რა გვაქვს საერთო

პუბლიკა

ავტორი: გიორგი რაზმაძე

თბილისში არქიტექტურის ბიენალე მიმდინარეობს, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გვთავაზობს არა არქიტექტურის პავილიონებსა და გამოფენებს, არამედ ურბანული სივრცის, უკვე არსებული არქიტექტურის გააზრებას.

წელს საშუალება მოგვეცა გაგვესეირნა თბილისის ხმოვან ლანდშაფტში (სპორტის სასახლესთან), უშუალოდ გაგვეზიარებინა არსებული ურბანული სივრცე მასთან ტაქტილური კავშირით (ლადოს ბაღის დასუფთავება), გვენახა მრავალი საინტერესო ინსტალაცია თუ გაცნობოდით ახალ თეორიებს. ბიენალე სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტს აერთიანებს, რაც მის, როგორც პოლიმედიური ფესტივალის როლს გამოარჩევს.

ბიენალეს ფარგლებში საქართველოსთვის სრულიად უცნობი მოვლენა კიბერფილმის ჩვენებაც მოეწყო, რომელმაც სრულიად ახალი პერსპექტივით წამოჭრა პოსტსაბჭოთა საქართველოში ძალაუფლებისა და სივრცის რეორგანიზაციის საკითხი.

ტერმინიკიბერსივრცეამერიკელ ფანტასტ მწერალ უილიამ გიბსონს ეკუთვნის, რომელმაც ეს სიტყვა კორპორაციებისა და ბანკების შეთქმულების აღსაწერად გამოიყენა. საქმე ეხება კომპიუტერულ ქსელს, რომელშიც ადამიანებზე შეგროვებული ინფორმაცია მათი მართვისთვის გამოიყენება. სისტემა უხილავია ინდივიდებისთვის, მასზე გავლენა არ აქვს სახელმწიფოსაც. თუმცა კორპორაციების ქსელის პარალელურად, მაგალითად დასავლეთ გერმანიაშიწითელი არმიის ფრაქციისტერორიზმის საფრთხესთან საბრძოლველად გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ჰორსტ ჰეროლდ (Horst Herold) 1970-იან წლებში უკვე ქმნის პირველ კომპიუტერულ ბაზას, რომელშიც ინდივიდთა გადაადგილებისა თუ სხვა სახის ინფორმაციის შეგროვება მიმდინარეობდა.

კორპორაციული ძალაუფლება ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად რეალობა კიბერპანკის ჟანრიდან სულ უფრო მეტად ინაცვლებდა რეალურ ცხოვრებაში. ელექტრონული ეკოლოგია დღეს ნეოლიბერალურ სამოთხეს წარმოადგენს, რომელშიც კვლავინდებურად თითქმის არ არსებობს კორპორაციებისგან გამიჯნული სახელმწიფოს ძალაუფლება. ერთერთი უკანასკნელი მოვლენა, რასაც კიბერსივრცის გაფართოება უკავშირდება, კოვიდ პანდემიაა. ინდივიდებისთვის მობილობის მაქსიმალურად შეზღუდვის შემდეგ სოციალიზაციის თითქმის ერთადერთ შესაძლებლობად ინტერნეტი იქცა. თუმცა სტატისტიკური მონაცემი თავისუფლებისა თუ დემოკრატიის ზრდის ტენდენციებზე არ საუბრობენ, პანდემიის დასრულებისა და კიბერსივრცის გაფართოების შემდეგ საქართველოსა და მსოფლიოში ვიხილეთ მხოლოდ მდიდრების უფრო გამდიდრებისა და ღარიბების კიდევ უფრო გაღარიბების ტენდენცია. 

კაპიტალიზმის ლოგიკა მუდმივ გაფართოებაზე დგას. კოლონიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის შემდეგ, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეც კი უკვე ათვისებული იყო, მარსზე გამგზავრება კი შედარებით შორეულ პერსპექტივაა, კოლაფსისგან თავის დასაღწევად კაპიტალიზმმა ახალი ტერიტორიის ათვისება დაიწყო კიბერნეტიკული ეკოლოგიის. სწორედ ამ პროცესს უძღვნიან ფილმს გერმანული არქიტექტურული ბიურო n/o now სახელწოდებით Sakhli Opisi – What Do We Have in Common. როგორც ჯგუფის ერთერთი წევრი ტობიას ჰონიგი ამბობს, ფილმის შექმნის იდეა პანდემიის დროს დაიბადა, მას სურდა საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა ამის საშუალება არ მისცა. ალტერნატივა მისთვის, ისევე როგორც მილიონობით ადამიანისთვის, ელექტრონული რესურსები აღმოჩნდა.  

