„ქართული ოცნების“ რვა წელი

გიორგი ცხადაია

ოლიგარქიული მმართველობა არასრულფასოვანი სოციალური პოლიტიკით

დღევანდელი მონაცემებით, ძნელი სათქმელია, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს. ამის მიუხედავად, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ თითქმის პროპორციული არჩევნები დღევანდელზე უფრო მეტად პლურალისტურ პარლამენტს მოგვცემს. ეს კი იმედია, ახალი მთავრობის  გადაწყვეტილებების მიღების სტილზეც იმოქმედებს და მმართველობის ფორმას უფრო მეტად დემოკრატიულს გახდის. ამ მოლოდინის გათვალისწინებით, რომ წინ შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები გველოდეს, გთავაზობთ, შევაფასოთ „ქართული ოცნების“ მმართველობის გასული რვა წელი.

უშუალოდ შეფასებაზე სანამ გადავიდოდე, შეფასების კრიტერიუმებზე მოკლედ მოგახსენებთ. მთავრობის საშინაო პოლიტიკას და მის შედეგებს სამი მიმართულებით შევაფასებ:

1) დემოკრატიული მმართველობა და ადამიანის უფლებები.

2) კორუფცია და ეფექტური მმართველობა.

3) სოციალური კეთილდღეობა და შრომის პირობები.

ამ სტატიაში არ ვისაუბრებ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკასა და რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდაზე, რის განხილვასაც, ალბათ, ცალკე სტატიის დაწერა სჭირდება.

ასევე, წინასწარ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩემი მიზანი არაა, შევადარო „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ სტატიით არც იმის თქმა მსურს, ამ ორიდან ერთი მეორეს ჯობია (და რომ ერთ-ერთს უნდა მივცეთ ხმა). არ მგონია, რომ ეს გამარტივებული დებატები რამე შედეგს გამოიღებს ან რამე სწორ დასკვნამდე მიგვიყვანს. ორ ძალას შორის დაპირისპირებამდე ყველაფრის დაყვანა არ მგონია მართებული მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც ბოლო გამოკითხვებით, ე.წ. „მესამე ძალებს“ საერთო ჯამში მოსახლეობის 16-18 % უჭერს მხარს. პრობლემებს, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებ, სისტემური ხასიათი აქვთ, ხოლო მთავრობის მიერ გადადგმულ სწორ ნაბიჯებს „ქართული ოცნების“  ზოგადი წარუმატებლობის გამო ხაზი არ უნდა გადავუსვათ (იგივე შეიძლება ითქვას თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღწეულ რეალურ წარმატებებზეც).

1) დემოკრატიული მმართველობა და ადამიანის უფლებები

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა ცნობილი დანაპირებით, რომ დაამყარებდა „გასაოცარ დემოკრატიას“, თუმცა დემოკრატიული სისტემის ნაცვლად, მივიღეთ ოლიგარქიული მმართველობა, რომელშიც ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დანაწილება მხოლოდ ფიქტიურ ხასიათს ატარებს. ყველაზე მკაფიოდ ამის დანახვა სასამართლო სისტემაზე დაკვირვებით შეგვიძლია. 2018 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურამ და ლევან მურუსიძის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნამ გაამყარა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემა ერთპიროვნულად იმართება.

ამასთან ერთად, ხორავას ქუჩის საქმემ აშკარად გამოაჩინა ის, რომ საქართველოს პროკურატურა ჯერ კიდევ არაფორმალურ გავლენას ემორჩილება. პროკურატურის მიკერძოებული ქმედებები ჩანს კერძაიას, ფარცხალაძე-თორდიას, მაჩალიკაშვილის, ხაზარაძე-ჯაფარიძის, 20-21 ივნისის, რურუას და უამრავ სხვა საქმეში, რომლებსაც აქ ვერ ჩავუღრმავდებით. სასამართლოსა და პროკურატურის მართვის ავტორიტარული სტილი, რაც წინა ორი ხელისუფლების დროს ნორმა იყო, „ქართული ოცნების“ პირობებში კვლავაც ნორმად რჩება. ასეთ პირობებში „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრის მხრიდან კვლავაც „გასაოცარ დემოკრატიაზე“ საუბარი ტრაგიკომიკურ ხასიათს იძენს.

