საქართველოს უახლოესი ისტორია შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საუკუნის ძარცვა, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ პერმანენტული ძარცვა-გლეჯის ეპოქაში, სადაც მძარცველებმა დიდი ხანია ნიღბები ჩამოიხსნეს და მათ სახეებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ბილბორდებზე გამოჭიმულებს ვხედავთ. ისინი ითხოვენ ძარცვის უფლების გახანგრძლივებას კიდევ ოთხი წლით და შემდეგ კიდევ ოთხი წლით და ასე უსასრულოდ, სანამ დაბერდებიან და სანამ ბანდის ახალ წევრებს გამოზრდიან და გამოკვებავენ.
პოლიტიკური ბილბორდები ამ ქალაქის ავადმყოფური გამონაყარია — გაპოხილი, ერთფეროვანი სახეებით, რომელთაც ერთმანეთისგან ვერ განასხვავებ. საპნის ოპერების ესთეტიკით დამზადებულ ამ პლაკატებზე თითქოს ერთი კანდიდატია, ის ერთი – მთავარი, ვითარცა პარტიასა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
ბავშვობაში გვასწავლიდნენ, რომ ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც იმსახურებს, თავისი ნიჭისა და თვისებების მიხედვით. თუ რამეს დააშავებს, ორმაგად გადაიხდის კიდეც საფასურს. მაგრამ გავიზარდეთ და ისეთ ქვეყანაში ამოვყავით თავი, სადაც ყველაფერი ამის საპირისპიროდ ხდება. შეხედეთ, ვინ არის პრემიერ-მინისტრი ან ვინ არის ეკონომიკის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, განათლების მინისტრი, ვინ არიან დეპუტატები, მღვდელმთავრები და ა.შ. შეხედვაც არ გვჭირდება, ერთი წუთიც რომ მოუსმინო, როგორ მეტყველებენ, როგორ ირჯებიან და სულ ციმციმ-ციმციმ, ტენდერ-ტენდერ ინაწილებენ და იტაცებენ ქვეყნის ბიუჯეტს, რათა შემდეგ ამაღლდნენ ბილბორდებად, ურბანულ ფურუნკულებად.
„და იძარცვება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, მდინარეებით, ხეობებით, ტყით, ვენახით, სათესით. წარსულის ისტორიით და მომავალი სვე-ბედით“. იძარცვება ყველგან – აფთიაქებში, ბანკებში, კაზინოებში, ეკლესიებში, საავადმყოფოებში. და ძარცვავს ყველა: ოლიგარქი, დეპუტატი, მინისტრი, მღვდელი, ბიზნესმენი, კნიაზი.
„ეს ძარცვაა!“ – არავინ ყვირის ამ მოსაწყენ და ძველმოდურ ფრაზას. არ გვაფრთხილებენ და არ გვაწვენენ სახით მიწისკენ, როგორც მშობლები ძილმორეულ, ონავარ შვილებს. არ ჩქარობენ და არ გვტოვებენ მარტოს. ანდა რატომ აჩქარდებიან, ვინმე დასჯით თუ ვინმე მოკითხავთ? ხელის აუკანკალებლად აგრძელებენ საეჭვო საქმეს, ანიავებენ საზოგადოების კუთვნილ სიმდიდრეს და ხალხის უკანასკნელ ლუკმებს თავიანთი ჯიბის წყვდიადში მიაქანებენ. ეს ერთი კლანია.
მათ უკვე მოინელეს ჩვენი წინაპრები, ჩვენი მშობლებით ამოიყორეს მუცლები და ახლა ჩვენ გვჭამენ და ჩვენს შვილებს იყრიან პირში. გვძარცვავენ საბავშვო ბაღების აშენებისას და გზების დაგებისას, რეაბილიტაციის და ნათელი მომავლის სახელით. მათ მიერ აშენებული კედლებიდან ათასობით ზურაბი კვნესის.