მოძრაობის ილუზიის ყველაზე მასშტაბურ პლატფორმას კომპანიაგუგლისსერვისიქუჩის ხედიწარმოადგენს. სწორედ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ფილმის შემქმნელები ცდილობენ საქართველოს დისტანციურად შესწავლას, უფრო სწორედ კი იმ ინფორმაციის დამუშავებას, რაც კიბერსივრცეში მოიპოვება. ფილმში ამბავი სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვების ჩარჩოშია მოქცეული. გამოსახულებას დაყვება უკანასკნელი სიახლეების მორბენალი სტრიქონი, რომელშიც საქართველოს შესახებ მედიაში არსებული სტატიების სათაურები ჩნდება. გამოსახულება და ტექსტი არ ემთხვევა, არც სუბტიტრების თარგმანი, რომელიც ასევე გუგლის სათარგმნ სისტემაშია შესრულებული.  კიბერსივრცეში არსებული დისონანსი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის (რომელიც პირველად ჰაცუნე მიკუს კიბეროპერაში დაფიქსირდა), ეპოქის ლოგიკას გადმოგვცემს პოსტსიმართლის ეპოქაში არც გამოსახულება და არც ტექსტი აღარ ასახავს სიმართლეს. ტრამპის მრჩევლის ნათქვამი ალტერნატიული სიმართლის შესახებ offline სამყაროს ჭეშმარიტებას კითხვის ქვეშ აყენებს და მასზე აღმატებულად online სამყაროში არსებულალტერნატიულ ფაქტებსანუ კიბერნეტიკულ სიმართლეს აყენებს. ამგვარად, ფილმში წარმოდგენილი ფრენკ ლოიდ რაიტის ტელიესინის რეზიდენცია ჰიპერრეალურია. ამ ახალ რეალობას საწყისი ტექსტი აღარ სჭირდება, ის თვითკმარ გარემოში არსებობს. ამგვარ თვითკმარობაში ფიგურებს ფრენა შეუძლიათ, კედლებში გავლა, მარტივად იცვლიან ფორმას და ექვემდებარებიან ალტერნატიული ფიზიკის კანონებს. 

ფიზიკური სამყაროს შეზღუდვების დაძლევა პირველ რიგში ვლინდება კულტურის მიერ დაწესებული შეზღუდვების დაძლევაში. კიბერსივრცეში ძალადობა სანქცირებას არ ექვემდებარება. თუკი დიდი კორპორაციები სულ უფრო მეტად აკონტროლებენ სიტყვის თავისუფლებას, მკვლელობის კულტივირებასა და რეკლამაზე დღემდე ვერ ვხედავთ შეზღუდვებს. პირიქით, ყოველ წელს სულ უფრო იზრდება ინტერნეტში ძალადობისა და კომერციალიზაციის დონე. 

ფილმის სათაურად აღებულია წინა ბიენალეზე ამავე ჯგუფის n/o now-ის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრიდან, რომელსაცრა გვაქვს საერთო?“ ერქვა. ეს კითხვა მიემართება როგორც საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ კავშირს, ანდა თანამედროვე არქიტექტურასა და საქართველოს დამაკავშირებელ რგოლს (ფილმი იწყება რაიტის მეუღლის ოლგივანა ლაზოვიჩის ბიოგრაფიით, რომელმაც გარკვეული წლები თბილისში გაატარა და იყო გურჯიევის გამორჩეული მოსწავლე), აგრეთვე კიბერრეალობასა და ჩვენს რეალობას შორის არსებულ საერთო მოცემულობას. 

