პოლიტიკური კრიზისიდან – პოლიტიკური ხანძრისკენ 

პუბლიკა

თინათინ ხიდაშელი

ხელისუფლებას ეშინია სიტყვა კრიზისის

რატომ არის დღენიადაგ იმის მტკიცებაში, რომ ქვეყანაში არ არის კრიზისი? რატომ ეძებს და იგონებს ახალ სიტყვებს იმის სათქმელად, რაც უმარტივესია და ზედაპირზე დევს?

მთელი ევროპის, ყველა, 27-ვე ევროპული სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველოში რამდენიმესაათიანი ყოფნისთანავე აღმოაჩინა, რომ ეს ევროკავშირის სამეზობლოს პატარა ქვეყანა ისეთ ღრმა კრიზისშია, რომ მის მიერ უბრალოდ პრესკონფერენციაზე ან შეხვედრების დროს მოწოდებები ვეღარაფერს უშველიდა და პირდაპირ თავად 27 ქვეყნის პრეზიდენტი დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან

ამ პროცესში სატირალი დიდი გვაქვს. 30-წლიანი სახელმწიფოებრიობანას ხლაფორთის ფონზე, ისევ სამოქალაქო შესკდომის რეჟიმში ვართ და პალესტინაისრაელის მსგავსი რაუნდები გვჭირდება მედიატორფასილიტატორებით ერთ ოთახში, მაგიდასთან აღმოსაჩენად

რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეშინია. ეშინია იმიტომ, რომ ღრმად არაკომპეტენტურია. ეშინია იმიტომ, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა პოლიტიკურ ველზე. ეშინია იმიტომ, რომ კორუმპირებულია და ძალაუფლების დაკარგვას თავისუფლების დაკარგვად აღიქვამს. ეშინია იმიტომ, რომ სრულიად ამორალურია.

საქართველოს ხელისუფლების სათავეშია პირი, რომელსაც პატარა ბიჭების დაჩაგვრა სანიმუშო საქციელიგონია. ეს ახალისებს და აღაფრთოვანებს. მორალსა და ზნეობასთან ზურგშექცეულ მთელ ამ ტრაგედიაში დაზარალებულის სტატუსს ეძებს. ეშინია იმიტომ, რომ კორუმპირებულია და ძალაუფლების დაკარგვას თავისუფლების დაკარგვად აღიქვამს.

სწორედ ამ და სხვა შიშების გამო, არ აღიარებს კრიზისს და თავადაც იჯერებს, რომ ის, უბრალოდ, არ არსებობს. ვინაიდან არ აღიარებს, მას წარმოდგენა არ აქვს არც იმაზე, ხვალინდელი დილა როგორი გაუთენდება და არც იმაზე, შემდეგი ნაბიჯი რა უნდა გადადგას. ასეთი ხელისუფლება კი საშიშია ქვეყნის შიგნით და ვერავის გამოადგება პარტნიორად ქვეყნის გარეთ

გემახსოვრებათ, 90-იანები ბეიკერის ფორმულით დავიწყეთ და 30 წლის შემდეგაც ზუსტად იქ ვართ, უდრტვინველად და უკომპრომისოდ ვდგავართ გადასაჩეხ ნაპრალთან

სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლებაში ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი მაინც რომ იყოს სახელმწიფოს მართვის მინიმალური ცოდნით ან გამოცდილებით, აუცილებლად ეცოდინებოდა, რომ კრიზისი სახელმწიფოს განვითარების ნორმალური, არა უბრალოდ ნორმალური, ვიტყოდი უფრო ბუნებრივი, ხანდახან სასურველი და აბსოლუტურად აუცილებელი პროცესიც კია. კრიზისი არ უნდა გვაშინებდეს. კრიზისი უნდა დაინახო, როგორც გამოწვევა, შანსი, გვერდიდან შეხედო, ეიფორიიდან გამოხვიდე, ჩვეულებრივ ვითარებაში დაშვებული ფარგლებისა და წინასწარ დადგენილი ჩარჩოების მიღმა იფიქრო და იმოქმედო. კრიზისი ექსტრაორდინარულ რეჟიმში გადასვლას მოითხოვს, რაც, როგორც წესი, პროგრესისა და განვითარების ახალი სუნთქვის დასაწყისია. სწორედ აქ არის ჩვენი შანსიც. და სწორედ ამ შანსის გამოყენების არც უნარი, არც ცოდნა და, როგორც გაირკვა, არც სურვილი აქვს ქვეყნის ხელისუფლებას

