მერამდენე დღეა, ლევან ზურაბაშვილი ხალხის სოლიდარობის, პატივისცემის, სიყვარულის და დალოცვის ობიექტია. სტიქიური, ძალდაუტანებელი სახალხო დამოკიდებულება აჩვენებს, რომ ლევან ზურაბაშვილი შეეხო ხალხის გაჭირვების მფეთქავ ნერვს და ისინი საერთოს გარშემო დარაზმა.
ხალხი მის მიმართ მადლიერებას გამოხატავს, რაც ლოგიკურია – ეს პოლიტიკური ურთიერთშეცნობაა. რა საერთოს ირგვლივ (ჯერჯერობით თუნდაც მხოლოდ სოციალურ ქსელებში) დარაზმა ხალხი ლევანმა? – საერთო არ არის მხოლოდ ის, რაც საერთო გვაქვს როგორც კარგი გამოცდილება ან საზიარო მატერიალური სიკეთეები. საერთო არის ასევე ისიც, რაც საზიაროა, ოღონდ როგორც უარყოფითი გამოცდილება – ხოლო ასეთია ვალაუვალობა, ძარცვა და ყვლეფა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება წლებია განიცდის. ლევანის ეს საჯარო ჟესტი, ენათესავება მოვლენას, რომელსაც ისტორიკოსი ერიკ ჰობსბაუმი სოციალურ ბანდიტიზმს უწოდებდა.
სოციალური ბანდიტიზმი ჰობსბაუმის გამოკვლევით, აგრარულ, სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებულ საზოგადოებებში ვლინდებოდა. სოციალურ ბანდიტად შეიძლებოდა ქცეულიყო გლეხი ან უმიწო მუშა, რომელიც ჩაგვრას განიცდიდა მიწათმფლობელისგან, ქალაქისგან, ხელისუფლებისგან ან ბანკისგანაც კი.
სოციალურ ბანდიტიზმს შეიძლებოდა მიეღო სამგვარი სახე – 1. კეთილშობილი მძარცველის (რობინ ჰუდი), 2. წინააღმდეგობის, გერილას წევრი მებრძოლის და 3. შურისმაძიებლის. სოციალური ბანდიტი სახელმწიფოსთვის ან მიწისმფლობელი ფეოდალისთვის კანონგარეშეა, მაგრამ საკუთრივ საზოგადოების შიგნით ის აღიქმება დამცველად, სამართლიანობისთვის მებრძოლად და გმირადაც კი, რადგან მას თავში არ მოუვა გლეხისთვის მოსავლის წართმევა. ის საფრთხეს მიწათმფლობელი ფეოდალისთვის წარმოადგენს. სწორედ ამიტომ იქცევა აღფრთოვანების, დახმარების ობიექტად. სოციალური ბანდიტი სწორედ ამით განსხვავდება დამნაშავეთა სამყაროს პროფესიონალი რეციდივისტისგან თუ უბრალო ყაჩაღისგან.
ცხადია ჩვენ არ ვართ აგრარული საზოგადოება, არამედ ჩვენი წლები და მოთმინება პოსტ სოციალისტური კაპიტალიზმის პირობებში ილევა, სადაც ჩვენი უმეტესობა თევზის სუპისგან ცოცხალი აკვარიუმის მომზადების მტკივნეულ ექსპერიმენტში ვმონაწილეობდით, თუმცა ამ აკვარიუმთან ახლოს არ გვიშვებენ.
მაგრამ ახლადგამოჩენილი შურისმაძიებლის მიმართ ხალხის სიმპათია ისეთივე ცოცხალია როგორც ეს ძველ წიგნებში წაგვიკითხავს. ის ძალდაუტანებლად ცოცხალი და თავისუფალია.
რატომ არის ასე? პასუხი ნათელია – ვალაუვალობით და ძარცვით დატანჯული ჩვენი ხალხისთვის, პირიდან ლუკმის ამომრთმევი ბანკების, სლოტ კლუბებისა თუ ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობა , ბანდიტიზმის ნაირსახეობად განიხილება – ინსტიტუციონალიზებულ ბანდიტიზმად. მთელი ჩვენი პოლიტიკური კლასი ან მათგან მომდინარეობს, ან მათი მოკავშირე და ლობია. ხოლო ამ ბანდიტების მიმართ შურისმაძიებლობა (სოციალური ბანდიტიზმი), აღიქმება როგორც მორალური შეთქმულება ჩაგვრის და მჩაგვრელის წინააღმდეგ. ლევან ზურაბაშვილმა ათასობით ადამიანი სწორედ ამ მორალურ შეთქმულებაში დაპატიჟა,რომელსაც ისინი ენთუზიაზმით იღებენ.
მაგრამ ყოველგვარ ინდივიდუალურ ამბოხს თავისი საზღვრები აქვს, ხოლო ყოველგვარ მორალურ შეთქმულებას, თავისი პოლიტიკური პრაქტიკა ჭირდება.
ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ სათამაშო იარაღის შიშით საბანკო სექტორი ან სათამაშო ბიზნესი კაპიტულაციას გამოაცხადებს. ამიტომ საკითხი ასე უნდა განვიხილოთ – აღმოგვაჩნდება თუ არა შნო, ლევან ზურაბაშვილის სანთებელას ალი ვაქციოთ კოცონად, რომლის სითბო და სიმხურვალე სიკეთეს მოუტანს ათასებს და ასი ათასებს, ვისი ცხოვრებაც ვალმა და სათამაშო ბიზნესმა აუტანელი გახადა, ვისთვისაც კუთვნილი პენსიაც კი დავალიანების საფუძველი ხდება, ვისაც მითიური ენერგოდამოუკიდებლობის სახელით აყრას და გასახლებას უპირებენ.
ეს და სხვა ჩვენი ყოფისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები ლევან ზურაბაშვილის მოქმედებამ კიდევ უფრო მიაახლოვა გადაუდებლობის რეჟიმს – კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელია. და თუმცა ამისთვის საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე დადო, სასურველი ცვლილებები მხოლოდ საერთო, კოლექტიური ძალისხმევისა და შესაფერისი სოციალური პრაქტიკის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
-
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.