ის, რომ დემოკრატიის კუთხით ხელშესახები პროგრესი არ მომხდარა, ჩანს საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებშიც. მაგალითად, ცნობილი „ფრიდომ ჰაუზი“ საქართველოს ისევ „ნახევრად თავისუფალ“ და „ტრანზიციულ ან ჰიბრიდულ“ რეჟიმად მოიხსენიებს. ბრიტანული ჟურნალ „ეკონომისტის“ „დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო, ასევე, „ჰიბრიდული რეჟიმების“ სიაშია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მთავრობა, სასამართლოსა და პროკურატურის დახმარებით, პოლიტიკური ნიშნით მიმართავს ოპონენტების დევნას და არაპროპორციულ ძალას იყენებს მომიტინგეების წინააღმდეგ.  „ფრიდომ ჰაუზი“ აღნიშნავს, რომ 2012-2013 წლის პოლიტიკურმა მოვლენებმა პოზიტიური ცვლილებების იმედი გააჩინა, თუმცა ამ მიმართულებით პროგრესი შეფერხებულია.  „ოლიგარქ აქტორებს პოლიტიკასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე უზარმაზარი გავლენა აქვთ და კანონის უზენაესობა პოლიტიკური ინტერესებით იზღუდება,“ – ვკითხულობთ „ფრიდონ ჰაუზის“ ზემოხსენებულ ანგარიშში. „გასაოცარ დემოკრატიაზე“ ამ ავტორიტეტულ ანგარიშებში, სამწუხაროდ, არაფერი წერია.

2) კორუფცია და ეფექტური მმართველობა

„ქართული ოცნების“ მმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პოლიტიკური კორუფციაა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ კვლევების მიხედვით, სახელმწიფო ტენდერების ნაწილი უკონკურენტოდ ტარდება; ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტენდერებში მმართველი პარტიის შემომწირველებს ენიჭებათ უპირატესობა. ამის გარდა, ჩვეულებრივი ამბავია საჯარო მოხელეების მიერ ინტერესთა კონფლიქტისა და ბიზნესკავშირების დაფარვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობისა და თბილისის საკრებულოს წევრების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს არადეკლარირებული კავშირები კერძო სექტორთან.  შედეგად, წარმოიშვება ინტერესთა კონფლიქტი და კორუფციის საფრთხე, რასაც მმართველი გუნდი ბევრ შემთხვევაში პრობლემადაც კი არ განიხილავს.

რაც შეეხება ნეპოტიზმს, აქაც პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ ის მთელი სისტემის ეფექტურობას უთხრის ძირს. იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ნეპოტიზმის პრობლემას საფუძვლიანად ჩავყვეთ, 2012-2013 წლებში უნდა დავბრუნდეთ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოში საჯარო სამსახურიდან, სულ მცირე, 5100 თანამშრომელი დაითხოვეს. ახალმა მთავრობამ სანაცვლოდ საჯარო სექტორში დაახლოებით 6500 ადამიანი დაასაქმა. აქედან მხოლოდ 4% დაასაქმეს კონკურსის საფუძველზე. როგორც გათავისუფლების, ისე დანიშვნის შემთხვევების ნაწილი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მთელ ამ პროცესს პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე თავისი პარტიული აქტივისტებისა და მათი ახლობლების დასაქმებას მიჰყო ხელი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ განსაკუთრებით ზემოხსენებულ პერიოდში, ძველი თანამშრომლების ნაწილი თანამდებობიდან უკანონოდ დაითხოვეს. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო ილუსტრაციაა  თამაზ ახობაძის ცნობილი შემთხვევა, რომელიც თანამდებობიდან იუსტიციის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა უკანონოდ გაათავისუფლა. ახობაძეს ხუთი წელი არა ერთი უსამართლობისა და სტრესის გადატანა მოუწია  იმისათვის, რომ სასამართლოში ყოფილი დამსაქმებლის წინააღმდეგ დავა მოეგო. ამ მიზეზით, ამ პერიოდში სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ ბევრ ადამიანს სასამართლოსთვის არც კი მიუმართავს.