არადა, სწორედ და მხოლოდ კრიზისების დროს ქმნის და შობს ქვეყანა შემდეგ ახალ დიდ იდეას და ახალ ლიდერებს. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ კრიზისი ტრაგედიაა მხოლოდ იქ და მაშინ, როცა ქვეყანა, ერი ვერ არის შემძლე, სათავე დაუდოს ახალ დიდ იდეას, შვას ახალი ლიდერი.

ანუ თავისთავად კრიზისში კი არა, ერის მიერ სიახლის წარმოშობის ვერ შემძლეობაშია საქმე

როდის ვერ დგება კონსენსუსი და ვერ ახერხებენ მოთამაშეები გადატვირთვას? ზუსტად იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს ჩვენი პოლიტიკური ელიტაა, და ამ შემთხვევაში ყველა ერთადმიმდინარე პროცესებში კი მთლიანად პოლიტიკური ელიტის ტრაგედია კარგად გამოჩნდა.

ოპოზიციას უნდა დავუფასოთ თემატური ერთიანობა, რომელიც ამ პროცესში ყველასთვის მოულოდნელად გამოვლინდეს, თუმცა აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ერთიანობა მხოლოდ შედეგის მიღწევის ინსტრუმენტია და როგორც კი რამე სხვა ფუნქციას აკიდებ აუცილებლად ხელში შემოგადნება, მისი ობიექტურად არარსებობის გამო.

ამგვარი ერთობა არათუ ინტერპარტიული, აღმოჩნდა, რომ შიდაპარტიული მოცემულობაც კი არ არის, ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესში ხშირად ვხედავდით სწორედ ერთმანეთის მიმართ უნდობლობის ყველა ნიშანსა და მახასიათებელს. ერთიანობის გაუგონარი, ხშირად მომაბეზრებელი რიტორიკით მოქმედი პარტიები არათუ ერთიან მომლაპარაკებლებზე ვერ შეთანხმდნენ, საკუთარი შიდაპარტიული წარმომადგენლობის საკითხიც კი ვერ მოაგვარეს და დაჰყვებოდა ევროკავშირში თავის ყოფილ ელჩს, სამადაშვილს ქუჩის სამოქალაქო აქტივისტი, რაღა თქმა უნდა, ყოფილ საგარეო მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძეს, მისი საკუთარი სუპერ კონფრონტაციული მაკონტროლებელი… 

ახალი იდეისა და ახალი ლიდერების მომლოდინე ქვეყანაში ხშირად არასწორად გაგებული ერთიანობისა თუ ერთობის მძევლად ყოფნა სწორედ ახალი იდეებისა და ახალი ლიდერების წარმოშობის კრიტიკულად მნიშვნელოვან პროცესს აფერხებს და ამის დიდი ხნით გაგრძელება, უბრალოდ, დაუშვებელია

მე იმ დარბაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ ბევრ სხვა მაგიდასთან და დარბაზში ვყოფილვარ. მთავარი გმირებიც დიდწილად იგივენი არიან. უცვლელია სულისკვეთებაც. „კონსენსუსი“, „დათმობა“, „კოაბიტაციაჯერ ისევ უცხო და პოლიტიკურად არაკორექტული სიტყვებია საქართველოში. მოლაპარაკების მაგიდასთან მთავარ მიღწევად ისევ უკომპრომისობა მიიჩნევა.

