ანეკდოტია ასეთი: ცხვარი გარბის და უკან მგელი მისდევს, ხალხის წინ რომ ჩაირბენს, დაინახავენ, შეეცოდებათ და დაუძახებენ – მოგეშველებით, ცხვარო, მგელს დავიჭერთო. ცხვარი უპასუხებს – მგელს მე თვითონ გავექცევი, მაგის უკან მღვდელი მომდევს და თქვენ ის დაიჭირეთო. ეს ყოველთვის სასაცილო ანეკდოტი იყო, სანამ არ გავიგეთ, რომ ზოგიერთი მაღალი იერარქი ჩვენც ცხვრებად გვთვლის. „ცხვრებმა თქვენი ადგილი იცოდეთ, მწყემსებს ჭკუას ნუ გვასწავლითო!“. ამ არგუმენტით მოიცილა მიტროპოლიტმა ყველა, ვინც ერთი კოვზით ზიარების წესთან და ზოგადად, კორონავირუსის ფონზე საპატრიარქოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს გამოთქვამდა. თან დააყოლა, ვიცი, ამ სიტყვებს ქილიკი მოჰყვებაო.
გულწრფელად რომ ვთქვა, არ მესიამოვნა ვიღაცა „ცხვრად“ რომ მთვლის, თან იმ წრიდან, ბოლომდე რომ ვერ გარკვეულა, ცხვარი რიტუალური საკვებია თუ უუფლებობის სიმბოლო. კაცმა რომ თქვას, არცერთი პერსპექტივა არ იწვევს აღფრთოვანებას. ეგეც არ იყოს, „მწყემსებისთვის“ სიტყვის შემბრუნებელი სხვა „ცხვრებისადმი“ სოლიდარობის გრძნობამაც თავისი ქნა და გადავწყვიტე მეც „ვიქილიკო“. თან, მღვდელმთავარსაც არ დავაღალატებ.
პირველ რიგში, მოკლედ ვიტყვი, რომ ვირუსის ასარიდებლად რიტუალების შესრულების წესების გადახედვა საჭირო არ არის. ყოველგვარი თეოლოგიური დისკუსიების გარეშეც შეიძლება მარტივი გამოსავლის პოვნა – კოლექტიური ღვთისმსახურების შეჩერება იმ „საკარანტინო პერიოდში“, რომელსაც სახელმწიფო დაადგენს. ასე მოხდა, მაგალითად, იტალიაში და ამ მოთხოვნას იქ არსებული ქართული სამრევლოებიც უპრობლემოდ დაემორჩილნენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი სახელმწიფომ საკუთარ პასუხისმგებლობას დაუქვემდებაროს და მხოლოდ რელიგიური თემების გადაწყვეტილებებს არ დაელოდოს. რელიგიისა და რწმენის კოლექტიურად გამოხატვის თავისუფლება უპირობო უფლება არ არის და ის აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება და უნდა შეიზღუდოს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ დაცვის მიზნით. ეს ჩვენს კონსტიტუციაშიც კი წერია. ახლა ვცდილობ, წარმოვიდგინო ჩვენი მთავრობა ამ გადაწყვეტილებას როგორ იღებს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ყველა ჯერზე ისევ მწყემსის მიერ დატუქსული ცხვარი მიდგება თვალწინ, ამიტომ პირდაპირ მთავარ სათქმელზე გადავალ.
მწყემსებისა და ცხვრების ბიბლიური ალეგორიების ჩვენს ცხოვრებაში გადმოტანის საკითხი რომ ამოვწურო, ისევ სახარებას მივუბრუნდები, სადაც „მწყემსი“ ექსკლუზიურად ქრისტეს სახეა – „მე ვარ მწყემსი კეთილი“ (იოანე. 10:11), ხოლო „ცხვარი“ – მთელი კაცობრიობის, ერისაც და ბერისაც. მაგრამ დავუშვათ, რომ ზოგს სახარებიდან მხოლოდ ის ადგილი ახსოვს, სადაც იესო პეტრეს ეუბნება – „მწყემსე ჩემი ცხვრებიო“ (იოანე. 21:16) და საკუთრ თავსაც ამიტომ მიიჩნევს მწყემსად. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია არა უბრალოდ სტატუსი, არამედ ამ სტატუსიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა – „კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის“ (იოანე. 10:11). ცხადია, მწყემსობის არსი ცხვრებზე ზრუნვაა და არა მათზე ბატონობა. სწორედ ესაა მწყემსის „სიკეთის“ განმსაზღვრელი. ნამდვილად კეთილი მწყემსი ისაა, ვინც, თუ საჭირო გახდა, ოთხმოცდაცხრამეტ ცხვარს მიატოვებს და ერთი დაკარგულის საძებნელად წავა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ათასობით მრევლს ეტყვის, ნუ ივლით კოლექტიურ ღვთისმსახურებებზე, პატივი ეცით იმ ათეულობით ადამიანს, ვისი ჯანმრთელობაც შეიძლება დაზიანდესო. ესაა ნამდვილი მწყემსობა, რადგან, ვინც სხვის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ დააყენებს და სნეულზე არ იზრუნებს, ჭეშმარიტი მწყემსის დაბრუნებისას მის მარცხნივ აღმოჩნდება, არათუ მწყემსის ან თუნდაც ცხვრის სტატუსით, არამედ, როგორც თხა (მათე. 25:33-46).