პოსტსტრუქტურალისტები სივრცისა თუ ფენომენის გაგებას განსხვავებების გამოვლინებაზე აგებენ. ფილმში კი კოლონიალიზმის ზოგადი ბუნების გასაგებად საერთოს გამონახვის გზაა არჩეული. ofisi sakhli-ის ერთერთი პერსონაჟი მკვლევარი ლელა რეხვიაშვილი დასავლური კაპიტალიზმის მიერ ახალ ტერიტორიებზე არსებული მზერის შესახებ გვიყვება, რასაც ცვლის რუსული კოლონიალიზმის ანატომიის შესწავლა. მთავარი ხაზი ძალაუფლების კიბერტოპონიმიკის მოძებნაზე გადის. ავტორები ამ მოგზაურობასსტროლოლოგიასუწოდებენ. სტროლოლოგიის (Strollology, გერმ. Spaziergangswissenschaft) ფუძემდებელია შვეიცარიელი სოციოლოგი ლუციუს ბურკხარდი. სტროლოლოგიის ინგლისური ეტიმოლოგია ზმნა სეირნობიდან მომდინარეობს, რაც, სამეცნიერო მეთოდის შემთხვევაში, გულისხმობს გარემოს შესწავლას მასში უშუალოდ გადაადგილებისა და რეფლექსიის გზით. ამრიგად, ფილმში ჩვენ კიბერსივრცეში ვსეირნობთ და ვცდილობთ კორპორაციების მიერ შეგროვებული ინფორმაციის ანალიზით წარმოდგენა შევიქმნათ რეალურ სამყაროზე. ამ შემთხვევაში, ყურადღების ცენტრში პოსტსაბჭოთა საქართველოს ტრანსფორმაცია ექცევა, რომელიც დასავლურ აკადემიურ წრეებში რუსული იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის სათანადოდ არშესწავლილ საკითხს აყენებს. 

როგორია საქართველო თუკი მას კიბერსივრციდან ამოვხედავთ? ესაა ოლიგარქების ტერიტორია, რომელზეც კოლონიური რეჟიმი არსებობს. ძალაუფლების მიერ ჩამოყალიბებული ეს ოლიგარქიულბანდიტური სისტემა საბჭოთა იმპერიის კოლაფსის შემდგომ დაწყებულ საჯარო სივრცის ორგანიზებაში იჩენს თავს. პოლიტიკისა და არქიტექტურის ურთიერთობაში, ურბანისტი ედვარდ სოჯა იერარქიულ სტრუქტურას გამოყოფს. შემთხვევითი არაა, რომ რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქები ყველაზე მასშტაბურ შენობებს ეპატრონებიან. ფილმში ხვდება ბადრი პატარკაციშვილის მიერპრივატიზებულიქორწინების სასახლე. აქედან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრზე ვინაცვლებთ, რომელიც ქართლის დედის გასწვრივ მდებარეობს და მთაწმინდის შემდეგ ერთერთ მთავარ წერტილზეა აშენებული. უფრო წვრილი ოლიგარქები კიდევ უფრო კიტჩურ სასახლეებს ასევე თბილისის თავზე აშენებენ. არქიტექტურა იქცევა ძალაუფლების ურბანულ მედიუმად, რამაც მუდმივად უნდა აწარმოოს დისკურსი და საზოგადოების მართვის მექანიზმები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული გარემოებაც პლანეტის მოსახლეობისთვის ნამდვილად საერთოა.

ფილმი ვიზუალურ და ხმოვან დიალექტიკაზეა აგებული. გრაფიკული გამოსახულება ანალოგურ გამოსახულებას უპირისპირდება, მაგრამ ეს კონფლიქტი არ გვაძლევს სინთეზს რეალობის გაუმჯობესებულ ვერსიას. ფილმის ყურების შემდეგ იბადება აზრი, რომ კიბერსივრცის კოლონიალიზმი დასკვნით ფაზაში გადადის, რომელიც საქართველოს კოლონიალიზმის არსებულ მდგომარეობას ემთხვევა. ახალ გამოწვევებთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვანია ხელოვნების პერსპექტივის ცვლილება და კიბერნეტიკული ჰეგემონიის კვლევაზე გადართვა, რომელიც ძალაუფლების ახალ ფორმატს გვთავაზობს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია n/o new-ის ეს ფილმი ფართო მაყურებლამდე იქნას მიტანილი, რაც აგრეთვე ქართულ კიბერხელოვნების განვითარებასაც წაახალისებდა.

*ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.