემიკას დასრულებულად აცხადებს. ადრე ეგონათ, პირველი მსოფლიო ომი ყველა ომს დაასრულებსო, ახლა მინისტრ წულუკიანს ჰგონია, რომ პოლემიკას დაასრულებს (ამბიცია არ დაეწუნება).
მინისტრი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს ადამიანებს სამსახურიდან, რომლის ხელში გელათი დაღუპვის პირასაა, ახლა პაოლო იაშვილს ამოფარებული ცდილობს დაუმტკიცოს (ვის, საკუთარ თავს?), რომ კულტურას იცავს. მაგრამ „მეფე შიშველია“. სინამდვილეში მხოლოდ ის ჩანს, რომ მინისტრი არა მხოლოდ ერევა საგნობრივ დისკუსიაში, არამედ არბიტრადაც გვევლინება.
ეს ჩარევა ვნებს გამოხატვის თავისუფლებას, პოლემიკის თავისუფლებას, მეცნიერების თავისუფლებას. და დიახ, სწორედ პოლიტიკოსის, მინისტრის ჩარევა აქცევს ამ პროცესს პოლიტიკურ პროცესად. თორემ ლიტერატურათმცოდნეები ათწლეულებია კამათობენ ამ თემაზე და არავის აზრად არ მოსვლია მისი „პოლიტიკურ დისკურსში გადაზრდა“.
გამოცდილება გვასწავლის, რომ პოლიტიკოსების ჩარევა ლიტერატურულ, ან რამე სხვა საგნობრივ დისკუსიაში ძალიან ცუდად მთავრდება სწორედ ამ დისკუსიისათვის – დისკუსია უბრალოდ ქრება. ამ ქვეყანას უკვე ყავდა ერთი მაღალჩინოსანი ენათმეცნიერ-რუსთველოლოგ-ისტორიკოსი – და ვნახეთ როგორ საფუძვლიანად გააქრო ყველანაირი დისკუსია.
საკმარისია.