„ბავშვია მამა ადამიანის”
თუ ერთხელაც ფეხშიშველს გამოგეღვიძება ცვრიან ბალახზე და გაგახსენდება, რომ აღარც მოხუცი მამაა და აღარც მისი სასხლავი. არც ის ხმები გესმის, გაღვიძებისას რომ გესმოდა – ვთქვათ, ჩიტების ჭიკჭიკი, რადგან იქ, სადაც ხეები და სკვერი იყო, ახლა ბიზნესცენტრია. იქ, სადაც ვენახი იყო, ახლა ბენზინგასამართი სადგურია. იქ, სადაც ბიბლიოთეკა იყო, ახლა კაზინოა. იქ, სადაც ძველი კინოთეატრი იყო, ახლა სასტუმროა. იქ, სადაც აუზი იყო, ახლა ვულკანიზაციაა. იქ, სადაც იმედებით სავსე ახალგაზრდა ბაბუაშენი მხნედ დააბიჯებდა, ახლა უიმედო მოხუცი ბაბუები ძლივს დაღოღავენ. იქ, სადაც საფლავი იყო, ახლა სალაფავია მატლებისთვის. იქ, სადაც ჰორიზონტი იყო, ახლა ყრუ კედლებია, კედლები სავსე წარწერებით.
„როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს, როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!” – ეს წარწერა ლეონიძის ბაღთან ახლოს, ერთ-ერთი სკოლის კედელზეა. სკოლა მშენებლობებით და მტვრიანი ჰაერითაა შემოსაზღვრული. წარწერა, როგორც ჩანს, ძველია, თუმცა იმ ყველაფერის მერე, რაც ბოლო პერიოდში დაგვატყდა თავს, გეგონება, რომ ასოებს ფრთხილად რომ შეეხო და მერე თითზე დაიხედო, აუცილებლად შეამჩნევ საღებავის კვალს.
ნეტავ, რატომ აარჩიეს მაინცდამაინც ეს სტრიქონი ბავშვებმა? რატომ ხარანაულის „მკვდრების სიმღერა”? რა სინამდვილეს ამტკიცებენ და რა არ უნდათ რომ დავივიწყოთ? რაზე მიგვანიშნებენ და რას გვთხოვენ? რას ელიან საერთოდ ჩვენგან?
მგონია, რომ ნამდვილად არ ელიან მილიონიან (უფრო ზუსტად კი 304 848-ევროიან) ნაძვის ხეს, იმ ქვეყანაში, სადაც 77 ათასამდე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ელიან თუნდაც იმას, რომ ისეთი საბავშვო ბაღი და სკოლა ექნებათ, რომ იქ მაინც მოახერხებენ კვებას, თუ ამას სახლში ვერ ახერხებენ. იქ მაინც იგრძნობენ თავს დაცულად, თუ ამას ოჯახში მოკლებულნი არიან.
ასიათასობით ლარის ცაში გასროლილ ფოირვერკებს, ათიათასობით ცივსა და ბნელ ოთახებში შეყუჟული ბავშვები ადევნებენ თვალს და ჩემო პატარა კახი, ისინი ნამდვილად არ ელიან იმას, რომ ექვს მილიონს (უფრო ზუსტად კი 6 164 589 მილიონ ლარს) საახალწლო ცანცარში გადავყრით. სამაგიეროდ, ელიან სოციალური დაცვის ძლიერ მექანიზმებს.
