პოლიტიკური ჰომოფობიის აღზევება საქართველოში

პუბლიკა

ავტორი: ბექა გაბადაძე

ბოლო პერიოდში საქართველოში მმართველი პოლიტიკური ძალის რიტორიკაში გაჩნდა პოლიტიკური ჰომოფობიის ღია ნიშნები, რომლებიც ამოცნობას, სახელდებას და მხილებას მოითხოვს. იმავე პოლიტიკური ძალის მიერ გაზიარებული, ზოგჯერ მათივე ინიციირებული პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხის წინაშეა.

პოლიტიკური ჰომოფობიის გამოყენება ძალიან საშიში მოვლენაა და კომპლექსური საკითხია. მას  აქვს  პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და სოციალური ახსნა.

ჩვენს შემთხვევაში ადრეულ წლებში პოლიტიკურ ჰომოფობიას იყენებდნენ მაინც ასე თუ ისე მარგინალიზებული ძალები. გახსოვთ, ალბათ, საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც წამყვანი პოლიტიკური ჯგუფები არ იზიარებდნენ, მაგალითად – პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივა 2010-იან წლებში. თუმცა ბოლო რამდენიმე წელიწადში პოლიტიკური ჰომოფობია ღიად გაჩნდა მოქმედი ხელისუფლების რიტორიკაში. ეს ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილების ლაკმუსის ტესტია.

პოლიტიკურ ჰომოფობიას პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და სოციალური მდგენელი აქვს.

პოლიტიკური მდგენელი

მისი პოლიტიკური მდგენელი მიზნად ისახავს მმართველი პოლიტიკური ძალის გარშემო კონსერვატორულად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზებას, რათა მათ მხარი დაუჭირონ სახელისუფლებო ელიტას. ასევე, საზოგადოებაში არსებული რეალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ლგბტქ თემზე, როგორც საფრთხეზე,  ე.წ. განტევების ვაცზე.

ამგვარად ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ კორუფციის, უსამართლობის, დასაქმების გამოწვევები გადაიფარება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ღირებულებებზე შეტევით, რაც დაყოფს საზოგადოებას, ფოკუსს გაუბლარავს და პოლარიზებულ საზოგადოებაში, როგორც ამღვრეულ წყალში, ითევზავებს.

ამგვარ პოლიტიკურ ჰომოფობიას  ავტორები სოციალური ძალაუფლების დინამიკის განსამტკიცებლად იყენებენ.  ლგბტქ+ ინდივიდების ჩაგვრით ხელისუფლებასა და სხვა პოლიტიკურ აქტორებს შეუძლიათ, გააძლიერონ არსებული ძალაუფლების სტრუქტურები და შეინარჩუნონ პრივილეგირებული პოზიცია საზოგადოებაში.

გეოპოლიტიკური მდგენელი

პოლიტიკური ჰომოფობიის გეოპოლიტიკური მდგენელი დაძაბულობის შექმნას და სხვა ქვეყნებზე, ე.წ.  გავლენის სფეროებზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად.

17 მაისიდან მოსკოვი-თბილისი პირდაპირი რეისები იწყება. დეპორტირებული ქართველი მოქალაქეები, რომლებიც საბარგო თვითმფრინავებში შეყარეს და ისე გამოყარეს რუსეთიდან, ახლა ვითომ ჰუმანიტარული მიზნებით, უვიზოდ შევლენ ტერორისტულ სახელმწიფოში.

საქართველოს კოლონიზატორი, რუსეთის ფედერაციის სახით, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ცდილობს, თავი წარმოაჩინოს ე.წ. ტრადიციული ღირებულებების დამცველად და დაუპირისპირდეს კოლექტიურ დასავლეთს, სადაც ქვიარ მოძრაობამ ადამიანის უფლებების თანასწორობა სარწმუნო გახადა. ამის საპირისპიროდ რუსეთში ბოლო წლებში ქვიარების წინააღმდეგ დრაკონული კანონების მთელი წყება მიიღეს. რუსი ქვიარები ციხის, ძალადობისა და სიკვდილის შიშით იხიზნებიან რუსეთიდან.