ქილიკს რომ თავი დავანებოთ, ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განცდის ნაკლებობა და ჩაკეტილი კლერიკალური მართვის სტილი. თანაც, ეს კლერიკალიზმი ელიტურია, ანუ მართვის ნაწილში სამღვდელოების უმეტესობა მრევლის ბედს იზიარებს და ცხვრების უუფლებო როლსაა დაჯერებული. მაგრამ ამ ყველაფერში, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი და ამ წერილის მთავარი მიზანი, ის ორმაგი სტანდარტია, რომელსაც საპატრიარქო თანმიმდევრულად იცავს.
საქმე ის გახლავთ, რომ საპატრიარქო, რომელიც საკუთარ უფლებებსა და პრივილეგირებულ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობას სწორედ იმით ამართლებს, რომ ის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს, სინამდვილეში ამ უმრავლესობის აზრით პრინციპულად არ ინტერესდება. მეტიც, ეკლესიის მართვას, რომ თავი დავანებოთ, რაც ნამდვილად იერარქიულ პრინციპებზე უნდა იდგეს, ის მრევლის მონაწილეობას იმ ერთეულ დისკუსიებშიც კი არ უშვებს, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც აღწევს საპატრიარქოს გარეთ. გულწრფელად, რომ ვთქვათ, იმ პირობებში, როდესაც სინოდის საქმიანობაში ყველა მღვდელმთავარიც კი არ არის ჩართული, მრევლს რა ნამუსით უნდა წყდებოდეს გული საკუთარ უუფლებობაზე. თუმცა ეს საკითხი აქ არ მთავრდება და განსაკუთრებულ სიმწვავეს იმით იძენს, რომ საპატრიარქო, ერთი მხრივ, თეოლოგიური განათლებისა და შესაბამისი კომპეტენციის პირებსაც კი უკრძალავს საეკლესიო საკითხებზე მსჯელობას, მეორე მხრივ კი, თავად ყველა შესაძლო და სასურველ შემთხვევაში, მოსახლეობის უმრავლესობის აზრის გამომხატველის სტატუსით, თავისუფლად და ერთბაშად ერევა ნებისმიერ საჯარო სამოქალაქო დისკუსიაში. ეს ამ ორმაგდი სტანდარტის ერთი განზომილებაა, პრინციპით – რაც ეპატიება მწყემსს, არ ეპატიება ცხვარს!
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ ორმაგ სტანდარტს სხვა განზომილებაც აქვს, პრინციპით – რაც ეპატიება ერთ მწყემსს, არ ეპატიება მეორე მწყემსს! მაგალითად, ღვთისმსახურთა ნაწილი, ვისაც ამის შნო აქვს, თავად ყოველგვარი უხერხულობის გარეშე უგულებელყოფს იერარქიულად მასზე მაღლა მდგომი წმინდა სინოდისა თუ კათოლიკოს-პატრიარქის განჩინებებსა და მოწოდებებს, იერარქიულად მასზე დაბლა მდგომ სამღვდელოებასა და მრევლს კი ცხვარივით მორჩილებისკენ მიუთითებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს რელიგიური ინსტიტუტის შიდა საქმეა და ფართო საზოგადოების ინტერესს არ უნდა წარმოადგენდეს. თავადაც, ხომ სწორედ ასე უდგებიან საკითხს, როდესაც ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე ღია მსჯელობას „ოჯახის ამბების გამომზეურებას“ ადარებენ და მორალურად ამუნათებენ ყველას ვინც საჯაროდ, თუნდაც სამართლიანად, გააკრიტიკებს მათ. ამ ფილოსოფიით კი ეკლესიას თავადვე ამცირებენ საპატრიარქოს ადმინისტრაციის მასშტაბამდე და მილიონობით ქრისტიანს „ოჯახის გარეთ“ ტოვებენ. ჭეშმარიტება, რომ ეკლესია მისი ყველა წევრის ქრისტესთან ერთობაა, თუნდაც იერარქიული, მაგრამ მაინც სრულფასოვანი წევრობის მნიშვნელობით, უგულებელყოფილია.