ისინი ელიან, რომ შევიცვლით დამოკიდებულებას მათ მიმართ. ადამიანებად ჩავაგდებთ. მოვუსმენთ. დაგვიანტერესებს რას ფიქრობენ, რას აკეთებენ და რა გამოსდით თუ რაზე ოცნებობენ. სულ დიდების დადგმული (თან უხეირო) წარმოდგენების მაყურებლები კი არ იქნებიან, არამედ დღესასწაულების, გამოფენების, ზეიმების თანამონაწილენი და შემოქმედნი. ამ მხრივ სრული უძრაობის მიუხედავად, პერიოდულად პატარა ოაზისები ჩნდებიან ჩვენს გვერდით. მაგალითად, 25 დეკემბერს იყო ბავშვების გამოფენა. ერთი პატარა სტუდიაა ვერაზე – „ილუსტრატორი”. თავად გამორჩეული ილუსტრატორები ბავშვებს სურათებიან წიგნებს უკითხავენ და შემდეგ ამ წიგნების გავლენით ან წინასწარ შერჩეული თემების მიხედვით ჰქმნიან ნამუშევრებს. ჰოდა, წლის განმავლობაში დაგროვილი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. უზარმაზარი გამოფენა, სადაც ბავშვები გახარებულები იყვნენ, რომ მათი შრომა დაფასდა, რომ ბევრი უცხო ადამიანი ათვალიერებდა, აქებდა, ამხნევებდა მათ. ეს ყველაფერი ალბათ 3000 ლარზე მეტიც არ დაჯდებოდა. სამაგიეროდ რამდენი ბავშვი იყო ამაყი, საკუთარ თავში დარწმუნებული, მოტივირებული. ისინი იყვნენ მთავარი გმირები! მათი სხვადასხვა ტექნიკითა და მასალით შექმნილი ნახატები კი მართლა წიგნის ხელოვნების სამყაროს ეკუთვნის და ესთეტიკური ღირებულებით ბევრი პროფესიონალი ილუსტრატორის დასურათებულ წიგნს აღემატება. აი, ასეთ დამოკიდებულებას ელიან ბავშვები ჩვენგან და არა, მანქანების გამონაბოლქვში გაშენებულ საახალწლო სოფელს და საახალწლო გაპრიალებულ ვიდეორგოლებს.
ბავშვები ელიან გრძელვადიან პოლიტიკას და არა, მოვალეობის მოხდის მიზნით, საჩვენებლად, ერთ კვირაში შემუშავებულ გეგმას, რომელმაც რატომღაც უნდა გაამართლოს და მათი პრობლემები მოაგვაროს. ბავშვები ელიან, რომ ამ პოლიტიკის შექმნისას ვინმე იქნებ მათი აზრითაც დაინტერსდეს, რადგან ამის გარანტია ჩვენმა ძვირფასმა სახელმწიფომ აჩუქა მათ ბავშვის უფლებების კონვენციის რატიფიცირებით.
ბავშვები ელიან, რომ მათი თანატოლის, ლუკას საქმეში მონაწილე უკლებლივ ყველა დამნაშავე პოლიციელი დაისჯება და ელიან, რომ აღარასოდეს არცერთ პოლიციელს აღარ გაუჩნდება სურვილი, დაჩაგროს სუსტი, ელაპარაკოს აგდებულად და გათელოს მათი უფლებები.
ბავშვები ელიან, რომ მათ მშობლებს უცხოეთში დასასაქმებლად კი არ გარეკავენ, არამედ აქ საკუთარ ქვეყანაში ღირსეული შრომის პირობებს შეუქმნიან.
ბავშვები ელიან პარკებს და სათამაშო მოედნებს.
ბავშვები ელიან სოლიდარობას.
ბავშვები თოვლის ბაბუას და სანტას კი არა ელიან, არამედ შემჩნევას, მოსმენას, შექებას, ნდობასა და დაფასებას.
ელიან, რომ თუ ოდესმე ცვრიან ბალახზე ფეხშიშველს გამოეღვიძებათ, ეცოდინებათ, რომ ფეხსაცმელი გვერდით უდევთ, რომ მათი მამული თანასწორი საზოგადოებაა, სადაც მათ არავინ ატყუებს, არ ჩაგრავს და რომ სიცოცხლე გზა, მოძრაობა და ცვლილებებია.