ნეპოტიზმი და კორუფცია სახელმწიფო ინსტიტუტებს ანადგურებს. მათი ეფექტიანი მუშაობა ფერხდება და შედეგად ვიღებთ ნახევრად ფეოდალურ სისტემას, რომელშიც საჯარო სიკეთის გაგება მოშლილია. ასეთ სისტემაში სახელმწიფო, ნაწილობრივ, პარტიული აქტივისტებისა და მათი ახლობლების გამოსაკვებად არსებობს. ზოგ შემთხვევაში საუბარია მილიონებზე, რომელსაც ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესები უკონკურსოდ ეუფლებიან.

ცხადია, ეს შეფასება არ ეხება ყველა საჯარო მოხელეს. მათ, ვინც მერიტოკრატიულად დაინიშნნენ და პატიოსნად შრომობენ, ორმაგი შრომა უწევთ იმისათვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა ელემენტარული ფუნქციები მინიმალურ დონეზე მაინც შეასრულონ. სხვა შემთხვევაში, საქმე გვაქვს, პრემიერ გახარიას სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, „ქართულ ჯიგრულ“ მმართველობასთან.

3) სოციალური კეთილდღეობა და შრომის პირობები

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ პირობებში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მაქსიმალურ მაჩვენებელს – 5.1 %-ს 2019 წელს მიაღწია.  ყველაზე მცირე ზრდა – დაახლოებით 3 % 2015-2016 წლებში დაფიქსირდა. შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით ამ პერიოდში ეკონომიკის ზრდა დამუხრუჭდა. საბოლოო ჯამში, ეკონომიკა იმაზე ბევრად ნაკლები ტემპით იზრდებოდა, ვიდრე ეს ბიძინა ივანიშვილის  გულუხვი დაპირებების ფონზე შეიძლებოდა გვევარაუდა. ცნობილი „უფასო ფულის“ გარდა, ივანიშვილის ერთ-ერთი დაპირება შეეხებოდა ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების განახევრებას. მოგვიანებით, ივანიშვილმა თავად აღიარა, რომ ეს დაპირება განახევრების შესახებ გადაჭარბებული იყო.

თუმცა ამავე დროს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც, ასე თუ ისე, რეალურად შესრულდა, საყოველთაო ჯანდაცვაა. ჯანმრთელობის დაზღვევა უფასოდ მიიღეს იმ პირებმა, რომლებიც არ არიან ოფიციალურად დასაქმებულები. დანარჩენებისთვის მკურნალობის ხარჯი ოფიციალური შემოსავლების მიხედვით გამოითვლება. იდეა, რომ არა მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფმა პირებმა, არამედ სხვა დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებმაც მიიღონ ჯანდაცვის დაზღვევა სახელმწიფოს ხელშეწყობით, მისასალმებელია. ფაქტობრივად, ეს თითქმის ერთადერთი მასშტაბური რეფორმაა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მეტ-ნაკლებად წარმატებით გამოუვიდა.

თუმცა ამავე კონტექსტში გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯანდაცვის სისტემაში ჯერ კიდევ ბევრი სისტემური პრობლემა რჩება, რომელზეც სახელმწიფოს სათანადო რეაქცია არ ჰქონია. მაგალითად, როგორც ჯანდაცვის ექსპერტი თენგიზ ვერულავა შენიშნავს, ამ სფეროს ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში არამომგებიანი სამედიცინო დაწესებულებების დეფიციტია.  ეს ზოგიერთ შემთხვევაში, ჯანდაცვის მომსახურებაზე ფასს არანორმალურად ზრდის. ასევე, ხშირია ექიმების მიერ წამლების გასაღება, რაზეც ხმამაღლა საუბარიც მხოლოდ ბოლო დროს დაიწყო.