ეკლესიის „შიდა“ საკითხების საჯარო განხილვებისგან თავის არიდების თავისუფლება საზოგადოებას მას შემდეგ აღარ აქვს, რაც ეკლესიამ სამოქალაქო დისკუსიებში მონაწილეობის ლეგიტიმაცია იმით მოახდინა, რომ საკუთარ თავს „მოსახლეობის უმრავლესობის აზრის გამომხატველი“ უწოდა. და მაინც, რას ნიშნავს ეს სტატუსი? დღეს ეკლესია ამ პრივილეგიით მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით სარგებლობს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით საქართველოს მოქალაქეთა 83% თავს მართლმადიდებლად რომ მიიჩნევს. თუმცა, არც მათი ქრისტიანობაა თავისთავად ცხადი ფაქტი და არც ის, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე მათ ზუსტად ის პოზიცია აქვთ, რომელსაც ეკლესია მათი სახელით გამოთქვამს. ეს რომ დადასტურდეს, აქტიური კომუნიკაცია უნდა არსებობდეს თავად ეკლესიის წიაღში, უპირველეს ყოვლისა – იერარქიასა და მრევლს შორის, მაგრამ ზემოთ თქმულს რომ დავუბრუნდეთ, აშკარაა, რომ თავად იერარქიას შორისაც კი არ არის სათანადო კომუნიკაცია. ხშირად ისეც ხდება, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გახმოვანებულ საეკლესიო გადაწყვეტილებებს საქართველოს მოსახლეობის 83% კი არა, წმინდა სინოდის 47-ვე წევრიც კი არ ეთანხმება. ასე იყო, მაგალითად, 2016 წლის კრეტის საეკლესიო კრებასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, საპატრიარქოს უფლებამოსილმა პირებმა არათუ ღია და ფართო ჩართულობით არ იმსჯელეს კრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არამედ, როგორც ასეთი, საერთოდ არ იმსჯელეს და ისიც კი არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ კრეტაზე წაუსვლელობის შესახებ გაურკვეველი მოტივებით მიღებული გადაწყვეტილება საკუთარი მრევლისთვის პოსტფაქტუმ მაინც აეხსნათ სათანადოდ. ასე ხდება ახლაც, როდესაც მართლმადიდებელი სამყარო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობს, საპატრიარქო კი დუმს და პროცესების ბოლოს ისევ საქართველოს ეკლესიის, ანუ მოსახლეობის 83%-ის სახელით დააფიქსირებს იმავე გაურკვეველი წარმომავლობის პოზიციას, როგორიც კრეტის კრებასთან დაკავშირებით ჰქონდა. ასე რომ, ეკლესია საკუთარი მრევლისადმი, შესაბამისად, საკუთრი თავისადმი მსგავსი დამოკიდებულებით, თავადვე აუქმებს „მოსახლეობის უმრავლესობისგან“ მინიჭებულ ლეგიტიმაციას. თუმცა, ამაზე არ დარდობს, რადგან როდის მომხდარა მწყემსს ცხვრებისთვის მოესმინა? ღმერთმა დაიფაროს!
ვინმემ რომ არ ჩათვალოს, ცხვრები ისე გათამამდნენ, რომ მალე მწყემსებს ხმის ამოღებას საერთოდ აუკრძალავენო, განვმარტავ, რომ საქმე ღია, თანასწორ და ობიექტურ დამოკიდებულებებს ეხება და არა სამოქალაქო სივრციდან ეკლესიის განდევნას იმის გამო, რომ ის რელიგიურ სივრცეში სამოქალაქო აზრს არ აჭაჭანებს (პრინციპში არც თეოლოგიურს, როდესაც ის საპატრიარქოს ადმინისტრაციის აზრს არ ემთხვევა). როგორი სიმეტრიულიც არ უნდა იყოს ასეთი შურისძიება, ის უსამართლოა, რადგან უსამართლობასთანაა სიმეტრიული და არა სამართლიანობასთან. ბრძანდებოდეთ, მიიღეთ მონაწილეობა სამოქალაქო დისკუსიებში, მაშინაც კი თუ საეკლესიო საკითხებზე საჯარო მსჯელობებს აკრძალავთ, მაგრამ ნება იბოძეთ და სხვის მოედანზე მაინც დაიცავით წესები – ღიაობა, თანასწორობა და ობიექტურობა. დიახ, სამოქალაქო დისკუსია ღიაა ყველა სუბიექტისთვის და მასში არც ეკლესიის მონაწილეობას შეიძლება დაესვას რაიმე სახის კითხვის ნიშანი. პრობლემა ისაა, თანასწორობის წესი რომ ირღვევა და ეკლესია მოსახლეობის უმრავლესობის ავტორიტეტით იწყებს დიქტატს, რადგან თანასწორობის გარეშე არათუ სამოქალაქო დისკუსია, არამედ რაიმე სახის მსჯელობა, უბრალო საუბარიც კი შეუძლებელია.
