მეხსიერება ჩვენი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა.
რაც ბევრად უარესია, არც გვინდა, რომ ეს ოდესმე შეიცვალოს… მეხსიერება ხომ პასუხისმგებლობაა. ძალისხმევაც. მეხსიერება ფილტრია, რომელიც ყოველდღიურ პოლიტიკურ თუ ცხოვრებისეულ დილემებზე ბუნებრივ პასუხებს გვთავაზობს. პასუხებს, რომლებიც ყოველთვის სასურველი და კომფორტული არ არის. მეხსიერება საკუთარი კოლექტიური „მე“-სთვის დაწესებული სტანდარტია, რომელსაც არ უნდა ჩამოვცდეთ. გნებავთ, მოლოდინების ერთობლიობა, რომელიც უნდა გავამართლოთ… მეხსიერება აზროვნებაა, უფრო ზუსტად – საბაზისო საღი აზრი. ეს ყოველივე კი ზედმეტი თავის ტკივილია „ურთიერთობის“ კერპის მოთაყვანე, დარდიმანდი ქართველისთვის.
ან კი რა სარგებლობა მოაქვს მეხსიერებას?
რაც არ გვახსოვს, ის არ არსებობს. რაც არ არსებობს, არ გვაწუხებს. ხოლო რაც არ გვაწუხებს, გვათავისუფლებს მორალური იმპერატივის ულმობელი მარწუხებისგან და საშუალებას გვაძლევს დავიჯეროთ, რომ ისეთივე ქველი, მამაცი და მართალი ვართ, როგორც ჩვენს, ხშირად კომიკურობამდე ყალბ, რეალობასთან აგრესიულად შეუსაბამო და უიმედოდ გაცვეთილ სადღეგრძელოებში.
ამიტომ, ქართველს არაფერი ახსოვს. ხოლო რაც ახსოვს, ძალით ივიწყებს. თუ მეხსიერებამ ურცხვად შეახსენა თავი, თავს დააჯერებს, რომ „ახლა ამის დრო არ არის“ ან „ახლა ასეა საჭირო“, რათა ათასი სადარდებლით ისედაც დამძიმებული ცხოვრება ოდნავ მაინც შეიმსუბუქოს და განაგრძოს თავისი ნაჭუჭის ილუზორულ სამყაროში უწყინარი, არაფრის შემცვლელი და არაფრის განმსაზღვრელი არსებობა.
ბევრისთვის მეხსიერება აბსტრაქტული ცოდნაა წარსულის შესახებ, რომელიც ისეთივე უსარგებლოა, როგორც სკოლაში ნასწავლი ხაზვა ან სუფთა წერა. ასეთებს ჰგონიათ, რომ მეხსიერება თეორიული ფუფუნებაა და არა მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პრაქტიკული იარაღი.
სინამდვილეში, არაფერია იმაზე აქტუალური, ვიდრე წარსული და, პირველ რიგში, უახლოესი წარსული. წარსული, რომლის პარადიგმები, მახეები და ფიგურები დღესაც სხვადასხვა დოზით მონაწილეობენ საზოგადო ცხოვრებაში და გავლენას ახდენენ ჩვენს გარემოზე.
ისტორია მხოლოდ ის არ არის, რაც უხსოვარ დროში მოხდა (ოღონდ, ეს „უხსოვარიც“ უსასოობამდე ცოტა დროს აღნიშნავს ქართველისთვის!). ისტორიაა ყველაფერი – ისტორიაა 1991 წლის სამხედრო გადატრიალება, რომელმაც ეპოქალური უბედურება მოუტანა ქვეყანას და რომლის მოუნანიებელი ანტიგმირები დღემდე უხვად არიან წარმოდგენილი პოლიტიკურ ელიტაში. ისტორიაა რუსეთ-საქართველოს ომები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. ისტორიაა ვარდების რევოლუცია, ასლან აბაშიძის გადაგდება, არჩევნების წინა ღამეს ქვევრში ჩამხრჩვალი 9 თვის ჩვილი და კრემლში დაჯილდოებული ბედუკაძე. ისტორიაა ისიც, რაც გუშინ მოხდა. ისტორიაში ვცხოვრობთ დღეს, სანამ ამას ვკითხულობთ.
