2002 წელს დავიბადე, როცა ჰაერში უკვე ტრიალებდა ვარდების სუნი, თუმცა ჩემი პატარა დედა უნივერსიტეტის გამოცდებისთვის ისევ სანთლის შუქზე მეცადინეობდა.
შავ-თეთრი ტელევიზორის ეკრანზე მაშინაც საპროტესტო აქციები ჩანდა და, ალბათ, ამიტომაც იყო, ჩემმა პატარა დედამ პირველ სიტყვად „გადადექის“ რომ ვერ გაუწია კონკურენცია.
სკოლაში 2008 წელს შევედი და მახსოვს, მთაში შეფარებული ზაფხულის ცხელ დღეებს გორში ჩამწკრივებული ტანკების დერეფანში რუსი ჯარისკაცების ირონიული, ღიმილიანი ხელის დაქნევით როგორ გამოვემშვიდობე და სკოლის კარი შევაღე ვარდისფერი ჩანთით, რომელიც მე და დედამ საგულდაგულოდ შევარჩიეთ.
მერე მწვანე ჩანთებიც დაგვირიგეს. გოგონებს „ჰელოუ კიტისა“ და საქართველოს დროშის გამოსახულებით, ბიჭებს – ტანკების.
მახსოვს, პირველკლასელი მე და ჩემი პატარა დედა როგორ წავედით ახლომდებარე ბაღში, იქ ომს გამოქცეულ ბავშვებს სათამაშოებსა და ტანსაცმელს ვუტოვებდით. როგორ არ მიყვარდა სათამაშოების გაჩუქება, რომ იცოდეთ…
სულ ცრემლების ღაპაღუპით დავტოვე პატარა პანდა, ქერათმიანი თოჯინა და ალბათ, კიდევ რამდენიმე სათამაშო, რომელიც ჩემმა მეხსიერებამ არ შემოინახა.
კლასში ერთი გოგონა გვყავდა ომს გამოქცეული. ერთ დღეს ჩვენმა მასწავლებელმა გვთხოვა, საყვარელი სათამაშოები მიგვეყვანა და რამდენიმე დღით კლასში თაროზე შემოგვესვა. მე ჩემი პატარა დედის ნაქონი თეთრი ბაჭია წავიყვანე. კოხტად გავასუფთავე და გულზე მივიხუტე. კლასში შესულმა ინტერესით დავუწყე თვალიერება სათამაშოებს. ბევრი ტანკი იყო, ბევრი თოფი, აქა-იქა რამდენიმე ბარბი.
უკვე ამბების მოყოლას ვიწყებდით, როცა ჩემი ომს გამოქცეული კლასელი შემოვიდა, გულზე თოჯინა ჰყავდა მიკრული – ჩემი ქერათმიანი თოჯინა. ერთმანეთს ჰგავდნენ – ორივეს ქერა თმა ჰქონდა და სევდიანი, ცისფერი თვალები.
ამის შემდეგ სათამაშოზე აღარასდროს მიტირია.
პირველკლასელი მე და ბებო სულ ერთად ვმეცადინეობდით. ასე იყო მეთერთმეტე კლასის ჩათვლით.
ბებო გეოგრაფიის მასწავლებელი იყო, თუმცა ბევრი ქვეყანა არ უნახავს – იმავე სკოლაში ასწავლიდა, რომელიც თავად დაამთავრა. ჩემს ქალაქში არ დაბადებულა და არც გაზრდილა, ბავშვობის მოგონებებიც სხვა მხარეს გაურბის, თუმცა შეითვისა და შეიყვარა აქაურობა. ასწავლიდა ბავშვებს ეთნიკური უმცირესობებიდან. გაკვეთილებს ორ ენაზე ატარებდა. მათ ამბებს მიყვებოდა. იხსენებდა გოგონებს, რომლებიც ნაადრევად აქციეს ქალებად, კარგი მოსწავლეები – პატარა ცოლებად.
