ნინო შარაშიძე, პოლიტიკური მეცნიერებების მკვლევარი
„ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ ბევრს შემთხვევაში თავის გრძნობას, თავის თვალებს და ყურებს როდი ვენდობით; უსათუოდ სხვამ უნდა გვიკარნახოს ის, რაც ყურით გვესმის; სხვამ უნდა მიგვითითოს იმაზე, რასაც ჩვენი თვალითა ვხედავთ; მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ, მაშინ ვიძახით: ბიჭოს, ეს ხომ მართალი ყოფილა და არ ვიცოდითო! გვიკვირს და ვოცდებით იმის გამო, რომ ცეცხლი მწვავე ყოფილა, ყინული ცივი და მგელს ცხვრის ჭამა სცოდნია.“
ვაჟა-ფშაველა
BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომ 2024 წლის აქციებზე შესაძლოა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი „კამიტი“ ყოფილიყო გამოყენებული, სამართლიანად აღაშფოთა საზოგადოება. მაგრამ აჟიოტაჟში მთავარი ფოკუსი დაიკარგა.
ცნობილია, რომ BBC დაეყრდნო სამ ძირითად მტკიცებულებას:
- ქართველი ექიმების მიერ აღწერილ დაზარალებულთა ხანგრძლივ სიმპტომებს;
- 2019 წლის სპეციალური დანაშაულების დეპარტამენტის ინვენტარის ნუსხის ასლს, სადაც ასეთი ქიმიკატის არსებობა მართლაც ფიქსირდება;
- და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ლაშა შერგელაშვილის მონათხრობს.
შერგელაშვილის ჩვენება ცენტრალური მტკიცებულებაა, ის ყველაზე დეტალური, თანმიმდევრული და შიდა სამსახურებრივ გამოცდილებაზე დაფუძნებული წყაროა. აღსანიშნავია, რომ შერგელაშვილი არ საუბრობს მხოლოდ დღევანდელობაზე, არამედ პროცესზე, რომელიც წინა მთავრობების ხელმძღვანელობის პირობებშიც არსებობდა. ეს მის სიტყვებს კიდევ უფრო სანდოს ხდის და გვაჩვენებს დანაშაულის სისტემურობას.
მისი ინტერვიუს მთავარი აქცენტები ასეთია:
- 2009 წელს შერგელაშვილს დაავალეს ერთ კონკრეტულ ქიმიურ ნივთიერებაზე ტესტირების ჩატარება, რომელიც წყლის ჭავლში გამოყენებისთვის იყო განკუთვნილი. მისი სიტყვებით, ეს არ ჰგავდა არც CS გაზს, არც ჩვეულებრივ სადეზინფექციო ქიმიკატებს.
- ცდაში მონაწილეობდა 15–20 თანამშრომელი. ყველას განუვითარდა სუნთქვის გაძნელება, კანის წვის მსგავსი სიმპტომები და ძლიერი გაღიზიანება, რომელიც ვერ ირეცხებოდა.
- მან ოფიციალურად რეკომენდაცია გასცა, ეს ქიმიკატი არ გამოეყენებინათ, მაგრამ მისი თქმით, ნარევი მაინც ჩატვირთეს წყლის ჭავლებში და მინიმუმ 2022 წლამდე გამოიყენებოდა.
- 2024 წლის აქციების კადრები რომ იხილა, მაშინვე იფიქრა, რომ გამოყენებული იყო იგივე ნივთიერება, რომელსაც 2009-ში ტესტავდა.
- მოქმედი პოლიციელები, რომლებმაც მასთან კავშირი შეინარჩუნეს, ადასტურებდნენ, რომ წყლის ჭავლები კვლავ იმავე ნარევით იყო დატვირთული.
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ. რომ ხელისუფლებების ქმედებები იმეორებენ ერთმანეთს. ამას კი განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:
- ძალაუფლების მიტაცება საქართველოში მარტივია და ყველა ხელისუფლება ამას ახერხებს – ინსტიტუტების დამბალანსებელი მექანიზმები სუსტია და პოლიტიკური ზეგავლენებისგან დაუცველი.
- სახელმწიფო სტრუქტურები პოლიტიზებულია – ამიტომ არ ხდება შემოწმება, რა ნივთიერებები გამოიყენება ან ვინ გასცემს ბრძანებებს.
- საზოგადოება სუსტია და მათ ხშირად ერთმანეთს აპირისპირებენ – პარტიები ქმნიან პოლარიზაციას, რის ფონზეც სისტემა უცვლელი რჩება.
რატომ არ არის გამოსავალი უბრალოდ „მთავრობის შეცვლა“?
თუ ერთი მთავრობა მიდის და მეორე მოდის, მაგრამ სისტემური ჩარჩო უცვლელი რჩება, არაფერი იცვლება. ქიმიური აგენტებით დაშლა, სამართალდამცავთა დაუსჯელობა, ძალაუფლების მონოპოლია, სასამართლოს კონტროლი, მედიის წნეხი – ყველაფერი ავტომატურად გადადის ერთი ხელისუფლებიდან მეორეზე.
მთავრობების ცვლილება ვერ ცვლის სისტემას, რომელიც შექმნილია ძალაუფლების მიტაცებისთვის.
რა არის გამოსავალი? – სისტემური გარდატეხა და არა რიგითი არჩევნები
თუ პარტიები თავად არ აპირებენ სისტემის შეცვლას, და ფაქტია რომ არ აპირებენ, საჭიროა ანტიკრიზისული, ბუფერული ეტაპი:
- მიუკერძოებელი, არააფილირებული საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობით – პროფესიული, სამოქალაქო, აკადემიური წრეების მონაწილეობით, რომლებიც პარტიებს მიღმა დგანან.
- ფართო საზოგადოების მხრიდან ქვემოდან ზემოთ ზეწოლით – არა პარტიული დავალებებით, არამედ საზოგადოებრივი მანდატით.
- საკონსტიტუციო და ინსტიტუციური რეფორმების ჩარჩოთი – რომელიც შექმნის დამბალანსებელ მექანიზმებს, რათა მომავალში ვერცერთმა ხელისუფლებამ:
ვერც ინსტიტუტები მიიტაცოს,
ვერც არაკონტროლირებადი ძალა გამოიყენოს,
და ვერც სახელმწიფო ბერკეტები მიმართოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
ეს მუშაობს ძლიერ დემოკრატიებში. ეს ქმნის იმუნიტეტს თვითნებობის წინააღმდეგ. ამ იმუნიტეტის გარეშე ძალაუფლება ისევ და ისევ იქნება მიტაცებული, ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში.
დასკვნა: კამიტის სკანდალი მხოლოდ სიმპტომია, დაავადება კი ბევრად უფრო ღრმაა
BBC-ის გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი, ლაშა შერგელაშვილის აღიარებები, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო წლებია ცხოვრობს დაუბალანსებელი ძალაუფლების პირობებში. ეს პრობლემა იყო წინა ხელისუფლებებში, არის ახლა და იქნება მომავალშიც, თუ სისტემას არ შევცვლით.
მთავრობების ცვლა თავისთავად არაფერს ცვლის. ცვლილება დგება მხოლოდ მაშინ, როცა საზოგადოება გადაწყვეტს, რომ ახალი წესების დაწერის დროა.