რაც შეეხება ობიექტურობის საკითხს, ეს უკანასკნელი იმის გარანტია უნდა იყოს, რომ თანასწორ გარემოში მიმდინარე ღია მსჯელობა საკითხის კვალიფიციური გადაწყვეტით დასრულდეს და უსაშველო ოცობოდიად არ იქცეს. ამდენად, როდესაც ეკლესია მსგავს მსჯელობაში მონაწილეობს, დისკუსიის სუბიექტთა შორის თანასწორობის განცდასთან ერთად, საკუთარ თავს კომპეტენტურობისა და ობიექტურობის ნიშნითაც უნდა ბოჭავდეს. მაგალითად, თუკი სახელმწიფო პოლიტიკის ან კანონმდებლობის შესახებ მსჯელობისას ეკლესია საკუთარ მონაწილეობას მხოლოდ რელიგიურ არგუმენტებზე დააფუძნებს, რაც ხშირ შემთხვევაში ბუნებრივად ეწინააღმდეგება მსჯელობის საგნის საერო აღქმას, ეს სათანადო ვერ იქნება, რადგან თავად სამოქალაქო სივრცე გამორიცხავს დისკუსიას მხოლოდ რელიგიური, მით უფრო, ერთი კონკრეტული კონფესიური მდგენელით.
სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ კონფლიქტი სამოქალაქო და რელიგიურ ღირებულებებს შორის ყოველთვის არ არის ობიექტურობის, ან დისკუსიაში თანასწორობის ნაკლებობის ბრალი. უტოპიაა სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი პოლიტიკა და ყველა კანონი ერთნაირად იქნება მისაღები ყველა რელიგიისთვის ან პირიქით, ყველა რელიგიური ღირებულება პირდაპირ ჩაეწერება პოლიტიკისა თუ სამართლის სახელმძღვანელოებში. ნებისმიერი ამგვარი მცდელობა რყვნის რელიგიასაც და სახელმწიფოსაც. ამის საპირისპიროდ მსგავსი პრობლემების თავიდან არიდება მხოლოდ იმ საზოგადოებაშია შესაძლებელი, სადაც კერძო და საჯარო სივრცე სათანადოდაა გამიჯნული და შესაბამისად, რელიგიური – პირველ, ხოლო სამოქალაქო ღირებულებები – მეორე მათგანში თავსდება. კონფლიქტი რელიგიურ დოგმებსა და სამოქალაქო კანონებს შორის რეალური მხოლოდ მაშინაა, როცა უკანასკნელი დისკრიმინაციულია ან რელიგიის თავისუფლებას სათანადოდ არ იცავს. სხვა შემთხვევებში, დაპირისპირების ილუზიას ის აღრევა ქმნის, რომელიც ინდივიდუალურის და ნებაყოფლობითის (რწმენის, რელიგიური ღირებულებების) საყოველთაოდ და სავალდებულოდ (კანონი, სახელმწიფო პოლიტიკა) ქცევის ცდუნება წარმოშობს.
მოკლედ, ჩვენ თუ არ გვიშვებთ და კარზე კაკუნითაც წუხდებით, თქვენც ნუ ჩამოგლეჯთ ჩვენს კარს ჩარჩოიანად. ეკლესიის პრივილეგია სიტყვის ძალაა და არა სიტყვაზე ძალადობა, იქნება ეს საპატრიარქოს შიგნით თუ მის გარეთ. მხოლოდ ასე იქცევა სულიერი ღირებულებები თავისუფალ და არა ცხვარივით მორჩილ ადამიანთა ცოცხალ რწმენად.
P.S. ბოლოს მინდოდა დამეწერა – „აქ ცხვარი არავინ არ არის“, მაგრამ თავს შევიკავებ.