ისტორიის ცოდნა მომავლის გონივრული განჭვრეტის უნარი, მოლოდინების მენეჯმენტისა და სწორი გათვლების წინაპირობაა.
ისტორიული მეხსიერების გარეშე არ არსებობს ინფორმირებული მოქალაქეობრივი არჩევანი. ცხადია, ადამიანები იცვლებიან და ვითარდებიან, მაგრამ არის სფეროები, სადაც ავანსად ნდობის გამოცხადება სიბრიყვეა. მაგალითად, როგორ უნდა ვენდოთ ძიძას, რომელსაც ბავშვების ცემის ისტორია აქვს? ან ქირურგს, რომელსაც არაერთი პაციენტი შემოკვდომია საოპერაციო მაგიდაზე? ან პოლიტიკოსს, რომელმაც აქამდე ყველას და ყველაფერს უღალატა, საკუთარი დეკლარირებული პრინციპების ჩათვლით?
ღმერთმანი – არავინ უშლის ასეთებს მანქანით მგზავრობას, დაკვირვებას, რეფლექსიას, მაგრამ საჭესთან ნუ დავსვამთ იმათ, ვინც არაერთხელ გადაგვჩეხა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოველ ჯერზე ისევე კატეგორიულად არის დარწმუნებული საკუთარ სისწორეში, როგორც წინაზე… ისწავლონ, მაგრამ არა ჩვენს ხარჯზე. ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს. ეს ჩვენი ცხოვრებაა!
თუ ერთსა და იმავე მახეში რამდენჯერმე ვებმებით, ეს უკვე პოლიტელიტის არაკეთილსინდისიერებაზე კი არა, ჩვენს უგუნურებაზე მეტყველებს. როგორც საჩხერის მოდელში იტყვიან, fool me once, shame on thee; fool me twice, shame on me. დიახ – მოკლე მეხსიერება და სამოქალაქო ახლომხედველობა გარანტირებული რეცეპტია გრძელვადიანი მარცხისა (საზოგადო საქმის მარცხს ვგულისხმობ, თორემ კონკრეტული, ორმაგი და სამმაგი ლოიალობის მატარებელი ინდივიდები სწორედ იმით ხეირობენ, რომ დიდი საქმე მარცხდება).
ხოდა, იმას მოგახსენებდით, რომ უახლესი წარსულის ცოდნა აქტუალურია არა იმდენად ისტორიკოსისა თუ სოციოლოგისთვის, არამედ რიგითი მოქალაქისთვის. თუნდაც იმიტომ, რომ მორიგ ჯერზე არ გახდეს გაცვეთილი პროპაგანდის, ფსიქოლოგიური სპეცოპერაციის ან რა გინდ რომელი მხრიდან მომავალი ცრუ დაპირებებისა და ემოციური მანიპულაციის მსხვერპლი.
თუ ვინმემ წარსულში მძიმე საკადრო შეცდომები დაუშვა, რატომ გვგონია, რომ მომავალშიც არ დაუშვებს ან, კიდევ უარესი, დღესაც არ უშვებს? თუ ვინმემ საკუთარი ნებითა და საკუთარი თავის საზიანოდ მტერი გააძლიერა, რატომ გვგონია, რომ ეს მხოლოდ „ადრე“ ხდებოდა და ახლაც იგივე არ მეორდება?