აბსოლუტური სიზუსტით შემიძლია დავინახო, რომ მონაწილეების დიდი ნაწილისთვის მთავარი ამოცანა მოსწრებული სიტყვის მოსწრებულად გასროლა, მეორე მხარის 9-9 წლის დანაშაულების წამოსაძახებლად იყო მთავარი სიამოვნება და მიღწევა, რომლისკენაც ისწრაფოდნენ და ალბათ აღწევდნენ კიდეც, სანამ დატოვებდნენ ოთახს. აკი, პარლამენტის კიდევ ერთმა ყოფილმა თავმჯდომარემ, ბატონმა კობახიძემ გაუგონარი ზიზღის, სწორედ ამგვარი მოსწრებული სიტყვის ზეიმის დემონსტრირება გვაჩვენა ცნობილ პრესკონფერენციაზე მხოლოდ მას რომ ეგონა, ყველაფერი დასრულდა და აღარავისთვის ანგარიშგასაწევი არაფერიქონდა. არადა, ის მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. იმ პარტიის, სადაც რიგგარეშე არჩევნები, როგორც ასეთი, ბოროტებაგონიათ, ხოლო პოლიტიკური პატიმრის ყოლა ნორმალური ამბავი. სამართლიანობისთვის, ეს ორი ამბავი ყოველთვის ყველა პირველ პირს სწორედ ასე ესმოდა

კარგი ამბავი ის არის, რომ საქართველო ამ კრიზისს, რა თქმა უნდა, არ გადაჰყვება. ის, როგორც ქვეყანა, იარსებებს და კიდევ ბევრი საუკუნე იქნება რუკაზე. უფრო მეტიც, შეიძლება, კიდევ უფრო კარგი ღვინის დამზადება ვისწავლოთ, ვიდრე დღეს გვაქვს და სუხიშვილებიც ალბათ ისევე კარგად იცეკვებენ, როგორც აქამდე. ალბათ, არც ბორჯომის წყლის სათავეები დაშრება.  ზუსტად ისე, როგორც 1989 წელს ერთ-ერთ მიტინგზე გვითხრა ორატორმა, რომ სამი რამ გადაგვარჩენდა – ქართული ღვინო, ქართული ცეკვა და ქართული ბორჯომი, მგონი, ზუსტად იქ ჩავრჩით.

თუმცა ის, რაც არასოდეს მოხდება, არის ის, რომ ასეთი ქვეყანა ვერასოდეს გახდება ვერც ნატოს და  ვერც ევროკავშირის წევრი, ვინაიდან მას აკლია ყველაზე მთავარი – პოლიტიკური სიმწიფე, უსაფრთხოების და თავისი მოქალაქეების ბედნიერებისკენ სწრაფვა

შესაბამისად, ის ვერ იქნება ვერც სანდო და ვერც პარტნიორი

ვისი ბრალია? პასუხი ბანალურია – ყველა დამნაშავეა. მაგრამ პირველ რიგში იმ ადამიანების ბრალია, ვისაც შეუძლია, დიახ, შეუძლია, ხმის სანაცვლოდ 2 კილო კარტოფილის ფასის შეთავაზება და ვისაც შეუძლია ამაზე თანხმობა. მაშინ აღარ უნდა გაგიკვირდეს, რომ ის, ვინც ხმის მიყიდვა შემოგთავაზა, შემდეგ შენი მინისტრი გახდება და ტელევიზორში 2 „ტრუპს“ მოითხოვს ან კრიმინალის კარგად ყოფნაში დაგარწმუნებს თალიბანის კაიკაცობით აღფრთოვანებული, ხოლო ჯანდაცვის მინისტრად ქალს დაგინიშნავენ, რომელიც 2 არა, ათასებისტრუპებსითხოვს, ვინაიდან, უბრალოდ, ჩვეულებრივი  საშიში ბნელია და ზემოთ რომ შიშებზე ვსაუბრობდით, რა მოსატანია, აცრის გაკეთების ეშინია

ერთი ძალიან კარგი კაცი და ჩემი მეგობარი ხშირად მიმეორებდა ხოლმეესაა შენი სამშობლო ბალღო, საშველი არ არის, არ არისო“. ალბათ, ასეცაა, მაგრამ მაინც არ უნდა დავიჯეროთ და როგორი უიმედოც არ უნდა ჩანდეს მომავალი, უნდა გავაჩინოთ საშველი – მე, შენ, ჩვენ, ყველამ ერთად.  

ეს საშველი კი მხოლოდ ერთია, ერთ სახელიქვიაახალი, დიდი იდეა, რომელსაც ახალი ლიდერები ქმნიან. ქვეყანამ უნდა შეძლოს ახალი იდეის, ახალი ლიდერის წარმოშობა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.