რაც შეეხება შრომის პირობებს, როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრის სოციალური პროგრამების დირექტორი, კოტე ერისთავი აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა შრომის პირობების გაუმჯობესების ვალდებულება, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ეკისრება.  ერისთავი აღნიშნავს, რომ გაუმჯობესებული შრომითი კოდექსი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ქაღალდზე არსებობს; რეალურ ცხოვრებაში დასაქმებულების დიდი ნაწილის შრომითი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ამავე დასკვნამდე მიდიან საერთაშორისო დამკვირვებლებიც. მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში დამსაქმებელს შრომის კანონმდებლობა სათანადოდ ვერ იცავს და ვერც ამ კანონმდებლობას აღასრულებენ ეფექტიანად. ვითარება ამ სფეროში, გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, დღემდე მწვავეა.

საერთო ჯამში, „ქართული ოცნების“ რვა წელი სოციალურ სფეროში შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც სწორი მიმართულებით გადადგმული ჩანასახოვანი ნაბიჯები, რომელთა ბოლომდე მიყვანაც „ოცნებამ“ არ მოინდომა. გარკვეულწილად, ამ რეფორმების ბოლომდე გაუტარებლობა იმანაც განაპირობა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა ბევრად ნაკლებად იზრდებოდა, ვიდრე ეს ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანას სჭირდებოდა. შრომის კანონმდებლობის გამკაცრებას და მის ეფექტიანად აღსრულებას კი მსხვილი ბიზნესის ერთი ნაწილის მხრიდან აქტიურმა ლობირებამ შეუშალა ხელი. საქართველოში მსხვილი ბიზნესის ერთი ნაწილი, ტრადიციულად, მმართველი პარტიის მთავარი შემწირველი და მხარდამჭერია.

შეჯამება

„ქართული ოცნების“ რვაწლიანი მმართველობის მთავარი შტრიხი ოლიგარქიული მმართველობა და საბჭოთა კავშირის გავლენით ჩამოყალიბებული მართლმსაჯულების მახინჯი სისტემის შენარჩუნებაა. კორუფციისა და ნეპოტიზმის ნორმალიზებამ და „ქართულ ჯიგრულ“ ფენომენად მონათვლამ სახელმწიფოს ეფექტურობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. საერთო ჯამში, არაეფექტურმა სახელმწიფომ და პოლიტიზებულმა სასამართლომ ეკონომიკის ზრდაზეც იქონია უარყოფითი გავლენა. ეკონომიკა რვა წლის განმავლობაში უფრო ნაკლებად იზრდებოდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და იმაზე ბევრად ნაკლებად, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა.

„ქართული ოცნება“ თავისი რვაწლიანი მმართველობის განმავლობაში შეეცადა სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებას. ამ მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა დადებით მოვლენად შეიძლება შევაფასოთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჯანდაცვის რეფორმის არათანმიმდევრულობამ, ისევე, როგორც ფასადურმა შრომითმა კანონმდებლობამ, ამ სფეროში სხვა ხელშესახები შედეგები ვერ მოიტანა. ქვეყანაში სოციალური ფონი მწვავეა და მის გასაუმჯობესებლად ეკონომიკის დაქოქვა და სოციალურ სფეროში ფუნდამენტური რეფორმები ჰაერივით გვჭირდება.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ამ სტატიის მიზანი „ქართული ოცნების“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარება არ არის. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ 2020 წლის არჩევნებზე ამ ორიდან რომელიმემ შედარებით პატარა პარტიების დაუხმარებლად შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება. ამიტომ, იმედს გამოვთქვამ, რომ, თუკი შემოდგომაზე მრავალფეროვან პარლამენტსა და კოალიციურ მთავრობას მივიღებთ,  ამ სტატიაში განხილული პრობლემების გადაჭრის პოლიტიკური ნებაც გაჩნდება.