რაღაც პერიოდი მე და ბებოს ერთად არ გვიცხოვრია, ჩემი პატარა დედაც გაიზარდა, უკვე მუშაობდა და ამიტომ ბებოს დაევალა ჩემი სკოლიდან გამოყვანა და იმ სხვა სახლში წაყვანა, რომელიც ვერაფრით შევიყვარე. ბებო იქ რომ იყო, ის სახლიც კარგი ხდებოდა, თუმცა ჩემად არასდროს აღმიქვამს.
მოკლედ, ბებო სულ გვერდით მყავდა, ერთ თვეზე მეტი არასდროს გაგვიტარებია ერთმანეთისგან შორს.
უკვე 8 წელია, ერთ ოთახში გვძინავს. ღამით ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე – მე ჩემს მარტივ ტკივილებს ვუყვები, ის მამშვიდებს.
ჩემი ბებოს შემხედვარე სხვებზე მეფიქრება. ბებოები ბებოების მოსავლელად მიდიან და შვილიშვილებს ეკრანიდან უსმენენ მხოლოდ.
მე ყოველ ღამით ბებოს გვერდით ვიძინებ, ვეხუტები, შვებას ვგრძნობ და ეს შვება მასევდიანებს– ნეტავ სად არიან სხვისი ბებოები?
სკოლა 2020 წელს დავამთავრე. აბიტურიენტობის გამგუდველ გრაფიკს ზემოდან პირბადეებიც დაემატა და საბოლოო ჯამში ბოლო ზარიც ლეპტოპიდან დაირეკა. გაქრა ფერადი პერანგების იმედი და საბოლოოდ შემრჩა კლასელებთან გაცვლილი კეთილი სურვილები (თუმცა, ისიც უნდა ითქვას, თეთრი პერანგი მაინც მეცვა, მე და პაპამ ერთად მოვხატეთ).
ასე მეგონა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი თავზე გადამახიეს-მეთქი. პანდემიის გამო, სკოლის ბოლო მოგონება დავკარგე, თორმეტი წლის დამაგვირგვინებელი ცერემონიალი, ასე თუ ისე, დარდს გავაყოლე. აი, ვიღაცას სკოლა არც კი ჰქონია, ვიღაცას მასწავლებელიც კი არ ჰყოლია.
არადა, რა მნიშვნელოვანია მასწავლებელი! რომ არა ჩემი მასწავლებლები, ვინ იცის, სად ვიქნებოდი. მახსოვს ჩემი „პირველი ნამდვილი ქართულის მასწავლებელი“, რომელმაც შემაყვარა წერა და ლიტერატურა. მახსოვს აღტაცება, როცა პირველად დამსახურებულად მივიღე მაღალი შეფასება და ქება.
აბა, გვერდიდან შემომხედეთ! რა ბედნიერი ვარ! როგორ ვიღიმი!
მე კი გვერდიდან ვუყურებ ბავშვებს, რომლებსაც ერთი საქებარი სიტყვა არ მოუსმენიათ ცხოვრებაში. ვუყურებ ნაადრევად ჩამქრალ მოციმციმე თვალებს და ვმწარდები.
სკოლის ავისა თუ კარგის მიუხედავად, ხსნად და შვებად უნივერსიტეტი გვესახება ხოლმე. მახსოვს, ვფიქრობდი – ახლა ხომ მაინც ვისწავლი იმას, რაც მართლა მაინტერესებს და მიყვარს.
ჩემი იმედები გამართლდა და უნივერსიტეტმა მაჩუქა ყველაფერი ის, რაც ძალიან მიყვარდა და კიდევ მეტი…
აი, ჩემს გარშემო ხალხს კი უნივერსიტეტშიც მოუწიათ ბრძოლა სიმართლისა და თავისუფლებისთვის, რომელსაც ოთახის ჩაკეტილი დარაბებიდან წლების განმავლობაში ელოდებოდნენ.