ერთი მეგობარი განიცდიდა, ისეთი ადამიანისთვის მიწევს ხმის მიცემა, ვინც რამდენიმე წლის წინ ჩემს დაჭერას ითხოვდა, მაგრამ რა ვქნა, ეგაა ოპოზიციის კანდიდატიო. მერე, როცა რამდენიმე სხვა, ფორმალურად ოპოზიციური კანდიდატის ვინაობა შეიტყო, დაამატა – ქვეყანაში პოლიტიკური თანამშრომლობის კულტურა იმდენად შორს წავიდა, რომ ზოგი არა მხოლოდ ოპოზიციის საერთო კანდიდატი, არამედ ხელისუფლებისა და ოპოზიციის საერთო კანდიდატიაო…
ჩემი მეგობარი დღემდე თავადაც არ უტყდება თავს, რამხელა სიმართლე თქვა. არადა, არაფერია სიმართლის თქმაზე ადვილი. მაგრამ უმეტესობა, ვინც საჯარო ასპარეზზეა, პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტშია სიმართლესთან. ამიტომ, ნუ მეტყვით, რომ „ახლა ასეა საჭირო“ ან რომ „ახლა ამის დრო არ არის“. სიმართლის დრო სულაა. სიმართლე კი ისაა, რასაც ყველანი კარგად ვხედავთ და ვგრძნობთ, მაგრამ არავინ ვამბობთ.
ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფრაზის თანახმად, რომლის ავტორად ხან კირკეგორია მითითებული, ხან აკუტაგავა და ხანაც მორის ფოცხიშვილი, ცოდნის მტერი არა უვიცობა, არამედ ცოდნის ილუზიაა. ცოდნის ილუზიისა რა გითხრათ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ გამარჯვების მთავარი მტერი ვითარების არასწორი შეფასება და სურვილებზე დაფუძნებული ყალბი ოპტიმიზმია. ამიტომ, მოდით, შევხედოთ ყველაფერს პესიმისტურ ჭრილში. თუ შევცდით, ხომ კარგი. თუ არა და, მზად მაინც შევხვდებით განსაცდელს.
პოლიტიკაში პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ ვცადოთ. მაშ ასე, ფაქტორები, რომლებიც მოქმედებდა ივანიშვილის სასარგებლოდ და არ შეცვლილა:
- ფული
- კრიმინალური სამყარო
- სუსი და რუსული სპეცსამსახურები
- კორუფციული კლანები და ნებადართული კორუფციით „გამოჭერილები“
- საბიუჯეტო კმაყოფაზე მყოფი პარტაქტივი, რომელსაც არანაირი სხვა უნარი არ გააჩნია
- წითელი ინტელიგენცია, საპატრიარქოს დიდი ნაწილი და თითქმის ყველა ორგანიზებული ინტერესჯგუფი (ფეხბურთელები, მოჭიდავეები)
- ოცნების სატელიტი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ოპოზიციის სახელითა და კვოტით ასპარეზობენ
- მწყობრი, თანმიმდევრული და ეფექტური პროპაგანდა (გარეჯის სპეცოპერაცია მხოლოდ ზეიმის ნაწილში ჩაუვარდათ, თორემ მას აუცილებლად გამოიყენებენ სამომავლო რიტორიკაში, მათ შორის, გაყალბებული შედეგების „გასაპრავებლად“)
- ცესკო, თავისი ნაყიდი ოპოზიციის წარმომადგენლებით
- ფრაგმენტირებული და, ხშირად, დისკრედიტებული ოპოზიცია, რომლის იდეურმა სიჭრელემ მისი მორალური უპირატესობა მინიმუმადე დაიყვანა
- დაბოლოს, მასობრივი „მიწერები“ უცხო/არარსებულ მისამართებზე და საარჩევნო სიების „შავი ბუღალტერია“.
ახლა გადავხედოთ საპირისპირო ფლანგს:
ყველა კვლევით, „ოცნება“ კომფორტულად პირველ ადგილზეა. ზოგი ცინიკოსი იმასაც ამბობს, რომ შეჯიბრი გამარჯვებისთვის კი არა, ოპოზიციის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიდის. ამასობაში, ბოროტი ენები ჰყვებიან, რომ ივანიშვილს ყველა საკვანძო ფიგურასთან „დალაგებული“ აქვს, გარდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერისადმი პირადად ლოიალური რამდენიმე ადამიანისა.