რუსული გავლენა ქართულ პოლიტიკაზე გაზრდილია. ხელისუფლებამ, რომელიც ბოლო პერიოდში რევერანსებს უკეთებს რუსეთს, შესაძლოა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ კანონები დააინიციიროს პარლამენტში. ამ შემთხვევაში ეს ნამდვილად გამოიწვევს ევროკავშირში საქართველოს გაწევრების საბოტაჟს. ევროკავშირი ღირებულებით ერთობაა, სადაც ნებისმიერი ჯგუფის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.

ცხადია, ეს გეოპოლიტიკური მოცემულობა არ გამორიცხავს ჰომოფობიური კოლონიალიზმის სხვა აქტორების გავლენას, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ლგბტქ უფლებები, ზოგადად, თავდასხმის ქვეშაა მსოფლიოს არაერთ წერტილში.

პოლიტიკური ჰომოფობიის გავლენა ლგბტქ ადამიანების სოციალურ ყოფაზე

წლების განმავლობაში პოზიტიური დინამიკა არსებობდა თანასწორობის საკითხებზე,  დღეს კი ნელ-ნელა მცირდება სივრცე, ლგბტქ მოქალაქეებმა ითანამშრომლონ ამ სტრუქტურებთან თავიანთი უფლებების დასაცავად.

პოლიტიკური ჰომოფობია ხელისუფლების მხრიდან უკვე ჟღერს. შესაბამისად, ეს მწვანე შუქია სახელმწიფო ინსტიტუციებისათვის, ჰომო/ტრანსფობიური პოლიტიკისთვის.

ულტრამემარჯვენე ძალების კონგრესებზე მონაწილეობა, პრემიერის ჰომო/ტრანსფობიური  საჯარო განცხადებები ასევე შეამცირებს საზოგადოებრივი განწყობების ცვლილების პოზიტიურ დინამიკას.

ბოლო წლებში ქვეყანაში უფრო ნაკლები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ხდებოდა, უფრო მეტ ჯანდაცვისა და ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივებს ვხედავდით. სახელმწიფო ინსტიტუტები ღია იყვნენ თანამშრომლობისათვის. დღეს ეს ყველაფერი საფრთხის წინაშეა.

პასუხისმგებლობა პოლიტიკურ და სოციალურ ჰომოფობიასა და დისკურსულ ძალადობაზე ეკისრება მათ, ვინც ატარებს და ხელს უწყობს ასეთ ქცევებს, ასევე მათ, ვინც მხარს უჭერს და აძლევს ამის საშუალებას, ანუ – პოლიტიკურ ლიდერებს, სასულიერო პირებსა და მედიას, რომლებიც იყენებენ თავიანთ პლატფორმებს სიძულვილის შემცველი რიტორიკის გასავრცელებლად.

სტრატეგია პოლიტიკური ჰომოფობიის შესაჩერებლად

აქტივისტებსა და დემოკრატიულ, პროგრესულ ძალებს შეუძლიათ უპასუხონ ამ სტრატეგიასა და მტრულ კლიმატს კანონების, პოლიტიკის ადვოკატირებით, რომლებიც იცავს ლგბტ+ ადამიანების უფლებებს.

მედიამ და აქტივისტებმა უნდა ამხილონ დისკურსული ძალადობა და პასუხისმგებლობა დააკისრონ მასში მონაწილეებს, მათ შორის, სამართლებრივი და მედიასაშუალებებით.

ასევე, ხელი შეუწყონ განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ლგბტ+ პირების შესახებ სტერეოტიპებისა და მითების გასაქარწყლებლად.

მნიშვნელოვანია რესურსების მობილიზება სერვისების, უსაფრთხო სივრცეებისა და მხარდაჭერის ქსელების შესაქმნელად.

ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების საერთოობის გააზრება, მუშაობა მათ აღმოსაფხვრელად, სოლიდარული ალიანსების შექმნის გზით, ასევე უმნიშვნელოვანესია ულტრამემარჯვენე სტრატეგიების დასამარცხებლად.