ჩვენ ვართ მძევლები, საქართველოს გაღატაკებული მოსახლეობა, იმედგადაწურული, შეგუებული, დამორჩილებული, შუაღამის ტრანზიტულ აეროპორტებში ატუზული, აფთიაქის რიგში აწურული, მუჭში მოქცეული გაოფლილი ხურდებით, გაოხრებული საავადმყოფოების დერეფნებში, გაპარტახებული ქალაქების თუ სოფლების გზებზე. ვუყურებთ, როგორ ანაცვლებენ მძარცველები ერთმანეთს. პლაკატებზე და ბილბორდებზე ერთსა და იმავე სახეებს ვუყურებთ, მათ უკან მხოლოდ ფონი იცვლება, წითელს ანაცვლებს ლურჯი, ლურჯს ისევ წითელი, წითელს შავი და ტრიალებს რულეტი, ირევიან რიცხვები. კაზინოს რეკლამა მმართველი პარტიის რეკლამაში გადაიზრდება, ურაპატრიოტული ლირიკა კი კაზინოს სლოგანში. თითქოს კედლებზე ქაღალდის ეს პოსტერები კი არ იფხრიწებიან, არამედ მოედინებიან, ლღვებიან, ფორმას იცვლიან და მოძვრებიან ღატაკი ხალხის მდიდარი მძარცველები ეკრანებიდან, ფანჯრებიდან, როგორც ბავშვობის დროინდელი ურჩხულები.
გაჩახჩახებული ბილბორდებიდან მედიდურად დაგვყურებენ საქმოსნები და დასცინიან ჩვენს სიღარიბეს, ჩვენს ყავლგასულ ღირებულებს, პრინციპებს, ქვეყნის სიყვარულს და სოლიდარობას. შემდეგ კი მოითხოვენ ძარცვის უფლებას კიდევ ოთხი წლით და კიდევ ოთხით, სანამ მათი ჯიბის წყვდიადი მთელ ქვეყანას არ შთანთქავს.
ეს პოლიტიკური ბილბორდები და პლაკატები ავადმყოფური გამონაყარია ქალაქის, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მაძღარი, უტიფარი სახეები, სხვადასხვა დროს რომ შეზელია ქალაქს და მის აქერცლილ კანად ქცეულა, როგორც არასასურველი, გამოუსადეგარი საჩუქრის ულაზათო შესაფუთი ქაღალდი… ამ ქაღალდით იფარება ჩვენი მოგონებები, ამ ქალაქებს და ამ ქვეყანას რომ გვაკავშირებენ.
იქ, სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგით ახლა ტრაქტორები ფუთფუთებენ; იქ, სადაც ხე შრიალებდა, ახლა ბეტონი ხმება. იმ ჩვენი კოპწია, ძველი სახლიდან, ახლა მხოლოდ ფასადი დარჩა, რომლის უკანაც მოპარული ფულით ახალ სასტუმროს წამოჭიმავენ და იქმნება ქალაქები კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, აფთიაქებით. დატრიალდება რულეტი და ადგილობრივებს მერამდენედ შეგვრჩება ზერო.
სამაგიეროდ, ეს პლაკატები ინახავენ სხვა მოგონებას, ყაყანა მიტინგებს და გამეტებით მოქნეულ ხელკეტებს, თვალებში დამიზნებულ რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზს და რკინის მოარულ ჯებირებს. არ გვიშვებენ, თან დაგვყვებიან, გველოდებიან, გვისაფრდებიან, გვისმენენ. ყოველ კუთხეში, ყოველ ბოძზე, დაბზარულ და დამსკდარ კედლებზე, ღობეებზე და ფანჯრებზე გადაკრული რამდენი სახე, განურჩეველი, უფერული, როცა მთავარია არა ადამიანი, არა ინდივიდუალიზმი, არამედ პარტია, უფრო კი ის ერთი, ვინც დგას ახლოს, მაგრამ უფრო ზევით, ვისი სახელიც პირველია, რაც უკანალისკენ გაქანებულ, გაქონილ და მჩატე თავებში მოსდით.
ეს ძარცვაა! – მოდი, ჯერ ამაზე შევთანხმდეთ.