უფროს ლექტორებს შეჰყურებენ და გვარის, სქესის, პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით შევიწროებულებს ბრძოლაში ჩართვა უწევთ, რათა საგანი უსამართლოდ არ ჩარჩეთ და ისედაც წელებზე ფეხებდადგმულ, ღამენათევ, ქირაგაძვირებულ, რუსითჩანაცვლებულ ყოველდღიურობას კიდევ ერთი ხარჯი არ მიამატონ.
ისე, ვინმემ რომ მკითხოს, რა გაძლევს სტიმულსო, მარტივი პასუხი მექნება – ჩემს შრომას ხედავენ, ჩემი შრომა ფასდება.
დედა მეუბნება – ვამაყობ, მას მოსდევს მამა, ბებო, პაპა და ჩემი პატარა და, რომელიც სულ იმას გაიძახის – ჩემი და უნივერსიტეტში დადის და მუშაობსო – და კი, თითქოს მარტივი ჟესტია, მაგრამ ზუსტად ვიცი, სწორედ ამის დახმარებით ვწევ თავს ბალიშიდან.
აი, ჩემს გარშემო ხალხს კი ასე არ ესაუბრებიან. ზოგს დედისგან თბილი სიტყვა წლებია, არ გაუგია და მერე წვალდებიან და მერე მაინც აკეთებენ და მერე მე ვოცდები – საიდან ამდენი ძალა?
და მერე ისინი მპასუხობენ – ძალიან მიჭირს…
და მერე გულში რაღაც მიქრება.
მთელ ჩემს ამბავს ფონად გასდევს სიყვარული და, ალბათ, მეცამეტე გოჭივით ან სამუზეუმო ექსპონატივით გაიშვიათებული გახლავართ, რადგან ვარ შვილი მშობლების, რომლებსაც ერთმანეთი ძლიერად უყვართ და ვარ შვილიშვილი ბებო-პაპის, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვართ და ვარ უფროსი და გოგონასი, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც ძალიან ვუყვარვარ და ვარ წევრი ოჯახის, სადაც ჯერ სიყვარულია და მერე ვალდებულებები.
ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად კაცები ქალებს ურტყამენ, აცამტვერებენ, აქრობენ, კლავენ; სადაც დედები შვილებს უბედურ ოჯახებში ძალით აჩერებენ; სადაც ბავშვობას ართმევენ; სადაც სურვილებს უკუაგდებენ; სადაც ფეხქვეშ გთელავენ; სადაც ახალგაზრდებს რუსის გამო გარეთ ყრიან; სადაც მუდამ წუხილია; სადაც მუდამ შავი აცვიათ; სადაც სულ ცრემლია შეუშრობელი; სადაც სულ აქციებია; სადაც მეც კი აღარ ვგრძნობ თავს ახალგაზრდად; სადაც ბედნიერება ცოდვად იქცა – მე ვხედავ ჩემს პრივილეგიას და ეს მღრღნის და შინაგანად მანგრევს და მაცამტვერებს და მეც მრცხვენია ბედნიერების და მე მრცხვენია ეპიზოდური ღიმილების, წარმატების, მრცხვენია ახალგაზრდობის და მრცხვენია, რომ დავიღალე და ვფიქრობ, რომ აღარ შემიძლია, რადგან სადღაც სხვას არ აქვს პრივილეგია, რომელსაც მე ყოველდღე ვიღებ და აგრძელებს, განა არ დაღლილა, ხომ გითხარით, ძალიან უჭირს, მაგრამ აგრძელებს.
რატომ მე და არა სხვა? რატომ არ ეუბნებიან სხვებს, რომ უყვართ, რომ ამაყობენ? რატომ კლავენ? რატომ ისვრიან ქვეყნის გარეთ? რატომ ათხოვებენ – დიახ, ათხოვებენ და არა აქორწინებენ, რადგან აქ ქალებს ნივთებადაც მიიჩნევენ, ხშირად.
მერე მე ვზივარ ჩემს თბილ ოთახში, ბებოს გვერდით, კარების იქით ჩემი დის სიცილს ვისმენ და ვიწვი, ვიწვი სირცხვილით.
რატომ მე და არა სხვა?