მოკლედ, კვლევებით კარგი სურათი არ იკვეთება. მუხტიც არაა (ან კი როგორ იქნება, როცა ოპოზიციის ნაწილი იმას განასახიერებს, რის წინააღმდეგაც მუხტი უნდა იყოს?). კონტრპროპაგანდა არ მუშაობს. არ არსებობს მწყობრი, ერთიანი ნარატივი, რის გარეშეც დიდ ომს ვერავინ იგებს.
მთავარი და ალბათ ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობს, ივანიშვილზე გაბრაზებული, თუმცა უიმედობაში გადავარდნილი ხალხია. მაგრამ ხალხის განწყობა საკმარისი არ არის, ხელისუფლების მიმართ უარყოფითი განწყობა შენ მიმართ კეთილგანწყობაში უნდა ითარგმნებოდეს (გავიხსენოთ 2010 წელი, როცა ცოტასღა უნდოდა ენმ, მაგრამ ამ პარტიამ გაუყალბებლად მოიგო ადგილობრივი არჩევნები).
რაც მთავარია, არავინ საუბრობს საარჩევნო სიების „შავ ბუღალტერიაზე“, რომლითაც ივანიშვილს შეუძლია ნებისმიერი შედეგი დაწეროს, რაც მოესურვება, როგორც ამას სხვა პოსტსაბჭოთა დიქტატორები აკეთებენ. ხოლო თუ არჩევნების შედეგები აშკარა შეუსაბამობაში იქნა ხალხის განწყობებთან, დღის წესრიგში დგება შედეგების არაღიარება და სახალხო პროტესტი.
ამ სიტუაციაში, ისმის კითხვა – რამდენი ოპოზიციური პარტია იქნება ამაზე თანახმა? კითხვა, რა თქმა უნდა, რიტორიკულია.
მოკლედ, გავა რამდენიმე კვირა და გვეტყვიან, რომ ახლა ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ, რომ ხელისუფლება წელში გადავტეხეთ, რომ ლარის შემდგომ გაუფასურებას ივანიშვილი ვეღარ გაუძლებს და გაზაფხულამდე აუცილებლად ჩამოიშლება და, შესაბამისად, ახლა ამის (ანუ არჩევნების კრიტიკულად გააზრებისა და პარტიების დემოკრატიულად გადახალისების) დრო არაა. ჩვენ კი გვეცოდინება, რომ ეს მხოლოდ ვიღაცების პრივილეგირებული სტატუსისა და ჩამყაყებული მოცემულობის შენარჩუნების გზაა. გზა, რომელიც გამორიცხავს სიახლესა და წინსვლას.
…გამოქვეყნებამდე, ეს სტატია ერთხელაც გადავიკითხე და ვიფიქრე – ამდენ ფილოსოფოსობას, სათაურის ქვეშ მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო სია რომ დამედო უკომენტაროდ, განა საკმარისი არ იქნებოდა-მეთქი? მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მეხსიერება ჩვენი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. ამიტომ, ისევ დაღეჭვა ვამჯობინე. დაღეჭვითვე დავასრულებ:
სამოქალაქო მეხსიერების გარეშე თავმოყვარე საზოგადოება ვერ იარსებებს. ერს, რომელსაც მეხსიერება არ აქვს, ყოველთვის ადვილად დაამარცხებს მტერი. ზუსტად ამიტომ დავდივართ „ერთ წრეზე“ 30 წელია. ამიტომ გვატყუებს ასე ადვილად რუსეთი, ერთი და იმავე იაფფასიანი სატყუარათი.
და განა რა შეიცვალა? არც არაფერი, ამხანაგებო. სწორედ ამიტომ:
რაც გვინახავს, ისევ ვნახავთ.